დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 25.07.2023
საქმის ნომერი
ბს-714(კ-23)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.07.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ბს-714(კ-23) 25 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - დ. კ-ვ).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დ. კ-ვმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 14 ივნისის №03-2189/ო ბრძანება; ბ) დაევალოს მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, დ. კ-ვისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. კ-ვის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 14 ივნისის №03-2189/ო ბრძანება. დაევალა მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ. კ-ვისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორის მოსაზრებით, სააგენტოს მიერ მიღებული 2021 წლის 14 ივნისის №03-2189/ო ბრძანება კანონიერია, რადგან მოსარჩელე დ. კ-ვს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია ოკუპირებულ ტერიტორიასთან - მას აფხაზეთში არ უცხოვრია. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ვერანაირი უტყუარი მტკიცებულება ვერ მიაწოდეს სასამართლოს დ. კ-ვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ. მოწმემ ვერ დაასახელა მოსარჩელის მამის სახელი და გვარი. მოსარჩელის არცერთი მშობელი დევნილთა მონაცემთა ბაზაში არ ფიქსირდება. მართალია, დ. კ-ვი დაიბადა სოხუმში, მაგრამ მისი ცხოვრების მუდმივი ფაქტი არ დგინდება, რადგან წლების განმავლობაში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად რუსეთში და არანაირი შემხებლობა საქართველოსთან არ ჰქონია. სასამართლო სხდომაზე განმარტებულ იქნა, რომ დ. კ-ვის მშობლები დაკრძალული არიან რუსეთში.

იძულებით გადაადგილებული პირის, დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით 2021 წლის 28 მაისს სააგენტოს განცხადებით მიმართა დ. კ-ვმა. განცხადებაში დ. კ-ვი აღნიშნავს, რომ არის დევნილი აფხაზეთიდან და ითხოვს დევნილის სტატუსის მინიჭებას. მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, განცხადების საფუძველზე სააგენტოში ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2021 წლის 4 ივნისს მოსარჩელე დ. კ-ვთან ჩატარდა გასაუბრება და შეივსო გასაუბრების კითხვარი. დ. კ-ვმა აღნიშნა, რომ დაიბადა ... წელს ქ. სოხუმში, სადაც ...ს ქ. №...-ში ცხოვრობდა მშობლებთან, დასთან, ბებიასთან და ბიძასთან ერთად. აღნიშნულ მისამართზე უძრავი ქონება ბებიის საკუთრება იყო. მოსარჩელეს აფხაზეთში არ უსწავლია. გადმოცემით იცის, რომ საომარი მოქმედებების დროს დატოვეს აფხაზეთი, წამოვიდნენ ზუგდიდში და რამდენიმე დღეში გაემგზავრნენ ოჯახით რუსეთის ფედერაციაში. მოსარჩელე რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა 1993 წლიდან 2021 წლამდე. ამჟამად ცხოვრობს ქ. სენაკში ქირით. მამა, ბ. კ-ი 2003 წელს გარდაიცვალა, დედა - ს. კ-ა გარდაიცვალა 2016 წელს. ჰყავს და, ს. კ-ა, რომელიც ამჟამად ცხოვრობს ქ. მოსკოვში. მოსარჩელე დ. კ-ვის მშობლები და და დევნილთა მონაცემთა ბაზაში არ იძებნებიან.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააგენტომ სრულყოფილად გამოიკვლია მასალები და დაადგინა, რომ მოსარჩელე დ. კ-ვთან მიმართებით არ დასტურდება „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ სქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა. დ. კ-ვი სრულყოფილად არ ფლობს ინფორმაციას საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი გარემოებების შესახებ და ვერ დგინდება ცხოვრობდა თუ არა აღნიშნული ოჯახი მუდმივად ქ. სოხუმში. ამავდროულად ირკვევა, რომ მოსარჩელე დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში და ყოფა-ცხოვრებით დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციასთან.

კასატორი აღნიშნავს, რომ პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისა და ჩამორთმევის საკითხი სამინისტროს/სააგენტოს დისკრეციული უფლებამოსილებაა, რომელიც მას მინიჭებული აქვს კანონის საფუძველზე. მოსარჩელის შემთხვევაში დისკრეციული უფლებამოსილება განხორციელებულია კანონით დადგენილ ფარგლებში - დევნილის სტატუსი არ მიენიჭა პირს, რომელსაც იგი არ ეკუთვნოდა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოსარჩელე დ. კ-ვი დაიბადა ... წლის ...ს ქალაქ სოხუმში (ს.ფ 11-13); ბ) აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს 2021 წლის 28 მაისის ცნობის თანახმად, დ. კ-ვი (პ/ნ ...) დაბადებიდან, ... წლიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე, მშობლებთან ერთად ცხოვრობდა აფხაზეთში, სოხუმში, ...ს ქ. №...- ში (ს.ფ 42); გ) 2021 წლის 28 მაისს, დ. კ-ვმა №27477 განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა (ს.ფ 40); დ) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე დასკვნის თანახმად, გასაუბრების დროს დ. კ-ვმა აღნიშნა, რომ დაიბადა ... წელს ქალაქ სოხუმში, სადაც ...ს ქ. №...-ში ცხოვრობდა მშობლებთან, დასთან, ბებიასთან და ბიძასთან ერთად. აღნიშნული სახლი იყო ბებიის საკუთრებაში. აფხაზეთში არ უსწავლია. გადმოცემით იცის, რომ ქ. სოხუმი დატოვეს საომარი მოქმედებების დროს, წავიდნენ ქ. ზუგდიდში და რამდენიმე დღეში გაემგზავრნენ რუსეთის ფედერაციაში. რუსეთში ცხოვრობდა 1993 წლიდან 2021 წლამდე. ამჟამად ცხოვრობს ქ. სენაკში ქირით. მამა - ბ. კ-ი გარდაიცვალა 2003 წელს. დედა - ს. კ-ა გარდაიცვალა 2016 წელს. ჰყავს და - ს. კ-ა, რომელიც ამჟამად ცხოვრობს ქ. მოსკოვში. მისი მშობლები და და არ იძებნებიან დევნილთა მონაცემთა ბაზაში. დასკვნის თანახმად, დ. კ-ვი აფხაზეთის ომის პერიოდში იყო არასრულწლოვანი, შესაბამისად, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო მშობლების მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. რადგან სადავო პერიოდში დ. კ-ვი იყო არასრუწლოვანი, იგი არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას ოჯახის საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი გარემოებების შესახებ და ვერ დგინდება ცხოვრობდა თუ არა აღნიშნული ოჯახი მუდმივად ქ. სოხუმში. მის მშობლებს არ ჰქონიათ დევნილის სტატუსი. დევნილის სტატუსი არ აქვს ასევე არც დ. კ-ვის დას (ს.ფ 48-49); ე) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 14 ივნისის №03-2189/ო ბრძანების თანახმად, დ. კ-ვს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 10 ივნისის №03-5507 მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე ეთქვა უარი (ს.ფ 17).

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 14 ივნისის №03-2189/ო ბრძანების კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს, ხოლო მეორე პუნქტის შესაბამისად, დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე პირის რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ დეფინიციასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისის განჩინება საქმეზე №ბს-1896-1849(კ-10)).

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს იძულებით გადაადგილებულად - დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება და ეს იძულება განპირობებული უნდა იყოს - უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს დევნილის სტატუსის მოპოვების სხვა კანონისმიერ საშუალებაზე, კერძოდ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

სასამართლო კიდევ ერთხელ ყურადღებას ამახვილებს აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს 2021 წლის 28 მაისის ცნობაზე, რომლის თანახმად, დ. კ-ვი დაბადებიდან, ... წლიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე, მშობლებთან ერთად ცხოვრობდა აფხაზეთში, სოხუმში, ...ს ქ. №...- ში. სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მოპასუხეს აღნიშნულ ცნობაში მითითებული ინფორმაციის საპირწონე მტკიცებულება საქმის განხილვის ეტაპზე არ წარმოუდგენია. შესაბამისად, დგინდება, რომ 1993 წლის 27 სექტემბრამდე მოსარჩელე მშობლებთან ერთად მუდმივად ცხოვრობდა აფხაზეთში და აღნიშნულ ადგილზე დაბრუნება მას არ შეუძლია ზემოაღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ მიზეზთა გამო. შესაბამისად, ასეთ პირობებში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მითითება მოსარჩელის მშობლებისა და დის მიერ დევნილის სტატუსის არქონასთან დაკავშირებით არ წარმოადგენს დ. კ-ვისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველს.

ამდენად, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობასთან მიმართებით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე