დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 13.07.2005
საქმის ნომერი
ას-260-573-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.07.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-260-573-05 13 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამარტლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 5 სექტემბერს შპს “ს.-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს “ე.-ის” ხაშურის სამმართველოს წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი კუთვნილი 220კვ.მ ქვესადგურიდან გამომავალი 10 კვ. ელექტრო-გადამცემი ხაზი “ფილებით”, მოპასუხესთან ზეპირი გარიგების საფუძველზე, ამ უკანასკნელის მიმართულებით 2001წ. თებერვლიდანწ. ბოლომდე გაატარა 1633120კვტ ელექტროენერგია, რომლის გაყიდვის შემდეგ ამოღებულ იქნა 42381 ლარი. მოპასუხე ვალდებული იყო, მოსარჩელისათვის გადაეხადა მომსახურების ხარჯები _ ამოღებული თანხის 8%, რაც შეადგენს 3390 ლარს. 2002წ. იანვრიდან აგვისტომდე, შვიდ თვეში, გატარებულ იქნა 1253420 კვტს. ელ. ენერგია და ამოღებულ იქნა 43178 ლარი, რომლის 8% შეადგენს 3454 ლარს, სულ ორივე გადასახადი შეადგენს 6844 ლარს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მათ შორის არსებობდა ხელშეკრულება ელ. ენერგიის გატარების შესახებ.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 ოქტომბრის განჩინებით, არასათანადო მოპასუხე სს “ე.-ის” ხაშურის სამმართველო შეიცვალა სათანადო მოპასუხით, სს “ე.-ით”, ხოლო ამავე სასამართლოს 2003წ. 4 ნოემბრის განჩინებით, საქმე განსჯადობით გადაეცა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს 2004წ. 21 იანვრის გადაწყვეტილებით შპს “ს.-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სს “ე.-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6844 ლარის გადახდა, სარჩელი ადვოკატის მომსახურების ხარჯების _ 300 ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ე.-ის” გენერალურმა დირექტორმა დ. უ.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სს “ე.-ა” შეიქმნა 2002წ. 27 მარტს, ხოლო ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 3 მაისის დაგენილებით დაარეგისტრირა “ე.-ის” ხაშურის სამმართველო (ფილიალი), მანამდე ფუნქციონირებდა სს “შ.-ა”, რომელიც შეიქმნა საქართველოს პრეზიდანტის 2000წ. 29 ივლისის ¹833 განკარგულებით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი წერილით დასტურდება, რომ მხარეთა შორის ელ.ენერგიის გატარების შესახებ სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ხელშეკრულების დადებისათვის აუცილებელი იყო წერილობითი ფორმა და იგი არ უნდა დადებულიყო ზეპირი ფორმით. სკ-ის 328-ე მუხლიდან გამომდინარე, მხარეებს შორის ხელშეკრულება იმ შემთხვევაში იდება წერილობით, თუ ამას განსაზღვრავდნენ მხარეები ან, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილი იქნებოდა ასეთი ფორმა.

მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) მიერ შეთავაზებულ იქნა წინადადება აპელანტთათვის ხელშეკრულების დადების შესახებ და ამ უკანასკნელმა მისცა თანხმობა ამ შეთავაზებაზე ანუ, სკ-ის 329-ე მუხლის შესაბამისად, გაკეთდა ოფერტი.

სააპელაციო პალატის განმარტებით, თვით ის ფაქტი, რომ მოწინააღმდეგე მხარემ აპელანტის მისამართით გაატარა ელ. ენერგია 2001წ. თებერვლიდან, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნულის შესახებ მხარეთა შორის გარიგება შედგა და ერთმა მხარემ შეასრულა მათ შორის დადებული ზეპირი ხელშეკრულების პირობები.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2001წ. დადებული გარიგება იყო ნამდვილი, რომელიც დაიდო იმ დროს მოქმედი სს “შ.-ა” და შპს “ს.-ის” დირექტორებს შორის (სს “შ.-ის დირექტორი უფლებამოსილი იყო დაედო ასეთი გარიგება).

რაც შეეხება 2002წ. 13 აგვისტოს სს “ე.-ის” ხაშურის სამმართველოს (ფილიალის) დირექტორსა და შპს “ს.-ის” დირექტორებს შორის დადებული ხელშეკრულებას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იგი არის ნამდვილი, რადგან სს “ე.-ის” ხაშურის სამმართველოს (ფილიალის) დირექტორი მოქმედებდა თვით სს “ე.-ის” თანხმობით, ანუ აღნიშნული გარემოება, სკ-ის 111-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ნამდვილია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს “ე.-ის” ხაშურის სამმართველოს (ფილიალის) დირექტორს, რომელმაც მოწინააღმდეგე მხარესთან დადო გარიგება ელ. ენერგიის გატარების თაობაზე (2002წ. 13 ივლისის ხელშეკრულება), შეეძლო ეღიარებინა ამ გარიგების შედეგად ელექტროენერგიის გატარებით წარმოშობილი ვალდებულების არსებობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ხაშურის ფილიალის დირექტორს არ ჰქონდა უფლება, გაეცა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აპელანტის სასარგებლოდ მოწინააღმდეგე მხარის მიერ ელექტროენერგიის გატარებით ვალდებულების არსებობას.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა სს “ე.-ის” ხაშურის სამმართველოს ფილიალის დირექტორმა სკ-ის 341-ე მუხლის შესაბამისად, აღიარა, წერილობით, რომლის მიხედვით, მოწინააღმდეგე მხარის მიერ 2001 წელს გატარებულია 1677120კვტს ელ.ენერგია, ხოლო 2003წ. იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით (ხელშეკრულების დადებამდე) 253420კვტს ელ. ენერგია. აღნიშნული ვალდებულებითი ურთიერთობის აღიარებით აპელანტს წარმოეშვა ვალდებულება მოწინააღმდეგე მხარის მიმართ სკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “ს.-ის” დირექტორის მოთხოვნა მის მიერ გატარებული ელ. ენერგიის საზღაურის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია და იგი პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სწორად დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ე.-ის” გენერალურმა დირექტორმა დ. უ.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა იურიდიულად დაუსაბუთებელი განჩინება, რითაც დაარღვია სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნები.

საკასაციო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 328-ე მუხლი და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სკ-ის 329-ე მუხლი, რადგან მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადების შეთავაზება და არ მომხდარა, ასევე არ უნდა გამოეყენებინა 341-ე მუხლი, რადგან აღნიშნული ცნობა, სსკ-ის 102 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს არასათანადო მტკიცებულებას.

კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, 327-ე მუხლი, რადგან, თუ მხარეებს შორის მართლაც იარსებებდა ზეპირი ხელშეკრულება ელ. ენერგიის გატარებით გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე, მაშინ ანაზღაურების საკითხის გარდა, შეთანხმებული იქნებოდა ამ სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ყველა პირობა, როგორც ეს მოხდა მხარეებს შორის 2003წ. 13 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:

სსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 328-ე მუხლი, რადგან, ენერგეტიკის სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, ხელშეკრულებები წერილობითი ფორმით იდება. მითითებული ნორმის პირველი ნაწილით, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ. კასატორი ვერ მიუთითებს, თუ რომელი კანონითაა დადგენილი ანალოგიური შემთხვევისათვის ხელშეკრულების წერილობითი ფორმა. კასატორის აღნიშნული პოზიცია არ შეესაბამება საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მოსაზრებას, თუ რა კანონით წესრიგდება შპს „ს.-სა“ და გაერთიანებულ სადისტრიბუციო კომპანიას შორის არსებული ურთიერთობა. ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან შპს „ს.-ე“ არ არის ელ. ენერგიის განაწილების ლიცენზიატი და გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანია, თავისი ფუნქციის განხორციელების მიზნით, მცირე მონაკვეთებზე იყენებს შპს „ს.-ის“ კუთვნილ ელ.გადამცემ ხაზებს, მათ შორის არსებული ურთიერთობა ჩვეულებრივ სამოქალაქო-სამართლებრივ (სახელშეკრულებო) ურთიერთობად მიიჩნია. ამდენად, სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა სკ-ის 328-ე მუხლის პირველი ნაწილი, რადგან განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შეეძლოთ ზეპირი ფორმით ხელშეკრულების დადება.

პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სასამართლოს მიერ სკ-ის 229-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით.

დადგენილია, რომ 2001 წელს შპს „ს.-მ“ მის საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზით გაატარა მიწოდებული ელექტროენერგია. ოფერენტმა (კასატორმა) მიაწოდა ელექტროენერგია, ხოლო შპს „ს.-მ“ გაატარა იგი. სკ-ის 361-ე მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.

პალატა თვლის, რომ ე.-ის ხაშურის სამმართველოს მიერ 2003წ. 21 ივლისს გაცემული საბუთი (ცნობა შპს „ს.-ის“ მიმართ კომპანიის დავალიანების თაობაზე), არ არის ვალის არსებობის აღიარება, რაც გათვალისწინებულია სკ-ის 341-ე მუხლით. აღნიშნული მტკიცებულებით დასტურდება დავალიანების არსებობა, რომლის საფუძველზეც სასამართლომ განსაზღვრა მოპასუხეზე დასაკისრებელი თანხის ოდენობა. მითითებული ნორმით ვალის არსებობის აღიარებისას კი ეს აღიარება ახალი დამოუკიდებელი მოთხოვნის წარმოშობის საფუძველია, რადგან იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან, ე.ი. ვალის არსებობის აღიარება, ახალი, დამოუკიდებელი გარიგებაა, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა.

ამდენად, საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს “ე.-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 დეკემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.