დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№14031-13 19 აპრილი, 2013 წელი
კ-ე ბ., 14031-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ დ. ბ-ის
მსჯავრდებულ _ ბ. კ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ბ. კ-ის საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 აგვისტოს განაჩენით ბ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 აპრილის განაჩენით ბ. კ-ეს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 6000 ლარი.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით ბ. კ-ეს სსკ-ის 273-ე მუხლით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი და 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 15 თებერვლის განაჩენით ბ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, ხოლო 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-5 ნაწილებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით ბ. კ-ეს განესაზღვრა 7 წლით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 10 წლით, 10 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, 6 წლის, 10 თვისა და 27 დღის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი – ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 11 ნოემბრიდან.
2013 წლის 14 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №3 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ბ. კ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. კ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული ბ. კ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლითა და 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 აპრილისა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 15 თებერვლის განაჩენებით სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა 1-1 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 15 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიის შედეგად დარჩენილი სასჯელიდან – 1 წლითა და 6 თვიდან – ბ. კ-ემ 9 თვე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 9 თვე – ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით. საბოლოოდ ბ. კ-ეს მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, 2 წლისა და 3 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 9 თვე – ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით; მასვე აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 11 ნოემბრიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ბ. კ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ სასამართლომ განჩინების დადგენისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ვადაში მას მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2011 წლის 7 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, სულ – 34 დღე; სასამართლომ არ გაითვალისწინა ისიც, რომ განჩინების მიღების დღისათვის დაკავების დღიდან – 2011 წლის 11 ნოემბრიდან – მას სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დარჩენილი საპატიმრო სასჯელი – 9 თვე – უკვე მოხდილი ჰქონდა, ასევე მოხდილი ჰქონდა 2010 წლის 22 აპრილის განაჩენით სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან – 1 წლითა და 6 თვით (ანუ 18 თვით) თავისუფლების აღკვეთიდან – 16 თვე და განჩინების გამოტანის დღიდან სასჯელის საბოლოო ვადად რჩება 2 თვე. განჩინების მიხედვით კი მან ზედმეტად უნდა მოიხადოს 11 თვე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ბ. კ-ე ითხოვს საჩივრის დაკმაყოფილებას და გასაჩივრებულ განჩინებაში ცვლილების შეტანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 და მე-5 მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ ბ. კ-ის საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლითა და 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნული სასჯელებისგან გათავისუფლება, ხოლო ამავე კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, სსკ-ის 381-ე მუხლებით დანიშნული სასჯელების ერთი მეოთხედით შემცირება კანონიერია.
რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნას, საკასაციო პალატა კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, ერთი განაჩენით მოხდილი სასჯელის ვადა ჩათვალოს მეორე განაჩენით მოსახდელი სასჯელის ვადაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ბ. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე