განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№13961-13 19 აპრილი, 2013 წელი
ჯ-ე გ.- 13961-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - თ. ჯ-ის
მსჯავრდებულ - გ. ჯ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ჯ-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 აგვისტოს განაჩენით გ. ჯ-ე, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო - 151-ე მუხლით - 1 წლით გამასწორებელი სამუშაო; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და მსჯავრდებულს განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით (ადრე მოქმედი სსკ-ის 243-ე, 150-ე და 238-ე მუხლებით) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი, 4 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 1999 წლის 2 დეკემბრიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის განაჩენით გ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით, სულ - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა ვანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 7 წელი, 6 თვე, 22 დღე და განესაზღვრა 10 წლითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 4 თვე, 25 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, 7 თვითა და 27 დღით, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 4 თებერვლიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. ჯ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 1 წელი, 1 წელი და 6 თვე, რის შედეგად განესაზღვრა 9 თვით და 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ვანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 7 წელი, 6 თვე, 22 დღე და განესაზღვრა 5 წლით, 8 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით, 6 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
გ. ჯ-ე საჩივარში აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინებით არ არის შემცირებული 1993 წლის განაჩენით დანიშნული სასჯელის - 9 წლის - მოუხდელი ნაწილი - 1 წელი და 4 თვე, რაც დაემატა მომდევნო განაჩენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლას მის სასიკეთოდ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, შემცირებას ექვემდებარება დანიშნული სასჯელი და არა - მისი მოუხდელი ნაწილი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ვანის რაიონული სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის შემცირება არასწორია.
აღნიშნული კანონის საფუძველზე მსჯავრდებულს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს ქ. წყალტუბოს სასამართლოს 1993 წლის 3 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 9 წელი და უნდა განესაზღვროს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან გ. ჯ-ე გათავისუფლდა 1999 წლის 1 ოქტომბერს, ვადაზე 1 წლითა და 6 თვით ადრე. ამდენად, აღნიშნული 6 წელი და 9 თვე მსჯავრდებულს უნდა ჩაეთვალოს მოხდილად.
გ. ჯ-ეს, როგორც ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევ პირს, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს ვანის რაიონული სასამართლოს განაჩენით სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით დანიშნული 10 წელი და უნდა განესაზღვროს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამავე განაჩენით სსკ-ის 151-ე მუხლით დანიშნული გამასწორებელი სამუშაოების ვადა - 1 წელი - ასევე უნდა შემცირდეს ერთი მეოთხედით და იგი უნდა განისაზღვროს 9 თვით. ვინაიდან აღნიშნული განაჩენით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი, გ. ჯ-ეს უნდა განესაზღვროს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოუხდელი ნაწილი, 1999 წლის 2 დეკემბრიდან 2003 წლის 10 სექტემბრამდე (სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაქცევამდე) მოხდილი ზომის გათვალისწინებით, შეადგენს 3 წელს, 7 თვესა და 22 დღეს.
გასაჩივრებული განჩინება კანონიერია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 378-ე და 379-ე მუხლებით დანიშნული სასჯელის - 2 წლისა და 6 თვის - ერთი მეოთხედით შემცირების ნაწილში, რის შედეგად გ. ჯ-ეს განესაზღვრა 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. ამ სასჯელს უნდა დაემატოს ზემოაღნიშნული 3 წელი, 7 თვე, 22 დღე და მსჯავრდებულს საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 5 წლით, 6 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2008 წლის 11 სექტემბრიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ჯ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: გ. ჯ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს ქ. წყალტუბოს სასამართლოს 1993 წლის 3 ივნისის განაჩენით დანიშნული 9 (ცხრა) წელი და განესაზღვროს 6 (ექვსი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს მოხდილად;
გ. ჯ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს ვანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 აგვისტოს განაჩენით სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით დანიშნული 10 (ათი) წელი და განესაზღვროს 7 (შვიდი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
გ. ჯ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს ვანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 აგვისტოს განაჩენით სსკ-ის 151-ე მუხლით დანიშნული გამასწორებელი სამუშაოს ვადა - 1 (ერთი) წელი და იგი განესაზღვროს 9 (ცხრა) თვით;
გ. ჯ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული 2 (ორი) წელი, 6 (ექვსი) თვე და განესაზღვროს 1 (ერთი) წლით, 10 (ათი) თვითა და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატოს ვანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 აგვისტოს განაჩენით დანიშნული და ამ განჩინებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) წელი, 7 (შვიდი) თვე, 22 (ოცდაორი) დღე და გ. ჯ-ეს საბოლოოდ განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით, 6 (ექვსი) თვითა და 7 (შვიდი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2008 წლის 11 სექტემბრიდან.
გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
გ. შავლიაშვილი