განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№17131-13 21 ივნისი, 2013 წელი
ჩ-ე ნ.- 17131-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ გ. ქ-ის
მსჯავრდებულ _ ნ. ჩ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ნ. ჩ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 1 ნოემბრის განაჩენით ნ. ჩ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით – 4 წლით;
სსკ-ის 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, დანაშაულთა ერთობლიობით ნ. ჩ-ეს სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 25.000 ლარი.
ნ. ჩ-ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2007 წლის 31 აგვისტოდან იმავე წლის 1 ნოემბრამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის განაჩენით ნ. ჩ-ე – ნასამართლევი – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
სსკ-ის 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით – 1 წლით;
სსკ-ის 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 6.000 ლარი;
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1–ლი ნაწილით, დანაშაულთა ერთობლიობით ნ. ჩ-ეს სასჯელად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა – 6.000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 67 მუხლისა და 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 1 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი, 5 თვე, 1 დღე და ნ. ჩ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 5 წლით, 11 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის საფუძველზე 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის ნაწილი – 4 წელი, 5 თვე, 1 დღე, სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 5 წლის, 5 თვისა და 1 დღის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 6.000 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით ნ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ პუნქტებით (პირველი ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ პუნქტებით (მეორე ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1–ლი ნაწილით, დანაშაულთა ერთობლიობით ნ. ჩ-ეს სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 2 წელი განესზაღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი – 2 წელი, ჩაეთვალა პირობით, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით ნ. ჩ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 9 წლით, 4 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის საფუძველზე 2 წელი, 11 თვე და 18 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის ნაწილი – 6 წელი, 5 თვე, 1 დღე, სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 7 წლის, 5 თვისა და 1 დღის გამოსაცდელი ვადით.
ნ. ჩ-ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან – 2011 წლის 13 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 22 იანვრის განკარგულებით მსჯავრდებული ნ. ჩ-ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისისა და იმავე სასამართლოს 2011 წლის 13 ოქტომბრის განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული საპატიმრო სასჯელების შემდგომი მოხდისაგან.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – თბილისის პრობაციის ბიურომ წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ნ. ჩ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მაისის განჩინებით ნ. ჩ-ის მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი.
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ნ. ჩ-ეს ერთი მესამედით შეუმცირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 1 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული პირობითი სასჯელი და განესაზღვრა 2 წელი და 8 თვე - პირობითი მსჯავრი.
მასვე ერთი მესამედით შეუმცირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 1 ნოემბრის განაჩენით, საქარველოს სსკ–ის 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ პუნქტით დანიშნული პირობითი სასჯელი და განესაზღვრა 3 თვე და 10 დღე – პირობითი მსჯავრი.
მასვე ერთი მესამედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტებით დანიშნული პირობითი სასჯელის ნაწილი და განესაზღვრა 1 წელი და 4 თვე – პირობითი მსჯავრი.
საბოლოოდ მსჯავრდებულ ნ. ჩ-ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 4 წელი, 3 თვე და 10 დღე – პირობითი მსჯავრი, 5 წლის, 3 თვისა და 10 დღის გამოსაცდელი ვადით.
განაჩენები სხვა ნაწილში, მათ შორის დამატებით სასჯელად დანიშნული ჯარიმის ნაწილში, დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. ჩ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მის მიერ წარდგენილი ოჯახის სრულწლოვანი წევრების სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობები იმ საფუძვლით, რომ მათ არ ახლდა ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტები. რადგან ამნისტიის აქტში არ იყო მითითებული აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ, ამდენად, მსჯავრდებულმა ითხოვა დაზარალებულების – მ. ლ-ის, ნ. დ-ის, ე. ა-ის და მ. ჯ-ის ეპიზოდებში სასჯელისგან სრულად გათავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 1 ნოემბრის განაჩენით გათვალისწინებულ სსკ-ის 180-ე მუხლით განსაზღვრულ თაღლითობის ბრალდების ნაწილში დაზარალებულად ცნობილნი არიან: ნ. ქ-ე, ნ. ქ-ე და მ. ჯ-ი. სასამართლოში წარდგენილი იყო მხოლოდ დაზარალებულ მ. ჯ-ის დედის ნ. ჯ-ის ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი თანხმობა, მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელების თაობაზე.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულ ნ. ჩ-ის მიმართ კანონიერად ვერ გაავრცელა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები და სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე–4 მუხლით, რომლის საფუძველზეც დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულს 1/3-ით შეუმცირა. რაც შეეხება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განკუთვნილ სსკ–ის 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით დანიშნულ სასჯელს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 დეკემბრის დადგენილების მხედველობაში მიღებით, ასევე კანონიერად გაუნახევრდა ამ მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, რომელიც განისაზღვრა 5 თვითა და 1 დღით. შესაბამისად, ამ მუხლით პირობითად ჩათვლილ სასჯელად განისაზღვრა 3 თვე და 10 დღე და საბოლოოდ, ნ. ჩ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად კანონიერად განესაზღვრა 2 წელი, 11 თვე და 10 დღე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 22 ივნისის განაჩენით ნ. ჩ-ის მიმართ სსკ–ის 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ პუნქტით (ორ ეპიზოდი) დანიშნულ სასჯელებზე კანონიერად არ გავრცელდა ამნისტიის აქტი, რადგან იგი შეწყალებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 22 იანვრის განკარგულებით.
პალატა აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა იმავე კანონის მე-17, მე-18, მე-20 მუხლებით და მსჯავრდებულ ნ. ჩ-ეს ერთნაირად და პროპორციულად თითოეულ დანაშაულზე ცალ-ცალკე შეუმცირა პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა, ხოლო რაც შეეხება დამატებითი სასჯელის სახით დანიშნულ ჯარიმას, კანონიერად დატოვა უცვლელად.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ნ. ჩ-ემ წარმოადგინა დაზარალებულების – მ. ლ-ის, ნ. დ-ისა და ე. ა-ის ნოტარიულად დამტკიცებული თანხმობები და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტები. დაზარალებულები არ არიან წინააღმდეგნი, ნ. ჩ-ის მიმართ გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მოქმედება.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–11 მუხლის თანახმად: „გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 მაისის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული ნ. ჩ-ე უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით ( ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელების შემდგომი მოხდისაგან.
რადგან საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 22 იანვრის განკარგულებით მსჯავრდებული ნ. ჩ-ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) დანიშნული საპატიმრო სასჯელების შემდგომი მოხდისაგან, მათზე ამნისტიის აქტი აღარ გავრცელდება. ამდენად, მსჯავრდებულ ნ. ჩ-ეს საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 1 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელი – 2 წელი, 11 თვე, 10 დღე.
ნ. ჩ-ეს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2007 წლის 31 აგვისტოდან იმავე წლის 1 ნოემბრამდე.
რადგან ნ. ჩ-ეს ზემოაღნიშნული სასჯელი უკვე მოხდილია ქვს, უნდა ჩაითვალოს სასჯელმოხდილად და გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის – 2 წლის, 11 თვისა და 10 დღის – პირობითი მსჯავრისაგან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 მაისის განჩინება სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ. ჩ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 მაისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული ნ. ჩ-ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელების შემდგომი მოხდისაგან.
მსჯავრდებულ ნ. ჩ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 1 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელი – 2 წელი, 11 თვე, 10 დღე.
ნ. ჩ-ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2007 წლის 31 აგვისტოდან იმავე წლის 1 ნოემბრამდე.
ნ. ჩ-ე ჩაითვალოს სასჯელმოხდილად და გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის – 2 წლის 11 თვისა და 10 დღის პირობითი მსჯავრისაგან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 მაისის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი