დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 03.06.2013
საქმის ნომერი
2კ-1679-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
03.06.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№16791-13 3 ივნისი, 2013 წელი

ფ-ი ჩ. ა.- 16791-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ – ი. დ-ე

ადვოკატ– ა. ჩ-ის

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჩ. ა. ფ-ის

თარჯიმან – დ. ა-ის

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჩ. ა. ფ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჩ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა საქართველოს იუსტიციის მინისტრის – თ. წ-ის 2013 წლის 7 მაისის დადგენილება ჩ. ა. ფ-ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის შესახებ, ვაშინგტონის კოდექსის 9–ა ნაწილის 64–ე თავის 020–ე მუხლის მე–2 ნაწილით, ვაშინგტონის კოდექსის 44–ე თავის 086–ე მუხლის პირველი ნაწილით, ვაშინგტონის კოდექსის 44–ე თავის 083–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2012 წლის 13 ნოემბერს, 18.50 საათზე, თბილისში, ... ქუჩის №...–ში მდებარე, მისსავე დროებით საცხოვრებელ №... ბინაში საქართველოს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ ძებნილი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჩ. ა. ფ-ი, რომელიც იძებნებოდა აშშ–ის ვაშინგტონის ინტერპოლის მიერ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ჩ. ა. ფ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით ჩ. ა. ფ-ის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა სამი თვით, ექვს თვემდე – 2013 წლის 13 მაისამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით ჩ. ა. ფ-ის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგძრელდა სამი თვით, ცხრა თვემდე – 2013 წლის 13 აგვისტომდე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის – თ. წ-ის 2013 წლის 7 მაისის დადგენილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამეტის შუამდგომლობა ჩ. ა. ფ-ის ექსტრადიციასთან დაკავშირებით, ვინაიდან ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა ნაწილობრივ შეესაბამებოდა „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და 2012 წლის 13 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციით დადგენილ მოთხოვნებს.

2013 წლის 15 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას საჩივრით მიმართეს ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა – ჩ. ა. ფ-მა და ადვოკატმა ა. ჩ-მა. მათ მოითხოვეს საქართველოს იუსტიციის მინისტრ თ. წ-ის 2013 წლის 7 მაისის დადგენილების გაუქმება იმ მოტივით, რომ იგი არის უკანონო, დაუსაბუთებელი, არასწორი კვალიფიკაციით შედგენილი, არღვევს მთელ რიგ სამართლებრივ ნორმებს, მათ შორის – სისხლის სამართლის საპროცესო ნორმებს და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მუხლებს.

სასამართლო სხდომაზე ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ჩ-მა საჩივარს მხარი დაუჭირა და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

ჩ. ა. ფ-ი დაეთანხმა საჩივარს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის პოზიციას.

სახელმწიფო ბრალმდებელმა ი. დ-ემ საჩივრის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა და ითხოვა საქართველოს იუსტიციის მინისტრ თ. წ-ის 2013 წლის 7 მაისის დადგენილების, როგორც კანონიერისა და დასაბუთებულის, ძალაში დატოვება, რადგან ამ დადგენილების მიღებისას მინისტრმა გაითვალისწინა ყველა ის გარემოება, რაც აღნიშნულ საექსტრადიციო წარმოებას უკავშირდებოდა.

სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეამოწმა ჩ. ა. ფ-ის მიმართ არსებული ექსტრადიციის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მიიჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოებიდან მიღებული მასალების მიხედვით დადგენილია, რომ 2012 წლის 24 აპრილს აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე 2012 წლის 19 ივნისს ვაშინგტონის ს-ეს ოლქის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლემ გასცა ჩ. ა. ფ-ის დაპატიმრების ბრძანება. ვაშინგტონის აღმოსავლეთ რაიონის რაიონული სასამართლოს მაგისტრმა მოსამართლემ 2012 წლის 20 ივლისს გასცა ჩ. ა. ფ-ის დაპატიმრების ბრძანება, ვინაიდან მან დატოვა ქვეყნის ტერიტორია.

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჩ. ა. ფ-ი 2012 წლის 13 ნოემბერს, 18.50 საათზე, საქართველოს სამართალდამცავებმა დააკავეს თბილისში, ... ქუჩა №..., ბინა №...–ში. ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის 2012 წლის 13 ნოემბერს დადებული შეთანხმების თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებს შეეძლო მოეთხოვა, ხოლო საქართველოს შეეძლო განეხილა აშშ–ის შუამდგომლობა ჩ. ა. ფ-ის ექსტრადიციის შესახებ. ხსენებული პირის ექსტრადიციის განხორციელების შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის გარანტიებზე; დადგენილია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი არის ჩ. ა. ფ-ი, მამის სახელი – ჰ-ი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე; დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის პრიცნიპი– ჩ. ა. ფ-ს ბრალი ედება: სისხლისსამართლებრივი დევნისათვის თავის არიდების მიზნით უკანონო გაქცევაში, რისთვისაც აშშ–ს კანონმდებლობით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა არაუმეტეს 5 წლით; მეორე ხარისხის ინცესტში (3 სხვადასხვა ეპიზოდი), რისთვისაც ვაშინგტონის კანონმდებლობით მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით; მეორე ხარისხის გარყვნილ ქმედებაში, ჩადენილი ბავშვის მიმართ – 1 ეპიზოდი, რისთვისაც ვაშინგტონის კანონმდებლობით მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 10 წლით; პირველი ხარისხის გარყვნილ ქმედებაში, ჩადენილი ბავშვის მიმართ – 1 ეპიზოდი, რისთვისაც ვაშინგტონის კანონმდებლობით მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია სამუდამო პატიმრობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩ. ა. ფ-ის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებები დასჯადია საქართველოში, აღნიშნული ქმედებები არ არის ამნისტირებული და კვალიფიცირდება საქართველოს სსკ–ის 139–ე მუხლის მე–2 ნაწილით, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნისთვის თავის არიდების მიზნით უკანონო გაქცევა საქართველოს კანონმდებლობით არ ითვლება დანაშაულად და ამ ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით ჩ. ა. ფ-ის აშშ–ში ექსტრადიციაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის უარი სასამართლოს მართებულად მიაჩნია. ჩ. ა. ფ-ის მიმართ წარდგენილი ქმედებები საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხანდაზმული; დადგენილია, რომ ჩ. ა. ფ-ი არ არის საქართველოს მოქალაქე, ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, მას საქართველოში მიცემული არა აქვს პოლიტიკური თავშესაფარი და არც ლტოლვილის სტატუსი აქვს მინიჭებული; ჩ. ა. ფ-ის მიმართ საქართველოს კომპეტენტური ორგანოები არ ახორციელებენ წარმოებას და საქართველოს სასამართლოების მიერ არ არის გამოტანილი განაჩენი ხსენებულ დანაშაულებთან დაკავშირებით (Non bis in idem).

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საექსტრადიციო პროცედურების მიმდინარეობისას და შემდგომში გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დაცულია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოსაზრებები და მიაჩნია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის 2012 წლის 13 ნოემბერს დადებული ერთობლივი დეკლარაცია გაფორმებულია კონკრეტული მიზნების მიღწევისათვის, მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტი თავისი შინაარსით არის „ჩ. ა. ფ-ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის შესახებ“ ინდივიდუალური შეთანხმება, რომლის მიზნები, პირობები და ამოცანები არ ეწინააღმდეგება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის მოთხოვნებს და მხოლოდ დაცვის მხარის აპელირება იმის შესახებ, რომ სადავო შეთანხმებას უნდა ეწოდოს ინდივიდუალური შეთანხმება და არა – ერთობლივი დეკლარაცია, სასამართლოს საფუძველს მოკლებულად მიაჩნია. სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს არა აქვს დადებული შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულება მეორე სახელმწიფოსთან, კანონმდებელმა განსაზღვრა, თუ რა ფორმით უნდა განხორციელდეს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა და ამისათვის დაადგინა საქართველოს სახელმწიფოსა და დაინტერესებულ სახელმწიფოს შორის ინდივიდუალური შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა, რაც განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის 2012 წლის 13 ნოემბერს დადებული ერთობლივი დეკლარაციის სახით – „ჩ. ა. ფ-ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის შესახებ“.

ზემოხსენებული არგუმენტებით თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 22 მაისის განჩინებით არ დააკმაყოფილა ჩ. ა. ფ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჩ-ის საჩივარი და უცვლელად დატოვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 მაისის დადგენილება.

ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა – ჩ. ფ-მა და მისმა ადვოკატმა ა. ჩ-მა მიღებული განჩინება მიიჩნიეს დაუსაბუთებლად, უკანონოდ და გაუქმების მოთხოვნით საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

საჩივრის თანახმად, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს შორის გაფორმებულია ჩ. ა. ფ-ის აშშ–ში ექსტრადიციის შესახებ არა ინდივიდუალური შეთანხმება, არამედ – „ერთობლივი დეკლარაცია“, რაც საერთაშორისო უწყებათაშორის ხელშეკრულებას წარმოადგენს და „საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ“ საქართველოს კანონის 30–ე მუხლის შესაბამისად, უნდა გამოქვეყნებულიყო სსიპ „საკანონმდებლო მაცნეში“, რაც ჩ. ფ-ის შემთხვევაში არ განხორციელდა და დაირღვა კანონი. სასამართლომ არ იმსჯელა ჩ. ფ-ის ექსტრადიციის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, სამშობლოში იგი არასოდეს ყოფილა გამოძახებული ან დაბარებული სასამართლოში, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.

დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა, იუსტიციის სამინისტროში დასწრებოდა და უშუალო მონაწილეობა მიეღო გადაწყვეტილების მიღებაში, რითაც საჩივრის ავტორებს მიაჩნიათ, რომ დაირღვა საქართველოს სსკ–ის 38–ე მუხლის მოთხოვნები. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აშშ–ის სასამართლოს მიერ წარდგენილი ყველა ბრალდება დააკვალიფიცირა სსკ–ის 139–ე მუხლით და სასამართლომ აღნიშნულ საკითხებზე არ იმსჯელა. გადმოცემული მასალების შინაარსის მიხედვით, ჩ. ფ-ის ქმედებაში საუბარია დანაშაულის მცდელობაზე, ხოლო იუსტიციის მინისტრმა ისინი შეაფასა, როგორც დამთავრებული დანაშაული, რითაც შეუძლებელი გახდა ექსტრადიციას დაქვემდებარებულ ჩ. ა. ფ-ზე გავრცელებულიყო „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის კანონიერი მოთხოვნა პროკურორის აცილების შესახებ და ასევე უსაფუძვლოდ უთხრა უარი იუსტიციის მინისტრის მოწმედ სხდომაზე მოწვევის შესახებ. ზემოხსენებული გარემოებები კი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით შეამოწმა წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 მაისის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად გაკეთებულ დასკვნას და აღნიშნავს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი ჩ. ა. ფ-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა 2012 წლის 13 ნოემბერს დააკავეს როგორც ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ ძებნილი პირი, რომელიც იძებნებოდა აშშ–ის ვაშინგტონის ინტერპოლის შესაბამისი სამსახურის მიერ. საქართველოში დაკავებისა და მთელი საექსტრადიციო პროცესის მიმდინარეობისას მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 მაისის დადგენილება, რომელიც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 მაისის გასაჩივრებული განჩინებით, არ ეწინააღმდეგება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლების შესახებ“ საქართველოს კანონს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობას და საერთაშორისო კონვენციებს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები ვერ შეფასდება ექსტრადიციაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად. იუსტიციის მინისტრის დადგენილება, რომლის გაუქმებასაც გასაჩივრებულ სასამართლო განჩინებასთან ერთად მოითხოვს დაცვის მხარე, სრულად მოიცავს საექსტრადიციო პროცედურებს, ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს, პროცედურულ წესებს, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ორმაგი დანაშაულებრიობის პრინციპს, ბრალდების ფაქტობრივ საფუძვლებს, აშშ–ის კოდექსის მე–18 თავის 1073–ე მუხლით, ვაშინგტონის კოდექსის 44–ე თავის 086–ე მუხლის პირველი ნაწილით, კოდექსის ამავე თავის 083–ე მუხლის პირველი ნაწილის შესახებ წესებს, დანაშაულის ხანდაზმულობის პრინციპის გათვალისწინებას, პარალელური წარმოების წესებს და „Non bis in idem–ის“ პრინციპებს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს არ მიუმართავს საქართველოს ხელისუფლებისათვის და არ უთხოვია თავშესაფარი რაიმე ნიშნით, მას მინიჭებული არა აქვს ლტოლვილის სტატუსი.

მტკიცებით საფუძველს მოკლებულია დაცვის მხარის არგუმენტები იმის შესახებ, რომ თითქოს ბრალდების მხარის მიერ გადმოცემული მასალების სამ ეპიზოდში არ იკვეთება დასრულებული დანაშაულის შემადგენლობა და საუბარია დანაშაულის მცდელობაზე, რასაც იუსტიციის მინისტრმა შეგნებულად მისცა დასრულებული დანაშაულის კვალიფიკაცია; დაცვის მხარე ვერ უთითებს მტკიცებულებებს, თუ რას ემყარება მისი არგუმენტები ამ ეპიზოდთან დაკავშირებით. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე პროკურორის აცილებისა და იუსტიციის მინისტრის მოწვევის საკითხს, პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნულზე მიღებული აქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება და მისი გადასინჯვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ცნობს და აღიარებს საერთაშორისო კონვენციებით, პაქტებით, ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონმდებლობითა და კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ამ სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას, ყველა განხილულ გარემოებას აფასებს საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დადგენილ სტანდარტებთან მიმართებით და მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 მაისის დადგენილება და, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 მაისის გასაჩივრებული განჩინება ჩ. ა. ფ-ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის შესახებ სრულად შეესაბამება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისშო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს და დაცვის მხარის არგუმენტებს, როგორც ექსტრადიციაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის მე–3 მუხლის მე–15 ნაწილით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ 2010 წლის 21ივლისის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჩ. ა. ფ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჩ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 მაისის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა საქართველოს იუსტიციის მინისტრის – თ. წ-ის 2013 წლის 7 მაისის დადგენილება – ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის შუამდგომლობით ჩ. ა. ფ-ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის შესახებ – დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

გ. შავლიაშვილი