დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ბს-761(2კ-23) 28 სექტემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ი. მ-ეის საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 16 ოქტომბერს ი. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 24 სექტემბრის №MIA 8 18 02328955 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის მისი სამსახურში გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანმადებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის, მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ ასევე იშუამდგომლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 24 სექტემბრის MIA ... ბრძანების (ი. მ-ეის ნაწილში), შსს გენერალური ინსპექციის უფროსის 2018 წლის 23 აგვისტოს MIA ... დადგენილების და შსს მოსამსახურეთა მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ დასკვნის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ი. მ-ეის შუამდგომლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 24 სექტემბრის MIA ... ბრძანების (ი. მ-ეის ნაწილში), შსს გენერალური ინსპექციის უფროსის 2018 წლის 23 აგვისტოს MIA ... დადგენილების და შსს მოსამსახურეთა მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ დასკვნის მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელის მტკიცებით, მისი დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება კანონსაწინააღმდეგო იყო, რადგან ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე მუხლების მოთხოვნებს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის უფლებამოსილება გამოიყენოს კეთილსინდისიერად, კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას. დასაქმებულის მიმართ სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი არ აქვს. იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია სახეზე იყოს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის (სუს 10.06.2015წ. №ას-415-395-2015; სუს 27.04.2015წ №ას-164-154-2015). მოსარჩელის განმარტებით დაკისრებული მოვალეობები უხეშად არ დაურღვევია, მის ქმედებებს არ მოჰყოლია ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 24 სექტემბრის MIA ... ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში და წესით, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. მ-ემ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
აპელანტმა - ი. მ-ემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელანტმა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მაისის განჩინებით ი. მ-ეისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 24 სექტემბრის №MIA 8 18 02328955 ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ...ოს პოლიციის ...ის უფროსის მოადგილე (დეტექტივი-გამომძიებელი), პოლიციის ... - ი. მ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2018 წლის 29 ივლისიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა), „ბ“ (სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება), „ე“ (თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის, ამავე წესდების მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტის (სამსახურიდან დათხოვნა) და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისას დაცულია აქტის გამოცემის პროცედურის ფორმალური მოთხოვნები - გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო დისციპლინური წარმოება; დისციპლინური სახდელის შეფარდებას საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2018 წლის 23 აგვისტოს №2055673 დასკვნა.
პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ი. მ-ეის გათავისუფლების მიზეზად - დისციპლინურ გადაცდომად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამი უმთავრესი გარემოებაა მითითებული: 1. არასაშვებულებო პერიოდში, ი. მ-ეის სამსახურში ფიზიკურად გამოუცხადებლობა; 2. მის მიერ სამსახურებრივი ავტომობილის პირადი მიზნით გამოყენება და 3. საქმის გამომძიებელთან კომუნიკაციის გარეშე ძებნაში მყოფი პირის საზღვარზე გატარების ნებართვის მიცემა. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მითითებით ადგილი ჰქონდა ი. მ-ეის eflow-ს ელექტრონული სისტემის სხვა თანამშრომლის მიერ გამოყენებას.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლოს კონსტიტუციური ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კონტროლი, რომლის დადგენა უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი. მოცემულ შემთხვევაში, დისციპლინური პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად მკაცრი სახდელი ვერ უზრუნველყოფს შესაბამისი მიზნების მიღწევას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი განსაზღვრავს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის სავალდებულობას. შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოსარჩელის მიმართ სახდელის შეფარდებისას აუცილებელია ყურადღება მიექცეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს, ანუ იმ საკითხს, ი. მ-ეის ქმედებამ რა ზიანი მიაყენა სახელმწიფოსა და საჯარო წესრიგს, დაცულია თუ არა თანაზომიერების პრინციპი. გასაჩივრებული ბრძანება არ შეიცავს კონკრეტულ დასაბუთებას, მოსარჩელის მიმართ უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენება რატომ ვერ უზრუნველყოფდა ჩადენილი გადაცდომისათვის სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას, რადგან სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება უნდა იყოს ადეკვატური და დარღვევის სიმძიმის პროპორციული.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არც გასაჩივრებული ბრძანება და არც სასამართლო განხილვის ფარგლებში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი პოზიცია არ შეიცავს მსჯელობას ან რაიმე სახის მითითებას, სახდელის შეფარდებისას გათვალისწინებული იქნა თუ არა ი. მ-ეის ქმედებების შედეგი - დადგა თუ არა რაიმე ქმედითი ზიანი; მეორე მხრივ, გასაჩივრებული ბრძანება ასევე არ შეიცავს მითითებას, რატომ მოხდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისციპლინური სახდელის უმკაცრესი ფორმის გამოყენება, იმ პირობებში, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდების“ მე-3 მუხლით (დანართი №1) (სადავო პერიოდში მოქმედი) გათვალისწინებულია სახდელის სხვა სახეობებიც.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ერთმნიშვნელოვნად არ იკვეთება ი. მ-ეის ბრალეულობა სისხლის სამართლის დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობაზე საქმის გამომძიებლისთვის - ზ. წ-ეისთვის. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თურქეთის მოქალაქე - M. C-R-ის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე შეჩერების თაობაზე ინფორმაცია მოსარჩელემ გადაამოწმა საერთო ჩათში. კერძოდ, იკითხა ვის მიერ იყო აღნიშნული პირი ძებნაზე დაყენებული და აქტუალური იყო თუ არა იმ დროისთვის მისი საზღვარზე დაკავება. საქმის მასალების და მოწმეთა დაკითხვის თანახმად, აღნიშნული მიდგომა - სამსახურებრივ ჩათში ინფორმაციის გადამოწმება - წარმოადგენდა გავრცელებულ პრაქტიკას; ამასთან, დასტურდება, რომ ჩათის მეშვეობით საკითხის თაობაზე ინფორმაციის დაზუსტების მცდელობის მიუხედავად, მოსარჩელეს პასუხი არ მიუღია. პალატამ საყურადღებოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა და ძებნაზე აყვანილმა პირმა თვითონვე გადაიფიქრა საზღვარზე გადასვლა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ არარელევანტურად და უსაფუძვლოდ მიიჩნია ი. მ-ეის პასუხისმგებლობის ხარისხზე მსჯელობა.
მოსარჩელის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ მეორე დისციპლინურ გადაცდომასთან - სამსახურში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გენერალურ ინსპექციაში დაკითხულ პირთა ჩვენებების თანახმად, მითითებულ პერიოდში მათ ი. მ-ე არ უნახავთ. პალატის მითითებით, პოლიციელთა ჩვენებებით ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება ი. მ-ეის სამსახურში გამოუცხადებლობის ფაქტი. პალატის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დაკითხულ პირთა განმარტებით, ი. მ-ესთან სამსახურებრივი ურთიერთობა ჰქონდათ ტელეფონითა და ვაიბერის საშუალებით და მისი ხელმისაწვდომობის პრობლემა არასდროს შექმნილა. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზეც, კერძოდ, 2018 წლის 12 აგვისტოს ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმებზე (ტ.1, ს.ფ. 289-304), რომლებიც დაადასტურებულია ი. მ-ეის ხელმოწერით. მოსარჩელის განმარტებით, სამსახურში გამოუცხადებლობა მის უშუალო ხელმძღვანელ პირთან - მ. კ-ესთან ზეპირსიტყვიერად ჰქონდა შეთანხმებული. პალატის მითითებით, გამოძიების არსისა და საგამოძიებო მოქმედებათა დროულობის მნიშვნელობის გათვალისწინებით პრეზუმირებულია, რომ პოლიციელის საქმიანობის განხორციელება ხშირად სწორედ განყოფილების შენობის გარეთ სამუშაოების ჩატარებას მოიაზრებს. ამდენად, პოლიციელის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება გულისხმობს არა კონკრეტულ შენობაში მის ფიზიკურად ყოფნას, არამედ, მის მზაობას, რომ საჭიროების შემთხვევაში იყოს ხელმისაწვდომი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელესთან მიმართებით არ დასტურდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 99-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დისპოზიცია (მოხელე, რომელიც თვითნებურად (5 დღეზე მეტი ხნით) მიატოვებს სამსახურს, გათავისუფლებულად ჩაითვლება სამსახურის თვითნებური დატოვების მეორე სამუშაო დღიდან).
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისციპლინური წესდების დარღვევად მიჩნეული გარემოება, მოსარჩელის სამსახურში არყოფნის პერიოდში მასზე განპიროვნებული სამსახურებრივი ავტომანქანით სარგებლობის ფაქტი, ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც კი არ წარმოადგენდა ისეთი ხასიათის დარღვევას, რომელსაც შეეძლო გამოეწვია მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისთვის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ცალსახად არაპროპორციულად მიიჩნია ჩადენილ გადაცდომასთან მიმართებით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია და არ დაუსაბუთებია გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის პროპორციულობა ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის/გადაცდომების სიმძიმესთან. ამრიგად, ადმინისტრაციული წარმოების ხელახლა ჩატარების ფარგლებში, გამოკვლეული გარემოებები შესაძლოა ქმნიდეს უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. მ-ემ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
კასატორმა - ი. მ-ემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორმა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორ - ი. მ-ეის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, არ გამოიყენა საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილები. ხსენებული მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. იმავე მუხლის მე-9 ნაწილით კი დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია.
კასატორ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება მოსარჩელის მხრიდან შსს სამინისტროს დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99.4 მუხლის დარღვევა. კასატორის მითითებით, პოლიციელთა მიმართ დაწესებული ქცევის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, პოლიციელს ევალება შესაფერისი ქცევა სამსახურში და მის გარე სივრცეში. კასატორის მოსაზრებით, ი. მ-ეის ქმედებათა სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით მოსარჩელის მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა პროპორციულია. კასატორის მითითებით, გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული კანონიერი ადმინისტრაციული წარმოება წინ უძღვოდა მოსარჩელისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებას. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების ობიექტური საფუძვლები, შესაბამისად არ იკვეთება ხელახალი ადმინისტრ წარმოების ჩატარების საჭიროება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. მ-ეისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ი. მ-ეის საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრების განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე ეთანხმება სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ...ოს პოლიციის ...ის ...ის მოადგილე (დეტექტივი - გამომძიებელი), პოლიციის ... ი. მ-ეის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 24 სექტემბრის №MIA 8 18 02328955 ბრძანების კანონიერების დადგენა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. მ-ეის სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად სცნო ი. მ-ეის განთავისუფლების შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 24 სექტემბრის №MIA 8 18 02328955 ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში და წესით, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა; აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით.
დადგენილია, რომ ი. მ-ე 2009 წლიდან მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. 2017 წლიდან კი მოსარჩელე დაინიშნა საქართველოს შსს სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ...ოს პოლიციის ... განყოფილების ...ის მოადგილის თანამდებობაზე.
დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ...ოს პოლიციის ...ის ...ის მოადგილე (დეტექტივი- გამომძიებელი), პოლიციის ... - ი. მ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2018 წლის 29 ივლისიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 24 სექტემბრის №MIA 8 18 02328955 ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა), „ბ“ (სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება), „ე“ (თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის, ამავე წესდების მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტის (სამსახურიდან დათხოვნა) და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებაზე“ (დანართი №1) (სადავო პერიოდში მოქმედი), რომელიც განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს. აღნიშნული დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა; ა) სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება; ბ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; გ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; დ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა; ვ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს; ზ) ფიცის გატეხვა; თ) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა; ი) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა. ამავე წესის მე-3 მუხლის თანახმად, დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ვ) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა.
საკასაციო სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-4 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად, დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება. როგორც უკვე აღინიშნა, არსებითია ისეთ ფაქტორებზე ყურადღების გამახვილება, როგორიცაა სამსახურიდან გათავისუფლებული პირის პიროვნება, მისი ზოგადი დამოკიდებულება დაკისრებული სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებისას, მანამდე არსებული დისციპლინური გადაცდომების არსებობა, ასევე, ის, თუ რა კონკრეტული ზიანი მიაყენა ჩადენილმა ქმედებამ ადმინისტრაციულ ორგანოს, რა დოზითა და სახით შეაფერხა ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციონირება, აგრეთვე, სხვა ისეთი ფაქტორები, რომელიც ცალსახად უპირობოდ გაამართლებს ი. მ-ეის სამსახურიდან დათხოვნას.
დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს. დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით (სუს №ბს-643(კ-კს-19) 2 აპრილი, 2020 წელი)
საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს იმ გარემოებებზე ყურადღების გამახვილებას, რამაც განაპირობა ი. მ-ეის სამსახურიდან გათავისუფლება. სადავო ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია ი. მ-ეის დისციპლინური გადაცდომები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებით, სახეზეა ი. მ-ეის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის სამი ეპიზოდი: 1. საქმის გამომძიებელთან კომუნიკაციის გარეშე, მის მიერ ძებნაში მყოფი პირის საქართველოს საზღვარზე გატარებაზე ნებართვის მიცემა 2. არასაშვებულებო პერიოდში მოსარჩელის სამსახურში გამოუცხადებლობა და 3. სამსახურებრივი ავტომობილის პირადი მიზნით გამოყენება.
დადგენილია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინპექციის 23.08.2018წ. №2055567 დასკვნა. დასკვნის თანახამად, სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოკითხული მ. ჩ-ის (M. C-R), ს. ა-ეის, ბ. მ-ეის, მ. კ-ეის, ი. მ-ეის, ზ. წ-ეის, ჯ. ბ-ეის, ა. ც-ის, თ. კ-ეის, მ. დ-ეის, მ. ბ-ეისა და ი. დ-ეის ახსნა - განმარტებებით, ასევე, 2018 წლის 8 აგვისტოს №1921220 პატაკით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის 14 აგვისტოს №124671 წერილით დგინდება, რომ თურქეთის მოქალაქე - მ. ჩ-ის (დაბ. ... წ.) საპასპორტე მონაცემების შემოწმებისას, აღნიშნული პიროვნება იმყოფებოდა შს სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დავალებით - „შეაჩერეთ და აცნობეთ ინიციატორს“. აღნიშნული დავალება სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის (სარფი) თანამშრომელმა - ს. ა-ეემ აცნობა თურქეთის მოქალაქე - მ. ჩ-ის (M. C-R) დავალებაზე ამყვან, შს სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის ... განყოფილების ...ის მოადგილეს, დეტექტივ-გამომძიებელ - ი. მ-ეს, რომლისგანაც სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის (სარფი) პატრულ - ინსპექტორმა/მესაზღვრე კონტროლიორმა ბ. მ-ემ მიიღო მითითება თურქეთის მოქალაქე - მ. ჩ-ი (M. C-R) საზღვარზე გატარების შესახებ. ასევე დადგენილია, რომ თურქეთის მოქალაქე - მ. ჩ-ი (M. C-R) საზღვარზე არ გადასულა, რადგან გადაიფიქრა. საგულისხმოა, რომ თურქეთის მოქალაქე მ. ჩ-ის (M. C-R) მიმართ, არ დამდგარა გამამტყუნებელი განაჩენი. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ თურქეთის მოქალაქე - მ. ჩ-ის (M. C-R) სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე შეჩერების თაობაზე ინფორმაცია მოსარჩელემ გადაამოწმა საერთო ჩათში, რაც საქმის მასალების და მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ინფორმაციის მოძიების გავრცელებული პრაქტიკაა. ამასთან, დასტურდება, რომ ჩათის მეშვეობით საკითხის თაობაზე ინფორმაციის დაზუსტების მცდელობის მიუხედავად, მოსარჩელეს პასუხი არ მიუღია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ თურქეთის მოქალაქის საზღვარზე გადაუსვლელობის, გამამტყუნებელი განაჩენის მიუღებლობისა და მოსარჩელის მიერ ინფორმაციის მოძიების პირობებში, ჩადენილი ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით, ი. მ-ეისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება არარელევანტურია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ქმედებას სამსახურისათვის მძიმე შედეგები არ გამოუწვევია, მის მიერ ჩადენილმა ქმედებამ მართალია შექმნა გარკვეული სახის რისკი, თუმცა იგი ვერ ჩაითვლება იმ სახის და ხარისხის გადაცდომად, რომელიც გაამართლებდა და დაასაბუთებდა ი. მ-ეის სამსახურიდან გათავისუფლებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გენერალურ ინსპექციაში დაკითხულ პირთა (ჯ. ბ-ეის, ა. ც-ის, თ. კ-ეის, მ. დ-ეის, მ. ბ-ეისა და ი. დ-ეის) ახსნა-განმარტებების თანახმად, 28.07.2018-12.08.2018წ. პერიოდში მათ ი. მ-ე არ უნახავთ. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ ზემოაღნიშნული ჩვენებებით ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება ი. მ-ეის სამსახურში გამოუცხადებლობა, რამეთუ ზემოაღნიშნულ პირთა განმარტებითვე დგინდება მათი ი. მ-ესთან ტელეფონითა და ვაიბერის საშუალებით ურთიერთობის ფაქტი. ამასთან, ი. მ-ეის უშუალო უფროსმა - მ. კ-ემ ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ მოსარჩელე 2018 წლის 7 აგვისტოდან 12 აგვისტომდე გაათავისუფლა სამსახურიდან. მ. კ-ეის განმარტებით, მოსარჩელე არ ყოფილა არც პატაკით გათავისუფლებული და მას არც შვებულების დღეები გამოუყენებია. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, საქმეში დაცულ ...ოს ხელმძღვანელ პირთა ივლისის და აგვისტოს თვის მორიგეობების გრაფიკზე, რომლის თანახმად, ი. მ-ე მორიგე იყო 28, 30 ივლისს და აგვისტოს თვის კენტ რიცხვებში (ტ.1, ს.ფ 82-83). „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 52.1 მუხლის თანახმად, პოლიციელისთვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების სპეციფიკურობისა და დროულობის გათვალისწინებით, პოლიციელის სამუშაო ადგილი შეიძლება მოიაზრებდეს არამხოლოდ კონკრეტულ შენობაში ფიზიკურად ყოფნას, ასევე, საჭიროებისას პოლიციელის მზაობას იყოს ხელმისაწვდომი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ი. მ-ეის დაქვემდებარებაში მყოფი პირების ახსნა-განმარტებებიდან დგინდება, რომ მითითებულ პერიოდშიც მოსარჩელესთან ხელმისაწვდომობა არ შეფერხებულა. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში დაცული მტკიცებულებებით არ დასტურდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 99-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დისპოზიცია (მოხელე, რომელიც თვითნებურად (5 დღეზე მეტი ხნით) მიატოვებს სამსახურს, გათავისუფლებულად ჩაითვლება სამსახურის თვითნებური დატოვების მეორე სამუშაო დღიდან).
საკასაციო სასამართლო მესამე დისციპლინურ დარღევად მიჩნეულ გარემოებასთან, კერძოდ მოსარჩელის სამსახურში არყოფნის პერიოდში მასზე განპიროვნებული სამსახურებრივი ავტომანქანით სარგებლობასთან დაკავშირებთ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ ასეთი გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც კი, იგი არ წარმოადგენს ისეთი ხასიათის დარღვევას, რომელსაც შეეძლო გამოეწვია ი. მ-ეის სამსახურიდან გათავისუფლება,საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობანი საქართველოში დეკლარირებულია საქართველოს კონსტიტუციური ნორმებით, საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობების თაობაზე გადაწყვეტილებათა მომზადების, მიღებისა და გამოქვეყნების წესები, პროცედურები კი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტრესების დაცვის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, რაც მათი ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მართლზომიერ დაბალანსებაში ვლინდება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მოსარჩელისთვის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ცალსახად არაპროპორციულია ჩადენილ გადაცდომასთან. ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია და არ დაუსაბუთებია გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის პროპორციულობა ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის/გადაცდომების სიმძიმესთან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტიდან არ იკვეთება სახდელის შეფარდებისას გათვალისწინებული იქნა თუ არა ი. მ-ეის ქმედებების შედეგი - დადგა თუ არა მნიშვნელოვანი ზიანი; გასაჩივრებული ბრძანება არ შეიცავს მითითებას, რის საფუძვლზე მიიღო ადმინისტრაციული ორგანომ დისციპლინური სახდელის უმკაცრესი ფორმის გამოყენების გადაწყვეტილება, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებით“ (დანართი №1) (სადავო პერიოდში მოქმედი) გათვალისწინებულია სახდელის სხვა სახეობებიც. საგულისხმოა, რომ გენერალური ინსპექცის დასკვნაშიც მითითებულია, რომ ი. მ-ეის მიმართ არ მოქმედებდა დისციპლინური სახდელი. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, ჩადენილი ქმედების ხასიათის გათვალისწინებით, დისციპლინური გადაცდომისთვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არაპროპორციულად იქნა გამოყენებული სანქცია - სამუშაოდან დათხოვნა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ პროცესუალურ შესაძლებლობაზე და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევის და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სასამართლო ვერ იმსჯელებს მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და მოპასუხისათვის განაცდურის ანაზღაურების დავალების საკითხებზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ი. მ-ეის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ.აბუსერიძე
ბ. სტურუა