დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№14101-13 19 აპრილი, 2013 წელი
მ-ე ა.- 14101-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ მ. ბ-ის
მსჯავრდებულ _ ა. მ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 დეკემბრის განაჩენით ა. მ-ე, ნასამართლობის მქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 3.000 ლარი; სსკ-ის 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 2.000 ლარი.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შეკრების წესით, დანაშაულთა ერთობლიობით ა. მ-ეს სასჯელად განესაზღვრა 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა – 5.000 ლარი.
ა. მ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო 2009 წლის 8 სექტემბრიდან.
ა. მ-ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, ხოლო 15 წლით – საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 14 აპრილის განაჩენით ზემოაღნიშნული განაჩენი დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 2 ნოემბრის განაჩენით ა. მ-ის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება: მსჯავრდებულ ა. მ-ეს განაჩენიდან ამოერიცხა მითითება საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდების შესახებ.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №… დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. მ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გავრცელება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით ა. მ-ე ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან;
მასვე იმავე კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 8 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ა. მ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაწეყო 2009 წლის 8 სექტემბრიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 2 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. მ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივარში აღნიშნა, რომ მის მიმართ არასწორად გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, ითხოვა სასჯელისაგან სრულად განთავისუფლება, ალტერნატივად კი – ქმედების დაკვალიფიცირება სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 2009 წლის 20 ნოემბრის ამნისტიის აქტის შეხება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის მე-2 ნაწილით, როდესაც მსჯავრდებული გაათავისუფლა სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისგან. მან ასევე კანონიერად იხელმძღვანელა იმავე კანონის მე-16 მუხლით და იმის გამო, რომ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროს მსჯავრდებული იყო ნასამართლობის მქონე პირი და მისი ქმედება კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნიშნით, ¼-ით კანონიერად შეუმცირა ამ მუხლით დანიშნული სასჯელი.
საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–17 მუხლით და ამ კანონის მოქმედება გაავრცელა თითოეულ დანაშაულსა და სასჯელზე ცალ–ცალკე, ხოლო რაც შეეხება ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეულ უფლებებსა და დამატებით სასჯელად დაკისრებულ ჯარიმას, ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-19 და მე-20 მუხლების საფუძველზე, ასევე კანონიერად დატოვა უცვლელად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 მარტის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
გ. შავლიაშვილი