განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 02.04.2013
საქმის ნომერი
2კ-989-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
02.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№9891-13 2 აპრილი, 2013 წელი

ბ-ე დ., 9891-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ნ. ე-ის

მსჯავრდებულ _ დ. ბ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. ბ-ის საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 იანვრის განაჩენით დ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლითა და 6 თვით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) – 4 წლით, ხოლო 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ დ. ბ-ეს განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 12 ივნისიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 2 აპრილის განაჩენით შეიცვალა: დ. ბ-ეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 2 წლით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, ხოლო 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ დ. ბ-ეს განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 ნოემბრის დადგენილებით ამნისტიის საფუძველზე დ. ბ-ეს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ამ მუხლით განესაზღვრა 1 წლით, ხოლო სასჯელის საბოლოო ზომად – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 2000 ლარი. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით ამნისტიის საფუძველზე დ. ბ-ეს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ამ მუხლით განესაზღვრა 6 თვით, ხოლო სასჯელის საბოლოო ზომად – 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 2000 ლარი. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ დ. ბ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ბ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ დ. ბ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით, ხოლო 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ დ. ბ-ძეს განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა დ. ბ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლას და მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის სწორად გავრცელებას, „ამნისტიის შესახებ“ 2008 და 2009 წლების საქართველოს კანონების საფუძველზე - სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული შემცირებული სასჯელის გათვალისწინებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თელავის რაიონული სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ დ. ბ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 265-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელების ერთი მეოთხედით შემცირება კანონიერია.

რაც შეეხება მსჯავრდებულ დ. ბ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ სასჯელს, პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, დ. ბ-ეს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 24 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე უნდა გაუნახევრდეს და მიესაჯოს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად კვლავ უნდა გაუნახევრდეს და მიესაჯოს 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დ. ბ-ეს საბოლოოდ სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 7 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ დ. ბ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 24 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდეს და მიესაჯოს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად კვლავ გაუნახევრდეს და მიესაჯოს 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ დ. ბ-ეს საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს 7 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე