დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 19.06.2013
საქმის ნომერი
2კ-1730-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.06.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№17301-13 19 ივნისი, 2013 წელი

მ-ი ნ, 17301-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - ნ. ჯ-ს

მსჯავრდებულ - ნ. მ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ნ. მ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 ნოემბრის განაჩენით ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ», „გ» ქვეპუნქტებით (2007 წლის 4 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ» ქვეპუნქტებით (2007 წლის 4 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად გაუნახევრდა და ამ მუხლით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2007 წლის 29 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად გაუნახევრდა და ამ მუხლით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. საბოლოოდ სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი და 11-ლი ნაწილების გამოყენებით ნ. მ-ს მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 27 აპრილიდან; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 30000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 20 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

2013 წლის 13 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №9 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ნ. მ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. მ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ ნ. მ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ¼–ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 ნოემბრის განაჩენით სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2007 წლის 4 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი - 7 წელი და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 362–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2007 წლის 4 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი - 1 წელი და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი - 7 წელი და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი - 1 წელი და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ნ. მ-ს განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. მ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 მაისის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. რადგან ნ. მ-ი ნასამართლევია მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის (362–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია; ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება; ხოლო მე-18 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევაზე.

საქმეში წარმოდგენილია საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადება, რომლითაც იგი წინააღმდეგია, მსჯავრდებულ ნ. მ-ს მიმართ გამოყენებულ იქნეს ამნისტიის კანონი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 მაისის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ნ. მ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი