დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 06.01.2005
საქმის ნომერი
ას-1437-1556-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.01.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1437-1556-04 6 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ქ. გაბელაია

დავის საგანი: ნივთის დაბრუნება ან მისი ღირებულების გადახდევინება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. მ-ემ ჭურჭლის კარადა მიჰყიდა ა. კ-ს. იმის გამო, რომ კარადის მყიდველმა მისი ღირებულება არ გადაუხადა გამყიდველს, მ. მ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ა. კ-ის მიმართ და მოითხოვა კარადის ღირებულების _ 120 ლარის გადახა ან კარადის დაბრუნება და ყოველ გადაცილებულ თვეზე კარადის ღირებულების 20%-ის გადახდა, მისი პატივისა და ღირსების შემლახავი ფაქტის დადასტურება.

ხონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 მაისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ა. კ-ს დაეკისრა 80 ლარის გადახდა მ. მ-ის სასარგებლოდ. მ. მ-ის დანარჩენ მოთხოვნებს ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

მ. მ-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 ნოემბრის განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ხონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 მაისის გადაწყვეტილება.

მოცემული სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება, მისთვის კარადის დაბრუნება ან კარადის ღირებულების _ 120 ლარის დაკისრება მოპასუხისათვის; ასევე, პირგასამტეხლოს სახით კარადის ღირებულების 20%-ის დაკისრება მოპასუხისათვის 2003წ. სექტემბრიდან.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სსკ-ის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით კასატორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და 120 ლარის ღირებულების კარადის დაბრუნება ან მოპასუხისათვის მისი ღირებულების _ 120 ლარისა და ყოველთვიურად ამ თანხის 20%-ის _ დაკისრება.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო პალატის 2004წ. 5 ნოემბრის სხდომაზე მ. მ-ემ დააზუსტა თავისი მოთხოვნა. კერძოდ, მოითხოვა ხონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 მაისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება, მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 80 ლარის დაკისრების ნაწილში. ახალი გადაწყვეტილებით მან მოითხოვა ა. კ-ისათვის 40 ლარის დაკისრება, ასევე, პირგასამტეხლოს სახით 120 ლარის 20 %-ის დაკისრება 2003წ. ოქტომბრიდან 2004წ. მაისის ჩათვლით. სსკ-ის 406-ე მუხლის შესაბამისად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. მ-ის საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულებაა _ 40 ლარს + 192 ლარი (8 თვე X 24 ლარზე), სულ _ 232 ლარი. აღნიშნული თანხა კი საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ 1000 ლარს არ აღემატება.

სსკ-ის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ვინაიდან სსკ-ის 391-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის შეტანის წანამძღვრები არ არსებობს და იგი უნდა დარჩეს განუხილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 284-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.