გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
განჩინება
¹ას-413-737-05 25 მაისი, 2005წ. ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ხანდაზმულობის ვადის აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 15 ივნისს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. გ-მ მოპასუხე სს «.. ..ის» მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრების ვადის აღდგენა, სს «.. ..ის» 2003წ. 29 აგვისტოს ¹644-კ ბრძანების გაუქმება, დაკავებულ თანამდებობაზე უვადოდ აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სს « .. ..» მუშაობა დაიწყო 2002წ. 16 დეკემბერს. თავდაპირველად მოპასუხემ კონტრაქტი დაუდო სამი თვით. 2003წ. 16 მარტს აღნიშნული კონტრაქტი განახლდა კვლავ სამი თვით _ 16 ივნისამდე. ამის თაობაზე მოსარჩელემ გამოთქვა პროტესტი, მიმართა პროფკავშირებს, სადაც განუმარტეს, რომ მოპასუხესა და პროფკავშირებს შორის დადებული იყო კოლექტიური შეთანხმება, რომლის თანახმად, მუშაკები უნდა გადაყვანილიყვნენ მუდმივ სამუშაოზე, ანუ კონტრაქტი უნდა ყოფილიყო უვადო. მიუხედავად ამისა, კომპანიამ მოსარჩელეს კვლავ გაუფორმა ვადიანი კონტრაქტი 16 ივლისამდე, ხოლო შემდეგ _ 1 სექტემბრამდე. 2003წ. 7 აგვისტოს მოპასუხემ შეატყობინა, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გამო შეუძლებელი იყო ვადის ამოწურვის შემდეგ კონტრაქტის გაგრძელება. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მისი განთავისუფლების შემდგომ მოპასუხემ სამუშაოზე მიიღო ახალი კადრები, რომელთაც დაენიშნათ უფრო მაღალი ხელფასი, რის გამოც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს მოპასუხის მიერ ფინანსური მდგომარეობის მოტივით მისი განთავისუფლება. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მისი სამუშაოდან დათხოვნისას ადმინისტრაციამ დაარღვია კოლექტიური შეთანხმების მოთხოვნები, რომელიც დადებული იყო 2003წ. 4 მარტს, ერთი მხრივ, სს «.. ..სა» და მეორე მხრივ, ენერგეტიკისა და ელექტრო-ტექნიკური მრეწველობის მუშაკთა თავისუფალ პროფკავშირებსა და სს «.. ..ის» პროფკომიტეტს შორის. ამ ხელშეკრულების მე-2 თავის მე-5 პუნქტის თანახმად, შეთანხმებას პრიორიტეტული ხასიათი ენიჭებოდა შეთანხმების შინაარსსა და ადმინისტრაციის მიერ მიღებულ ნებისმიერ დადგენილებას ან ბრძანებას შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას. ამავე კოლექტიური ხელშეკრულების მე-8 თავის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში არ დაიშვებოდა ადმინისტრაციის მიერ ვადიან საკონტრაქტო სისტემაზე მუშა-მოსამსახურეთა გადაყვანა, ხოლო იქ, სადაც მუშა-მოსამსახურეები იძულებით იყვნენ გადაყვანილი, ერთი თვის ვადაში უნდა მომხდარიყო უვადო ხელშეკრულებების აღდგენა. შესაბამისად, დარღვეული იყო «პროფესიული კავშირების შესახებ» კანონის, ასევე «კოლექტიური ხელშეკრულებისა და შეთანხმების შესახებ» კანონის მე-12 მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად, კოლექტიური ხელშეკრულებების დებულებების დაცვა სავალდებულო იყო როგორც დამსაქმებლის ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანოსათვის, ასევე, მუშაკისა და შეთანხმების ხელმომწერი ყველა მხარისათვის. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მის მიმართ, ასევე, დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე, 37-ე, 42.2-ე მუხლების მოთხოვნები. აღნიშნული კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მას გააჩნდა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება, ვინაიდან იყო მარტოხელა დედა და ზრდიდა ორ შვილს. მოსარჩელე ასევე მიუთითებდა, რომ მან არაფერი იცოდა განთავისუფლების შესახებ ბრძანების არსებობის თაობაზე, რომელიც დათარიღებული იყო 2003წ. 29 აგვისტოს რიცხვით. აღნიშნული ბრძანების შესახებ შეიტყო მას შემდეგ, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004წ. 14 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა სხვა თანამშრომლების სასარჩელო მოთხოვნა და ისინი აღდგენილ იქნენ დაკავებულ თანამდებობებზე. აქედან გამომდინარე, მან მიმართა სს «.. ..ს» გათავისუფლების ბრძანების ჩაბარების მოთხოვნით, ჩაიბარა ეს ბრძანება მიმდინარე წლის 24 მაისს, ხოლო მანამდე ბრძანების თაობაზე არაფერი იცოდა, რაც გამოწვეული იყო ადმინისტრაციის მიზეზით. ამიტომ, თუკი სასამართლო მიიჩნევდა, რომ მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა ბრძანების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, ითხოვდა აღნიშნული ვადის აღდგენას.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში განმარტა, რომ მოსარჩელის განთავისუფლებისას კომპანიას კანონი არ დაურღვევია. მოპასუხეს ფუნქციონირების დაწყების დღიდან, მათ შორის, კოლექტიური ხელშეკრულების ხელმოწერის დღისათვის, თანამშრომლებთან გაფორმებული ჰქონდა მხოლოდ ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები შრომის კანონთა კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე. არასწორი იყო მოსარჩელის მტკიცება, რომ კოლექტიური ხელშეკრულების დადების შემდეგ ადმინისტრაცია ვალდებული იყო, ვადიან საკონტრაქტო სისტემაზე გადაყვანილ მუშა-მოსამსახურეებთან ერთი თვის ვადაში აღედგინა უვადო ხელშეკრულებები. ამ შეთანხმების მე-8 თავი ითვალისწინებდა სულ სხვა რამეს, კერძოდ, განსაზღვრული იყო, რომ ერთი თვის ვადაში უვადო ხელშეკრულებები აღდგენას ექვემდებარებოდა იქ, სადაც მუშაკები იძულებით იქნენ გადაყვანილი ვადიან საკონტრაქტო სისტემაზე. მოპასუხეს ნ. გ-ა არ გადაუყვანია საკონტრაქტო სისტემაზე იმ უბრალო მიზეზით, რომ იგი არასოდეს ყოფილა დანიშნული განუსაზღვრელი ვადით. სკ-ის 319-ე მუხლი კერძო სამართლის სუბიექტებს ანიჭებდა უფლებამოსილებას, კანონის ფარგლებში თავისუფლად დაედოთ ხელშეკრულებები და ნებაყოფლობით განესაზღვრათ ამ ხელშეკრულებების შინაარსი. მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულება დადებული იყო ორმხრივი ნების გამოვლენით, შრომის კანონთა კოდექსის მე-18 მუხლის შესაბამისად. ამავე კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა შრომის ხელშეკრულებით დაწესებული ვადის გასვლა. მოსარჩელეს არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა წარმოდგენილი იმის დამადასტურებლად, რომ იგი ვადიან საკონტრაქტო სისტემაზე იძულებით გადაიყვანეს. მოპასუხე ასევე მიუთითებდა, რომ მოსარჩელეს დარღვეული ჰქონდა შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის 1 ნაწილით დადგენილი სასამართლოსადმი მიმართვის ერთთვიანი ვადა. მოპასუხე აღნიშნავდა, რომ აღნიშნული ბრძანება ნ. გ-ს გაეგზავნა დაზღვეული წერილით მის მიერვე მითითებულ მისამართზე. მოსარჩელემ სრულიად შეგნებულად, ათი თვის შემდეგ, განმეორებით წაიღო კომპანიიდან იგივე ბრძანება, რათა სასამართლო შეეყვანა შეცდომაში და უსაფუძვლოდ მოეთხოვა გაშვებული გასაჩივრების ვადის აღდგენა. ამრიგად, მოსარჩელის განცხადება ხანდაზმული იყო და არ არსებობდა გასაჩივრების ვადის აღდგენის კანონიერი საფუძველი.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 15 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. გ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს შრომითი ხელშეკრულება სწორად ჰქონდა შეწყვეტილი შრომის კანონთა კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე, შრომის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლის გამო. რაიონულმა სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოსაზრება მოპასუხის მიერ 2004წ. 4 მარტს დადებული კოლექტიური ხელშეკრულების დარღვევის თაობაზე, ვინაიდან მოსარჩელე განუსაზღვრელი ვადით არასოდეს ყოფილა მიღებული მოპასუხე კომპანიაში და, ამდენად, ის ვერ იქნებოდა გადაყვანილი უვადოდან ვადიან საკონტრაქტო სისტემაზე, რასაც აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებდა. რაიონულმა სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის 1 ნაწილით დადგენილი სასამართლოსადმი მიმართვის ერთთვიანი ვადა. კერძოდ, დადგენილი იყო, რომ ნ. გ-ს მის მიერვე მითითებულ და მოპასუხისათვის ცნობილ მისამართზე 2003წ. 29 აგვისტოს გაეგზავნა იმავე თარიღის ¹644-ზ ბრძანება შრომითი კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ ბრძანება მოპასუხეს დაუბრუნდა წარწერით: «აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს». ბრძანების გამოცემიდან 9 თვის შემდგომ მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს და ითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინების მისთვის გადაცემის თარიღის დადასტურება წერილობითი სახით. მოპასუხემ გაუმზადა პასუხი მოთხოვნილი ბრძანების განმეორებითი ჩაბარების შესახებ, რომლის წაღებაზეც მოსარჩელემ უარი განაცხადა.
რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ნ. გ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება სარჩელში მითითებული საფუძვლებით. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ იგი განთავისუფლდა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე, 37-ე, 42-ე მუხლების, ასევე, კოლექტიური ხელშეკრულების მოთხოვნების უხეში დარღვევით. აპელანტის განმარტებით, მან შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს საქმეში მესამე პირად პროფკავშირების ჩაბმის თაობაზე, რაზეც სასამართლოს არ უმსჯელია. სასამართლომ არ გაიზიარა მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელემ წარადგინა განთავისუფლების ბრძანების ჩაბარების შესახებ. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელეს ჩაბარდა 2004წ. 24 მაისს, რის გამოც გასაჩივრების ვადა საპატიო მიზეზით ჰქონდა გაშვებული.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 თებერვლის განჩინებით ნ. გ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. გ-ა სს «.. ..-ში» მუშაობდა ...ის თანამდებობაზე და მხარეთა შორის გაფორმებული იყო ვადიანი კონტრაქტები. ბოლო კონტრაქტი მოსარჩელესთან გაფორმდა 2003წ. 16 ივლისს 2003წ. 1 სექტემბრამდე. 2003წ. 29 აგვისტოს ენერგოკომპანიის ¹644-კ ბრძანებით ნ. გ-ა განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. გათავისუფლების საფუძვლად მითითებულ იქნა შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვერ გაიზიარებდა აპელანტის მტკიცებას მისი სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ, ვინაიდან მხარეთა შორის თავიდანვე გაფორმებული იყო ვადიანი ხელშეკრულება, მათ შორის ხელშეკრულება არ დადებულა განუსაზღვრელი ვადით და, შესაბამისად, უვადო ხელშეკრულებიდან მოსარჩელეს ვადიან ხელშეკრულებაზე ვერ გადაიყვანდნენ, ხოლო შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დაწესებული ვადის გასვლა წარმოადგენდა შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მ და მოითხოვა განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება სარჩელში მითითებული საფუძვლებით. კასატორი მიუთითებდა, რომ კომპანიის ადმინისტრაციამ გააფრთხილა ფინანსური პრობლემების გამო მოსალოდნელი რეორგანიზაციის შედეგად სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე, რის შემდეგაც კომპანიის დაცვა სამსახურში აღარ უშვებდა. როგორც შემდგომ მისთვის გახდა ცნობილი, იგი განთავისუფლებულა სამუშაოდან, თუმცა ამის თაობაზე ბრძანება ხელზე არ ჩაბარებია, რაც გამოწვეული იყო კომპანიის ადმინისტრაციის მიზეზით. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელე სამუშაოდან განთავისუფლდა კონტრაქტის ვადის გასვლის გამო, ვინაიდან 2003წ. 7 აგვისტოს შეტყობინებაში განთავისუფლების საფუძვლად მითითებული იყო კომპანიის ფინანსური პრობლემები და რეორგანიზაცია. კასატორი მიუთითებდა, რომ მას ოჯახური მდგომარეობისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით, გააჩნდა სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლება, შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. საგულისხმო იყო ის გარემოებაც, რომ მოპასუხე ვალდებული იყო, შეესრულებინა კოლექტიური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ვადიანი ხელშეკრულებით მიღებული თანამშრომლები გადაეყვანა უვადო ხელშეკრულებებზე, რაც არ განუხორციელებია. ამის გამო მოპასუხეს დარღვეული ჰქონდა «პროფესიული კავშირების შესახებ» კანონის, «კოლექტიური ხელშეკრულებისა და შეთანხმების შესახებ» კანონის მე-12 მუხლის, კომპანიასა და პროფკავშირებს შორის დადებული კოლექტიური ხელშეკრულების მე-8 მუხლის მოთხოვნები; სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა აღნიშნული ნორმები და უარი არ უნდა ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
ნ. გ-ს სასარჩელო განცხადება ემყარება იმ საფუძვლებს, რომ კანონიერია სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნა და არ არის გაშვებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. მოპასუხე შესაგებელში ასევე უთითებს ორივე საფუძვლის გამაქარწყლებელ გარემოებებზე. რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა ორივე საკითხზე და არ დააკმაყოფილა სარჩელი უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა საპელაციო საჩივრით. სააპელაციო სასამართლომ კი იმსჯელა მხოლოდ სარჩელის არსებით მხარეზე და არაფერი უთქვამს სარჩელის ხანდაზმულობაზე, ამ თვალსაზრისით არ შეუმოწმებია სააპელაციო საჩივრის მოტივები, რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა და არ დაუდგენია შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა სამართლებრივი შეფასების სისწორეც საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს. მართალია, სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მაგრამ არ დაუსაბუთებია ხანდაზმულობის საკითხთან მიმართებაში რაიონული სასამართლოს მოსაზრებების ფაქტობრივი და სამართლებრივი სისწორე, რაიონული სასამართლოს დასკვნების გაზიარების ან უარყოფის მოტივები. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე კი საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, ამ შემთხვევაში კი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებები არ არის დადგენილი, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს საქმის გარემოებები და შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოს მიერ უცვლელად დატოვება უპირობოდ არ გულისხმობს, რომ სააპელაციო სასამართლო უცილობლად იზიარებს რაიონული სასამართლოს მოსაზრებებს და სააპელაციო სასამართლოს აღარ სჭირდება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივებზე მსჯელობა და დადგენილი დასკვნების გაზიარების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითება. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაზიარების მოტივები უნდა აისახოს სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში, ვინაიდან საკასაციო სასამართლო ამოწმებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების და არა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობას.
ამასთანავე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის საკითხის შეფასებისას მოცემულ შემთხვევაში უნდა ემსჯელა «კოლექტიური ხელშეკრულებისა და შეთანხმების შესახებ» კანონის მე-12 მუხლის, ასევე სს «.. ..სა» და პროფკავშირებს შორის დადებული კოლექტიური ხელშეკრულების მე-8 მუხლის მოთხოვნებზე და გამოერკვია, ხომ არ ამართლებდა აღნიშნული იურიდიულად მოსარჩელის მოთხოვნას. «კოლექტიური ხელშეკრულებისა და შეთანხმების შესახებ» კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კოლექტიური ხელშეკრულება აწესრიგებს შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ და პროფესიულ ურთიერთობებს დამსაქმებელსა და მუშაკებს შორის საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კოლექტიური ხელშეკრულების დებულებები ვრცელდება ყველა მუშაკზე, მიუხედავად პროფესიული კავშირის წევრობისა, ამ დებულებების დაცვა სავალდებულოა როგორც დამსაქმებლის ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანოსათვის, ასევე, მუშაკთათვის, შეთანხმების დებულებები სავალდებულოა შეთანხმების ყველა ხელმომწერი მხარისათვის. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე სს «.. ..ის» ადმინისტრაციას, ამავე საზოგადოების პროფორგანიზაციასა და საქართველოს ენერგეტიკისა და ელექტროტექნიკური მრეწველობის მუშაკთა თავისუფალი პროფკავშირის აღმასრულებელ საბჭოს შორის 2003-2005 წლებისათვის დადებული იყო კოლექტიური შეთანხმება, რომლის მე-8 თავის პირველი წინადადება ადგენდა, რომ კოლექტიური ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში არ დაიშვებოდა ადმინისტრაციის (დამქირავებლის) მიერ მუშა-მოსამსახურეთა გადაყვანა ვადიან საკონტრაქტო სისტემაზე, ხოლო იქ, სადაც იძულებით იყვნენ გადაყვანილნი, ერთი თვის განმავლობაში უნდა აღდგენილიყო უვადო ხელშეკრულებები. ამავე თავის მეორე წინადადების თანახმად, მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება დასაშვები იყო მხოლოდ გამოსაცდელი ვადით ახლად მიღებულ თანამშრომლებსა და დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან. ამიტომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა, მოცემულ შემთხვევაში ვადიანი კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველზე მოსარჩელის განთავისუფლებით დარღვეული ჰქონდა თუ არა მოპასუხეს უვადო ხელშეკრულების გაფორმების კოლექტიური შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე სრულყოფილად არ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, სსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. გ-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.