დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 05.10.2023
საქმის ნომერი
ბს-810(კ-23)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.10.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-810(კ-23) 05 ოქტომბერი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - დ. თ-ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2022 წლის 03 ოქტომბერს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - დ. თ-ის მიმართ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ მოპასუხისთვის 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება მოითხოვა.

სარჩელის მიხედვით, 2020 წლის 26 აგვისტოს დ. თ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 27.04.2009 წლის N303 ბრძანებით დამტკიცებული N147/20 კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ და გაწვეულ იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2022 წლის 26 მაისის N2150 ბრძანებით, დ. თ-ი პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე- 2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტით. კონტრაქტის 7.3 პუნქტის თანახმად, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის, სამხედრო მოსამსახურეს დაეკისრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, რაც მოპასუხეს არ გადაუხდია.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დ. თ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის თანხის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება. მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე და განსაზღვრეს პირგასამტეხლო, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

კასატორმა მიუთითა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის N238 დადგენილებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის დებულებაზე“, რომლის მე-18 თავი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს, ხოლო ამავე თავის პირველი პრიმა მუხლით განსაზღვრულია ჯარიმის ოდენობა: ა) 28000 ლარის ოდენობით, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ ხელშეკრულება (კონტრაქტი), აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სასწავლო მივლინების შესახებ შეთანხმება ვადამდე შეწყდა ისეთი საფუძვლით, რაც ითვალისწინებს ამ ოდენობის ჯარიმის გადახდის ვალდებულებას; ბ) 20000 ლარის ან 7000 ლარის ოდენობით, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიაში სასწავლებლად წარსაგზავნი/წარგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი ვადამდე შეწყდა ისეთი საფუძვლით, რაც ითვალისწინებს ამ ოდენობის ჯარიმის გადახდის ვალდებულებას; გ) 18000 ლარის ან 10000 ლარის ოდენობით, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული უმცროს ოფიცერთა კურსზე ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტი ვადამდე შეწყდა ისეთი საფუძვლით, რაც ითვალისწინებს ამ ოდენობის ჯარიმის გადახდის ვალდებულებას; დ) 3000 ლარის ოდენობით, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი, აგრეთვე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რიგითების, კაპრალების, სერჟანტების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი ვადამდე შეწყდა ისეთი საფუძვლით, რაც ითვალისწინებს ამ ოდენობის ჯარიმის გადახდის ვალდებულებას; ე) 5000 ლარის ოდენობით, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ოფიცრის თანამდებობაზე მისაღები სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი ვადამდე შეწყდა ისეთი საფუძვლით, რაც ითვალისწინებს ამ ოდენობის ჯარიმის გადახდის ვალდებულებას; ვ) 2000 ლარის ოდენობით, თუ „სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის Nო44 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი ვადამდე შეწყდა ისეთი საფუძვლით, რაც ითვალისწინებს ამ ოდენობის ჯარიმის გადახდის ვალდებულებას; ზ) ამ დებულების XIX თავის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ოდენობით, თუ ამავე პუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტი ვადამდე შეწყდა ისეთი საფუძვლით, რაც ითვალისწინებს ამ ოდენობის ჯარიმის გადახდის ვალდებულებას.

კასატორის განმარტებით, მოპასუხეზე ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის N238 დადგენილებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის დებულების მე-18 თავის პირველი პრიმა პუნქტის "ე" ქვეპუნქტით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა. ამდენად, თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს კანონისმიერ ფიქსირებულ თანხას და მასზე სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენება უსაფუძვლოა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დ. თ-ისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) შემცირების კანონიერება წარმოადგენს. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი დამატებითი საშუალებაა. აღნიშნული კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს პირგასამტეხლო, თუკი არის შეუსაბამოდ მაღალი. სასამართლო მხედველობაში იღებს არა მარტო პირის ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლოს შეფასების საგანია, როგორია შესრულების ღირებულების და მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება უპირობოდ არ ნიშნავს მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს დაზარალებულის ინტერესები. სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის არამარტო ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.(საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ 2020 წლის 26 აგვისტოს დ. თ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 27.04.2009 წლის N303 ბრძანებით დამტკიცებული N147/20 კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლის 7.3 პუნქტი კონტრაქტის პირობების დარღვევისათვის ითვალისწინებდა ჯარიმას - 3000 ლარს. მოცემულ შემთხვევაში, კონტრაქტი შეწყდა დ. თ-ის პირადი პატაკის საფუძველზე, რაც ამავე კონტრაქტის 9.1.7 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტის, ხოლო 7.3 პუნქტის შესაბამისად, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, მართალია, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შეთანხმებულია პირგასამტეხლოს სახის - ჯარიმის ოდენობა, მაგრამ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯარიმის ოდენობა აშკარად შეუსაბამოა და იგი მძიმე მატერიალურ პირობებში აყენებს მხარეს. მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა დ. თ-ის პირადი პატაკის საფუძველზე და ადგილი არ ჰქონია კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ დ. თ-ი შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის ვადა შეადგენს 1 წელს 09 თვესა და 5 დღეს. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, არსებობს დაკისრებული პირგასამტეხლოს - 3000 ლარის 500 ლარამდე შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს იდენტურ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთებული აქვს არაერთ საქმეზე, მათ შორის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინება საქმეზე №ბს-230(კ-19); 2020 წლის 5 მარტის განჩინება საქმეზე №ბს-936(კ-19); 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-570(კ-19)).

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, კონტრაქტის 7.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პალატა განმარტავს, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე