დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№14211-13 19 აპრილი, 2013 წელი
ბ-ი ფ., 14211-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ თ. ჯ-ის
ადვოკატ – ფ. კ-ის
მსჯავრდებულ _ ფ. ბ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ფ. ბ-ის საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 იანვრის განაჩენით ფ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 28 აგვისტოდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 4000 ლარი.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 5 მაისის განაჩენით შეიცვალა: მსჯავრდებულ ფ. ბ-ს განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 თებერვლის განაჩენით ფ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მას განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 28 აგვისტოდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 იანვრის დადგენილებით ფ. ბ-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით, 4 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 26 იანვრიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 6000 ლარი.
2013 წლის 30 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ფ. ბ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ფაზილ ბაირამოვის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ფ. ბ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1-1 წლითა და 6-6 თვით, ხოლო 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 4 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ფ. ბ-ს მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის, 7 თვისა და 15 დღის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 5 მაისიდან. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 იანვრის დადგენილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ფ. ბ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას და საქართველოს სსკ-ის 353-ე და 379-ე მუხლებით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან სრულად განთავისუფლებას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ხოლო სასჯელის მოხდის ათვლის თარიღად – 2008 წლის 28 აგვისტოს განსაზღვრას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ფ. ბ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება კანონიერია. ამავე კანონის ამავე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ფ. ბ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელების ერთი მეოთხედით შემცირება ასევე კანონიერია, ვინაიდან, მართალია, აღნიშნული დანაშაულები ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს მიეკუთვნება, მაგრამ ამ მუხლებით მსჯავრდებისას იგი განზრახი დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი, და, შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 1-ლი–მე-15 მუხლების მოქმედება.
რაც შეეხება სასჯელის მოხდის ათვლის თარიღს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს გასაჩივრებული განჩინებით სწორად აქვს ათვლილი სასჯელის მოხდის ვადა 2010 წლის 26 იანვრის დადგენილების მიღების დღიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ფ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე