დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 19.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1382-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№13821-13 19 აპრილი, 2013 წელი

წ-ა რ., 13821-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივან - ანა ვარდიძის

პროკურორ - დ. ბ-ს

მსჯავრდებულ - რ. წ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ რ. წ-ს საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 ივნისის განაჩენით რ. წ-ა ცნობილ იქა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19,177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 5 მაისიდან.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 27 აგვისტოს განაჩენით დარჩა უცვლელად.

2013 წლის 15 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №4 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ რ. წ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ რ. წ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ რ. წ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 19,177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 9 თვის ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 5 მაისიდან.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა რ. წ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. რადგან რ. წ-ა არის ადრე ნასამართლევი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. წ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე