გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-401-763-05 ას-401-763-05 15 დეკემბერი, 2005წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 11 ნოემბერს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ზ. გ-მა მოპასუხე სანოტარო ბიურო ე. მ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ნოტარიუს ე. მ-ის მიერ 2001წ. 24 იანვარს ზ. გ-ის სახელით კ. გ-ზე გაცემული რწმუნებულების ბათილად ცნობა.
მოპასუხე ნოტარიუსმა ე. მ-ემ სარჩელი ცნო და მიუთითა, რომ 2001წ. 24 იანვარს მასთან სანოტარო ბიუროში გამოცხადდა მისი ნაცნობი კ. გ-ი, რომელმაც წარუდგინა ზ. გ-ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და სთხოვა, დაემოწმებინა რწმუნებულება ზ. გ-ის სახელით, რომელიც ავადმყოფობის გამო იწვა შსს სამხედრო ჰოსპიტალში. მან დააბეჭდინა რწმუნებულება და შეთანხმდნენ, რომ კ. გ-ი საავადმყოფოში წაიყვანდა ნოტარიუსის ასისტენტს, რომელიც თან იქონიებდა რეესტრის წიგნს და ზ. გ-ს მოაწერინებდა ხელს. როგორც შემდეგ კ. გ-მა უთხრა, მან ვერ შეძლო ავადმყოფი ზ. გ-ისათვის ხელის მოწერინება, ვინაიდან მას ეძინა. 2001წ. 30 იანვარს კ. გ-მა ნოტარიუსს სთხოვა, გაეტანებინა მისთვის რწმუნებულების ორი ეგზემპლარი და ყვითელი ფურცელი ზ. გ-ისათვის ხელმოსაწერად. ერთი საათის შემდეგ მან აღნიშნული დოკუმენტები ხელმოწერილი მიუტანა. ვიზუალურად რწმუნებულების დედანი და მისი ასლი განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან ბეჭდის განლაგებით, რელიეფური შრტიხით, არ ემთხვეოდა წარმოდგენილი პირადობის მოწმობის გაცემის თარიღი და დაფიქსირებული თარიღი. პირადობის მოწმობა გაცემული იყო 1996წ. 15 ივნისს, ხოლო წარმოდგენილ დოკუმენტში დაფიქსირებული იყო 2001წ. 16 მარტი, არ ემთხვეოდა ასევე მოწმობაში აღნიშნული შვიდციფრიანი ნომერი.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სსკ-ის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის ნოტარიუსის ე. მ-ის მიერ 2001წ. 24 იანვარს კ. გ-ის სახელზე გაცემული რწმუნებულება. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.
2003წ. 3 იანვარს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა ზ. შ-მა და მოითხოვა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მან 2001წ. 14 დეკემბერს აუქციონზე შეიძინა ქ. თბილისში მდებარე ბენზინგასამართი სადგური შენობა-ნაგებობებით, რომელიც ეკუთვნოდა შპს “ს.-ლ.”. აღნიშნული შპს-ის გენერალურმა დირექტორმა ზ. გ-მა, რომელიც ყველა ზომას მიმართავდა, რომ თავი აერიდებინა მითითებული შენობა-ნაგებობების გამოთავისუფლებისაგან, სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა. ამ საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე ზ. გ-ის მიერ წარმოდგენილ იქნა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილება. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილი რწმუნებულების საფუძველზე მონაწილეობდა კ. გ-ი 2001წ. 14 დეკემბერს ჩატარებულ აუქციონში, როგორც მოვალის წარმომადგენელი. განმცხადებლის მოსაზრებით, აღნიშნული დავა უშუალოდ ეხებოდა მის ინტერესებს, მაგრამ თვითონ საქმეში არ ყოფილა ჩაბმული, რაც სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენდა ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 თებერვლის განჩინებით ზ. შ-ს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე. რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაინტერესებული მხარის განცხადებით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა დაიშვებოდა, თუ ერთ-ერთი მხარე ან, თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდებოდა, ასეთი წარმომადგენელი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში. განმცხადებელი კი ვერ იქნებოდა სადავო გადაწყვეტილებით განხილულ საქმეში მხარედ ჩაბმული, ვინაიდან დავის საგანი და საფუძველი იყო ნოტარიუსის მიერ გაცემული რწმუნებულების ბათილად ცნობა, სადაც მოპასუხედ გამოდიოდა ნოტარიუსი.
რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. შ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი განცხადების დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 8 თებერვლის განჩინებით ზ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 თებერვლის განჩინება. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების შეტანა შეეძლო მხარეს, აგრეთვე, იმ პირს, რომელიც საქმეში მხარედ ან მესამე პირად ჩართული არ იყო, მაგრამ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში მითითებული იყო ამ პირზე და განსაზღვრული იყო მისი უფლება-მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლითაც ბათილად იყო ცნობილი კ. გ-ზე გაცემული მინდობილობა, ზ. შ-ის რაიმე უფლება-მოვალეობა განსაზღვრული არ ყოფილა. სარჩელი წარდგენილ იქნა ნოტარიუსის მოქმედებისადმი, რომელმაც დაამოწმა კ. გ-ზე გაცემული მინდობილობა და ასეთ საქმეში ზ. შ-ი მხარედ მოწვეული ვერ იქნებოდა. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს ზ. შ-ის მიმართ პრეიუდიციული ძალა არ გააჩნდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. შ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილი და გამოიტანა მცდარი დასკვნა, რომ ზ. შ-თან მიმართებაში აღნიშნულ გადაწყვეტილებას უფლება-მოვალეობათა თვალსაზრისით შემხებლობა არ გააჩნდა. მინდობილობით, რომელიც სადავო გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი, კ. გ-მა მონაწილეობა მიიღო აუქციონში, სადაც ზ. შ-მა შეიძინა ბენზინგასამართი სადგური. მინდობილობის გამცემმა პირმა ზ. გ-მა ეჭვქვეშ დააყენა აუქციონის შედეგები სწორედ იმ საფუძვლით, რომ მინდობილობა კ. გ-ისათვის მას არ მიუცია. ამდენად, ქმედება, რომელიც განხორციელდა მინდობილობის საფუძველზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, წარმოშობდა ზ. შ-ისათვის სამართლებრივ შედეგებს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 8 თებერვლის განჩინება, ზ. შ-ის განცხადება დაკმაყოფილდეს, ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილება და განახლდეს საქმეზე წარმოება, ზ. გ-ის სარჩელი დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ყოველ დაინტერესებულ პირს უფლებას აძლევს, სარჩელით მიმართოს სასამართლოს დარღვეული ან სადავო უფლების, ან კანონით გათვალისწინებული ინტერესის დასაცავად. სარჩელის აღძვრის მიზანი, ანუ იურიდიული ინტერესი, თავის მხრივ, განაპირობებს სხვადასხვა სახის სარჩელის არსებობას, როგორიცაა, მაგალითად, აღიარებითი, მიკუთვნებითი, გარდაქმნითი სარჩელები. მოსარჩელის მოთხოვნის პროცესუალური ფორმის სწორი ინდივიდუალიზაციის გზით ამა თუ იმ სახის სარჩელის ზუსტად შერჩევა და სასამართლოში წარდგენა მისი სწორი სასამართლო განხილვის უზრუნველყოფის წინაპირობაა.
მოცემულ შემთხვევაში ზ. გ-ის მიერ 2002წ. 11 ნოემბერს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში აღძრული სარჩელი, რომლითაც იგი ითხოვდა მისი სახელით გაცემული რწმუნებულების ბათილად ცნობას, წარმოადგენს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებულ აღიარებით სარჩელს. აღნიშნული მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი განსაზღვრულია როგორც სარჩელი, რომელიც შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღნიშნული განმარტების მიხედვით, აღიარებითი სარჩელის აღსაძრავად აუცილებელია აღიარების ნამდვილი იურიდიული ინტერესის ქონა. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინტერესის არსებობის გამორკვევა წარმოადგენს აღიარებითი სახის სარჩელის დასაშვებობის ძირითად წინაპირობას. ამიტომ სსკ-ის 180-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნული სარჩელის ჯერ კიდევ დასაშვებობის სტადიაზე აუცილებელია გაირკვეს, თუ რაში მდგომარეობს მოსარჩელის მიერ რაიმე დოკუმენტის ბათილობისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის აღიარების მოთხოვნის იურიდიული ინტერესი. ეს არის ცენტრალური საკითხი, რომელიც აღიარებითი სარჩელის, როგორც ასეთის, აღძვრის საფუძველია. აღნიშნული, თავის მხრივ, მჭიდროდ უკავშირდება საკითხის გამორკვევას, ნამდვილად აღიარებითი სარჩელია, თუ სინამდვილეში მოსარჩელეს სურს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა. აღნიშნულს, ასევე, არსებითი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ სწორად განისაზღვროს პირთა წრე, ვის მიმართაც მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის ნამდვილი იურიდიული ინტერესია მიმართული. ამასთან, პროცესუალური ეკონომიისა და სწორი მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, დაუშვებელია აღიარებითი სარჩელის წარდგენა, თუ შესაძლებელია აღიძრას მიკუთვნებითი სარჩელი.
მოცემულ შემთხვევაში რაიონულმა სასამართლომ ისე მიიღო და განიხილა ზ. გ-ის სარჩელი, რომ არ გამოურკვევია. სადავო რწმუნებულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებული მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, პირთა წრე, რომელთა მიმართ აღნიშნული ინტერესი იყო მიმართული, არ შეუმოწმებია, თავისი არსით იყო თუ არა ის აღიარებითი სარჩელი, თუ ამ საპროცესო ფორმით აღძრული მოთხოვნა სინამდვილეში მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრას ისახავდა მიზნად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ზ. გ-ის მიერ 2001წ. 24 იანვარს კ. გ-ზე გაცემული რწმუნებულების ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული დავა უშუალოდ ეხებოდა მის ინტერესებს. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 დეკემბრს ამ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2001წ. 24 იანვარს ზ. გ-ის სახელით კ. გ-ზე გაცემული რწმუნებულება. დადგენილია, რომ 2001წ. 14 დეკემბერს ჩატარებულ აუქციონზე ზ. შ-მა შეიძინა ქ. თბილისში მდებარე ბენზინგასამართი სადგური, რომელიც ეკუთვნოდა შპს “ს.-ლ.”. აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობას იღებდა შპს-ის გენერალური დირექტორის _ ზ. გ-ის რწმუნებული კ. გ-ი 2001წ. 24 იანვარს ზ. გ-ის სახელით გაცემული რწმუნებულების საფუძველზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, იმავდროულად, შპს “ს.-ლ.” ცალკე სარჩელი აღძრა აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამდენად, ზ. გ-ის სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი რწმუნებულება, რომელიც იქნებოდა მტკიცებულება აუქციონის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე. აქედან გამომდინარე, ზ. გ-ის მიერ რწმუნებულების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის აღძვრის ინტერესი რეალურად მიმართული იყო არა ნოტარიუსის ქმედებისადმი, არამედ აუქციონის შედეგების ბათილად ცნობისადმი, რომელზეც ზ. შ-მა შეიძინა ქონება. აღნიშნული იურიდიული ინტერესის გამოკვეთის გზით ზ. შ-ი აღმოჩნდებოდა იმ პირთა შორის, ვის მიმართაც ზ. გ-ის სარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი _ მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის ინტერესი იყო მიმართული.
სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან, თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება, ასეთი წარმომადგენელი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმის ნამდვილი აზრი იმ პირთა ინტერესების დაცვაში მდგომარეობს, რომელთაც მოესპოთ შესაძლებლობა, მიეღოთ მონაწილეობა მათ საკუთარ საქმეში. მოცემულ შემთხვევაში ზ. შ-ს, რომელიც მონაწილეა მიკუთვნებითი სარჩელით აღძრული დავისა, წაერთვა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო აღნიშნული სარჩელის ნაცვლად აღძრულ დავაში. მიკუთვნებითი სარჩელის მხარეს პირდაპირ შეეხება გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია აღნიშნული სარჩელის ნაცვლად აღძრულ აღიარებით სარჩელზე. ამდენად, მითითებული 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მოქმედების არეალში უნდა მოექცნენ მიკუთვნებითი სარჩელის მხარეები, თუკი მათი მონაწილეობის გარეშე განხილულია აღიარებითი სარჩელი, რომელიც აღძრულია აღნიშნული მიკუთვნებითი სარჩელის ნაცვლად, ნამდვილი იურიდიული ინტერესის გარეშე და აშკარადაა გამოკვეთილი ხელოვნურად აღძრული სარჩელი. სწორედ ასეთი მხარეა მოცემულ შემთხვევაში ზ. შ-ი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძველი. ამასთან, ზ. შ-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და განახლდეს საქმის წარმოება ზ. გ-ის სარჩელის დასაშვებობის სტადიიდან. აღნიშნული სარჩელის დასაშვებობის საკითხის გამორკვევისას პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა დაადგინოს, არსებობს თუ არა მოცემულ შემთხვევაში აღიარებითი სარჩელის აღძვრის ძირითადი წინაპირობა _ მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, სინამდვილეში ვის მიმართ არის მიმართული ზ. გ-ის მოთხოვნა და აღნიშნული აღიარებითი სარჩელი აღძრულია თუ არა შემდგომში მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის მიზნით. საქალაქო სასამართლომ ასევე ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებას, რომ, როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, მიკუთვნებითი სარჩელი უკვე აღძრულია. სასამართლომ უნდა გამოარკვიოს აღნიშნული სარჩელის ბედი და ისე გადაწყვიტოს აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხი. აღიარებითი სარჩელის აღძვრის იურიდიული ინტერესის არარსებობის შემთხვევაში აღიარებითი სარჩელი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული დაუშვებლობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე, 430-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. შ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 8 თებერვლის განჩინება;
ზ. შ-ის განცხადება დაკმაყოფილდეს;
ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილება და განახლდეს საქმეზე წარმოება;
ზ. გ-ის სარჩელი დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.