განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 05.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1166-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
05.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№11661-13 9 აპრილი, 2013 წელი

ს-ა გ.- 11661-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - გ. ფ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ს-ას საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 აპრილის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ბრალდებულ გ. ს-ას შორის, რომლის მიხედვით: გ. ს-ა, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 6 თვე - ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით; მასვე 3 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში აღნიშნული უფლებები.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 აგვისტოს განაჩენით გ. ს-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის მე-19,344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 2 წლითა და 6 თვით, ხოლო 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2011 წლის 31 მაისიდან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. ს-ა გათავისუფლდა სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან და აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის მე-19,344-ე და 2381-ე მუხლებით დანიშნული 2 წელი, 6 თვე და 1 წელი, 6 თვე, რის გამოც განესაზღვრა: 1 წლით, 10 თვით, 15 დღით და 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით, საბოლოოდ - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2011 წლის 31 მაისიდან.

სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მომართვით ირკვევა, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2013 წლის 1 აპრილს გადაწყვეტილებით გ. ს-ა გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან ვადაზე 1 წლით, 1 თვითა და 30 დღით ადრე.

მსჯავრდებული საჩივრით ითხოვს სასჯელისაგან გათავისუფლებას იმ მოტივით, რომ წინა განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლდა ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებული უნდა გათავისუფლდეს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან (ცალკეული გამონაკლისის გარდა) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ადრე არ არის ნასამართლევი განზრახი დანაშაულისათვის.

მოცემულ შემთხვევაში ბოლო დანაშაულის ჩადენისას გ. ს-ა ნასამართლევი იყო სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულისათვის, რის გამოც მას ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი უნდა შემცირებოდა მხოლოდ ერთი მეოთხედით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ს-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინება გ. ს-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი