განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 05.06.2013
საქმის ნომერი
2კ-1681-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
05.06.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№16811-13 5 ივნისი, 2013 წელი

კ-ე დ 16811-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - თ. ჭ-ს

ადვოკატ - თ. ა-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. კ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით:

დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.

დ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ნაწილი, კერძოდ, 1 წელი განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო 6 წელი სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64–ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 წელი. დ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 23 თებერვლიდან.

მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 აგვისტოს დადგენილებით არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიული ორგანოს - შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს უფროსის ნ. მ-ს წარდგინება მსჯავრდებულ დ. კ-ს მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების თაობაზე - დაკმაყოფილდა.

მსჯავრდებულ დ. კ-ს მიმართ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და აღსრულდა ამავე განაჩენით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული დ. კ-ე დაკავების შემთხვევაში უნდა შესახლდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში - განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის მიზნით.

2013 წლის 24 იანვარს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ. მ-ა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ დ. კ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ დ. კ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებული დ. კ-ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 363–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან, რაც პროპორციული წილის გათვალისწინებით, შეადგენს 10 თვესა და 9 დღეს.

მსჯავრდებულ დ. კ-ს ¼–ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი, რაც პროპორციული წილის გათვალისწინებით, შეადგენს თავისუფლების აღკვეთას 5 წლის, 1 თვისა და 21 დღის ვადით და განესაზღვრა 3 წლით, 10 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა დ. კ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 მარტის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლით, რომლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული (საქართველოს სსკ-ის 363–ე მუხლის მე–2 ნაწილი); მე-18 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევაზე.

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.

საქმეში წარმოდგენილია 2013 წლის 5 ივნისით დათარიღებული დაზარალებულ ლ. ა-ს ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომლითაც ირკვევა, რომ იგი თანხმობას აცხადებს, მსჯავრდებულ დ. კ-ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით გათვალისწინებული ამნისტია, არ გააჩნია არანაირი პრეტენზია და თანახმაა, გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება და მსჯავრდებული დ. კ-ე უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის - 6 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. კ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული დ. კ-ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის - 6 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.

განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

ბ. ალავიძე