დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-221-539-05 26 ივლისი 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ახალაძე,ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: გარიგების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. პ.-მა 2001წ. 18 სექტემბერს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების _ ა. პ.-ისა და კ. დ.-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებს შორის ქ.თბილისში, … საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ბინა მის საკუთრებას წარმოადგენდა და ა. პ.-მა განკარგა მისი ნების საწინააღმდეგოდ. მოგვიანებით თ.პ.-მა შეცვალა სარჩელის საფუძველი და მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი როგორც თვალთმაქცური გარიგება. მოსარჩელის განმარტებით, მის მამას _ ა. პ.-ს სახალხო ბანკიდან გამოტანილი ჰქონდა კრედიტი 50000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველყოფის მიზნით მათ ბინაზე გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება ბანკის ფილიალის თანამშრომელთან _ კ. დ.-ესთან. ამ უკანასკნელს ბინის საფასური რეალურად არ გადაუხდია. დღეისათვის კ.დ.-ე გათავისუფლებულია სამსახურიდან, რის გამოც სასწრაფოდ გადაიფორმა ბინა თავის სახელზე საჯარო რეესტრში.
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. პ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ მიუთითა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 26 ივლისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დადგენილია, რომ ბინის ნასყიდობის შესახებ 1999წ. 23 დეკემბრის ხელშეკრულება დადებულია და გაფორმებულია კანონის დაცვით, ოჯახის სრულწლოვან პირთა თანხმობით. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და სსკ-ის 106-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე გააჩნია პრეიუდიციული ძალა. გარდა ამისა, თ.პ.-მა აღიარა, რომ სადავო ბინა წარმოადგენს კ.დ.-ის საკუთრებას, რის გამოც სკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე კარგავს შეცილების უფლებას.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. პ.-მ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით თ. პ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.თბილისში, … მდებარე ¹8 საცხოვრებელი ბინა პრივატიზებული იყო 1998 წელს და აღირიცხა ლ. და თ. პ.-ების სახელზე. 1999წ. 22 დეკემბერს ლ. და თ.Aპ.-ებმა მისცეს ა. პ.-ს მინდობილობა აღნიშნული ბინის განკარგვაზე. 1999წ. 23 დეკემბერს ა. პ.-სა და კ. დ.-ეს შორის დაიდო სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. გამოსყიდვის ვადად განსაზღვრული იყო სამი თვე და იმავე წლის 29 დეკემბერს ბინა აღირიცხა კ. დ.-ის სახელზე თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში. ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში ბინა არ იქნა გამოსყიდული. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აცხადებს რა, რომ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება ატარებს თვალთმაქცურ ხასიათს, თ.პ.-მა უნდა დაამტკიცოს აღნიშნული სსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული წესითა და მტკიცებულებების მეშვეობით, რაც არ გაუკეთებია.
რაც შეეხება გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 26 ივლისის გადაწყვეტილებას, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებაში არის დადგენილი არა რაიმე ფაქტი, არამედ მოცემულია ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი შეფასება, კერძოდ, იგი მიჩნეულ იქნა კანონის დაცვით დადებულად, რასაც ვერ ექნება პრეიუდიციული ხასიათი.
თ. პ.-მა სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში.
კასატორის აზრით, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატის მიერ არ იქნა გამოკვლეული და დადგენილი საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები: სადავო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას, ვინაიდან ამ ხელშეკრულებით დაიფარა სხვა გარიგება, კერძოდ, “ა.-ბანკსა” და ა. პ.-ს შორის რეალურად არსებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ამასთან, კ. დ.-ს ბინა არ უყიდია, მას არ გადაუხდია ბინის საფასური, იგი ასრულებდა ბანკის დაკვეთას. სწორედ “ა.-ბანკის” წინაშე არსებული დავალიანების ამოღების მიზნით გაფორმდა ეს ხელშეკრულება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, განიხილა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქ.თბილისში, … ბინის პრივატიზაცია მოხდა 1998 წელს და აღირიცხა ლ. და თ. პ.-ების სახელზე. 1999წ. 22 დეკემბერს ლ. და თ. პ.-ებმა მისცეს ა. პ.-ს მინდობილობა აღნიშნული ბინის განკარგვის თაობაზე. 1999წ. 23 დეკემბერს ა. პ.-სა და კ. დ.-ეს შორის დაიდო აღნიშნული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. გამოსყიდვის ვადად მითითებული იყო 3 თვე და იმავე წლის 29 დეკემბერს ბინა აღირიცხა კ. დ.-ის სახელზე. ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში ბინა არ იქნა გამოსყიდული.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა თ. პ.-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კ. დ.-ესა და ა. პ.-ს შორის დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება ატარებს თვალთმაქცურ ხასიათს. სასამართლომ აღნიშნულ მოსაზრებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება. აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს საკასაციო პალატაც. ასეთი სახის მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას და არც სააპელაციო სასამართლოში. რაც შეეხება საკასაციო ინსტანციას, სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებათა მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი გარემოება სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული პრეტენზია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, მიიღოს და განიხილოს მხარის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები. ამდენად, პალატა უფლებამოსილი არ არის, შეაფასოს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარს თანდართული მტკიცებულებები და დაადგინოს ესა თუ ის ფაქტობრივი გარემოება. მტკიცებულებების წარდგენა, სსკ-ის 380-ე მუხლის თანახმად, შეზღუდულია თვით სააპელაციო ინსტანციაშიც, ხოლო საკასაციო სასამართლოში ზემოთ მითითებული ნორმის საფუძველზე საერთოდ დაუშვებელია.
სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოება, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კი საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა თ.პ.-ის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო კასატორის მიერ წარმოდგენილი, საკასაციო საჩივარს თანდართული მასალები ამოღებულ უნდა იქნეს საქმის მასალებიდან თანახმად სსკ-ის 104-ე მუხლისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. პ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილება.
ამოღებულ იქნას საქმის მასალებიდან თ. პ.-ის საკასაციო საჩივარს თანდართული მასალები.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.