განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 28.06.2013
საქმის ნომერი
2კ-1729-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
28.06.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№17291-13 28 ივნისი, 2013 წელი

დ-ი ც., 17291-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ქ. ც-ას

მსჯავრდებულ _ ც. დ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ც. დ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 ივლისის განაჩენით ც. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 28 მაისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 ივლისის განაჩენით ც. დ-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 16 აპრილიდან; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 3500 ლარი.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 აპრილის განაჩენით ც. დ-ს საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენებით დანიშნული სასჯელების მოუხდელი ნაწილი – 10 წელი, 11 თვე, 27 დღე და საბოლოოდ მიესაჯა 12 წლით, 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 19 აპრილიდან; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 3500 ლარი.

2013 წლის 17 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ც. დ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ც. დ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ც. დ-ს ერთი მესამედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – 3 წლითა და 4 თვით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით – 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ც. დ-ს განესაზღვრა 8 წლით, 5 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 19 აპრილიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ც. დ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ ორმა დაზარალებულმა თანხმობა განაცხადა მის მიმართ ამნისტიის განსაზღვრული შეღავათის გავრცელების თაობაზე, ხოლო მესამე დაზარალებულის მოძებნა ვერ მოხერხდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას, მესამე დაზარალებულის მოძებნისა და მის მიერ თანხმობის გამოხატვის შემთხვევაში – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან სრულად განთავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში – სასჯელების პროპორციულად შემცირებას, ორი დაზარალებულის წერილობითი თანხმობის გათვალისწინებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ც. დ-ისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელების ერთი მეოთხედით შემცირება - კანონიერია.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებული ც. დ-ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელისგან (გარდა ჯარიმისა), ვინაიდან, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ წარმოდგენილია დაზარალებულების დამოწმებული განცხადებები, რომ ისინი თანახმა არიან, მსჯავრდებულ ც. დ-ის მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათები.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ც. დ-ისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 1 წელსა და 6 თვეს - უნდა დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის - 3 წლისა და 4 თვის - მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, 5 თვე, 9 დღე და საბოლოოდ სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 3 წლით, 11 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ც. დ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ც. დ-ი გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელისგან (გარდა ჯარიმისა).

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ც. დ-ს საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს 3 წლით, 11 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე