დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 16.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1357-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
16.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№13571-13 16 აპრილი 2013 წელი გ-ი ლ. 13571-13 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

გიორგი შავლიაშვილი, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ მ. ლ-ის

მსჯავრდებულ _ ლ. გ-ის

ადვოკატ – ნ. ფ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ლ. გ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ივნისის განაჩენით ლ. გ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა, ზ, თ“, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა, ბ, დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 19,109–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ–ის 109–ე მუხლის „გ, ზ, თ, ი, ლ“ და ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 18 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე ლ. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 14 აპრილიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 11 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 14 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. გ-ის ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით ლ. გ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ასევე ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ‘ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელებისგან, საბოლოო სასჯელში მათი პროპორციული წილის გათვალისწინებით. მასვე სსკ–ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა, ზ, თ“, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით; სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა, ბ, დ“ ქვეპუნქტებითა და სსკ–ის 19,109–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე სსკ–ის 109–ე მუხლის „გ, ზ, თ, ი, ლ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელების საბოლოო სასჯელში პროპორციული წილი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინების თაობაზე ლ. გ-მა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და მოითხოვა ამნისტიის კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელება მის მიმართ დანიშნულ საბოლოო სასჯელზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3, მე-8 და მე-16-17 მუხლებით, რომელთა თანახმად, ნასამართლობის არმქონე ლ. გ-ი გაათავისუფლა სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ასევე ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ‘ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელებისგან, ხოლო სსკ–ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა, ზ, თ“, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით; სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა, ბ, დ“ ქვეპუნქტებითა და სსკ–ის 19,109–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე სსკ–ის 109–ე მუხლის „გ, ზ, თ, ი, ლ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები (როგორც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ჩადენისთვის მსჯავრდებულს) შეუმცირა ერთი მეოთხედით.

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–17 მუხლის თანახმად, პირზე, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ–ცალკე.

საკასაციო პალატის მიერ განმარტებულია, რომ „დანიშნული სასჯელი“ გულისხმობს კონკრეტული მუხლის სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრას და არა - სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ჩადენისათვის მსჯავრდებულისთვის საბოლოო მაქსიმალური ზღვარის დადგენას.

გარდა ამისა, მსჯავრდებულ ლ. გ-ს სსკ–ის 19,109–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ–ის 109–ე მუხლის „გ, ზ, თ, ი, ლ“ ქვეპუნქტებით (როგორც ერთიანი ქმედებისათვის, რომელსაც მოჰყვა ორი განსხვავებული შედეგი) დაენიშნა ერთი სასჯელი და სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია აღნიშნული მიიჩნიოს, როგორც სსკ–ის 19,109–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული, რადგან მას სასჯელი ამ ქმედებისათვის დაენიშნა უფრო მძიმე - სსკ–ის 109–ე მუხლის „გ, ზ, თ, ი, ლ“ ქვეპუნქტებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ლ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

ბ. ალავიძე