დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 26.07.2005
საქმის ნომერი
ას-284-610-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.07.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ას-284-610-05 26 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ახალაძე

დავის საგანი: ბინიდან წილის გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. მ-ემ სარჩელი აღძრა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში ო. მ-ისა და მ. კ-ის მიმართ პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის, იდეალური წილის განსაზღვრისა და გამოყოფის თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისში, ......... ქ. ¹5-ში მდებარე ბინა ეკუთვნოდა მის მშობლებს. მ. კ-თან ქორწინების პერიოდში ვ. მ-ეს შეეძინა შვილი _ თ. კ-ი. 1978 წელს თ. კ-ი დაქორწინდა ო. მ-ზე და მათ შეეძინათ შვილი მ.ი. მოგვიანებით თ. კ-ი საცხოვრებლად გადავიდა მოსკოვში. 1995 წელს ზემოაღნიშნული ბინის პრივატიზაცია გაკეთდა ვ. მ-ის შვილიშვილის _ მ. კ-ის სახელზე. პრივატიზაციის დროისათვის ბინაში რეგისტრირებული იყვნენ ვ. მ-ე, მისი მეუღლე მ. კ-ი, შვილიშვილი მ. კ-ი და ო. მ-ი. მოსარჩელის განმარტებით, ვ. მ-ის მეუღლის გარდაცვალების შემდეგ _ ბინის მესაკუთრე თავად გახდა, რადგან მან თავისი ქონება კი არ გადასცა მოპასუხეს, არამედ ნება დართო, მის სახელზე მოეხდინა პრივატიზაცია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი მოტივებით: სადავო ბინის პრივატიზაცია მოხდა ბინაზე უფლებამოპოვებულ, მასში მცხოვრებ პირთა თანხმობით და იგი პირადი საკუთრების უფლებით მოპასუხეზე ყოველივე ძალდატანების გარეშე გადავიდა. ამასთან, მუდმივად ქ. მოსკოვში მცხოვრები თ. კ-ი დედისაგან ითხოვდა ბინის გაყიდვასა და საცხოვრებლად იქ გადასვლას.

მესამე პირმა, ქ. თბილისის ¹1 სერვისული მომსახურების წარმომადგენელმა სარჩელი ცნო და განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ 1995 წელს ბინის პრივატიზაცია მოხდა მ. კ-ზე, ვ. მ-ეს თავისი წილი არ დაუთმია.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: პრივატიზაციის ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილება, კერძოდ, ვ. მ-ე ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ....... ქ. ¹5-ში მდებარე ბინის 2/4-ის და დამხმარე სათავსებზე მესაკუთრედ აწ გარდაცვლილი მეუღლის _ მ. კ-ის წილის გათვალისწინებით. საჯარო რეესტრს დაევალა სათანადო ცვლილების შეტანა ჩანაწერებში.

რაიონული სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება მ. კ-მა და ო. მ-მა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ივნისის გადაწყვეტილებით 1995წ. 10 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულება მიჩნეულ იქნა კანონიერად, ხოლო საქმე სადავო ბინის იდეალური წილის გაყოფისა და მემკვიდრეობით გარდაცვლილი მეუღლის წილის მიკუთვნების ნაწილში განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 ივნისი გადაწყვეტილება ბინის 2/4-ზე ვ. მ-ის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში დარჩა უცვლელი, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 30 ივნისის განჩინებით გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 14 დეკემბრის განჩინებით რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 ივნისის გადაწყვეტილება ქ. თბილისში, ..... ქ. ¹5-ში მდებარე ბინის 2/4-ის მესაკუთრედ ვ. მ-ის ცნობის ნაწილში დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით დადგინდა, რომ ქ. თბილისში, ...... ქ. ¹5-ში მდებარე ბინის პრივატიზაციის დროს 1995 წელს მასში რეგისტრირებული იყო 4 პირი: ვ. მ-ე, მისი მეუღლე მ. კ-ი, რძალი ო. მ-ი და შვილიშვილი მ. კ-ი. „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, ოთხივე პირმა სადავო ბინაზე მოიპოვა თანაბარი 1/4-ის საკუთრების უფლება. 2000 წელს ვ. მ-ის მეუღლის მ. კ-ის გარდაცვალების შემდეგ, ფაქტობრივი ფლობის წესით, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეზე _ ვ. მ-ეზე გადავიდა გარდაცვლილი მეუღლის კუთვნილი 1/4. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ ბინის იდეალური წილის გაყოფა და გარდაცვლილი მეუღლის წილის მემკვიდრეობით მიკუთვნება არ წარმოადგენს დავის საგანს, ვინაიდან თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 3 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ საქმე სადავო ბინის იდეალური წილის გაყოფისა და გარდაცდვლილი მეუღლის წილის მემკვიდრეობით მიკუთვნების ნაწილში განსჯადობით გადაცემულიყო სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატისათვის. ბინის მ. კ-ის სახელზე პრივატიზაციის ნების გამოხატვის შემდეგ იქ მცხოვრებ სხვა პირებს მათ წილ ქონებაზე საკუთრების უფლება არ დაუკარგავთ. მიუხედავად იმისა, რომ სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების მიხედვით, ვ. მ-ე და მ. კ-ი თანახმა არიან, ბინა საკუთრებაში გადაეცეს შვილიშვილ მ. კ-ს, მათ თავის წილ ქონებაზე უფლება არ დუკარგავთ, ვინაიდან, ¹107 დადგენილების მიხედვით, პრივატიზაციის დროს ბინაში რეგისტრირებული ყველა პირი იძენს თანასაკუთრებას.

საერთო საკუთრება წარმოიშვა კანონის საფუძველზე და მესაკუთრეებს საკუთრების უფლება კუთვნილ წილზე არ დაუკარგავთ, სადავო ბინა, როგორც საერთო საკუთრების ობიექტი, საზიარო უფლების მატარებელია და მისი გაუქმების მოთხოვნა არ ექვემდებარება ხანდაზმულობას.

საოლქო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. მ-მა და მისმა წარმომადგენელმა ს. ტ-ამ შემდეგი საფუძვლებით: კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ქ. თბილისში, ...... ქუჩა ¹5-ში მდებარე ბინა მინისტრთა კაბინეტის ¹107 დადგენილებისა და მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 5 აგვისტოს დადგენილების საფუძველზე ოჯახის ყველა წევრის ნებითა და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული თანხმობით პირად საკუთრებაში გადაეცა მ. კ-ს (ვ. მ-ის შვილიშვილს) სკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად. 1992წ. 11 აგვისტოს ¹825 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს რესპუბლიკაში პრივატიზებულ საბინაო ფონდის ტექნიკური მომსახურეობისა და რემონტის ჩატარების ორგანიზაციისა და გაწეული დანახარჯების შესახებ დროებითი დებულების“ მე-8 მუხლის თანახმად, მოქალაქეებს, რომლებსაც გადაეცათ საკუთრების უფლებით სახელმწიფო და საზოგადოებრივი ფონდის ბინები, შეუძლიათ, თავიანთი შეხედულებისამებრ გამოიყენონ ისინი და მოახდინონ სხვადასხვა გარიგებანი. ზემოხსენებული ურთიერთობა წარმოიშვა 1995წ. მარტში, ახალი სკ-ის ამოქმედებამდე. მიუხედავად იმისა, რომ ბინის პრივატიზება მოხდა ახალი კოდექსის მოთხოვნების დაცვით, მოპასუხეებს, როგორც ურთიერთობის მონაწილეებს, არ სურდათ სადავო ურთიერთობის ახალი კოდექსით მოწესრიგება თუნდაც იმიტომ, რომ 1995წ. 10 მარტის ხელშეკრულების მე-4 პუნქტში ხელშეკრულება ჩაითვალა დადებულად სსკ-ის 156-ე მუხლის თანახმად, რაც ნიშნავს, რომ მისი ყველა არსებითი პუნქტის თაობაზე მხარეებს შორის მიღწეულია შეთანხმება იმ ფორმით, რაც დაწესებულია ამ შემთხვევისათვის. რადგანაც სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს გამოიყენა ახალი სკ-ის ნორმები, მოპასუხის აზრით, დაირღვა მათი საპროცესო უფლებები. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს იმპერატიული დასკვნა იმის შესახებ, რომ „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილება არ აწესრიგებს ისეთ ურთიერთობებს, როგორიცაა საერთო საკუთრების წილზე უარის თქმა სხვა პირის სასარგებლოდ ან წილის დათმობა, ჩუქება და სხვა, ეწინააღმდეგება კანონს, რადგან ვ. მ-ესა და მის მეუღლეს განცხადებით მხოლოდ ბინის პრივატიზაციაზე თანხმობა კი არ მიუციათ, არამედ თავისი წილი შვილიშვილს გადასცეს პირად საკუთრებაში. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღინიშნა და ვ. მ-ის წილში ჩაითვალა მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის წილი, მიუხედავად იმისა, რომ მ. კ-ი სიცოცხლეში არასდროს აცხადებდა პრეტენზიას მოთხოვნის დათმობის გაუქმების შესახებ. სხვა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, მისი უფლება რომ დარღვეულიყო, იგი უდავოდ მიმართავდა სასამართლოს თავისი დარღვეული უფლებების აღდგენის შესახებ, მაგრამ ეს არ მომხდარა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისში, ...... ქ. ¹5-ში მდებარე ბინის პრივატიზაცია განხორციელდა 1995 წელს, რა დროსაც ბინაში რეგისტრირებული იყვნენ ვ. მ-ე, მისი მეუღლე მ. კ-ი, რძალი ო. მ-ი და შვილიშვილი მ. კ-ი. 2000წ. 29 იანვარს მეუღლის, მ. კ-ის, გარდაცვალების დროს სადავო ბინაში ცხოვრობდა ვ. მ-ე. მან ფაქტობრივი ფლობის წესით, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, მიიღო გარდაცვლილი მეუღლის კუთვნილი 1/4.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს პრეტენზია არ წარმოუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებს დადგენილად მიიჩნევს, თანახმად სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილისა, რომლის ძალითაც საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

სსკ-ის 410-ე მუხლის ,,ბ” პუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

საოლქო სასამართლომ სწორად განმარტა საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-5 პუნქტი ამავე დადგენილების მე-2 პუნქტის მესამე ნაწილთან მიმართებაში, კერძოდ, მე-2 პუნქტის მიხედვით, მოქალაქეს მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლი (ბინა) საკუთრებაში გადაეცემა მხოლოდ ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობით. მე-5 პუნქტით კი დადგინდა, რომ საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ ხსენებული ნორმატიული აქტით პრივატიზებულ ბინებზე საკუთრების უფლება მიეცა ყველა იმ პირს, რომელსაც ბინის პრივატიზაციის დროისათვის საცხოვრებელ ფართობზე უფლება მოპოვებული ჰქონდა (ცხოვრობდა და ჩაწერილი იყო სადავო ბინაში). ამასთან, დადგენილების მეორე პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა გამოხატავს მხოლოდ ბინის ერთ-ერთი დამქირავებლის მესაკუთრედ აღრიცხვაზე თანხმობას და არა საკუთრების უფლებაზე უარის თქმას. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ ვ. მ-ემ და მისმა მეუღლე მ. კ-მა მხოლოდ ბინის პრივატიზაციაზე თანხმობა კი არ განაცხადეს, არამედ თავისი წილი საკუთრებაში გადასცეს შვილიშვილს, მ. კ-ს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სასამართლომ ვ. მ-ის წილში არასწორად ჩათვალა მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის წილი, ვინაიდან მ. კ-ი სიცოცხლეში არასდროს აცხადებდა პრეტენზიას მოთხოვნის დათმობის გაუქმების შესახებ. საოლქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და კასატორს სადავოდ არ მიუჩნევია ის გარემოება, რომ მეუღლის, მ. კ-ის გარდაცვალების დროს სადავო ბინაში ცხოვრობდა ვ.მ-ე, რომელმაც, სკ-ის 1421-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 1336-ე მუხლის თანახმად, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო, მათ შორის გარდაცვლილი მეუღლის კუთვნილი¼ 1/4. როგორც ზემოთ აღინიშნა ბინების უსასყიდლოდ გადაცემით _ პრივატიზაციით სახელმწიფომ საკუთრების უფლება მიანიჭა ბინის ყველა დამქირავებელს და თუ ამ უკანასკნელებს დადგენილი წესით უარი არ განუცხადებიათ საკუთრებაზე, ისინი ბინის მესაკუთრეებს წარმოადგენენ, მიუხედავად იმისა, წარმოადგენენ თუ არა პრივატიზაციის ხელშეკრულების მხარეს. ამდენად, აწ გარდაცვლილ მ. კ-ს სადავო ბინაზე მოპოვებული ჰქონდა რა საკუთრების უფლება, მას ეს უფლება არავისთვის გადაუცია და, სკ-ის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იგი სამკვიდრო მასაში შედის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევის გარეშეა მიღებული და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. კ-ის წარმომადგენელი ო. მ-ისა და ო. მ-ის წარმომადგენელი ს. ტ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 14 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.