დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-336(2კ-22) 7 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის (მოპასუხე) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - კ. რ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 9 აგვისტოს კ. რ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 16 დეკემბრის N ... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 19 დეკემბრის N... შეტყობინების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 5 აპრილის N7981 ბრძანებისა და N5777/2/2018 საჩივარზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ 2018 წლის 13 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აგვისტოს განჩინებით, კ. რ-ეის სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში.
2019 წლის 29 ივლისს კ. რ-ემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი შემდეგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები: საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 16 დეკემბრის N ... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 19 დეკემბრის შეტყობინება N... საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 5 აპრილის N7981 ბრძანება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება N5777/2/2018 საჩივარზე; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 14 დეკემბრის N21-10-21/150701 წერილი; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 8 დეკემბრის N ... საგადასახადო მოთხოვნა; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 თებერვლის N2557 ბრძანება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 21 ივნისის N7745/2/2019 გადაწყვეტილება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 აგვისტოს განჩინებით, კ. რ-ეის დაზუსტებული სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით, კ. რ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 14 დეკემბრის N21-10-21/150701 წერილი, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 8 დეკემბრის N ... საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 თებერვლის N2557 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 21 ივნისის N7745/2/2019 გადაწყვეტილება. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, არ დაკმაყოფილდა კ. რ-ეის სარჩელი საბაჟო დეპარტამენტის 16.12.2017 წლის N ... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 19.12.2017 წლის N... შეტყობინების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 05.04.2018 წლის №7981 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 13.07.2018 წლის გადაწყვეტილების (N5777/2/2018 საჩივარზე) ბათილად ცნობის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება კ. რ-ეის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებზე, 299-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევა, ვინაიდან სპეციალური კანონი - საქართველოს საგადასახადო კოდექსი საგადასახადო ორგანოს აქტების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, მათი მოქმედების გაგრძელების აუცილებლობას არ ადგენს. ამასთან, რაც შეეხება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ საქმეზე 2018 წლის 9 აგვისტოს სარჩელით სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ ექცეოდნენ არც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით რეგულირების სფეროში, ვინაიდან ისინი არ წარმოადგენენ აქტებს, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლით დადგენილ გადასახადების ცნებაზე, ასევე, „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით განსაზღვრულ მოსაკრებლის ცნებაზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული სანქცია არ წარმოადგენს სახელმწიფო ან ადგილობრივ გადასახადს და არც მოსაკრებელს ან სხვა გადასახდელს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეზე თავდაპირველი სარჩელით სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ექცეოდნენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის მოქმედების სფეროში და 2018 წლის 13 აგვისტოს განჩინებით სარჩელის წარმოებაში მიღებამ შეაჩერა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (1) საბაჟო დეპარტამენტის 16.12.2017 წლის N ... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; 2) საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 19.12.2017 წლის N... შეტყობინება; 3) სსიპ შემოსავლების სამსახურის 05.04.2018 წლის N7981 ბრძანება და 4) N5777/2/2018 საჩივარზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 13.07.2018 წლის გადაწყვეტილება) მოქმედება. შესაბამისად, ყველა ის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (სამართლებრივი შედეგი), რაც შეჩერებული სადავო აქტებით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობას მოჰყვა (მათ შორის, უკვე დაზუსტებული სარჩელით გასაჩივრებული აქტები: სსიპ შემოსავლების სამსახურის 14.12.2018 წლის N21-10-21/150701 წერილი, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 08.12.2018 წლის N EL69051/1581 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 08.02.2019 წლის N2557 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს N7745/2/2019 გადაწყვეტილება), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეწინააღმდეგება კანონს და ბათილია მისი გამოცემის დღიდან, რაც სწორად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს სადასახადო კოდექსის მე-6 მუხლზე, 299-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში კ. რ-ეის მიმართ გამოცემული სადავო საგადასახადო მოთხოვნა დაკავშირებული იყო კუთვნილ საბაჟო (იმპორტი, აქციზი) გადასახადთან, რომელიც აღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, არ ექცევა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის მოქმედების სფეროში.
ამასთან, კასატორის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მოსაზრებით, კ. რ-ეს საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული კუთვნილი საბაჟო გადასახადები უნდა გადაეხადა იმის მიუხედავად, ჩაიდენდა თუ არა ის საბაჟო სამართალდარღვევას, რადგან მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანილი იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც უნდა წარედგინა საბაჟო კონტროლის ზონაში და მოექცია სასაქონლო ოპერაციაში. შესაბამისად, სამართალდარღვევის ოქმის მოქმედების შეჩერება ვერ გამოიწვევს კუთვნილი გადასახადების გადახდის შეჩერებას.
კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის ,,ს“ ქვეპუნქტზე, 214-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, 222-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 289-ე მუხლის მე-19 ნაწილზე, 299-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. ამდენად, ვინაიდან კ. რ-ეს პირადად ჩაბარდა შეტყობინება, რომლითაც გაფრთხილებული იქნა მის მიერ ქმედების (უზრუნველეყო სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენა) განუხორციელებლობის მოსალოდნელ შედეგებზე და მაინც არ/ვერ განახორციელა მისთვის დავალებული მოქმედება, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის შესაბამისად და არ არსებობდა მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან საგადასახადო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული სანქცია არ წარმოადგენს სახელმწიფო ან ადგილობრივ გადასახადს, ასევე მოსაკრებელს ან სხვა გადასახდელს, მოსარჩელის მიერ 2018 წლის 9 აგვისტოს სასამართლოში წარდგენილი სარჩელით სადავოდ ქცეული ადმინისტრაციული აქტები არ ექცევიან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის რეგულირების სფეროში და შესაბამისად, ექვემდებარებიან შეჩერებას. კასატორის მოსაზრებით, გაუგებარია სასამართლო რატომ არ უკავშირებს საბაჟო სანქციის არსს (რომელიც საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არის საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომა), საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზანს და არ განიხილავს მას საშუალებად, რომელიც დაკავშირებულია სწორედ სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან, მით უფრო მაშინ, როდესაც საგადასახადო (საბაჟო) სანქციის (მათ შორის ჯარიმის) უპირველესი დანიშნულება ვალდებულების შემდგომი დარღვევის პრევენციაა და წარმოადგენს იძულების მექანიზმს უკვე არსებული საგადასახადო ვალდებულების შესრულებისთვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ კ. რ-ეის სახელზე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალების (საიდენტიფიკაციო ნომერი ...; ტრანზიტული ნომერი - ...) ზოგადი დეკლარირება განხორციელდა 2016 წლის 14 მარტს და საბაჟო ორგანოში წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 13 მაისი, რომელიც გაგრძელდა 2016 წლის 12 ივნისის ჩათვლით, თუმცა ვინაიდან ზემოაღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის პროცედურები არ განხორციელებულა, აღნიშნულის გათვალისწინებით, საბაჟო დეპარტამენტის მიერ კ. რ-ეის დაუსწრებლად, 2017 წლის 16 დეკემბერს შედგა N ... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც კ. რ-ეს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 19 დეკემბრის N... შეტყობინებით, კ. რ-ეს ეცნობა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელის ნებისმიერი სახის ქონებაზე წარმოშობილია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია, არაუგვიანეს შეტყობინების მიღების მომდევნო დღისა, რეგისტრაციაში გაატაროს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 5 აპრილის N7981 ბრძანებით, კ. რ-ეის 2018 წლის 5 თებერვლის საჩივარი საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 16 დეკემბრის N ... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისა და შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 19 დეკემბრის N... შეტყობინების გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით კი, კ. რ-ეის N5777/2/2018 საჩივარი საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 16 დეკემბრის N ... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 19 დეკემბრის N... შეტყობინებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 5 აპრილის N7981 ბრძანების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
დადგენილია, რომ 2018 წლის 9 აგვისტოს, კ. რ-ეის მიერ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვდა შემდეგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას: 1) საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 16 დეკემბრის N ... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; 2) საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 19 დეკემბრის N... შეტყობინება; 3) სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 5 აპრილის N7981 ბრძანება და 4) N5777/2/2018 საჩივარზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ 2018 წლის 13 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განჩინებით, კ. რ-ეის 2018 წლის 9 აგვისტოს სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში. აღნიშნული სარჩელი თანდართული მასალებით 2018 წლის 13 აგვისტოს გაეგზავნათ მოპასუხეებს და ჩაბარდათ 2018 წლის 14 და 15 აგვისტოს. 2019 წლის 29 ივლისს კი, მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და გარდა ზემოაღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა, მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 14 დეკემბრის N21-10-21/150701 წერილის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 8 დეკემბრის N ... საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 თებერვლის N2557 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 21 ივნისის N7745/2/2019 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სწორედ მხოლოდ დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელის მიერ დამატებით გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების: სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 14 დეკემბრის N21-10-21/150701 წერილის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 8 დეკემბრის N ... საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 თებერვლის N2557 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 21 ივნისის N7745/2/2019 გადაწყვეტილების კანონიერება.
საქმის მასალების თანახმად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს კ. რ-ეს გაეგზავნა საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 16 დეკემბრის N ... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და ნაკლოვანების აღმოფხვრის მიზნით N21-10-21/198004 შეტყობინება, რომლითაც დაევალა შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისათვის აუცილებელი პროცედურების განსახორციელებლად, უზრუნველეყო სატრანსპორტო საშუალების (საიდენტიფიკაციო ნომერი: ...; ტრანზიტული ნომერი: ...) საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ქმედება ჩაითვლებოდა სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელ ქმედებად, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. აღნიშნული სამართალდარღვევისათვის კი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს ჯარიმას, სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით. ამასთან, კ. რ-ეს ეცნობა, რომ ამავე კოდექსის 222-ე მუხლის მე-4 და 272-ე მუხლის მე-4 ნაწილების შესაბამისად, მას წარმოეშობოდა იმპორტის გადასახდელებისა და საურავის გადახდის ვალდებულებაც.
დადგენილია, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნული შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში კ. რ-ეის მიერ ავტომობილის (საიდენტიფიკაციო ნომერი: ...) საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენა და სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა არ განხორციელებულა, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებლად საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვის ფაქტზე, 2018 წლის 8 დეკემბერს, კ. რ-ეის მიმართ, მის დაუსწრებლად, შედგენილი იქნა N ... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით - 5 000 ლარი. ამასთან, 2018 წლის 8 დეკემბერს საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოიცა N ... საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც განხორციელდა კ. რ-ეის მიმართ საგადასახადო კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, იმპორტის გადასახდელების (იმპორტის გადასახადი - 200 ლარი, აქციზი - 4 800 ლარი) და 272-ე მუხლის შესაბამისად იმპორტის გადასახდელებზე საურავის (2 265.04 ლარი - 08.12.2018წ. მდგომარეობით) დარიცხვა. აღნიშნული 2018 წლის 8 დეკემბრის N ... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და N ... საგადასახადო მოთხოვნა კი კ. რ-ეს გაეგზავნა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 14 დეკემბრის N21-10-21/150701 წერილით.
ასევე დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 თებერვლის N2557 ბრძანებით, კ. რ-ეის საჩივარი 2018 წლის 8 დეკემბრის N ... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და N ... საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. მითითებული ბრძანება, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საგადასახადო მოთხოვნა ასევე ძალაში დარჩა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 21 ივნისის N7745/2/2019 გადაწყვეტილებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-11 ნაწილი, რომელზეც კასატორები მიუთითებენ და რომლის მიხედვითაც საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას, მოქცეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარში (საგადასახადო დავა). აღნიშნული კარით განსაზღვრულია საგადასახადო დავის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და არა სასამართლოში განხილვის წესი (296-ე მუხლის მე-2 ნაწილი). მეტიც, საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის მე-4 ნაწილი პირდაპირ ადგენს, რომ სასამართლოში საგადასახადო დავის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილით სარჩელის სუსპენზიური ეფექტის სახით გათვალისწინებულია უფლების დაცვის ერთ-ერთი პრევენციული საშუალება, რომლის მეშვეობითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება, მისი ნამდვილობა ავტომატურად, დროებით ჩერდება სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით. სუსპენზიური ეფექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პირის დაცვა არასასურველი მმართველობითი ღონისძიებების განხორციელებისაგან, რაც გულისხმობს იმ მდგომარეობის შენარჩუნებას, რაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე არსებობდა.
ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს გარკვეულ შეზღუდვებს, როდესაც სასამართლოში სარჩელის წარდგენა ავტომატურად არ აჩერებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ: ა) ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან; ბ) აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას; გ) იგი გამოცემულია შესაბამისი კანონის საფუძველზე გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს; დ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა; ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია ან იგი წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და მისი შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს; ვ) ეს გათვალისწინებულია კანონით.
განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება, ვინაიდან სპეციალური კანონი - საქართველოს საგადასახადო კოდექსი საგადასახადო ორგანოს აქტების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, მათი მოქმედების გაგრძელების აუცილებლობას არ ადგენს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-11 ნაწილი, როგორც საგადასახადო დავის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წარმოებასთან დაკავშირებული ნორმა, ვერ იქნება გამოყენებული სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო ასევე არც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება, ვინაიდან საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 16 დეკემბრის N ... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 19 დეკემბრის შეტყობინება N... საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 5 აპრილის N7981 ბრძანება და N5777/2/2018 საჩივარზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ 2018 წლის 13 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება არ წარმოადგენენ აქტებს, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლზე, რომლის თანახმად, 1. გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე; 2. გადასახადის სახეებია საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები; 3. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებია ამ კოდექსით დაწესებული გადასახადები, რომელთა გადახდაც სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; 4. (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) ადგილობრივი გადასახადია ამ კოდექსით დაწესებული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით შემოღებული გადასახადი (ზღვრული განაკვეთების ფარგლებში), რომლის გადახდაც სავალდებულოა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე; 5. საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებს მიეკუთვნება: ა) საშემოსავლო გადასახადი; ბ) მოგების გადასახადი; გ) დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ); დ) აქციზი; ე) იმპორტის გადასახადი; 6. ადგილობრივ გადასახადს მიეკუთვნება ქონების გადასახადი.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ,,მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია), რომელიც ადგენს, რომ მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები და ამხანაგობები იხდიან სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მათთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.
მითითებული ნორმების საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული სანქცია არ წარმოადგენს სახელმწიფო ან ადგილობრივ გადასახადს და არც მოსაკრებელს ან სხვა გადასახდელს. ამასთან, რაც შეეხება კასატორის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მითითებას იმის თაობაზე, რომ გაუგებარია სასამართლო რატომ არ უკავშირებს საბაჟო სანქციის არსს (რომელიც საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არის საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომა), საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზანს და არ განიხილავს მას საშუალებად, რომელიც დაკავშირებულია სწორედ სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია საგადასახადო/საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისათვის შესაბამისი სანქციის გადამხდელისთვის დაკისრება, ისევე როგორც საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელების მიმართ გამოყენებული ღონისძიებების, გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უმეტესობა, საბოლოოდ საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზანს ემსახურება, თუმცა საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზანთან კავშირის საფუძვლით, საგადასახადო ორგანოების მიერ გამოცემული ყველა აქტი ვერ იქნება მიჩნეული სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან დაკავშირებულ აქტად და ვერ მოექცევა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის რეგულირების სფეროში. აღნიშნულით სრულად გამოირიცხებოდა სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს გასაჩივრებული აქტის მოქმედების ავტომატურად შეჩერების შესაძლებლობა, მაშინ როდესაც სპეციალური კანონი - საქართველოს საგადასახადო კოდექსი არ ადგენს, რომ სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს აქტების მოქმედება არ შეჩერდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კ. რ-ეის მიერ განსახილველ საქმეზე თავდაპირველი სარჩელით სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები (საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 16 დეკემბრის N ... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 19 დეკემბრის შეტყობინება N... საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 5 აპრილის N7981 ბრძანება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება N5777/2/2018 საჩივარზე) ექცეოდნენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის მოქმედების სფეროში და 2018 წლის 13 აგვისტოს განჩინებით სარჩელის წარმოებაში მიღებამ შეაჩერა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება ნიშნავს მისი მოქმედებისა და ყველა სამართლებრივი შედეგის გადადებას სდავის დასრულებამდე. დავის სასამართლოში გადაწყვეტამდე კანონი უბრუნებს პირს იმ სამართლებრივ და ფაქტობრივ მდგომარეობას, რომელიც არსებობდა სადავო აქტის გამოცემამდე. ამდენად, ყველა ის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (სამართლებრივი შედეგი), რაც კ. რ-ეის მიერ თავდაპირველად წარდგენილი სარჩელით გასაჩივრებული და შეჩერებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობას მოჰყვა (მათ შორის, კ. რ-ეის დაზუსტებული სარჩელით დამატებით გასაჩივრებული აქტები: სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 14 დეკემბრის N21-10-21/150701 წერილი; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 8 დეკემბრის N ... საგადასახადო მოთხოვნა; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 თებერვლის N2557 ბრძანება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 21 ივნისის N7745/2/2019 გადაწყვეტილება), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეწინააღმდეგება კანონს და არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ ვერ იქნება გაზიარებული კასატორის - სსიპ შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, კ. რ-ეს საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული კუთვნილი საბაჟო გადასახადები უნდა გადაეხადა იმის მიუხედავად, ჩაიდენდა თუ არა ის საბაჟო სამართალდარღვევას და სამართალდარღვევის ოქმის მოქმედების შეჩერება ვერ გამოიწვევს კუთვნილი გადასახადების გადახდის შეჩერებას.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ კ. რ-ეს მისთვის საგადასახადო კოდექსის 222-ე მუხლის მე-4 და 272-ე მუხლის მე-4 ნაწილების შესაბამისად, იმპორტის გადასახდელებისა და საურავის შესაძლო დაკისრების თაობაზე, ეცნობა საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 29 დეკემბრის შეტყობინებით, რომლითაც ასევე გადაეგზავნა 2017 წლის 16 დეკემბრის N ... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და განესაზღვრა ვადა ნაკლოვანების აღმოფხვრის მიზნით. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც კ. რ-ეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 9 აგვისტოს წარდგენილი სარჩელით გასაჩივრებული ჰქონდა საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 16 დეკემბრის N ... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მისი მოქმედება იყო შეჩერებული, ამ ოქმით გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით, მოსარჩელისთვის გარკვეული ქმედებების განსაზღვრულ ვადაში განხორციელების დავალება და განუხორციელებლობიდან გამომდინარე, მისთვის 2018 წლის 8 დეკემბრის ... საგადასახადო მოთხოვნით იმპორტის, აქციზის გადასახადების და საურავის დაკისრება, ვერ იქნება მიჩნეული კანონშესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე