დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ბს-211(კ-23) 25 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ჯ. ჯ-ა; მესამე პირები - ა. ფ-ა, ან. ფ-ა, ანდ. ფ-ა, დ. ფ-ა, ბ. ნ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ჯ. ჯ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 12 ნოემბრის №03-2569/ო ბრძანება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ჯ. ჯ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნენ ა. ფ-ა, ან. ფ-ა, ანდ. ფ-ა, დ. ფ-ა და ბ. ნ-ე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ჯ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 12 ნოემბრის №03-2569/ო ბრძანება. დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ჯ. ჯ-ასა და მისი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროება არ არსებობს ოჯახის ალტერნატიული საცხოვრებლის გამო. 2020 წლის 20 ოქტომბერს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ (სხდომის ოქმი №62) „სს ...ი“ (ქუთაისი, ...ს ქ. №26) მიიჩნია როგორც ნგრევადი ობიექტი და იქ მცხოვრები დევნილების განსახლების საკითხი განიხილა კრიტერიუმების გარეშე. 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად მოხდა აღნიშნულ ობიექტში მცხოვრები დევნილი ოჯახების აღწერა. მისამართზე 2020 წლის 13 სექტემბერს განხორციელდა მონიტორინგი და შეივსო შესაბამისი აღწერის ფორმა. მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებს ადგილზე დახვდათ ჯ. ჯ-ა და მისი შვილი ა. ფ-ა. რძალი და სამი არასრულწლოვანი შვილიშვილი მათი განმარტებით, იმყოფებოდნენ ეზოში. მოსარჩელის განცხადებით ოჯახს ფართი დაკავებული აქვს 1993 წლიდან. ჯ. ჯ-ას შვილს, ა. ფ-ას საკუთრებაში გააჩნდა ბინა (მის: ქ. ქუთაისი, ...ი №14, ბ. 41, საკადასტრო კოდი: ...), რომლის მესაკუთრედაც 2013 წლიდან ე. ფ-ე ფიქსირდება. 2020 წლის 11 ოქტომბერს მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა ჯ. ჯ-ას შვილის - ა. ფ-ას მიერ გასხვისებულ საცხოვრებელ მისამართზე. ადგილზე მისულებს ბინაში დახვდათ ინდოეთის მოქალაქე, რომელთან საუბრისას გაირკვა, რომ ბინა ნამდვილად ეკუთვნის ა. ფ-ას. აღნიშნულ პირს ბინა ნაქირავები აქვს 750 ლარად. გასაუბრება მოხდა ამავე სადარბაზოში, პირველ სართულზე მცხოვრებ მეზობელთან, რომელმაც ზემოთ მითითებული ინფორმაცია დაადასტურა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მონიტორინგის მასალები წარედგინა დევნილთა საკითხების განმხილველ კომისიას. კომისიამ იმსჯელა მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე და გადაწყვიტა, რომ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ალტერნატიული საცხოვრებლის გამო. მოკვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაციით დადგინდა, რომ ჯ. ჯ-ას ოჯახი ფლობს ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს. შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2020 წლის 20 ოქტომბერს (№62 სხდომის ოქმი) ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, კანონმდებლობის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ - მხარეს უარი ეთქვა კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოსარჩელე ჯ. ჯ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რეგისტრირებულია მისამართზე: ქუთაისი, ...ს ქ. №26, სს „...ი“. მისი ოჯახი შედგება ექვსი წევრისაგან: თავად მოსარჩელე, შვილი ა. ფ-ა, რძალი (არა დევნილი) ბ. ნ-ე, შვილიშვილები - ... წლის ... ...ს დაბადებული ან. ფ-ა, ... წლის ... ...ს დაბადებული ანდ. ფ-ა, ... წლის ... ...ს დაბადებული დ. ფ-ა (ს.ფ 18-19, 55, 152-154); ბ) 2020 წლის 13 სექტემბრის აღწერის ფორმის მიხედვით, მოსარჩელის ოჯახი შედგება ექვსი წევრისაგან: ჯ. ჯ-ა, ა. ფ-ა, ბ. ნ-ე, ან. ფ-ა, ანდ. ფ-ა, დ. ფ-ა. ოჯახი მისამართზე: ქუთაისი, ...ს ქ. №26, სს „...ი“ ცხოვრობს 1993 წლიდან. მონიტორინგის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ ოჯახის უფროსი (ჯ. ჯ-ა) და ა. ფ-ა, ხოლო რძალი და შვილიშვილები იყვნენ ეზოში (ს.ფ 50); გ) 2020 წლის 11 ოქტომბრის ,,დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების’’ ოქმის მიხედვით, დამატებითი მოკვლევის მიზნით ვიზიტი განხორციელდა ჯ. ჯ-ას შვილის ა. ფ-ას მიერ გასხვისებული უძრავი ქონების მისამართზე: ქუთაისი, ...ი, კორპუსი 14, სადარბაზო 3, ბინა 41. ადგილზე მისვლისას მონიტორინგის ჯგუფს დახვდა ინდოეთის მოქალაქე, რომელმაც განმარტა, რომ ბინა ნადვილად ეკუთვნის ა. ფ-ას, რომლისგანაც ნაქირავები 750 ლარად. ასევე გასაუბრება მოხდა იმავე სადარბაზოში პირველ სართულზე მცხოვრებ მოქალაქესთან, რომელმაც დაადასტურა ზემოაღნიშნული ინფორმაცია (ს.ფ 54); დ) საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2011 წლის 24 ივნისის მდგომარეობით, ა. ფ-ას საკუთრებაში იყო უძრავი ქონება მდებარე: ქუთაისი, ...ის №14/ქუთაისი, ...ის ქუჩა №98 ბინა 41, 81.33 კვ.მ ფართობი. უფლების დამდგენი დოკუმენტია - ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული 2007 წლის 10 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 2013 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით, ზემოაღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე არის ე. ფ-ე. უფლების დამდგენი დოკუმენტია - ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული 2013 წლის 14 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ (ს.ფ 51-53); ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის №62 სხდომის ოქმით დგინდება, რომ კომისიის გადაწყვეტილებით, ჯ. ჯ-ას ოჯახს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ალტერნატიული საცხოვრებლის გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 12 ნოემბრის №03-2569/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ჯ. ჯ-ას ოჯახს უარი ეთქვა ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ალტერნატიული საცხოვრებლის გამო (ს.ფ 43-49, 13); ვ) 2020 წლის 30 დეკემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი ქუთაისი, ...ს ქუჩა №26, საკადასტრო კოდი ..., მესაკუთრეა სააქციო საზოგადოება „...ი“. საქმეში წარმოდგენილი სარჩელის ასლის თანახმად, სააქციო საზოგადოება „...ი“ ითხოვს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, მდებარე ქალაქი ქუთაისი, ...ს ქუჩა №26, იქ მცხოვრები პირების გამოსახლებას, სადაც ერთ-ერთი მოპასუხეა ა. ფ-ა. (ს.ფ 97-98, 80-96).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება. ზემოაღნიშნული წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: ა) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით; ბ) კონკრეტული დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე; გ) იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია, რაც ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული წერილობით შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ; დ) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან მათ ბალანსზე რიცხულ საცხოვრებელ ფართობში და ამ ფართის გამოთავისუფლების მოთხოვნით სააგენტოში შემოსულია შესაბამისი მომართვა; ე) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელთა მიმართაც, ამ წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სააგენტო ახორციელებს დროებითი განსახლების ღონისძიებებს.
განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 12 ნოემბრის №03-2569/ო ბრძანების კანონიერება, რომლითაც ჯ. ჯ-ას ოჯახს უარი ეთქვა ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ალტერნატიული საცხოვრებლის გამო.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ქალაქი ქუთაისი, ...ს ქუჩა №26-ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენდა ნგრევად ობიექტს. შესაბამისად, არსებობდა მოსარჩელის ოჯახისათვის პრიორიტეტის მინიჭების, მისი კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხის განხილვის საფუძველი. რაც შეეხება მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უშუალო საფუძველს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება, რომ ა. ფ-ას აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. პალატა კიდევ ერთხელ მიაქცევს ყურადღებას იმ გარემოებას, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (2013 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით), ე. ფ-ის საკუთრებაშია უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქუთაისი, ...ის გამზ. №14/ქუთაისი, ...ის ქუჩა №98 ბინა №41. ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ა. ფ-ას უფლებას ან/და ე. ფ-ის უფლების დამდგენი ნასყიდობის ხელშეკრულების არანამდვილობას დაადასტურებდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ა. ფ-ას ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობა არ არის დადასტურებული საქმეში წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებებით, რის გამოც მითითებული გარემოება საფუძვლად ვერ დაედებოდა ჯ. ჯ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე