არ დაკმაყოფილდა

ადმინისტრაციული 05.10.2023
საქმის ნომერი
ბს-751(კ-23)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.10.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-751(კ-23) 5 ოქტომბერი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - გ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური

მესამე პირები - სს „ს...“, ი. გ-ე (აწ გარდაცვლილი), ჯ. ი-ე

დავის საგანი - საქმის წარმოების განახლების შესახებ განჩინებისა და საოქმო განჩინების კანონიერება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განჩინება, ამავე პალატის 2023 წლის 21 მარტის საოქმო განჩინება

აღწერილობითი ნაწილი: რ. მ-ემ 2018 წლის 17 იანვარს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და გ. მ-ეის მიმართ. მოსარჩელემ, ქალაქ ბათუმში, ...ს ქ. №...-ში მდებარე რ. მ-ეის მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე რ. მ-ეის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ სს „ს...“, ი. გ-ე და ჯ. ი-ე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინებით მესამე პირის - ი. გ-ეის გარდაცვალების გამო შეჩერდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება მის უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა; მოსარჩელეს განემარტა, რომ მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება გარდაცვლილი მესამე პირის - ი. გ-ეის უფლებამონაცვლის მოსარჩელის მიერ ერთწლიან ვადაში დაუსახელებლობის გამო. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. მ-ეის წარმომადგენელმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 სექტემბრის განჩინებით რ. მ-ეის წარმომადგენლის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის მოტივით (მხარემ გაუშვა კერძო საჩივრით განჩინების გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი 12-დღიანი ვადა). აღნიშნული განჩინება განცხადებით (საჩივრით) გაასაჩივრა რ. მ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განჩინებით რ. მ-ეის წარმომადგენლის - რ. ჯ-ეის საჩივარი (განცხადება) დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და საქმის განხილვა განახლდა რ. მ-ეის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან.

აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. მ-ემ, რომელმაც მოითხოვა რ. ჯ-ეის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან განახლების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განჩინების, ასევე საოქმო განჩინების (21.03.2023წ.) გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ. მ-ეის შუამდგომლობა დოკუმენტების სიყალბის დადგენის თაობაზე.

საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას არ შეაფასა მოპასუხის არგუმენტები იმის თაობაზე, რომ საფოსტო გზავნილზე დატანილი თარიღი გაყალბებული იყო, ხოლო მასზე შესრულებული ხელმოწერა არ ემთხვეოდა ერთმანეთს. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს არ გააჩნია სპეციალური ცოდნა, თავად დაადგინოს დოკუმენტის სიყალბე. ამისათვის საჭიროა დანიშნოს კალიგრაფიული, ასევე საფოსტო ბილებზე დატანილი მონაცემების იდენტურობაზე ექსპერტიზა, თუმცა სასამართლომ არ იმსჯელა მოპასუხის შუამდგომლობაზე - საქმის მასალები, როგორც ყალბი, გადასცემოდა საგამოძიებო ორგანოების. საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი. კერძოდ, საფოსტო გზავნილი წარდგენილი არ არის ორიგინალი სახით, ამასთანავე, არ დასტურდება ის ფაქტი, აქვს თუ არა ი/მ ჯ...ეს ამ ეტაპზე საფოსტო საქმიანობის წარმოების უფლება.

საჩივრის ავტორის მოსაზრებით, რ. ჯ-ეის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, მას არ გააჩნია იურიდიული ინტერესი მოცემულ საკითხთან მიმართებით, ვინაიდან განმცხადებელს მოთხოვნილი აქვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 სექტემბრის განჩინების და არა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის მაისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. სასამართლომ ასევე არ შეაფასა მხარეთა მიერ სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციები, არგუმენტები, განმარტებები, ასევე მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შუამდგომლობები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორი, წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განჩინების გაუქმების შედეგად საქმის წარმოების განახლებაზე უარს ითხოვს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინებით გ. მ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა კერძო საჩივრად, მასზე დადგინდა ხარვეზი და გ. მ-ეს დაევალა, ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 აგვისტოს განჩინებით გ. მ-ეის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ გ. მ-ეის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივრის ფარგლებში უნდა შეფასდეს, რამდენად ქმნის მოსარჩელის - რ. მ-ეის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების (კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე) გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე. კერძოდ, დასახელებული ნორმის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარედგინა ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. ამრიგად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების განახლებისთვის აუცილებელია კუმულაციურად არსებობდეს შემდეგი გარემოებები: დოკუმენტის სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვისას წარუდგენლობა გამოწვეული არ უნდა იყოს მხარის ბრალით; მხარეს არ უნდა ჰქონოდა ასეთი მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობა; მოცემული დოკუმენტი მხარისთვის ხელსაყრელი შედეგის მატარებელი უნდა იყოს.

სადავო შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ რ. მ-ეის კერძო საჩივრის განხილვისას, რომელიც წარდგენილი იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 მაისის განჩინებაზე (საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ), მიიჩნია, რომ აღნიშნული განჩინება მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ გასაჩივრებული იყო კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, რის გამოც, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის მოტივით. დასახელებულ განჩინებაზე განცხადება (საჩივარი) წარადგინა რ. მ-ეის წარმომადგენელმა - რ. ჯ-ეემ, რომლის განმარტებით, მის მიერ წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურით დგინდება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივრით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა 2022 წლის 13 ივნისს და არა 2022 წლის 13 ივლისს, გასაჩივრების ვადის გასვლამდე ერთი დღით ადრე. წარდგენილ განცხადებას მოსარჩელის წარმომადგენელმა თან დაურთო ამონაწერი საფოსტო რეესტრიდან, რომლის თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსათვის გადასაცემად ი/მ ჯ...ისათვის გადაცემულ გზავნილზე, შტრიხკოდით №..., მიღების თარიღად მითითებულია 13.06.22წ., ხოლო აღნიშნული გზავნილი ადრესატისათვის - ბათუმის საქალაქო სასამართლოსათვის ჩაბარებულია 18.07.22 წელს. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლოსთვის, კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე ცნობილი არ იყო, თუმცა წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. მ-ეის წარმომადგენლის - რ. ჯ-ეის მიერ კერძო საჩივარი წარდგენილ იქნა ვადის დაცვით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სახეზე იყო რ. მ-ეის წარმომადგენლის - რ. ჯ-ეის განცხადების (საჩივრის) დაკმაყოფილების, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 სექტემბრის განჩინების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები.

რაც შეეხება გ. მ-ეის მიერ კერძო საჩივარში მოყვანილ არგუმენტებს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე ახალი მოსაზრება, დოკუმენტი, მტკიცებულება, რომელთა წარდგენაც, შესაძლოა, საქმეზე განსხვავებული შედეგის დადგომის საფუძველი გამხდარიყო. აღნიშნულ გარემოებებზე გ. მ-ე სააპელაციო პალატაში საქმის ზეპირი განხილვის დროსაც მიუთითებდა.

საკასაციო სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება გ. მ-ეის არგუმენტი, რომ სასამართლომ საქმის განხილვისას საოქმო განჩინებით არ დააკმაყოფილა მისი წერილობითი შუამდგომლობა დოკუმენტების სიყალბის თაობაზე, რომ აღნიშნული დოკუმენტები, როგორც ყალბი, სააპელაციო სასამართლოს გადაეცა საგამოძიებო ორგანოსათვის. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილში მითითებულია, რომ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებათა ნამდვილობის შემოწმება შეიძლება სასამართლოს ინიციატივით, ანუ სასამართლო აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, უწინარეს ყოვლისა, იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად სარწმუნო და უტყუარია ეს მტკიცებულებები. მხარეებს და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ამ თვალსაზრისით, მაგრამ მტკიცებულებათა საბოლოო შეფასება სასამართლოს პრეროგატივაა. აქედან გამომდინარე, თუ სასამართლოს ეჭვი ეპარება რომელიმე მტკიცებულების ნამდვილობაში, მას შეუძლია კანონით დადგენილი წესითა და საშუალებებით, მათ შორის, ექსპერტიზის საშუალებით, თავისი ინიციატივით, შეამოწმოს მტკიცებულება. განსახილველ შემთხვევაში, ნათელია, რომ სასამართლომ საეჭვოდ არ მიიჩნია იმ დოკუმენტების ნამდვილობა, რომლებიც მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლო წარმოების დროს იქნა წარდგენილი. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ, მართალია, საქმეში წარმოდგენილია წერილობითი მოსაზრება, რომელშიც მითითებულია ყალბი დოკუმენტების საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემის თაობაზე, თუმცა ამის შემდეგ სააპელაციო პალატაში გამართულ სასამართლოს სხდომაზე მხარეს ასეთი შუამდგომლობა არ დაუყენებია, ხოლო რომელ საოქმო განჩინებაზეც (21.03.2023წ.) აპელირებს კერძო საჩივარში, იგი ეხება მოსარჩელის - რ. მ-ეის მიერ მტკიცებულებების საქმეზე დართვის თაობაზე წარდგენილ შუამდგომლობას და არა გ. მ-ეის შუამდგომლობას - ყალბი დოკუმენტების საგამოძიებო ორგანოსათვის გადაცემის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით მოხდა გასაჩივრებული განჩინების გამოცემა. არ იკვეთება სასამართლოს განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის კანონით დადგენილი წინაპირობები. შესაბამისად, გ. მ-ეის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. გ. მ-ეის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განჩინება, ასევე ამავე პალატის 2023 წლის 21 მარტის საოქმო განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე