დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-342(კ-22) 7 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. პ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 17 თებერვალს თ. პ-ემ (წარმომადგენელი შ. პ-ე) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით: ბათილად იქნეს ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 ნოემბრის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნას ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2020 წლის 17 იანვრის №... გადაწყვეტილება; სასამართლომ აღიაროს თ. პ-ე ...ში, სახელმწიფოს სახელზე რიცხული 2002 - 2005 წლებში ,,ტ...“-საგან იჯარით აღებული 250 და 650 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელად და ამ მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის უფლების მქონე პირად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 თებერვლის განჩინებით, თ. პ-ეის სარჩელი მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
2021 წლის 12 მარტის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჩაბმულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ამასთან ამავე სხდომაზე მოსარჩელის მიერ დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნები, კერძოდ მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 ნოემბრის №... გადაწყვეტილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2020 წლის 17 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 აპრილის №... გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და სადაო მიწის ნაკვეთის ამორიცხვა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით, თ. პ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ. პ-ეის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 05 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-8, მე-9, 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები, სადავო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების დროისათვის მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლი, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი და დადგენილად მიიჩნია, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირის - თ. პ-ეის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილია 2002 წლის 20 იანვრისა და 2005 წლის 25 მაისის იჯარის ხელშეკრულებები რომლითაც შპს ,,ტ...ს“ დირექტორმა ინდ მეწარმე თ. პ-ეს სარგებლობის უფლებით გადასცა 625 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ამასთან განისაზღვრა მიწის ნაკვეთის სარგებლობის საფასური 120 ლარის ოდენობით, რაც მას ყოველთვიურად უნდა გადაეხადა.
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 319-ე, 327-ე მუხლები და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის შეფასება, რომ თ. პ-ეის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია წარმოადგენს უძრავ ნივთზე მხოლოდ სარგებლობის უფლების, კერძოდ, იჯარის უფლების და არა საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს და მიიჩნია, რომ მას, როგორც დაინტერესებულ პირს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ წარუდგენია უძრავ ნივთზე საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის ვარგისად იქნებოდა მიჩნეული. №... და №... განცხადებით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. პ-ეის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე არ დგას შენობა - ნაგებობა. აღნიშნული მიწის ნაკვეთები არც დაინტერესებული პირის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს. შესაბამისად, მიიჩნია, რომ დაინტერესებული პირის მოთხოვნა არ აკმაყოფილებდა არც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირობებს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა თ. პ-ეის მიერ.
კასატორი მიუთითებს დავის ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ 2019 წლის 11 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა შესაბამისი დოკუმენტები და „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სისტემური და სპორადული რეგისტრაციისა და საკარმიდამო მონაცემთა სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, როგორც მართლზომიერმა მფლობელმა მოითხოვა მიწის ნაკვეთების (250 კვ.მ და 650 კვ.მ) რეგისტრაცია.
კასატორის განმარტებით, მოპასუხე მხარის მიერ შემოდავებული არ ყოფილა ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის ის ფაქტი, რომ იჯარის ხელშეკრულება დადებულია კანონის შესაბამისად და რომ იჯარის ხელშეკრულება არის უძრავი ქონების კანონიერად სარგებლობის უფლების ხელშეკრულება, იჯარის ხელშეკრულებით სარგებლობს ტ...ის ხის შენობას, კეთილმოეწყო და მიწის ნაკვეთს 2002 წლიდან დღემდე უწყვეტად ფლობს და სარგებლობს. წარმომადგენლის განმარტებით, როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ასევე ქვედა ინსტანციის სასამართლოები მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე უარის თქმის ძირითად საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებას, რომ იჯარის ხელშეკრულება არ წარმოადგენს მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო მესამე პირი მიუთითებს იმ არგუმენტზე, რომ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას, მიწის ნაკვეთი არ არის სახელმწიფო საკუთრებაში და სწორედ აღნიშნულის საფუძვლით შეუძლებელია საკუთრების უფლების აღიარება (რეგისტრაცია). კასატორი მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, ასევე „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემთა სრულყოფის წესის შესახებ“ კანონზე და მიიჩნევს, რომ მართლზომიერი მფლობელიც უფლებამოსილია გარკვეული პირობებით დაირეგისტრიროს მიწის ნაკვეთი. მისივე მსჯელობით, კანონი განსახილველ შემთხვევაში ათანაბრებს მიწის მართლზომიერი მფლობელობის დოკუმენტის მქონე პირს, მიწის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის მქონე პირთან ვინაიდან, ორივე დოკუმენტი პირს აძლევს საშუალებას დაირეგისტრიროს საკუთრება ეროვნული სააგენტოს საშუალებით.
საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მიწის მართლზომიერი მფლობელობის და მიწაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები არ გამიჯნეს ერთმანეთისაგან, რაც კანონის არასწორი განმარტების საფუძველი გახდა. არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ განმარტებას, რომ იჯარის ხელშეკრულება არის მხოლოდ საიჯარო ურთიერთობიდან წარმოშობილი და ნივთის მფლობელობის დამადასტურებელი ხელშეკრულება რომელიც არ გამოდგება მიწის საკუთრების რეგისტრაციისათვის. მიიჩნევს, რომ საიჯარო ხელშეკრულება არის ასევე მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ვარგისია აღიარების გზით მიწის რეგისტრაციისათვის. ასევე ყურადსაღებად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ იჯარის ხელშეკრულება (დოკუმენტი) დადებულია 2007 წლის 11 ივლისამდე (კანონის ამოქმედებამდე).
კასატორი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოთხოვნას არ წარმოადგენს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხი. განმარტავს, რომ ასეთ ფაქტზე მსჯელობას მისთვის მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია, რადგან საჭიროების შემთხვევაში, კერძოდ, სამომავლოდ როგორც თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის აღიარების მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, ფაქტებს მათ მიმართ ექნება პრეიუდიციული ძალა და შესაბამისად, ვერ შეძლებს ფაქტის დაადასტურებს. მიუთითებს კანონის მიზანზე და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ შპს „ტ...ან“ დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მითითებულ მიწის ნაკვეთს ფლობს მართლზომიერი ფლობით. განმარტავს, რომ იჯარის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის, ხელშეკრულება შესაბამისობაში იყო მითითებულ პერიოდში მოქმედ კანონმდებლობასთან. ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ ხელშეკრულება მოშლილად არ ითვლება და ასევე მიწის მფლობელობა გრძელდება კანონის საფუძველზე. კასატორის განმარტებით, აღიარების შესახებ კანონში არ არის დაყოფა იმ ფაქტებისა თუ რა სახის მართლზომიერი მფლობელობა იწვევს მიწის რეგისტრაციის უფლებას და რომელი არა. მისივე მსჯელობით, გარდა კანონში ჩამოთვლილი დოკუმენტებისა რომელიც არასრულია, მხარეს შეუძლია სარეგისტრაციო წარმოების პერიოდში წარადგინოს სხვა დოკუმენტები. ამასთან მიიჩნევს, რომ მართლზომიერი მფლობელობა კანონის თანახმად იწვევს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ისევე როგორც საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირის მიერ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კოლექტივიზაციის რღვევის შემდგომ პერიოდში გლეხობის (ფერმერების) აბსოლუტურ უმრავლესობას მიწის სარგებლობის კანონიერი უფლება სწორედ იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოეშვა. აპელირებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 სექტემბრის Nბს-410-397(კ-10) და 2019 წლის 28 ოქტომბრის Nბს-504-501(კ-17) განჩინებებზე და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსგავს საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან/ პრაქტიკასთან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. პ-ეის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2020 წლის 17 იანვრის №... გადაწყვეტილების კანონშესაბამისობის შემოწმება. ასევე, თუ რამდენად არსებობდა სადავო აქტების მიღების დროს იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე თ. პ-ეის მართლზომიერ მფლობელად და საკუთრების უფლების რეგისტრაციის უფლების მქონე პირად აღიარების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2002 წლის 20 იანვრის ხელშეკრულებით ერთის მხრივ შპს ,,ტ...ს“ დირექტორ ჯ. ა-ეს, შემდგომში ,,მეიჯარედ“ წოდებულსა და მეორე მხრივ მოქალაქე თ. პ-ეს, შემდგომში ,,მოიჯარედ“ წოდებულ პირს შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ქონების იჯარით გადაცემის მარეგულირებელი სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შპს ,,ტ...ს“ იურისდიქციის ქვეშ მყოფი ორსართულიანი ხის დასასვენებელი №... კორპუსი, მიწის ფართი 250 კვ.მ. ხელშეკრულებების თანახმად, ,,მეიჯარე“ ვალდებული იყო გადაეცა ,,მოიჯარისათვის“ 1-ელ პუნქტში ნაჩვენები შენობა, უზრუნველეყო შენობის მომარაგება ელ.ენერგიითა და ცივი წყლით, გადაეცა ,,მოიჯარისათვის“ ტურისტების მომსახურებისათვის აუცილებელი ინვენტარი და გამოეცვალა თავისი ხარჯებით ინვენტარის ის ნაწილები, რომლებიც გამოუსადეგარი გახდებოდა „მოიჯარისაგან“ დამოუკიდებელი მიზეზების გამო და დახმარებოდა ,,მოიჯარეს“ ქონების პრივატიზაციის დროს შენობის გამოსყიდვით გადაცემის მიზნით. თავის მხრივ „მოიჯარე“ ვალდებული იყო საცხოვრებელი კორპუსი გამოეყენებინა მოსახლეობის, დამსვენებელთა და მივლინებით ჩასულ პირთა ფასიანი მომსახურებისათვის, გადაეხადა მოხმარებული ელ. ენერგიისა და წყლის საფასური, მოევლო იჯარით გადაცემული ქონებისათვის, ჩაეტარებინა შენობის მიმდინარე რემონტი, უზრუნველეყო მიწის ფართის სარგებლობის ყველა ნორმის დაცვა არენდირებულ ტერიტორიაზე, გადაეხადა საიჯარო ქირა ყოველი თვის ბოლოს (რაც ამავე ხელშეკრულების თანახმად, დგინდებოდა ცალკე აქტით, სამეურნეო წლის დასაწყისში, არსებული საბალანსო ღირებულებიდან, მაგრამ არაუმეტეს 10%), რაც არ ათავისუფლებდა „მოიჯარეს“ კანონით გათვალისწინებული სხვა გადასახადებიდან. ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განსაზღვრულ იყო 5 წელი, აღნიშნულის გასვლის შემდეგ, მხარეებს უფლება ჰქონდათ გაეგრძელებინათ მისი მოქმედების ვადა. ზემოხსენებული ხელშეკრულების ანალოგიური შინაარსობრივი დატვირთვის მქონე ხელშეკრულება იქნა დადებული ამავე მხარეებს შორის 2005 წლის 04 იანვარს. მითითებული ხელშეკრულებების თანახმად, ,,მეიჯარე“ ვალდებული იყო ხელშეკრულების თაობაზე შეთანხმება მოეხდინა მის ზემდგომთან - ქონების მესაკუთრესთან (ტომი 1, ს.ფ. 93-101).
2002 წლის 20 იანვრის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ერთის მხრივ შპს ,,ტ...ს“ დირექტორ ჯ. ა-ესა და მეორე მხრივ ინდ.მეწარმე თ. პ-ეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, პირველი მხარე იღებდა ვალდებულებას მეორე მხრისათვის გადაეცა თავისუფალი მიწის ფართი I და IV კორპუსებს შორის 625 კვ. მეტრი, ხოლო მეორე მხარეს უნდა მოეხდინა ტერიტორიის დროებითი შემოღობვა ბამბუკით და ჩაედგა 18 კვ. მეტრის ფართის მქონე გადასატანი ჯიხური, განეთავსებინა მზისგან დამცავი ქოლგები, მოეხდინა ტერიტორიის კეთილმოწყობა. გაიწერა, რომ 2002 წლის 20 ივლისიდან 20 სექტემბრამდე მოემსახურებოდა შპს ,,ტ...ის“ დამსვენებლებს და მოსახლეობას, დაეცვა მიწის სარგებლობის ყველა საკანონმდებლო ნორმა, გადაეხადა პირველი მხარისათვის მოხმარებული ელექტროენერგიისა და წყლის საფასური, ხოლო სეზონის განმავლობაში მიწის ფართის სარგებლობისთვის -120 ლარი. ხელშეკრულება ძალაში იყო 2004 წლის 31 დეკემბრამდე და მისი მოქმედების ვადა გრძელდებოდა მხარეთა მიერ მისი გაუქმების წერილობით მოთხოვნამდე. ზემოხსენებული ხელშეკრულების ანალოგიური შინაარსობრივი დატვირთვის მქონე ხელშეკრულება იქნა დადებული ამავე მხარეებს შორის 2005 წლის 25 მაისს, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრა 2005 წლის 31 დეკემბრამდე და მისი მოქმედების ვადა გრძელდებოდა მხარეთა მიერ მისი გაუქმების წერილობით მოთხოვნამდე. ამდენად, ზემოხსენებულ ხელშეკრულებათა შინაარსი ნათლად ცხადყოფს, რომ მხარეთა შორის დადებულია იჯარის ხელშეკრულებები.
დადგენილია, რომ თ. პ-ეის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე არ დგას შენობა - ნაგებობა.
საკასაციო საჩივრის თანახმად, კასატორი მოთხოვნას ასაბუთებს „მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“, საქართველოს კანონის 3.1. მუხლის „ნ“ პუნქტზე მითითებით და მიიჩნევს, რომ აღნიშნული მუხლის ჩანაწერის გათვალისწინებით იგი წარმოადგენს მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელს, რადგან მიწის მესაკუთრესთან (სახელმწიფოსთან) დადებული აქვს მართლზომიერი ფლობის ხელშეკრულება - იჯარის ხელშეკრულება. ასევე მიიჩნევს, რომ იჯარის ხელშეკრულება აკმაყოფილებს ამავე კანონის 3.1 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, კერძოდ, არის მოსარგებლეც და აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე (03.06.2016წ) მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან (სახელმწიფო) დადებული ხელშეკრულების საფუძველზე (20.01.2002წ) დღემდე უწყვეტად ფლობს და სარგებლობს უძრავი ნივთით. კასატორის მოსაზრებით, მოთხოვნა ასევე აკმაყოფილებს კოდექსის 3.1. მუხლის „რ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, მიწის მართლზომიერი მფლობელის დამადასტურებელი დოკუმენტის შესახებ, კერძოდ, აკმაყოფილებს პუნქტის იმ ნაწილს, სადაც კანონმდებლის მიერ გაკეთებულია ჩანაწერი - „სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი“. კასატორის მოსაზრებით, სიტყვა - "აქტში" კანონმდებელი გულისხმობს ყველა სახის დოკუმენტს, რომელიც პირს აძლევს უფლებას ნებართვის საფუძველზე, მართლზომიერად ფლობდეს და სარგებლობდეს მიწის ნაკვეთით და მისივე მოსაზრებით მათ შორის მოიაზრება იჯარის ხელშეკრულებაც.
დავის საგნისა და საკასაციო საჩივარში მითითებული იმ მთავარი არგუმენტის გათვალისწინებით, რომ იჯარის ხელშეკრულებები მიჩნეული უნდა იქნეს მიწის (250 კვ.მ და 625 კვ.მ) ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად და შესაბამისად, მიწის ნაკვეთ(ებ)ის რეგისტრაციის საფუძვლად საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება - მოვალეობები, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უფლების რეგისტრაციისა და მასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო წარმოების წესი და პირობები განსაზღვრულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მე-9 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს, როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები განსაზღვრულია 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ სადავო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების დროისათვის მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლით განისაზღვრებოდა რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების დამატებითი პირობები. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველსაყოფად 2016 წლის 03 ივნისს მიღებულ იქნა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი. ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლებამოვალეობებს. კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტი გულისხმობს ამ კანონით გათვალისწინებულ სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელი საჯარო მმართველობითი სპეციალური ღონისძიებების ერთობლიობას, რომლებიც ხორციელდება ამავე კანონით დადგენილი შეღავათიანი წესებით მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებად რეგისტრაციის წასახალისებლად, ხოლო ამავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში სპორადული რეგისტრაცია განმარტებულია, როგორც სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად (2019 წელს მოქმედი რედაქცია). ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ამავე კანონით გათვალისწინებული შეღავათების შესაბამისად.
ამავე კანონის 4.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი მითითებულია, როგორც ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ნ“ პუნქტში, ასევე ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 2019 წლის რედაქციით მოქმედი საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება - ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, 2019 წლის 11 ოქტომბერს დაინტერესებული პირის - თ. პ-ეის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონულ ოფისში წარდგენილია N... სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მხარემ მოითხოვა ქ. ბათუმში, ...ში, ...ის ქN...-ში მდებარე 625 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციოდ წარდგენილია 2002 წლის 20 იანვრისა და 2005 წლის 25 მაისის იჯარის ხელშეკრულებები, რომელთა თანახმადაც, შპს ,,ტ...ს“ დირექტორმა ინდ. მეწარმე თ. პ-ეს სარგებლობის უფლებით გადასცა 625 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ამასთან განისაზღვრა მიწის ნაკვეთის სარგებლობის საფასური 120 ლარის ოდენობით, რაც მას ყოველთვიურად უნდა გადაეხადა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო - სამართლებრივი ურთიერთობები წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. შესაბამისად, მხარეები ნებაყოფლობით კისრულობენ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსენსუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. იჯარის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, იჯარა ორმხრივმავალდებულებელი, სასყიდლიანი და კონსენსუალური ტიპის ხელშეკრულებაა. მეიჯარის ვალდებულებაა, დროებით სარგებლობაში გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი (ქონება) ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისგან სწორი სამეურნეო გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით ნაყოფის მიღება, ხოლო მოიჯარის ვალდებულება კი, შეთანხმებული საზღაურის გადახდაა. ამდენად, იჯარის ხელშეკრულებით ხდება ქონების მოიჯარის მფლობელობასა და სარგებლობაში გადაცემა და ორმხრივი ვალდებულებების წარმოშობა, რაც წარმოადგენს უძრავი ქონების უფლებრივად დატვირთვას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ (2019 წლის რედაქციით მოქმედი) საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტს, სადაც კანონმდებლის მიერ განიმარტა, რომ მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტია: 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა - დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.
კანონმდებლობით კონკრეტულად არის გაწერილი ის დოკუმენტები, რომლებიც უძრავი ქონების რეგისტრაციის საფუძველია, ხოლო თ. პ-ეის განცხადებაზე წარდგენილი იჯარის ხელშეკრულება ვერ იქნება მიჩნეული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების/მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად ან ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ,,სხვა დოკუმენტად’’. ცალსახაა, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტის საფუძველზე და მის შესაბამისად უნდა განახორციელოს. მითითებული საკანონმდებლო რეგულაციისა და დავის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ. პ-ეის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია წარმოადგენს უძრავ ნივთზე მხოლოდ სარგებლობის უფლების, კერძოდ, იჯარის უფლების და არა საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს და რომ მას, როგორც დაინტერესებულ პირს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ წარუდგენია უძრავ ნივთზე საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის ვარგისად იქნებოდა მიჩნეული. რაც შეეხება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, მითითებულია, რომ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ ორგანოდ განსაზღვრულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება დაინტერესებული პირის განცხადების, მიწის მართლზომიერი მფლობელობის/სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ მართებულად განუმარტა მხარეს, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა მითითებულ მოთხოვნასაც.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ №... და №... განცხადებით, თ. პ-ეის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე არ დგას შენობა - ნაგებობა. აღნიშნული მიწის ნაკვეთები არც დაინტერესებული პირის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს. შესაბამისად, დაინტერესებული პირის მოთხოვნა არ აკმაყოფილებდა არც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირობებს.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონული ოფისის მიერ მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2019 წლის 25 ნოემბრის №... და №... გადაწყვეტილებები შეესაბამება მითითებულ კანონმდებლობას.
რაც შეეხება მოთხოვნებს - ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2020 წლის 17 იანვრის №... გადაწყვეტილება, ასევე ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 აპრილის №... გადაწყვეტილება და სადაო მიწის ნაკვეთის ამორიცხვა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებიდან, იმ პირობებში, როდესაც უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული მხარის მოთხოვნა სადავო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე, რაც გაზიარებულია საკასაციო პალატის მიერ, შესაბამისად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების შედეგი და მსჯელობა ზემოაღნიშნულ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილშიც.
აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს წარმომადგენლის მიერ, საკასაციო საჩივარში ყურადღებაგამახვილებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 სექტემბრის Nბს-410-397(კ-10) და 2019 წლის 28 ოქტომბრის Nბს-504-501(კ-17) განჩინებებზე და განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების, დავის საგნისა და შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს არარელევანტურად.
საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს კვლავ ხაზგასმით განმარტოს, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულება კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში წარმოადგენს გარიგებას, რომლის მიხედვითაც ერთი მხარე (გამქირავებელი) ვალდებულებას კისრულობს საზღაურის მიღების პირობით გადასცეს მეორე მხარეს (დამქირავებელს) რაიმე ქონება დროებით სარგებლობისათვის. ასევე, უდავოა, რომ როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, იჯარასთან დაკავშირებულ სამართალურთიერთობას ამომწურავად არეგულირებს კერძო სამართლის ნორმები, რომლის განმარტების შედეგადაც ცალსახაა, რომ იჯარის ხელშეკრულება წარმოადგენს ქონების დროებითი სარგებლობის საფუძველს და იგი არ წარმოადგენს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის უფლების მიმნიჭებელ დოკუმენტს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, თ. პ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, თ. პ-ეს (პირადი N...) უნდა დაუბრუნდეს დ. ა-ეის (...) მიერ, თ. პ-ეის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, სს თ...ში 2022 წლის 11 აპრილს N0 საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. პ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინება.
3. თ. პ-ეს (პირადი N...) დაუბრუნდეს დ. ა-ეის (...) მიერ, თ. პ-ეის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, სს თ...ში 2022 წლის 11 აპრილს N0 საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე