დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ბს-299(3კ-23) 28 სექტემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და მ.ლ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 2 სექტემბერს მ.ლ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.
მ.ლ-ას განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 05.05.2015წ. №000102 დადგენილებით დაჯარიმდა 10000 ლარით და ასევე დაევალა ქ. თბილისში, ...ის ნაკვეთი №...-ის მიმდებარედ მოწყობილი მავთულბადის ღობის დემონტაჟი. მოსარჩელემ მის მიმართ გამოტანილი დადგენილება გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც ჩატარდა ზეპირი მოსმენა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ადმინისტრაციული წარმოებისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 03.08.2015წ. №535 ბრძანებით მ.ლ-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის განმარტებით, მიწის ნაკვეთი მფლობელობაში აქვს 2007-2008 წლებიდან, აღნიშნული წლებიდან ტერიტორიაზე მოწყობილი იყო მავთულბადის ღობე და განთავსებული იყო მსუბუქი კონტრუქციის საცხოვრებელიც. ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას არ გამოიკვლია ღობის მომწყობი პირის ვინაობა. მოსარჩელე თვლის, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებამდე ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე არ გამოიკვლია ღობის მოწყობის დრო. მ.ლ-ა აღნიშნავს, რომ მან მხოლოდ სადავო ტერიტორიის გამწვანება უზრუნველყო, რაც არ წარმოადგენს სამართალდარღვევას. ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაადასტურა ღობის მოწყობა მოსარჩელის მიერ. ადმინისტრაციულმა ორგანომ მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება.
ამდენად, მ.ლ-ამ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 05.05.2015წ. №000102 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 03.08.2015წ. №535 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით მ.ლ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 19.03.2015წ. შედგა №000102 მითითება, ქ. თბილისში, ...ში, №... ნაკვეთის მიმდებარედ, სახელმწიფოს ტერიტორიაზე მ.ლ-ას მიერ უნებართვოდ მავთულბადის ღობის მოწყობის ფაქტზე. მ.ლ-ას მითითებით განესაზღვრა ვადა სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან მავთულბადის ღობის დემონტაჟისათვის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 14.04.2015წ. შედგენილი №000102 შემოწმების აქტით დადგინდა მითითების პირობების შეუსრულებლობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 05.05.2015წ. №000102 დადგენილებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მ.ლ-ა დაჯარიმდა 10 000 ლარით, მავთულბადის ღობის უნებართვოდ მოწყობისათვის და დაევალა აღნიშნული ღობის დემონტაჟი, რაც გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 03.08.2015წ. №535 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამართულ ზეპირ მოსმენაზე მ.ლ-ამ დაადასტურა ნაკვეთის ფლობის, მასზე მწვანე ნარგავების განთავსებისა და ღობის მოწყობის, დაზიანების შემთხვევაში მისი შეკეთების ფაქტი, ასევე უარყო ღობის დემონტაჟის შესაძლებლობა მწვანე ნარგავების დაზიანების რისკის გამო. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მ.ლ-ა მიიჩნია ღობის არსებობაზე დაინტერესებულ პირად.
საასამართლომ მიუთითა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილების 33-ე, 65-ე, 66-ე მუხლებსა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე, 44-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სახეზე იყო პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენა, რადგან ქ.თბილისში, ...ში, №... ნაკვეთის მიმდებარედ არსებულ სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ მიწის ნაკვეთზე მოეწყო მავთულბადის ღობე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ამდენად, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულო ორგანო მითითების გაცემისა და შემოწმების აქტის შედგენის საფუძველზე უფლებამოსილი იყო სადავო აქტით დაედგინა უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისა და დამრღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საჭიროება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სზაკ-ის 601.1, 178-ე, 185-ე, 201-ე მუხლებისა და სასკ-ის 32.1 მუხლის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ლ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით მ.ლ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: მ.ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 5.05.2015წ. №000102 დადგენილება და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 03.08.2015წ. №535 განკარგულება ბათილად იქნა ცნობილი.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა სასკ-ის 32.4 მუხლისა და სზაკ-ის 53.5, 96.1 მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, უსაფუძვლოდ მიიჩნია სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ობიექტი მავთულხლართია და დავის განხილვის მომენტისათვის მიწა კერძო პირზე საკუთრების უფლებით აღრიცხული არ იყო.
პალატამ აღნიშნა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოცევის კოდექსის მიზანია სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა, სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით. იმისათვის, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა დაეფუძნოს კოდექსის 44.1 მუხლს, აუცილებელია უნებართვო მშენებლობა განხორციელდეს განსაკუთრებული, სპეციალური სტატუსის მქონე ტერიტორიის ფარლებში, როგორებიცაა: სპეციალური რეჟიმის ზონა, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმი; ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ტერიტორიები; კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები; საკურორტო-სარეკრეაციო ზონები ან ქ. თბილისის ტერიტორია. კოდექსის 44.1 მუხლით ქმედების კვალიფიცირებისთვის საკმარისი არ არის მავთულღობის სათანადო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობის დადასტურება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დადგენას საჭიროებდა აგრეთვე გაბარიტების ცვლილება, ღობის მ.ლ-ას მიერ მოწყობის ფაქტი. ამასთანავე, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებათა გამოკვლევის მიზნით, შეეძლო განმარტებები მიეღო მეზობელი ნაკვეთის მფლობელებისგან, რაც არ განხორციელდა.
პალატამ მიიჩნია, ვინაიდან სახეზე იყო სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალქო სამსახურის დადგენილების ბათილად ცნობის პირობები, მისი გაუქმების მოთხოვნით წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანებაც კანონშეუსაბამო იყო, რაც მის ბათილად ცნობას განაპირობებდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის (ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.2017წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით მ.ლ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ.ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გადაწყვეტილების გამოტანიდან ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 5 მაისის №000102 დადგენილების 1-ელი პუნქტი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან; გადაწყვეტილების გამოტანიდან ბათილად იქნა ცნობილი მ.ლ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 3 აგვისტოს №535 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 5 მაისის №000102 დადგენილების 1-ლი პუნქტი; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე, მ.ლ-ა გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან ჯარიმის გადახდის ნაწილში და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 44.1 მუხლის „ა" ქვეპუნქტის საფუძველზე პირის სამართალდამრღვევად ცნობისა და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობებს წარმოადგენს: უნებართვო მშენებლობის ფაქტის, მშენებლობის განხორციელების ადგილის, სამშენებლო მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსადმი კუთვნილების, გაბარიტების ცვლილებისა და სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელი სუბიექტის დადგენა.
სააპელაციო პალატის მითითებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგად ნაწილში მოცემული მოწესრიგება ზოგადია ყველა სამართალდარღვევისათვის. მართალია, სამშენებლო სამართალდარღვევები ცალკე კანონებითაა მოწესრიგებული, თუმცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მოცემული მოწესრიგება არ არის სხვაგვარად მოწესრიგებული სპეციალურ კანონმდებლობაში, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში. ზოგადი წესი, რომელიც მცირე მნიშვნელობის სამართალდარღვევას აწესრიგებს, ვრცელდება ყველა სახის სამართალდარღვევაზე, თუ ისინი სპეციალური კანონით არ არის სხვაგვარად მოწესრიგებული, მათ შორის სამშენებლო კანონმდებლობით (სუსგ 20.12.2019წ. №ბს-638-634(2კ-17)). განსახილველი შემთხვევის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტები არ შეიცავენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინების დაუშვებლობაზე მითითებას, არ შეიცავენ აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღების გამომრიცხავ რაიმე დებულებას. ამდენად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო მოსარჩელისათვის სანქციის შეფარდების საკითხზე ემსჯელა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე და 34-ე მუხლების დანაწესის გათვალისწინებით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვლება ბრალეულის მიერ სამართალდარღვევის მავნე შედეგების აცილება, ზარალის ნებაყოფლობით ანაზღაურება ან მიყენებული ზიანის გამოსწორება; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანი, რომელიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში.
პალატის მითითებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ჩადენილი სამართალდარღვევის შედეგად არ დამდგარა მავნე შედეგი; ასევე, ამჟამინდელი მდგომარეობით, მოსარჩელის მიერ სამართალდარღვევიდან მომდინარე მავნე შედეგების დადგომის საფრთხეც თავიდან აცილებულია. სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო საქმის სააპელაციო ინსტანციაში დაბრუნების შემდგომ გამართული ზეპირი განხილვის სხდომაზე აპელანტის მითითება, რომ იგი მზად არის, თვითონვე, საკუთარი რესურსითა და ხარჯებით, უმოკლეს დროში განახორციელოს არსებული მავთულღობის დემონტაჟი; ასევე ის გარემოება, რომ სამართალდამრღვევად ცნობილი პირი არ არის შემჩნეული მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენაში. ამდენად, ყველა მითითებული ფაქტორის ერთობლიობაში გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ.ლ-ას მიმართ გამოყენებულ უნდა ყოფილიყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლი, რის გამოც ის უნდა გათავისუფლებულიყო დაკისრებული სანქციისაგან და გამოცხადებოდა სიტყვიერი შენიშვნა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ.ლ-ამ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ინსპექციამ. კასატორმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მ.ლ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მითითებით, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდესის“ 44-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით პირდაპირაა გათვალისწინებული სანქცია 10000 ლარის ოდენობით. საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის სტადიაზე, არ მოხდა უკანონოდ განთავსებული ღობის დემონტაჟი. შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან მხოლოდ მოსარჩელის ღობის მოშლის სამომავლოდ მზადყოფნაზე მითითება არ უნდა გამხდარიყო მ.ლ-ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება ჩადენილი სამართალდარღვევის მცირემნიშვნელობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, შესაბამისად არ არსებობდა გასაჩივრებული დადგენილების ჯარიმის ნაწილში ბათილად ცნობის და სამართალდამრღვევისათვის შენიშვნის გამოცხადების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება მ.ლ-ას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მ.ლ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ, არ იძლევა მცირემნიშვნელოვანი სამართალდარღვევის მზა დეფინიციას. კანონმდებლობით განსაზღვრულია მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ცნება, რომლის მნიშვნელობის ხარისხის განსაზღვრა უნდა უკავშირდებოდეს ქმედების ობიექტურ მხარეს, თუ რაში გამოიხატა ობიექტურად დამრღვევის მოქმედება. განსახილველ შემთხვევაში მ.ლ-ა მიჩნეულია სამართალდამრღვევად, ვინაიდან სახეზეა მის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო სასამართლო სხდომაზე მ.ლ-ას მიერ გაკეთებულ განცხადებას მასზედ, რომ მზადაა საკუთარი ხარჯით, უმოკლეს დროში განახორციელოს არსებული მავთულხლართის დემონტაჟი. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობა, კერძოდ მიყენებული ზიანი არ არის გამოსწორებული. მოსარჩელეს სურვილის შემთხვევაში დადგენილების მიღებიდან - 2015 წლიდან დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების გონივრული ვადა ჰქონდა.
კასატორმა - მ.ლ-ამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ (მშენებლობის დემონტაჟის გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში) გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება კერძოდ მის მიერ ღობე მოწყობილია მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. მის მიერ შეტანილია განცხადება ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით. კასატორის მოსაზრებით, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების და საკუთრების მოწმობის გაცემის შემთხვევაში, დემონტაჟი არის უკანონო. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს შეფასების მიღმა დარჩა აღიარებასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების საკითხი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მარტისა და 4 სექტემბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის და მ.ლ-ას საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ლ-ას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრების განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე ეთანხმება სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, იმ გარემოებაზე, რომ დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 5 მაისის №000102 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 3 აგვისტოს №535 ბრძანების კანონიერება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით მ.ლ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით მ.ლ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ.ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 05.05.2015წ. №000102 დადგენილება და ზედამხედველობის საქალქო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 03.08.2015წ. №535 განკარგულება ბათილად იქნა ცნობილი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის (ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.2017წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით მ.ლ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ.ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გადაწყვეტილების გამოტანიდან ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 5 მაისის №000102 დადგენილების 1-ლი პუნქტი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან; გადაწყვეტილების გამოტანიდან ბათილად იქნა ცნობილი მ.ლ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 3 აგვისტოს №535 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 5 მაისის №000102 დადგენილების 1-ლი პუნქტი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე, მ.ლ-ა გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან ჯარიმის გადახდის ნაწილში და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტების კანონიერების შემოწმებისას თავდაპირველად უნდა დადგინდეს მოცემულ შემთხვევაში არსებობდა თუ არა ის სამართლებრივი საფუძვლები, რაც წარმოშობდა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას მ.ლ-ას სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე, ხოლო აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, შეფასება უნდა მიეცეს სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმეებზე სანქციის შეფარდების პროცესში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენების შესაძლებლობას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 19 მარტს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მ.ლ-ას მიმართ შედგენილია №000102 მითითება, რომლის თანახმადაც თბილისში, ...ში, №... ნაკვეთის მიმდებარედ, მოქალაქე მ.ლ-ას მიერ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი სამშენებლო-სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, განხორციელდა მავთულბადის ღობის მოწყობა. ამავე მითითებით დგინდება, რომ დარღვევის გამოსწორების მიზნით, მითითების სუბიექტს დაევალა მითითების გაცემის მომენტისათვის არსებული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან მავთულბადის ღობის დემონტაჟი. 2015 წლის 14 აპრილს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგა №000102 შემოწმების აქტი, რომლითაც დგინდება, რომ 2015 წლის 19 მარტს გაცემული №000102 მითითებით გათვალისწინებული პირობები მ.ლ-ას მიერ არ იყო შესრულებული. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 5 მაისის №000102 დადგენილებით მ.ლ-ა დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით, თბილისში, ...ში, №... ნაკვეთის მიმდებარედ, მავთულბადის ღობის უნებართვოდ განთავსებისათვის (მოწყობისათვის). ამავე დადგენილებით მ.ლ-ას დაევალა მითითებულ მისამართზე უნებართვოდ განთავსებული (მოწყობილი) მავთულბადის ღობის დემონტაჟი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 3 აგვისტოს №535 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მ.ლ-ას 2015 წლის 19 მაისის ადმინისტრაციული საჩივარი. ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 5 მაისის №00102 დადგენილება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა/გამოსწორება, პრევენციული და აღმზრდელობითი ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი გადაცდომა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოცანას შეადგენს საკუთრების, მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უფლებებისა და თავისუფლებების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების უზრუნველყოფა. ამ ამოცანის განსახორციელებლად კანონმდებლობა განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს სამართალდარღვევის ჩამდენს (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი მუხ.). ამასთან, ყოველი კონკრეტული საქმის განხილვის პროცესში, საქმის განმხილველმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს დავის გადაწყვეტის დროს არსებული ვითარება, გადაცდომის ჩამდენი სუბიექტის პიროვნება, მის მიერ წარსულში მსგავს გადაცდომათა ჩადენის ფაქტი, გადაცდომის ჩადენის წინარე ქმედებები, გადაცდომის ხასიათი და სახდელის შეფარდების პროცესში იხელმძღვანელოს თანაზომიერების პრინციპით, რაც გამოიხატება კანონით დაცულ ინტერესებს შორის ბალანსის დადგენაში.
განსახილველ შემთხვევაში სადავო დადგენილება ეფუძნება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, სახელმწიფოს ან თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარით. აღნიშნული სამართლებრივი ნორმა მიმართულია უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოების წინააღმდეგ და ადგენს სანქციის კონკრეტულ ზომას. შესაბამისად, დასახელებული ნორმა დავის თავისებურებების გათვალისწინებით არ იძლევა ჯარიმის მინიმუმის ან მაქსიმუმის განსაზღვრის შესაძლებლობას. თუმცა, ამა თუ იმ სამართალდარღვევაზე კანონმდებლობით სანქციის მხოლოდ კონკრეტული ზომის გათვალისწინება არ გამორიცხავს საქმეზე შემამსუბუქებელი ან/და დამამძიმებელი გარემოებების გამოყენებას.
“მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2.03.2020წ. №139 დადგენილებით), მოიცავდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, ზემოაღნიშნული დადგენილება არეგულირებდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. აღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ერთ-ერთი სახეა ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი), ხოლო ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. ამავე დადგენილების 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია: ა) ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა; ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი დოკუმენტაცია, რომელიც ცალსახად მიუთითებს მშენებლობის შესაძლებლობაზე; გ) კანონმდებლობა, მათ შორის, ეს დადგენილება, სამშენებლო რეგლამენტი და ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოთხოვნები. ამავე დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, I კლასს განეკუთვნება გრუნტის ზედაპირიდან 4 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე. მითითებული დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. მეორე პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. მე-7 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას. მე-10 პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი მუხლები ადგენენ ადმინისტრაციული გადაცდომისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების საერთო წესს, რომელიც ზოგადია ყველა სამართალდარღვევისათვის, თუ ისინი სპეციალური კანონით სხვაგვარად არ არის მოწესრიგებული. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთ-ერთი სახეა სამშენებლო სამართალდარღვევა. თავის მხრივ, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და ცალკეული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზოგად პრინციპებს ემყარება. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. განსახილველი შემთხვევის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტები არ შეიცავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინების დაუშვებლობაზე მითითებას, არ შეიცავენ აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღების გამომრიცხავ რაიმე დებულებას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით მოწესრიგებული ურთიერთობები არ არის სხვაგვარად დარეგულირებული სპეციალურ, კერძოდ, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო მოსარჩელისათვის სანქციის შეფარდების საკითხზე ემსჯელა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის №ბს-638-634(2კ-17) განჩინება; 2019 წლის 20 დეკემბრის №ბს-926-922(2კ-17) განჩინება). ამდენად, საკასაციო სასამართლო ადასტურებს სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმეზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას, რომლის თანახმად, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას. განსახილველ შემთხვევაში, ჩადენილი სამართალდარღვევის შედეგად არ დამდგარა მავნე შედეგი, ასევე სამართალდარღვევად ცნობილი პირი არ არის შემჩნეული მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენაში. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მ.ლ-ამ აღიარა ღობის განთავსების ფაქტი, გამოთქვა მზადყოფნა საკუთარი სახსრებით მოეხდინა დემონტაჟი. ამასთან, შემოღობვა განახორციელა იმ ვარაუდით, რომ სახელმწიფოსგან აღიარების წესით მოიპოვებდა საკუთრების უფლებას. ყველა მითითებული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლომ მიიჩნევს, რომ სახეზე იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ.ლ-ას მის საკასაციო საჩივარზე 08.06.2023წ. გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ.ლ-ას (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ლ-ას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. მ.ლ-ას (პ/ნ...) დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე 08.06.2023წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა