დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№13381-13 19 აპრილი, 2013 წელი
ჭ-ე ზ., 13381-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ დ. ბ-ის
მსჯავრდებულ _ ზ. ჭ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. ჭ-ის საჩივარი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის განაჩენით ზ. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით, ხოლო 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა არაერთგზის) – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის გამოყენებით, 8 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის ნახევარი – 9 თვე და ზ. ჭ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 15 თებერვლიდან; მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 3 სექტემბრის განაჩენით შეიცვალა: განაჩენიდან ამოირიცხა მითითება ზ. ჭ-ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდების შესახებ. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ზ. ჭ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ჭ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ზ. ჭ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 6 თვითა და 22 დღით, ხოლო 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ზ. ჭ-ეს მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის, 6 თვისა და 22 დღის ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. ჭ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს განჩინების გაუქმებას, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის სწორად გავრცელებას და სასჯელის მოხდისაგან სრულად განთავისუფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ზ. ჭ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 260-ე და 2381-ე მუხლებით დანიშნული სასჯელების ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის სასჯელის სახით 6 წლით, 6 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა კანონიერია, ვინაიდან ამ მუხლებით მსჯავრდებისას იგი განზრახი დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი და, შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 1-ლი–მე-15 მუხლების მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-17, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. ჭ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე