განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№13931-13 19 აპრილი, 2013 წელი
შ-ი ლ.- 13931-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ პ. ს-ის
მსჯავრდებულ _ ლ. შ-ის
ადვოკატ - დ. ფ-ის
თარჯიმან - თ. ც-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ლ. შ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის განაჩენით ლ. შ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 2 000 ლარი; მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2008 წლის 29 მარტიდან იმავე წლის 2 აპრილის ჩათვლით.
ამავე სასამართლოს 2010 წლის 25 ივნისის განაჩენით ლ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით, რასაც მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი, 11 თვე, 26 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის, 5 თვისა და 26 დღის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2010 წლის 24 ივნისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ლ. შ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 177-ე მუხლით დანიშნული 1 წელი, 6 თვე და განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 180-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 3 წელი, 11 თვე, 26 დღე და განესაზღვრა 2 წლით, 11 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით, 1 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 24 ივნისიდან.
მსჯავრდებული საჩვრით ითხოვს სსკ-ის 180-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლებას იმ მოტივით, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ დაზარალებული არ იყო წინააღმდეგი, ბრალდებულთან გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება; გარდა ამისა, დაზარალებული ვერ მოიძებნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პირი უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 180-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, პირი თავისუფლდება სსკ-ის 180-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან, თუ ვერ იძებნება დაზარალებულის უფლებამონაცვლე და არა - დაზარალებული და თუ ამაზე თანხმობას განაცხადებს დაზარალებულის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი კანონით გათვალისწინებული დაზარალებულის თანხმობა, რის გამოც მსჯავრდებულს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს სსკ-ის 180-ე მუხლით დანიშნული 4 წელი, რის შედეგადაც უნდა განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც მსჯავრდებულს მოხდილი აქვს 4 დღე და მოსახდელად დარჩენილია 2 წელი, 11 თვე და 26 დღე.
გასაჩივრებული განჩინება კანონიერია სსკ-ის 177-ე მუხლით დანიშნული 1 წლისა და 6 თვის ერთი მეოთხედით შემცირების ნაწილში, რის შედეგადაც მსჯავრდებულს განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. ამ სასჯელს უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამ განჩინებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, 11 თვე, 26 დღე და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 4 წლით, 1 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს 2010 წლის 24 ივნისიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ. შ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ლ. შ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული 4 (ოთხი) წელი და განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
ლ. შ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული 1 (ერთი) წელი, 6 (ექვსი) თვე და განესაზღვროს 1 (ერთი) წლით, 1 (ერთი) თვითა და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამ განჩინებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წელი, 11 (თერთმეტი) თვე, 26 (ოცდაექვსი) დღე და საბოლოოდ განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით, 1 (ერთი) თვითა და 11 (თერთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს 2010 წლის 24 ივნისიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
გ. შავლიაშვილი