დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-908(კ-23) 19 დეკემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „მ...“
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2022 წლის 19 სექტემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - შპს „მ...ს“ მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ქალაქ ქუთაისში, ...ის ქ. №9/ ...ის ქ. №1-3-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ...) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლითაც 2020 წლის 13 ოქტომბრიდან არამართლზომიერად სარგებლობს და სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს შპს „მ...“, რასაც ადასტურებდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამშრომლის მიერ 2021 წლის 22 ოქტომბერს შედგენილი აქტი.
მოსარჩელემ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული უძრავი ქონება 2015 წლის 13 ოქტომბრის იჯარის ხელშეკრულებით, 5 წლის ვადით, სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული შპს „ მ...ს“, შესაბამისად აღნიშნული ხელშეკრულება შეწყდა ვადის გასვლის შედეგად - 2020 წლის 13 ოქტომბრიდან. სააგენტომ ასევე მიუთითა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 16 მაისის დასკვნაზე და აღნიშნა, რომ 2020 წლის 13 ოქტომბრიდან 2022 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერი სარგებლობისთვის მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენდა 37.273.38 ლარს, თუმცა შპს „მ...ს“ არ გადაუხდია ქონებით არამართლზომიერი სარგებლობისთვის დაკისრებული თანხა და არ გამოუთავისუფლებია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართი.
მოსარჩელემ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად, საბოლოოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის შპს „მ...სთვის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2020 წლის 13 ოქტომბრიდან 2023 წლის 7 თებერვლის ჩათვლით 50 126.04 ლარის ოდენობით საფასურის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „მ...ს“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 13 755 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა დაეკისრა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ ქუთაისში, ...ის ქ. №9/...ის ქ. №1-3-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ...) 2015 წლის 13 ოქტომბრის იჯარის ხელშეკრულებით, 5 წლის ვადით სარგებლობაში გადაცემული ჰქონდა შპს „მ...ს“. ამასთან, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2020 წლის 13 ოქტომბრიდან იჯარის ხელშეკრულება შეწყდა, მოქმედების ვადის გასვლის გამო, თუმცა დამქირავებელი შპს „მ...“ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ სარგებლობდა საიჯარო ქონებით და გამქირავებელმა საიჯარო ფართის გამოთავისუფლება მოითხოვა მხოლოდ 1 წლის და 6 თვის შემდეგ - 2022 წლის 27 აპრილს. აღნიშნული კი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 559-ე მუხლით გათვალისწინებულ, ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით გაგრძელების შემთხვევად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან „საგანგებო მდგომარეობასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 ოქტომბრის №507 დადგენილების გამოცემის მომენტისათვის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „მ...ს“ შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 559-ე მუხლის საფუძველზე, განუსაზღვრელი ვადით იყო განახლებული, ამ ურთიერთობაზე უნდა გავრცელებულიყო მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საშეღავათო პირობები და შპს „მ...“ უნდა განთავისუფლებულიყო ქონებით სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე პერიოდში, ხოლო დანარჩენ პერიოდზე მას უნდა დაკისრებოდა 2015 წლის 13 ოქტომბრის იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ქირა წლიური 7320 ლარის (თვიური 610 ლარი), 2023 წლის 7 თებერვლის ჩათვლით ჯამში - 13 755 ლარის ოდენობით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „მ...ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 25 113 (ოცდახუთი ათას ასცამეტი) ლარის გადახდა.
გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 ივლისის განჩინებით სასამართლომ განმარტა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული იყო უსწორობა, კერძოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში მოწინააღმდეგე მხარისათვის (მოპასუხეს) - შპს „მ...სათვის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ოდენობა 25 288,61 ლარის ნაცვლად მითითებული იყო 25 113 (ოცდახუთი ათას ასცამეტი) ლარი, ხოლო მე-5 პუნქტში კი შპს „მ...ს“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 1011,54 ლარის ნაცვლად მითითებული იყო 1004,52 ლარი, რაც წარმოადგენდა ტექნიკური ხასიათის უსწორობას და მოყვანილ უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილთან შესაბამისობაში. ამდენად, ზემოაღნიშნული განჩინებით №3/ბ-177-23წ. ადმინისტრაციულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა და სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „4. მოწინააღმდეგე მხარეს (მოპასუხეს) - შპს „მ...ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 25 288,61 (ოცდახუთი ათას ორას ოთხმოცდარვა ლარი და სამოცდაერთი თეთრი) ლარის გადახდა; 5. მოწინააღმდეგე მხარეს (მოპასუხეს) - შპს „მ...ს“ - სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1011,54 (ათას ოთხასი ლარი და ორმოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის ოდენობით“; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „მ...ს“ შორის 2015 წლის 13 ოქტომბერს, 5 წლის ვადით, გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება (ადმინისტრაციული ხელშეკრულება). ხელშეკრულება დაიდო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის, „სახელმწიფო ქონების განკარგვისა და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 8 სექტემბრის №1/1-3540 ბრძანების საფუძველზე. ხელშეკრულების საფუძველზე „მეიჯარე“ გადასცემდა, ხოლო „მოიჯარე“ იჯარის უფლებით იღებდა „მეიჯარის“ საკუთრებაში არსებულ, ქალაქ ქუთაისში, ...ის ქ. №9/...ის ქ. №1-3-ში მდებარე ფართს 38,17 კვ.მ და მასზედ დამაგრებულ მიწის ნაკვეთს (ს/კ...), წლიური საიჯარო ქირით 7320 ლარის ოდენობით, შესაბამისად, ყოველთვიურად ქონებით სარგებლობისთვის გადასახდელი საიჯარო ქირა შეადგენდა 610 ლარს. ამავე ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად კი განისაზღვრა, რომ ხელშეკრულება წყდებოდა: 1) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლით, 2) მეიჯარის მიერ ხელშეკრულების 5.5. მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულების მოშლის უფლების განხორციელების შემთხვევაში; 3) მხარეთა ურთიერთშეთანხმებით; 4) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის ან მისი ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მოიჯარეს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მეიჯარის შეტყობინების მიღებიდან ერთ თვეში უნდა გამოეთავისუფლებინა ქონება. ამასთან, ქონებაზე გაწეული ხარჯები არ ანაზღაურდებოდა.
სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამშრომლებმა შეადგინეს აქტი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ქალაქ ქუთაისში, ...ის ქ. №9/...ის ქ. №1-3-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (ს/კ...) ერთი წელი არამართლზომიერად სარგებლობდა და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა შპს „მ...“. 2022 წლის 17 მაისს კი, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს მთავარმა ოფიცრებმა შეადგინეს დათვალიერების შედეგების შესახებ ოქმი, სადაც აღნიშნულ იქნა, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 27 აპრილის №13/23472 წერილის საფუძველზე, დათვალიერდა შპს „მ...ს“ კუთვნილი სამეწარმეო ობიექტი და შენობა-ნაგებობების ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ შპს „მ...“ აღნიშნულ მისამართზე ახორციელებდა ... მომსახურებას.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2022 წლის 27 აპრილის №13/23474 წერილით შპს „მ...ს“ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით მოსთხოვა გამოენთავისუფლებინა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ხოლო არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის ოდენობასთან დაკავშირებით აცნობა, რომ გადახდის ვადასა და ანგარიშის რეკვიზიტებს, შეატყობინებდა დამატებით. აღნიშნული წერილი შპს „მ...ს“ დირექტორს ჩაბარდა 2022 წლის 10 მაისს. გარდა ამისა, 2022 წლის 23 მაისის №13/28620 წერილით, შპს „მ...ს” ეცნობა, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასური 2020 წლის 10 ნოემბრიდან შეადგენდა 33483,66 ლარს. ამასთან, მიეწოდა ანგარიშის რეკვიზიტები, სადაც უნდა მომხდარიყო თანხის გადახდა. დასახელებული წერილი შპს „მ...ს“ დირექტორს მ.ჩ-ეს ჩაბარდა 2022 წლის 30 მაისს.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ 2015 წლის 13 ოქტომბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „მ...ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას და მასზე არ მოქმედებდა სამოქალაქო კოდექსის დადგენილი სპეციალური ნორმები. სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 36-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ კანონით განსაზღვრულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის კონკრეტული წესი, რომელმაც კვლავ ძალა შეიძინა ხელშეკრულების ვადის ამოწურვისა და ხელშეკრულების შეწყვეტიდან. შესაბამისად, ქონების ხელახალი განკარგვა, უნდა მომხდარიყო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით და არა სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საიჯარო ურთიერთობის განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებისა და საიჯარო ურთიერთობის მიმართ შეღავათების გავრცელების შესახებ, იყო სამართლებრივად დაუსაბუთებელი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ შპს „მ...ს“ 2022 წლის 27 აპრილს პირველად მოეთხოვა ქონების გამოთავისუფლება, ხოლო საიჯარო ქირის ოდენობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა მხოლოდ 2022 წლის 23 მაისის წერილით, რომელიც მხარეს ჩაბარდა 2022 წლის 30 მაისს და აღნიშნა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე მხარეთა მიმართ საკანონმდებლო დონეზე დაწესებული კეთილსინდისიერების და მეორე მხარის ინტერესებისადმი გულისხმიერების გამოჩენის მოთხოვნიდან გამომდინარე, შპს „მ...ს“ ხელშეკრულების შეწყვეტიდან - 2020 წლის 13 ოქტომბრიდან 2022 წლის 30 მაისამდე, არამართლზომიერად ქონების სარგებლობისთვის უნდა დაკისრებოდა იმ ოდენობის თანხა, რაც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, ხოლო 2022 წლის 30 მაისიდან მხარეს უნდა გადაეხადა სახელმწიფო ქონების არამართლზომიერად სარგებლობის თანხა ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული საფასურის გათვალისწინებით. აღნიშნულმა კი სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ჯამში შეადგინა 25 288,61 ლარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, მართალია სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პოზიცია არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის დაკისრების ვადის ათვლასთან დაკავშირებით, თუმცა თანხის დაკისრების პრინციპი იყო დაუსაბუთებელი. კერძოდ, აღნიშნული პერიოდისთვის დასაკისრებელი თანხა დაანგარიშებულ იქნა არა ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი, არამედ საიჯარო ქირის მიხედვით. სააგენტო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ ქონებით სარგებლობისთვის საფასურის გამოანგარიშება უნდა მომხდარიყო მისი საბაზრო ღირებულების შესაბამისად, რაც ზემოაღნიშნული ბიუროს დასკვნით ჯამში წარმოადგენდა 50 126, 04 ლარს.
კასატორმა შპს „მ...სა“ და სააგენტოს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების მე-6 მუხლით გათვალისწინებულ, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებზე მითითებით აღნიშნა, რომ მხარისთვის ცნობილი იყო, რომ 5 წლის შემდეგ იჯარის ხელშეკრულება შეწყდებოდა. ამდენად კასატორმა მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელი იყო სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომელიც აქცენტს აკეთებდა მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კეთილსინდისიერებაზე, შპს „მ...ს“ კეთილსინდისიერებაზე მსჯელობის გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „მ...ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 25 113 (ოცდახუთი ათას ასცამეტი) ლარის გადახდა. ამასთან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 ივლისის განჩინებით გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების შესახებ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა და სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „4. მოწინააღმდეგე მხარეს (მოპასუხეს) - შპს ,,მ...ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 25 288,61 (ოცდახუთი ათას ორას ოთხმოცდარვა ლარი და სამოცდაერთი თეთრი) ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს - შპს „მ...ს“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
ამდენად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება უნდა შეამოწმოს მხოლოდ შპს „მ...სთვის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოთხოვნილი თანხის ანაზღაურების დავალებაზე უარის თქმის ნაწილში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, მუნიციპალიტეტი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა. ხოლო დასახელებული მუხლის 13 პუნქტი განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „მ...ს“ შორის 2015 წლის 13 ოქტომბერს, 5 წლის ვადით გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე „მეიჯარე“ გადასცემდა, ხოლო „მოიჯარე“ იჯარის უფლებით იღებდა „მეიჯარის“ საკუთრებაში არსებულ, ქალაქ ქუთაისში, ...ის ქ. №9/...ის ქ. №1-3-ში მდებარე ფართს 38,17 კვ.მ და მასზედ დამაგრებულ მიწის ნაკვეთს (ს/კ...), წლიური საიჯარო ქირით 7320 ლარის ოდენობით, შესაბამისად, ყოველთვიურად ქონებით სარგებლობისთვის გადასახდელი საიჯარო ქირა შეადგენდა 610 ლარს. ამავე ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის ან მისი ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მოიჯარეს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მეიჯარის შეტყობინების მიღებიდან ერთ თვეში უნდა გამოენთავისუფლებინა ქონება. ამასთან, ქონებაზე გაწეული ხარჯები არ ანაზღაურდებოდა.
დადგენილია, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამშრომლებმა შეადგინეს აქტი, რომელშიც აღინიშნა, რომ ქალაქ ქუთაისში, ...ის ქ. №9/...ის ქ. №1-3-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (ს/კ...) ერთი წელია არამართლზომიერად სარგებლობდა და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა შპს „მ...“. 2022 წლის 17 მაისს კი, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს მთავარმა ოფიცრებმა შეადგინეს დათვალიერების შედეგების შესახებ ოქმი, სადაც აღნიშნულია, რომ შპს „მ...“ ზემოაღნიშნულ მისამართზე ახორციელებდა ... მომსახურებას.
ასევე დადგენილია, რომ 2022 წლის 27 აპრილის №13/23474 წერილით შპს „მ...ს“ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით მოსთხოვა გამოეთავისუფლებინა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ხოლო არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის ოდენობასთან დაკავშირებით აცნობა, რომ გადახდის ვადასა და ანგარიშის რეკვიზიტებს, შეატყობინებდა დამატებით. აღნიშნული წერილი შპს „მ...ს“ დირექტორს ჩაბარდა 2022 წლის 10 მაისს. 2022 წლის 23 მაისის №13/28620 წერილით, შპს „მ...ს” ეცნობა, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასური 2020 წლის 10 ნოემბრიდან შეადგენდა 33483,66 ლარს. ამასთან, მიეწოდა ანგარიშის რეკვიზიტები, სადაც უნდა გადაეხადა თანხა. დასახელებული წერილი შპს „მ...ს“ დირექტორს მ.ჩ-ეს ჩაბარდა 2022 წლის 30 მაისს.
საქმის მასალებში არსებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2022 წლის 16 მაისს №5003091622 დასკვნის თანახმად კი, ქალაქ ქუთაისში, ...ის ქუჩა №9/...ის ქუჩა №1-3-ში ექსპერტიზაზე წარდგენილი უძრავი ქონების საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება: 2020 წლის მდგომარეობით თვეში საორიენტაციოდ შეადგენდა - 1780 ლარს; 2021 წლის მდგომარეობით თვეში საორიენტაციოდ შეადგენდა - 1840 ლარს; 2022 წლის მდგომარეობით თვეში საორიენტაციოდ შეადგენდა - 1770 ლარს.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე მხარეთა მიმართ საკანონმდებლო დონეზე დაწესებული კეთილსინდისიერების და მეორე მხარის ინტერესებისადმი გულისხმიერების გამოჩენის მოთხოვნასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ შპს „მ...ს“ ხელშეკრულების შეწყვეტიდან - 2020 წლის 13 ოქტომბრიდან 2022 წლის 30 მაისამდე, არამართლზომიერად ქონების სარგებლობისთვის უნდა დაეკისროს იმ ოდენობის თანხა, რაც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული (თვეში - 610 ლარი, ჯამში - 10 715,61 ლარი), ხოლო 2022 წლის 30 მაისიდან მხარემ უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ქონების არამართლზომიერად სარგებლობის თანხა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით გათვალისწინებული საფასურის გათვალისწინებით (თვეში - 1770 ლარი, ჯამში - 14 573 ლარი), განსაკუთრებით იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ხელშეკრულების შეწყვეტიდან 1 წლისა და 6 თვის მანძილზე, მოპასუხეს არ მოსთხოვა ფართის გამოთავისუფლება, რითაც შეუსაბამოდ გაიზარდა ქონებით სარგებლობისათვის გადასახდელი საფასურის ოდენობა. ასევე გასათვალისწინებელია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „მ...ს“ შორის 2015 წლის 13 ოქტომბერს დადებული იჯარის ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში, მხოლოდ შეტყობინების მიღებიდან ერთ თვეში ქონების გამოთავისუფლების ვალდებულებაზე, რაც შპს „მ...ს“ უფლებას აძლევდა მოთხოვნამდე გაეგრძელებინა უძრავი ქონებით სარგებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას შპს „მ...სთვის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში - 25 288,61 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე