დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 04.05.2005
საქმის ნომერი
ას-266-593-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.05.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ ას-266-593-05 ¹ ას-266-593-05 4 მაისი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია

დავის საგანი: სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. მ-შვილი-შ-ძემ 2004წ. 4 მაისს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე მ. მ-შვილი-კ-ვას მიმართ და მოითხოვა დედის დანატოვარი სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილის გამოყოფა.

მოთხოვნის საფუძვლად აღნიშნა, რომ მის მშობლებს ზ. და ა. მ-შვილებს თანასაკუთრების უფლებით ჰქონდათ თბილისში, ... ¹ 10-ში მდებარე ბინა; ჰყავდათ სამი შვილი _ ვ., გ. და მ.; მამა ზ. მ.შვილი გარდაიცვალა 1991 წელს და ბინა მთლინად გადაფორმდა დედა ა. მ-შვილის სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 2003წ. 15 აპრილს.

2004წ. 7 თებერვალს გარდაიცვალა მისი (მოსარჩელის) ძმა – ვ. მ-შვილი. გარდაცვალებიდან ორმოცი დღის გასვლამდე გაიგო, რომ დედას აღნიშნული ბინა სიცოცხლეში უჩუქებია ძმისთვის – ვ. მ-შვილისათვის 1991წ. 27 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე და 1371-ე მუხლების (1997წ. რედ.) საფუძველზე, მოსარჩელემ მოითხოვა სავალდებულო წილი დედის _ ა. მ-შვილის დანაშთი ქონებიდან, კერძოდ, თბილისში, ... ¹ 10-ში მდებარე ბინიდან.

მოპასუხე მ. მ-შვილი-კ-ვამ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

დაზუსტებული სარჩელით მ. მ-შვილი-შ-ძემ დამატებით მოითხოვა კუთვნილი წილის გამოყოფა მამის – ზ. მ-შვილის დანაშთი ქონებიდან.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 29 ივნისის გადაწყვეტილებით მ. მ-შვილი-შ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მ. მ-შვილი-შ-ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოში და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

მას 1988 წლიდან საერთოდ არ ჰქონდა ურთიერთობა მშობლებთან, თავისი დარღვეული უფლების შესახებ შეიტყო 2004წ. თებერვალ-მარტში _ ძმის ორმოცამდე რამდენიმე დღით ადრე და ამის გამო მისი მოთხოვნა არ არის ხანდაზმული;

ჩუქების ხელშეკრულება სამი თვის ვადაში უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული ტექინვენტარიზაციის ბიუროში, რეგისტრაცია კი გაუკეთდა თითქმის ერთი წლის შემდეგ, რის გამოც, საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ. რედ.) 48-ე, 239-ე და 269-ე მუხლების შესაბამისად, აღნიშნული გარიგება ბათილია;

ჩუქების ხელშეკრულება ასევე ბათილია სამოქალაქო კოდექსის (1997წ. რედ.) 183-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, ხელშეკრულება არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და რეგისტრირებულია მხოლოდ ტექინვენტარიზაციის ბიუროში.

დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით აპელანტმა აღნიშნა, რომ ა. მ-შვილი არ იყო უძრავი ქონების მესაკუთრე, რადგან იგი არც ტექინვენტარიზაციის ბიუროში და არც საჯარო რეესტრში იყო მესაკუთრედ რეგისტრირებული.

სასამართლომ ფაქტობრივად ჩამოართვა მას მემკვიდრეობის უფლება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 დეკემბრის განჩინებით მ. მ-შვილი-შ-ძის სააპელაციო საჩივარი Aარ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო შემდეგი გარემოებები:

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. შ-ძეს 1988 წლიდან თბილისში, ... ¹ 10-ში მდებარე ბინაში არ უცხოვრია და იგი რეგისტრირებულია სხვა მისამართზე;

თბილისის მთაწმინდის რაისაბჭოს აღმასკომის 1990წ. 5 სექტემბრის ¹ 2651 გადაწყვეტილებით დამტკიცდა აღმასკომთან არსებული ბინების შემსყიდველი კომისიის დადგენილება ა. მ-შვილისათვის აღნიშნული ბინის შესყიდვის ნებართვის მიცემის თაობაზე. ამ გადაწყვეტილების თანახმად, იმ დროისათვის ბინაში ჩაწერილები იყვნენ თვითონ ა. მ-შვილი, მისი მეუღლე და ვაჟი.

მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე ა. მ-შვილმა 1991წ. 1 თებერვლის სანოტარო წესით გაფორმებული ხელშეკრულებით შეისყიდა მთაწმინდის რაიონის საბინაო ტრესტის კუთვნილი მთელი საცხოვრებელი სახლის 32/786 წილი, მდებარე თბილისში, ... ქ. ¹ 10-ში, რაც რეგისტრირებულ იქნა 1991წ. 6 თებერვალს ტექინვენტარიზაციის ბიუროში.

ა. მ-შვილმა 1991წ. 8 აგვისტოს მის სახელზე რიცხული სახლი სანოტარო წესით გაფორმებული ხელშეკრულებით აჩუქა შვილ _ ვ. მ-შვილს, რაც ასევე იქნა რეგისტრირებული ტექინვენტარიზაციის ბიუროში.

ჩუქების ხელშეკრულება ა. და ვ. მ-შვილებს სიცოცხლეში სადავოდ არ გაუხდიათ.

ბინა 1991 წლიდან ა. მ-შვილს აღარ ეკუთვნოდა და ამდენად, იგი სამკვიდრო მასაში ვერ შევიდოდა.

რაც შეეხება მამის – ზ. მ-შვილის დანაშთ ქონებას, იგი აპელანტს 13 წლის განმავლობაში სადავოდ არ გაუხდია და, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე (1964წ. რედ.), სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის (1997წ. რედ.) თანახმად, მისი მოთხოვნა ხანდაზმულია.

სააპელაციო პალატის აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-შვილი-შ-ძემ, რომელშიც მიუთითა, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ:

სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების უგულებელყოფისა და შესწავლის გარეშე, მან არასწორად მიუთითა, რომ, თბილისის კალინინის რაიონის აღმასკომის 1990წ. 5 სექტემბრის ¹ 2651 გადაწყვეტილების თანახმად, ჩაწერილი იყო ა. მ-შვილი, მისი მეუღლე და ვაჟი, რადგან ვ. მ-შვილი მანამდე ცხოვრობდა და ჩაწერილი იყო დოლიძის ქუჩაზე მდებარე ბინაში;

არასწორია სასამართლოს მტკიცება, რომ ა. მ-შვილმა საბინაო ტრესტის კუთვნილი ბინის შესყიდვისას 32/786 წილი დაარეგისტრირა ტექინვენტარიზაციის ბიუროში, რაც არ მომხდარა, შესაბამისად მას უფლება არ ჰქონდა, ეს ბინა გაეჩუქებინა;

ნაჩუქრობის ხელშეკრულება არ შეესაბამება არც საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 269-ე მუხლის მოთხოვნებს (1964წ. რედ.), რადგან, ა. მ-შვილი საერთოდ არ იყო უძრავი ქონების (ბინის) მესაკუთრე, ხოლო სანოტარო წესით გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება სამი თვის ვადაში უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული ტექინვენტარიზაციის ბიუროში, რეგისტრაცია კი გაუკეთდა თითქმის ერთი წლის შემდეგ, რის გამოც იგი ბათილი გარიგებაა როგორც საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 48-ე მუხლის (1964წ. რედ.), ასევე სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის (1997წ. რედ.) თანახმად;

უსაფუძვლოა სასამართლოს მტკიცება, რომ მისი მოთხოვნა მამის დანაშთ ქონებაზე ხანდაზმულია, რადგან მან თავისი დარღვეული უფლების შესახებ შეიტყო 2004წ. თებერვალ-მარტში, ძმის ორმოცამდე რამდენიმე დღით ადრე, რის გამოც მანამდე იგი თავისი უფლების დაცვას ვერ მოითხოვდა.

იგი გარდაცვლილი მშობლების ერთ-ერთი პირველი რიგის მემკვიდრეა და ეკუთვნის სავალდებულო წილი.

კასატორი მოითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ მ. მ-შვილი-შ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილად არის ცნობილი, რომ თბილისის მთაწმინდის რაისაბჭოს აღმასკომის 1990წ. 5 სექტემბრის ¹ 2651 გადაწყვეტილებით დამტკიცდა აღმასკომთან არსებული ბინების შემსყიდველი კომისიის დადგენილება თბილისში, ... ¹ 10-ში მცხოვრებ ა. მ-შვილისათვის მის სახელზე რიცხული 83 მ2 ფართის ბინის შესყიდვის ნებართვის მიცემის თაობაზე. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ა. მ-შვილმა 1991წ. 1 თებერვლის სანოტარო წესით გაფორმებული ხელშეკრულებით შეისყიდა თბილისში, .. ¹ 10-ში მდებარე ბინა (მთლიანი ბინის 32/786 წილი). ნასყიდობის ხელშეკრულება ტექინვენტარიზაციის ბიუროში რეგისტრირებულ იქნა 1991წ. 6 თებერვალს. ასევე დადგენილია, რომ ა. მ-შვილმა 1991წ. 8 აგვისტოს თავის სახელზე რიცხული ბინა სანოტარო წესით გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულებით აჩუქა შვილ ვ. მ-შვილს, რაც რეგისტრირებულ იქნა ტექინვენტარიზაციის ბიუროში 1992წ. 7 მაისს. მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სავალდებულოა სასამართლოსათვის. საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას. კასატორი ვერ მიუთითებს ისეთ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რაც გამორიცხავდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს.

უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება ტექინვენტარიზაციის ბიუროში რეგისტრირებული არ ყოფილა და ა. მ-შვილი არ იყო სადავო ბინის მესაკუთრე კანონით დადგენილი წესით. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კასატორი ვერ ამტკიცებს გარემოებებს, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს.

საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისას დაირღვა სამოქალაქო კანონმდებლობის მოთხოვნები, ვინაიდან ჩუქების ხელშეკრულება გაფორმებულია იმ დროისათვის მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმათა (269-ე მუხლი – ჩუქების ხელშეკრულება) სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი;

ის ფაქტი, რომ ჩუქების ხელშეკრულება რეგისტრირებულია ტექინვენტარიზაციის ბიუროში სამი თვის ვადის გადაცილებით, არ შეიძლება, რომ ამ ხელშეკრულების ბათილად ცნობას საფუძვლად დაედოს, რადგან ბინის თანამესაკუთრეებს – ა. და ზ. მ-შვილებს ჩუქების ხელშეკრულების კანონიერება სიცოცხლეში სადავოდ არ გაუხდიათ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მემკვიდრეობით გადადის მხოლოდ გარდაცვლილის (მამკვიდრებლის) საკუთრებაში არსებული ქონება კანონით, ანდერძით ან ორივე საფუძვლით. ამავე კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი, ისე მოვალეობების ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ ა. მ-შვილმა სიცოცხლეშივე გაასხვისა თავის სახელზე რიცხული ბინა სხვა პირზე (მოცემულ შემთხვევაში შვილზე), მისი გარდაცვალების დროისათვის ბინა მის საკუთრებას აღარ წარმოადგენდა და, შესაბამისად, ვერც სამკვიდრო მასაში შევიდოდა.

რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მამის _ ზ. მ-შვილის დანაშთი ქონებიდან სავალდებულო წილის გამოყოფის შესახებ, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა უსაფუძვლოა. სამოქალაქო კოდექსის (1964წ. რედ.) 547-ე მუხლის თანახმად, უფლება სავალდებულო წილზე სამკვიდრო ქონებაში აქვთ სამკვიდროს დამტოვებლის არასრულწლოვან ან არაშრომისუნარიან შვილებს, ხოლო ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლის თანახმად, მამკვიდრებლის შვილებს სავალდებულო წილი ეკუთვნის ანდერძის შინაარსის მიუხედავად. მითითებული ნორმების მიხედვით სავალდებულო წილის მიღების უფლება მემკვიდრეს წარმოეშობა მხოლოდ ანდერძის არსებობის შემთხვევაში. ზ. მაზანაშვილს ანდერძი არ შეუდგენია, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა სავალდებულო წილის გამოყოფის შესახებ უსაფუძვლოა. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, მისთვის, როგორც კანონით პირველი რიგის მემკვიდრისათვის სამკვიდროს მიკუთვნების თაობაზე, ხანდაზმულია. სამოქალაქო კოდექსის (1964 წ. რედ.) 556-ე მუხლის თანახმად,სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.MMOდადგენილია, რომ ზ. მ-შვილი გარდაიცვალა 1991წ. 8 თებერვალს, მ. მ-შვილი-შ-ძეს სამკვიდრო არ მიუღია, სარჩელი სასამართლოში აღძრა 2004 წელს, 13 წლის შემდეგ. ამდენად, გასულია სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილი ვადა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ სწორად არის დადგენილი და შეფასებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საკასაციო საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. მ-შვილი-შ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 დეკემბრის განჩინება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.