განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 19.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1388-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№13881-13 19 აპრილი, 2013 წელი

ს-ე გ., 13881-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე, თეიმურაზ თოდრია

სხდომის მდივან - ანა ვარდიძის

პროკურორ - ნ. ნ-ს

ადვოკატ - ი. ჯ-ს

მსჯავრდებულ - გ. ს-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ს-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროდან შემოსული, მსჯავრდებულის პირადი საქმის მასალების მიხედვით, გ. ს-ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვისათვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით, რისთვისაც სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე გ. ს-ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი.

ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გ. ს-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით.

დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ გ. ს-ს დაენიშნა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. გ. ს-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო - 2011 წლის 9 ნოემბრიდან 2012 წლის 19 ნოემბრის ჩათვლით.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის პრობაციის ბიუროდან „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეღავათების გავრცელების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად შევიდა მსჯავრდებულ გ. ს-ს პირადი საქმე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ს-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებული გ. ს-ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით პირობით, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან, რაც შეადგენს 6 თვეს.

მსჯავრდებულ გ. ს-ს ¼–ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 დეკემბრის განაჩენით სსკ–ის 260–ე მუხლით პირობით, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი - 2 წელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით, ხოლო გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა – 2 წელი და 3 თვე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ს-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მეორე პუნქტით, რომლის თანახმადაც, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით და, ამასთან, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით.

საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით გ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 2381-ე მუხლით და შეეფარდა ჯარიმა - 500 ლარი. სსკ-ის 79-ე მუხლის თანახმად, ამ დანაშაულისათვის ნასამართლობის გასაქარწყლებლად საჭირო იყო 1 წელი, რაც გასულია.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 დეკემბრის განაჩენით გ. ს-მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელდეს ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები და იგი უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ს-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული გ. ს-ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე