საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო
გადაწყვეტილების ტექსტი
№17091-13 12 ივნისი, 2013 წელი
ჯ-ი გ, 17091-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - დ. ბ-ს
მსჯავრდებულ - გ. ჯ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ჯ-ს საჩივარი სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 18 აპრილის განაჩენით გ. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით და სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აგვისტოს განაჩენით (განაჩენთა ერთობლიობით) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 9 წლით, 3 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა, რის შემდეგაც განაჩენთა ერთობლიობით გ. ჯ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით, 3 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2012 წლის 18 აპრილიდან.
2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №16 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. ჯ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ჯ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
გ. ჯ-ი გათავისუფლდა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 18 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ვ. ა-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელისაგან.
გ. ჯ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 151–ე მუხლით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.
გ. ჯ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისათვის (2 დამოუკიდებელი ეპიზოდი), დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 27 ივლისიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ჯ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
2013 წლის 12 ივნისს, სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულმა გ. ჯ-ა იშუამდგომლა თავისი საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ გ. ჯ-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ჯ-ს საჩივარი სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებაზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ თავისი საჩივრის უკან გათხოვნის გამო.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე