დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 12.06.2013
საქმის ნომერი
2კ-1687-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
12.06.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№16871-13 12 ივნისი, 2013 წელი

ა-ი თ.-16871-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ გ. ქ-ის

ადვოკატების – თ. ნ-სა და დ. მ-ის

მსჯავრდებულ _ თ. ა-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ თ. ა-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 მაისის განაჩენით თ. ა-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი – გ. დ-ის, ჯ. გ-ის, მ. ჩ-ის) – 4-4 წლით;

სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ე. დ-ის ეპიზოდი) – 6 წლითა და 3 თვით;

სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (რ. ჩ-ის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი – ი. გ-ის, ს. ა-ის, ა. ო-ის) ჯარიმა – 4.000-4.000 ლარი;

სსკ–ის 59–ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, ყველაზე მძიმე სასჯელს დაემატა ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ნახევრები და საბოლოოდ თ. ა-ს განესაზღვრა 15 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 12.000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

თ. ა-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2009 წლის 19 ოქტომბრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 2 აგვისტოს განაჩენით დარჩა უცვლელად, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 2 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №... დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ თ. ა-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 მაისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული თ. ა-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი – გ. დ-ის, ჯ. გ-ის) დანიშნული სასჯელის – 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან. ასევე გათავისუფლდა სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (რ. ჩ-ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის – 6 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან;

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ თ. ა-ს ერთი მესამედით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ე. დ-ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი – 6 წელი, 3 თვე და განესაზღვრა 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა. ასევე ერთი მესამედით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ. ჩ-ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი – 6 წელი და განესაზღვრა 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, ყველაზე მძიმე სასჯელს დაემატა ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ნახევარი და საბოლოოდ თ. ა-ს განესაზღვრა (1 წელს, 4 თვეს დამატებული 4 წელი, 2 თვე) 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 12.000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

თ. ა-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 19 ოქტომბრიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა თ. ა-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა ითხოვა ამნისტიის აქტის შეხება თითოეულ დანაშაულზე ცალ-ცალკე და სასჯელის ვადის ათვლა დაკავების დღიდან – 2009 წლის 19 ოქტომბრიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ცნობილია, რომ 2013 წლის 12 და 22 მარტს საქალაქო სასამართლოში წარდგენილია დაზარალებულების: რ. ჩ-ის, გ. დ-ის, ი. გ-ის, ჯ. გ-ისა და ა. ო-ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, რითაც ისინი თანხმობას აცხადებენ, მსჯავრდებულ თ. ა-ის მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით გათვალისწინებული ამნისტია. რაც შეეხება დაზარალებულ მ. ჩ-ისა და ე. დ-ის პოზიციას, ისინი წინააღმდეგნი არიან, მსჯავრდებულ თ. ა-ის მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–11 მუხლი.

რამდენადაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირის სასჯელისაგან გასათავისუფლებლად აუცილებელია ყველა დაზარალებულის ან მისი უფლებამონაცვლის თანხმობა, რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სრულად წარმოდგენილი არ ყოფილა, საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულზე კანონიერად გაავრცელა იმავე კანონის მე–4 და მე-11 მუხლების მოქმედება და დაზარალებულ მ. ჩ-ისა და ე. დ-ის ეპიზოდებში მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირა 1/3-ით, ხოლო დანარჩენ ეპიზოდებში იგი გაათავისუფლა დანიშნული სასჯელისაგან.

ამასთან, საქალაქო სასამართლომ კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით, ხოლო მე–20 მუხლის თანახმად, დაზარალებულთა თანხმობის მიუხედავად, ასევე კანონიერად დატოვა უცვლელად სასჯელად დაკისრებული ჯარიმები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი