გაუქმდა და შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-284-694-06 1 დეკემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია
დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. დ-იამ, ა. კ-ძემ და ს. კ-ძემ სარჩელი აღძრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში შპს „გაზეთი ...ს“ მიმართ, დირექტორის 2004წ. 3 ნოემბრის ¹2 ბრძანებისა და მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელეების განმარტებით‚ ისინი წლების მანძილზე მუშაობდნენ გაზეთ „...ს“ რედაქციაში. 2004წ. 3 ნოემბერს გაზეთის ახალმა რედაქტორმა გამოსცა ¹2 ბრძანება, რომლის თანახმად‚ ორგანიზაციაში უნდა ჩატარებულიყო კონკურსი სამუშაოზე დ-ენის უპირატესი უფლების მქონე მუშაკების გამოვლენის მიზნით. საკონკურსო კომისია დაკომპლექტდა გაზეთის თანამშრომლებით, რომლებიც ამავე დროს წარმოადგენდნენ კონკურსანტებსაც. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ კონკურსი ჩატარდა არაობიექტურად‚ კანონის დარღვევით, რის შედეგადაც შეილახა მათი უფლებები, რის საფუძველზეც მოითხოვეს დირექტორის დ. ჩ-შვილის 2004წ. 3 ნოემბრის ¹2 ბრძანებისა და მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ კონკურსი ჩატარდა კანონის შესაბამისად ის თანამშრომლები ვინც ვერ დააკმაყოფილა კონკურსის პირობები გათავისუფლებულნი იქნენ თანამდებობიდან შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 2 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა _ მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ თავიანთ თანამდებობებზე იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურებით, ხოლო 2004წ. 3 ნოემბრის ¹2 ბრძანებისა და მისგან გამომდინარე შედეგების ბათილად ცნობაზე ეთქვათ უარი უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 1 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „გაზეთი ...ს“ დირექტორ დ. ჩ-შვილის სააპელაციო საჩივარი, ხოლო ა. კ-ძის, ს. კ-ძისა და ვლ. დ-იას შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა _ გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 2 ივნისის გადაწყვეტილება ა. კ-ძისა და ს. კ-ძის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა. კ-ძისა და ს. კ-ძის სარჩელი სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2004წ. 26 ოქტომბრის ბრძანებით გაზეთ „...ს“ ქონებრივი შენატანის ბაზაზე დაფუძნდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გაზეთი ...“, საწესდებო კაპიტალი 100%-იანი სახელმწიფო წილით. შპს-ს დირექტორად დაინიშნა დ. ჩ-შვილი და 2004წ. 2 ნოემბრის დადგენილებით რეგისტრირებულ იქნა სასამართლოში „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად.
დადგენილია, რომ 2004წ. 30 ნოემბერს საწარმოს დირექტორის დ. ჩ-შვილის მიერ დამტკიცებულ იქნა დებულება შპს „...ს“ სტრუქტურისა და შრომის დისციპლინის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა საწარმოს სტრუქტურა და საშტატო ერთეულები.
მოსარჩელე ა. კ-ძე მუშაობდა საინფორმაციო გამოთვლითი ცენტრის უფროსად, ვ. დ-ია _ კორესპოდენტად, ს. კ-ძე _ მთავარი რედაქტორის მოადგილედ. გაზეთის რედაქტორის 2004წ. 3 დეკემბრის ¹5,14,21 ბრძანებებით გათავისუფლებულ იქნენ სამუშაოდან. 2004წ. 3 დეკემბრისათვის გაუქმებული იქნა ა. კ-ძისა და ს. კ-ძის საშტატო ერთეულები, ხოლო ვ. დ-იას სამუშაო ადგილზე მოხდა მუშაკთა რიცხოვნობის შემცირება. დადგენილია, რომ საწარმოს დირექტორის 2004წ. 3 ნოემბრის ¹2 ბრძანებით შპს „გაზეთი ...ში“ შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების დადგენის მიზნით შეიქმნა საკონკურსო კომისია, რომელშიც შედიოდნენ თვით რედაქციის თანამშრომლები. კონკურსის პირობები განისაზღვრა ბრძანებაზე თანდართული დებულებით, რომლის თანახმადაც‚ გამარჯვებულად ჩაითვლებოდა ის მონაწილე, რომელიც გამოცემული გაზეთების ნახევარში მაინც გამოაქვეყნებდა მასალებს. კონკრეტული მასალის გამოქვეყნების საკითხი უნდა გადაეწყვიტა საკონსურსო კომისიას.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა სამუშაოდან განთავისუფლება განხორციელდა შრომის კანონთა კოდექსის 36-37-ე მუხლების დარღვევით. სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად გამოყენებული იქნა შრომის კანონთა კოდექსის 206-ე მუხლი, რომელიც სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში ითვალისწინებს, მუშაკის წინანდელ თანამდებობაზე აღდგენას, რაც მოცემულ შემთხვევაში ნაწილობრივ შეუძლებელია, რადგან რეორგანიზაციის გამო აღარ არსებობს ამირიან კ-ძისა და ს. კ-ძის თანამდებობები, ხოლო ვ. დ-იას სამუშაოზე აღდგენის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია ვინაიდან მისი წინანდელი სამუშაო ადგილი კვლავ არსებობს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 1 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. კ-ძემ და ს. კ-ძემ. კასატორების აზრით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, რადგან სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, შრომის კანონთა კოდექსის 36-ე, 37-ე, 421-ე, 422-ე, 206-ე 207-ე, 209-ე მუხლები. გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ სსკ-ის 381-ე მუხლი. არასწორად განმარტა შრომის კანონთა კოდექსის 381-ე მუხლი. ამასთანავე, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რაც ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. კასატორებმა მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 1 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, 2006წ. პირველ დეკემბერს მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:
«შეწყდეს სამოქალაქო საქმე ა. კ-ძე და ს. კ-ძე, შპს “გაზეთი ...” –ს წინააღმდეგ სამუშაოზე აღდგენასა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.
ძალაში დარჩეს შპს “გაზეთი ...” დირექტორის დ. ჩ-შვილის მიერ 2004წ. 3 დეკემბერს გამოცემული ¹ 5 ბრძანება (დაკავებული თანამდებობიდან მთავარი რედაქტორის მოადგილის ს. კ-ძის გათავისუფლების შესახებ) და 2004წ. 03 დეკემბერს გამოცემული ¹ 21 ბრძანება (დაკავებული თანამდებობიდან საინფორმაციო გამოთვლითი ცენტრის უფროსის ა. კ-ძის გათავისუფლების შესახებ).
შპს “გაზეთი ...” ვალდებულია აუნაზღაუროს ს. კ-ძეს 7000 ლარი და ა. კ-ძეს 4000 ლარი ერთი წლის განაცდური ხელფასის სახით მორიგების აქტის დამტკიცებიდან 12 თვის ვადაში თანაბარი პროპორციებით (ა. კ-ძეს _ ყოველთვიურად 333 ლარი, ს. კ-ძეს _ ყოველთვიურად 583 ლარი).
კასატორები უარს აცხადებენ შპს “გაზეთი ...”-ს მიმართ არსებულ სხვა ნებისმიერ მოთხოვნასა თუ პრეტენზიაზე.
მორიგების აქტი ძალაში შედის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან და მოქმედებს მხარეების მიერ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.
მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაიწყოს 2007წ. პირველი იანვრიდან და საბოლოო ვადა არ შეიძლება გადაშორდეს 2007წ. 31 დეკემბერს.
მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეთა პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით (მათ შორის მორიგების აქტის იძულებითი აღსრულების ჩათვლით, შპს “გაზეთი ...” მორიგების აქტის დარღვევის შემთხვევაში სრულად ანაზღაურებს ორი წლის განაცდურ ხელფასს ერთჯერადი გადახდით).»
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და თვლის, რომ მოცემული სამოქალაქო დავა უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის «დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდებიან.
ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია შეთანხმების დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის მე-3 მუხლით, 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტით, 273-ე, 399-ე, 372-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით:
«შეწყდეს სამოქალაქო საქმე ა. კ-ძე და ს. კ-ძე, შპს “გაზეთი ...ს” წინააღმდეგ სამუშაოზე აღდგენასა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.
ძალაში დარჩეს შპს «გაზეთი ...” დირექტორის დ. ჩ-შვილის მიერ 2004წ. 3 დეკემბერს გამოცემული ¹ 5 ბრძანება (დაკავებული თანამდებობიდან მთავარი რედაქტორის მოადგილის ს. კ-ძის გათავისუფლების შესახებ) და 2004წ. 03 დეკემბერს გამოცემული ¹ 21 ბრძანება (დაკავებული თანამდებობიდან საინფორმაციო გამოთვლითი ცენტრის უფროსის ა. კ-ძის გათავისუფლების შესახებ).
შპს “გაზეთი ...” ვალდებულია‚ აუნაზღაუროს ს. კ-ძეს 7000 ლარი და ა. კ-ძეს 4000 ლარი ერთი წლის განაცდური ხელფასის სახით მორიგების აქტის დამტკიცებიდან 12 თვის ვადაში თანაბარი პროპორციებით (ა. კ-ძეს _ ყოველთვიურად 333 ლარი, ს. კ-ძეს ყოველთვიურად _ 583 ლარი).
კასატორები უარს აცხადებენ შპს “გაზეთი ...”-ს მიმართ არსებულ სხვა ნებისმიერ მოთხოვნასა თუ პრეტენზიაზე.
მორიგების აქტი ძალაში შედის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან და მოქმედებს მხარეების მიერ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.
მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაიწყოს 2007წ. პირველი იანვრიდან და საბოლოო ვადა არ შეიძლება გადაშორდეს 2007წ. 31 დეკემბერს.
მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეთა პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით (მათ შორის მორიგების აქტის იძულებითი აღსრულების ჩათვლით, შპს “გაზეთი ...” მორიგების აქტის დარღვევის შემთხვევაში სრულად ანაზღაურებს ორი წლის განაცდურ ხელფასს ერთჯერადი გადახდით).»
2. შეწყდეს საქმის წარმოება მხარეთა მორიგების გამო;
3. გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება და განჩინება;
4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია;
6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.