დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№13211-13 12 აპრილი, 2013 წელი
ს-ი ე., 13211-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა ქათამაძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის
პროკურორ - გ. ფ-ს
მსჯავრდებულ - ე. ს-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ე. ს-ს საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დმანისის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 6 აგვისტოს განაჩენით ე. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67(5)-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა ე. ს-ს მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - მიემატა ბოლო განაჩენით დადგენილ სასჯელს - 7 წლით თავისუფლების აღკვეთას და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ე. ს-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 25 თებერვლიდან.
2013 წლის 15 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ე. ს-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ე. ს-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ცვლილება შევიდა დმანისის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 6 აგვისტოს განაჩენში მსჯავრდებულ ე. ს-ს მიმართ, კერძოდ:
მსჯავრდებულ ე. ს-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 3 თვის ვადით.
მსჯავრდებულ ე. ს-ს გაუნახევრდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით და მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საბოლოოდ, დმანისის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 6 აგვისტოს განაჩენით ე. ს-სათვის განაჩენთა ერთობლიობით დადგენილი სასჯელიდან მას მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 3 თვის ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 25 თებერვლიდან.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ე. ს-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადება ან/და მცდელობა. ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.
საქმის მასალების მიხედვით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ე. ს-ი ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და, ამდენად, რაიონულმა სასამართლომ კანონიერად იხელმძღვანელა ამ კანონის მე-7 მუხლით.
მართალია, დმანისის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 6 აგვისტოს განაჩენით ე. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, მაგრამ იგი იყო ადრე ნასამართლევი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. ამდენად, მასზე სრულიად კანონიერად გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ე. ს-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ნ. სხირტლაძე