დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 02.12.2005
საქმის ნომერი
ას-405-754-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.12.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ას-405-754-05 2 დეკემბერი, 2005წ.,ქ. ბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),რ. ნადირიანი

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, საიჯარო ქირის გადახდა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 8 მაისს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს “ლ-მა” მოპასუხე შპს „გ-ას“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა გაქირავებული ფართის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება, მოპასუხისათვის 2002წ. 6 აპრილის მდგომარეობით გადასახდელი საიჯარო ქირის _ 9250 ლარის დაკისრება, ნივთის დაყოვნების განმავლობაში დადგენილი ქირის გადახდა ნივთის დაბრუნების ან საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დრომდე. მოსარჩელის განმარტებით, 1999წ. 1 მარტს მას და მოპასუხეს შორის დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეს სარგებლობაში გადაეცა თბილისში, ...... მდებარე 50კვ.მ, ყოველთვიურად ქირის _ 250 ლარის გადახდის პირობით. მოსარჩელის განცხადებით, შპს “გ-ამ” არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, გადაიხადა მხოლოდ ერთი თვის ქირა, რის გამოც დავალიანებამ შეადგინა 9250 ლარი. 2002წ. 13 თებერვალს მოსარჩელემ მოპასუხეს მიმართა დავალიანების გადახდის მოთხოვნით და იმავდროულად გააფრთხილა გადაუხდელობის შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. მოპასუხემ ვალდებულება კვლავ არ შეასრულა, რის გამოც 2002წ. 29 მარტს მოსარჩელემ მოპასუხეს განუცხადა ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის შესახებ, რითაც მათ შორის ქირავნობის ურთიერთობა შეწყდა.

2002წ. 1 ივლისს შპს „გ-ამ“ შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს “ლ-ის” მიმართ და მოითხოვა გადახდილი საიჯარო თანხის _ 5500 აშშ დოლარისა და 250 ლარის დაბრუნება. მისი განმარტებით, 1999წ. 1 მარტს მხარეთა შორის დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება ...... მდებარე კაზინოს შესასვლელის მომიჯნავედ შპს „ლ-ის“ საკუთრებაში არსებული ფართის ნაწილზე _ 50კვ.მ-ზე. მათ წინასწარ გადაიხადეს ერთი თვის ქირა _ 250 ლარი და მომავალი საიჯარო ქირის ანგარიშში _ 5500 აშშ დოლარი, მაგრამ შპს “ლ-ის” მხრიდან გაქირავებული ფართის ფაქტობრივი გადაცემა არ მომხდარა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ლ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შპს „გ-ას“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ შპს “ლ-ს” დაეკისრა 250 ლარის გადახდა. რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა შპს “ლ-ის” წარმომადგენლების მოსაზრება, რომ თბილისში, ...... მდებარე შენობის პირველი სართულის ნაწილი წარმოადგენდა მხარეებს შორის 1999წ. 1 მარტს დადებული ქირავნობის ხელშეკრულების საგანს, რადგან საჯარო რეესტრის 2001წ. 14 მაისის ამონაწერით და თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ 2001წ. 30 აპრილს გაცემული ტექნიკური პასპორტით დადგენილი იყო, რომ სადავო ფართი ირიცხებოდა შპს “გ-ას” სახელზე და წარმოადგენდა მის საკუთრებას. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის 1999წ. 1 მარტს დადებული ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ფაქტობრივად არ განხორციელებულა ფართის მფლობელობაში გადაცემა, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს არ წარუდგენია და არც საქმეში მოიპოვებოდა. გარდა ამისა, რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “გ-ამ” შპს “ლ-ს” გადაუხადა საიჯარო ქირა 250 ლარის ოდენობით, რის გამოც, სკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა აღნიშნული თანხის დაბრუნება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ლ-მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება. აპელანტის მითითებით, საჯარო რეესტრის ამონაწერით ვერ დგინდებოდა და არც შეიძლება დადგენილიყო, რომ სადავო ფართი შპს „გ-ას“ საკუთრებას წარმოადგენდა. საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული იყო მხოლოდ შპს „გ-ას“ სახელზე საკუთრების უფლებით 680კვ.მ-ის აღრიცხვა, სადაც არ შედიოდა სადავო 50კვ.მ. რაც შეეხებოდა 2001წ. 30 აპრილს გაცემულ ტექნიკურ პასპორტს, რომლის მიხედვითაც, მთლიანი ფართი შპს „გ-ას“ საკუთრებას წარმოადგენდა, აღნიშნულს შპს „ლ-ი“ სადავოდ ხდიდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 სექტემბრის განჩინებით შპს “ლ-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 მარტის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, მხარეთა შორის 1999წ. 1 მარტს გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება ...... მდებარე არასაცხოვრებელი 50კვ.მ-ის შპს „გ-ას“ სარგებლობაში გადაცემის შესახებ, მაგრამ მტკიცებულება დამქირავებლისათვის ნივთის ფაქტობრივად გადაცემის შესახებ საქმეში არ მოიპოვებოდა, არ იყო შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი. ხელშეკრულების მიხედვით შეუძლებელი იყო იმის განსაზღვრა, კონკრეტულად რომელ ფართზე დაიდო გარიგება და რომელი ფართიდან უნდა გამოსახლებულიყო მხარე. შპს „ლ-ის“ მიერ წარმოდგენილი ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2002წ. 1 ნოემბრის საინვენტარიზაციო გეგმა და 2002წ. 6 აპრილის ცნობა-დახასიათება არ იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ დადგენილიყო იმ ფართის იდენტურობა, რომელზეც 1999წ. 1 მარტის ქირავნობის ხელშეკრულება იყო გაფორმებული. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ შპს „ლ-ის“ მიერ თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურიდან წარმოდგენილი ცნობის მიხედვით, რუსთაველის ...... მდებარე შენობის საერთო სარგებლობის 680კვ.მ მიღებული იყო ექსპლოატაციაში შპს „გ-ას“ სახელზე, ხოლო ,,ლ-ის” სახელზე ირიცხებოდა 235კვ.მ 1995წ. 16 სექტემბრის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე. 1995წ. შემდგომ, 1996წ. 13 ნოემბერს, მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება პირველი სართულის კაფე-ბარის ნაწილზე, რომლის მიხედვით, 51/286 საკუთრებაში გადაეცა შპს „გ-ას“. შესაბამისად, შემცირდებოდა შპს “ლ-ის” სახელზე ადრე აღრიცხული ფართი. აღნიშნულზე მიანიშნებდა საქმეში წარმოდგენილი ტექნიკური პასპორტებიც. 1996წ. 17 ოქტომბრის მდგომარეობით ...... მდებარე შენობის პირველი სართულის სადავო ნაწილი 1996წ. 13 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე მთლიანად ირიცხებოდა შპს „ლ-ის“ სახელზე, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების შემდგომი პერიოდისათვის _ 2001წ. 30 აპრილის მდგომარეობით _ 680კვ.მ, მათ შორის, სადავო ნაწილი, მთლიანად ირიცხებოდა შპს „გ-ას“ სახელზე. ამის გამო სააპელაციო სასამართლო მტკიცებულების ძალას ვერ მიანიჭებდა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2003წ. 14 მაისის წერილში ასახულ მონაცემებს. მართალია, შპს „ლ-ს“ ტექნიკური პასპორტის მონაცემები სადავოდ მიაჩნდა, მაგრამ მის გასაბათილებლად არ იყო დაწყებული სამართალწარმოება, რეესტრის მონაცემთა მიმართ კი მოქმედებდა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ლ-მა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება. კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი 2002წ. 1 ნოემბრის საინვენტარიზაციო გეგმით და 2002წ. 6 აპრილის ცნობა-დახასიათებით დგინდებოდა, რომ შპს „ლ-ის“ სახელზე 1996წ. 17 ოქტომბრისათვის ირიცხებოდა 286კვ.მ, საიდანაც იმავეწ. 13 ნოემბერს შპს „გ-ამ“ შეიძინა 51კვ.მ. ამის შემდგომ შპს “ლ-ის” სახელზე აღრიცხული დარჩა 235კვ.მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 16 აპრილის განჩინებით გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 30 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს სრულად და ყოველმხრივ არ ჰქონდა შესწავლილი საქმეზე არსებული მტკიცებულებები. როდესაც მესაკუთრე ითხოვდა სხვისი მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, სკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა შემდეგი გარემოებები: მოსარჩელე იყო ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე იყო ნივთის მფლობელი, მოპასუხეს არ ჰქონდა ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც სასამართლო აღნიშნული წინაპირობების არსებობას გაარკვევდა, შეეძლო, დაედგინა სამართლებრივი შედეგი: მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა ან ასეთ მოთხოვნაზე უარის თქმა. სკ-ის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელი იყო სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მხარეთა მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, დაედასტურებინა აღნიშნული მტკიცებულებების წარდგენით, რომ სადავო ნივთი მათ საკუთრებას წარმოადგენდა. მოპასუხე მიუთითებდა, რომ სადავო ფართი შეიძინა მოსარჩელისაგან. შესაბამისად, მას უნდა ჰქონოდა აღნიშნულის დამადასტურებელი სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი, რის არსებობაზეც სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული არ იყო. სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია ნივთის შესაძენად აუცილებელი სანოტარო საბუთები და გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც მნიშვნელოვანი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სანოტარო საბუთების მონაცემები ხდებოდა სადავო. ამასთან, არც აღნიშნული მტკიცებულებები იყო სრულად და ყოველმხრივ გამოკვლეული. სასამართლოს არ გაურკვევია, საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებულ 680კვ.მ-ში შედიოდა თუ არა სადავო ფართი, არ დაუსაბუთებია, თუ რატომ დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება იმ ფართზე, რომელიც დამქირავებლის საკუთრებაში იმყოფებოდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 17 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “ლ-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 მარტის გადაწყვეტილება შპს “ლ-ის” სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს “ლ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს “გ-ას” დაევალა თბილისში, ...... მდებარე არასაცხოვრებელი 50კვ.მ შპს “ლ-ისათვის” დაბრუნება ხელშეკრულების დადებამდე არსებულ მდგომარეობაში და იგი გამოსახლდა ზემოაღნიშნული ფართიდან, ასევე, შპს “გ-ას” შპს “ლ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის _ 9250 ლარის გადახდა და 2002წ. მაისიდან ყოველთვიურად 250 ლარის გადახდა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1999წ. 1 მარტს შპს “ლ-სა” და შპს “გ-ას” შორის გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება. ქირავნობის საგანს წარმოადგენდა თბილისში, ...... მდებარე არასაცხოვრებელი 50კვ.მ. ხელშეკრულების თანახმად, ყოველთვიური საიჯარო ქირა შეადგენდა 250 ლარს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალების საფუძველზე დგინდებოდა, რომ ქირავნობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ...... მდებარე შენობის პირველი სართულის ნაწილი (კაზინოს შესასვლელის შემადგენელი ნაწილი). კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ 1996წ. 13 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს “გ-ამ” შეიძინა შპს “ლ-ის” სარდაფის 210/261 და პირველი სართულის კაფე-ბარის 51/286. ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შპს “ლ-ის” საკუთრებაში დარჩა პირველი სართულის 235კვ.მ და სარდაფის 51კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი. ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2003წ. 14 მაისის ცნობის თანახმად, ...... პირველი სართულის _ კაზინოს შესასვლელის (ყოფილი კაფე-ბარის) ნაწილი _ 51კვ.მ 1996წ. 13 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით აღირიცხა შპს “გ-ას” საკუთრებად, ხოლო ამ ფართის ნაწილი _ 50კვ.მ შედიოდა შპს “ლ-ის” სახელზე რიცხულ 235 კვ.მ-ში.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ სადავო ფართი ირიცხებოდა მის საკუთრებად, ხოლო ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართის მასზე გადაცემა არ განხორციელებულა. სკ-ის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელი იყო სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დგინდებოდა, რომ არასაცხოვრებელი 51 კვ.მ-ის არასაცხოვრებელი ფართის მიყიდვის შემდეგ, რაც დასტურდებოდა სანოტარო ხელშეკრულებით, შპს “ლ-ის” საკუთრებაში დარჩა პირველი სართულის ყოფილი კაფე-ბარის ნაწილი _ 50კვ.მ (ამჟამად კაზინოს შესასვლელის შემადგენელი ნაწილი). შპს “გ-ამ” ვერ წარმოადგინა სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი, რომელიც დაადასტურებდა მისი საკუთრების უფლებას სადავო არასაცხოვრებელ 50კვ.მ-ზე.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გარდა ზემოაღნიშნულისა, არასაცხოვრებელ 50კვ.მ შპს “ლ-ის” საკუთრების უფლება და შპს “გ-ას” მიერ ამ ფართით სარგებლობის ფაქტი დადასტურებული იყო იმ გარემოებითაც, რომ მას შემდეგ, რაც შპს “გ-ამ” 1996წ. 13 ნოემბერს მოსარჩელისაგან შეიძინა ყოფილი კაფე-ბარის ნაწილი, მათ შორის 1997წ. 12 ივლისს გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება შპს “ლ-ის” საკუთრებაში არსებულ არასაცხოვრებელ 50კვ.მ -ზე. დადგენილი იყო, რომ ამ ხელშეკრულების შესაბამისად მოპასუხე იხდიდა საიჯარო ქირას. 1997წ. 12 ივლისის შემდგომ, 1999წ. 1 მარტამდე, შპს “ლ-სა” და შპს “გ-ას” შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო არასაცხოვრებელი 50კვ.მ-ის მესაკუთრე იყო შპს “ლ-ი”, ხოლო შპს “გ-ა” 1999წ. 1 მარტის ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დღემდე სარგებლობდა ამ ფართით. ამდენად, სკ-ის 558-ე, 564-ე, 567-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა ნივთის უკან დაბრუნება და ნივთის დაყოვნების გამო ქირის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “გ-ამ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დაირღვა შპს “გ-ას” უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი რეესტრის ჩანაწერის სისწორის პრეზუმფცია, რადგან შპს “გ-ას” საქმეზე წარმოდგენილი ჰქონდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან თბილისში, ...... მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თაობაზე, ასევე, საქმეში წარდგენილი იყო ამ უძრავი ქონების ტექნიკური პასპორტის დედანი ნახაზითურთ. ამ დოკუმენტებით დასტურდებოდა, რომ თბილისში, ...... შპს “გ-ა” საკუთრების უფლებით ფლობდა 680კვ.მ ფართს. ამ ფართში შედიოდა პირველი სართული დაახლოებით 101კვ.მ, რაც დასტურდებოდა საქმეში არსებული რეესტრის ამონაწერით და შესაბამისი ტექნიკური პასპორტით. მხარეს პროცესის ფარგლებში სადავოდ არ გაუხდია შპს “გ-ას” უძრავი ქონების საკუთრების რეგისტრაციის სისწორე. კასატორი, ასევე, მიუთითებდა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო იყო ქირის თანხის დაკისრების ნაწილშიც. თუკი სასამართლომ 1999წ. 3 მარტის ქირავნობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნია, მაშინ უნდა გაეთვალისწინებინა, რომ 1999წ. მარტიდან სარჩელის შეტანამდე _ 2002წ. მაისამდე გასული იყო სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნებზე სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს “გ-ას” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 თებერვლის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში სადავოა, არის თუ არა თბილისში, ...... მდებარე შენობის პირველი სართულის 50კვ.მ შპს “გ-ას” უკანონო მფლობელობაში და აქვს თუ არა შპს “ლ-ს”, როგორც მესაკუთრეს, აღნიშნული ფართის გამოთხოვის უფლება. სკ-ის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. აღნიშნული ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენას ადასტურებს ნივთის გასხვისების თაობაზე მესაკუთრისა და შემძენის მიერ ნოტარიულად დამოწმებული შეთანხმება და ამ შეთანხმების საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაცია. ამდენად, შპს “ლ-მა” უნდა დაამტკიცოს, რომ მას პირველი სართულის სადავო 50კვ.მ არ გაუსხვისებია და შედის მის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ფართში; შპს “გ-ამ”, თავის მხრივ, უნდა დაამტკიცოს, რომ აღნიშნული ფართი შეიძინა, არსებობს ამის თაობაზე ნოტარიულად დამოწმებული შეთანხმება და ამ საბუთის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებულია რეგისტრაცია. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მასალების საფუძველზე დადგენილია, რომ 1996წ. 13 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს “გ-ამ” შეიძინა შპს “ლ-ის” სარდაფის 210/261 და პირველი სართულის კაფე-ბარის 51/286; ამის შემდგომ შპს “ლ-ს” შპს “გ-ასათვის” პირველი სართულის ფართზე საკუთრება აღარ გადაუცია, ხოლო სადავო 50კვ.მ არ შედის მის მიერ 1996წ. 13 ნოემბერს შეძენილ ფართში. ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2003წ. 14 მაისის ცნობის თანახმად, ...... პირველი სართულის _ კაზინოს შესასვლელის (ყოფილი კაფე-ბარის) ნაწილი _ 51კვ.მ 1996წ. 13 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით აღირიცხა შპს “გ-ას” საკუთრებად, ხოლო ამ ფართის ნაწილი _ 50კვ.მ ირიცხება და შედის შპს “ლ-ის” სახელზე რიცხულ 235კვ.მ-ში.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს “გ-ას” ასეთი პრეტენზია წამოყენებული არა აქვს: იგი ვერ ასაბუთებს სადავო 50კვ.მ-ის შეძენას სკ-ის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვერ უთითებს, თუ როდის და რის საფუძველზე შეიძინა ეს ფართი, ვერ ამტკიცებს, რომ სადავო 50კვ.მ შედის მის მიერ შპს “ლ-ისაგან” სხვადასხვა დროს შეძენილ ფართში, რომ მის სახელზე საჯარო რეესტრში აღრიცხული 680კვ.მ მოიცავს სადავო ფართს, ვერ ხსნის, რატომ დადო ამ ფართზე ქირავნობის ხელშეკრულება შპს “ლ-თან”, თუკი მის საკუთრებას წარმოადგენდა. საკასაციო საჩივრის საფუძვლად კასატორი მიუთითებს საჯარო რესტრის ჩანაწერის სისწორის პრეზუმფციაზე. სკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისწორის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს როგორც კასატორის, ისე მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ლ-ის” რეესტრის მონაცემების მიმართ. ამასთან, შპს “ლ-ი” ადასტურებს, რომ საჯარო რეესტრში მის სახელზე რეგისტრირებულ 235 კვ.მ-ში შედის პირველი სართულის სადავო 50კვ.მ, რომელიც დაკავებული აქვს შპს “გ-ას”, ხოლო კასატორი ვერ ამტკიცებს, რომ მის სახელზე რეგისტრირებული 680კვ.მ, რომლის თაობაზეც საჯარო რესტრის ამონაწერში არ არის იდენტიფიცირებული პირველი სართულისა და სარდაფის ფართი, მოიცავს სადავო 50კვ.მ-ს და რომ მან ეს ფართი შეიძინა თავდაპირველი მესაკუთრის _ შპს “ლ-ისაგან”.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ თბილისში, ...... მდებარე შენობის პირველ სართულზე შპს “გ-ას” საკუთრებაშია მხოლოდ 1996წ. 13 ნოემბერს შეძენილი 51კვ.მ, ხოლო შპს “ლ-ი” წარმოადგენს ამავე შენობის პირველი სართულის სადავო 50კვ.მ-ის მესაკუთრეს, რომელიც არ შედის შპს “გ-ას” მიერ შეძენილ ზემოაღნიშნულ ფართში და რომელსაც შპს “გ-ა” ფლობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სადავო ფართიდან შპს “გ-ას” გამოსახლების, მისთვის ფართის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების დავალებისა და საიჯარო ქირის დაკისრების შესახებ შეესაბამება სკ-ის 172-ე, 558-ე, 564-ე, 567-ე მუხლების მოთხოვნებს.

რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, აღნიშნული საკითხი კასატორს არ წამოუჭრია სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ხოლო საკასაციო სასამართლო სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მსჯელობს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში და ვერ შეაფასებს ახალ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს “გ-ას” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება