გაუქმდა და შეწყდა

სამოქალაქო 20.12.2005
საქმის ნომერი
ას-511-832-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.12.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-511-832-05 20 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: თანხის გადახდევინება.

აღწერილობითი ნაწილი:

ც. რ.-მა 2002წ. 8 თებერვალს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე რ. ლ.-ის მიმართ და მოითხოვა მის სასარგებლოდ 7260 აშშ დოლარის გადახდა. აქედან 5500 აშშ დოლარი რ. ლ.-ის მიერ სესხად მიღებული თანხაა, 17600 აშშ დოლარი კი პროცენტის თანხა (ძირითადი თანხის 2% X 16 თვეზე).

მოპასუხე რ. ლ.-მა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2000წ. 2 ნოემბერს ც. რ.-ისაგან 5500 აშშ დოლარი ისესხა 10%-ით. სესხის ხელშეკრულება კი 5500 აშშ დოლარზე გაფორმდა. მითითებული თანხა – 5500 აშშ დოლარი ც. რ.-ს 2000წ. 28 დეკემბერს დაუბრუნა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივნისის გადაწყვეტილებით ც. რ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა _ მოპასუხე რ. ლ.-ს დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის _ 5500 აშშ დოლარის და პროცენტის თანხის _ 1760 აშშ დოლარის, ე.ი სულ 7260 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

აღნიშნული სამოქალაქო საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა სასამართლო ინსტანციების მიერ და ბოლოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. ლ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ც. რ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ც. რ.-ს დაეკისრა რ.ლ.-ის სასარგებლოდ 170.02 ლარის გადახდა.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ საქმეში წარმოდგენილია სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალური სამმართველოს 2003წ. 1 ივლისის ¹19(544)-51 დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ხელწერილზე არსებული ჩანაწერი-ხელმოწერა „რ.-ი ც.“ შესაძლებელია შესრულებული იყოს ც.რ.-ის მიერ. კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ ხერხდება კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზების გამო. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ხელწერილზე არსებული ჩანაწერი-ხელმოწერა, „რ.-ი ც.“ არ არის გადაღებული 2000წ. 26 ივლისის სესხის ხელშეკრულებაზე არსებული ც.რ.-ის ხელმოწერიდან. ამდენად, ექსპერტის დასკვნაში კატეგორიულად არ არის მითითებული, რომ მასზე შესრულებული ხელმოწერა არ ეკუთვნის ც.რ.-ს, რის გამოც ხელწერილში მითითებული გარემოება სააპელაციო პალატამ სარწმუნოდ მიიჩნია.

გარდა ამისა, 2001წ. 11 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა ე.წ. მორიგების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, 2001წ. 7 ივნისს რ.ლ.-მა ც.რ.-ს გადაუხადა 500 აშშ დოლარი. დარჩენილ თანხას _ 8000 აშშ დოლარს რ. ლ.-ი ც. რ.-ს გადაუხდიდა 2001წ. აგვისტოს, თანხის გადახდის შემდეგ ანულირდება სამივე ხელშეკრულება. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე გაკეთებული წარწერა ხელშეკრულების ანულირების თაობაზე, ასევე, მოწმეების : ნ.სულაშვილისა და ზ.მ.-ის ახსნა-განმარტებები მიუთითებენ იმაზე, რომ რ.ლ.-მა ც.რ.-ს გადაუხადა ვალი.

სააპელაციო პალატამ რ. ლ.-ის სარჩელი დააკმაყოფილა სკ-ის 623-ე და 427-ე მუხლების საფუძველზე.

ც. რ.-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის უკან დაბრუნება. მან საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და შედეგად არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ სკ-ის 172-ე მუხლი. ასევე, ექსპერტიზის დასკვნა სავალდებულო არ არის და იგი სასამართლომ უნდა შეაფასოს სსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით სხვა მტკიცებულებებით ერთობლიობაში და არ უნდა დაყრდნობოდა ე.წ. სავარაუდო დასკვნას, ვინაიდან მას მტკიცებულების ძალა არ აქვს და იგი არც ერთი მხარის სასარგებლოდ ან საწინაააღმდეგოდ არ უნდა გამოეყენებინა. გარდა ამისა, ანულირების ტექსში არ არის მითითებული, რომ თანხის გადახდის გამო ხდება მისი ანულირება და არც ხელმოწერაა. სააპელაციო პალატამ ვერ მიუთითა ნორმაზე, რომელიც ითვალისწინებს ორ პირს შორის დადებული ხელშეკრულების მესამე პირის მიერ ანულირებას.

საქმის საკასაციო განხილვისას მხარეები მორიგდნენ და სასამართლოში წარმოადგინეს შემდეგი შინაარსის მორიგების აქტი:

რ. ლ.-ი კისრულობს ვალდებულებას, ც. რ.-ს გადაუხადოს 3000 აშშ დოლარი. აქედან 2000 აშშ დოლარს გადასცემს მორიგების აქტზე ხელის მოწერისთანავე, ხოლო დანარჩენ 1000 დოლარს გადაიხდის სასამართლოს მიერ მხარეთა შორის მიღწეული მორიგების განჩინების დამტკიცებიდან 6 თვის განმავლობაში.

ც. რ.-ი თავის მხრივ თანახმაა რ. ლ.-ისაგან მიიღოს 2000 აშშ დოლარი მორიგების აქტზე ხელმოწერისთანავე, ხოლო დარჩენილ 1000 აშშ დოლარს მიიღებს სასამართლოს მიერ მხარეთა შორის მიღწეული მორიგების განჩინებით დამტკიცებიდან 6 თვის ვადაში.

რ. ლ.-ის მიერ თანხის სრულად გადახდის შემდეგ ყადაღა მოეხსნას მის სახელზე რიცხულ მცხეთის რაიონში, ... მდებარე ¹7 ბინას, რომელსაც ყადაღა დაედო მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 თებერვლის განჩინების შესაბამისად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და თვლის, რომ მოცემულ სამოქალაქო საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო ინსტანციის სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისისა, რომელთაც შეიცავს სპეციალური თავი. სსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. სპეციალურ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით მხარეებს შეუძლიათ, საქმის წარმოება დაამთავრონ მორიგებით. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდებიან. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია შეთანხმების დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.

გარდა ამისა, სსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ხარჯების ოდენობა განახევრდება, თუ მხარეები მორიგდებიან.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის მე-3 მუხლით, 272-ე მუხლის „დ“ პუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით:

რ. ლ.-ი კისრულობს ვალდებულებას ც. რ.-ს გადაუხადოს 3000 აშშ დოლარი. აქედან 2000 აშშ დოლარს გადასცემს მორიგების აქტზე ხელის მოწერისთანავე, ხოლო დანარჩენ 1000 დოლარს გადაიხდის სასამართლოს მიერ მხარეთა შორის მიღწეული მორიგების შესახებ განჩინების მიღებიდან 6 თვის განმავლობაში;

რ. ლ.-ის მიერ თანხის სრულად გადახდის შემდეგ ყადაღა მოეხსნას მის სახელზე რიცხულ, მცხეთის რაიონში,... მდებარე.

გაუქმდეს, ც. რ.-ის სარჩელის გამო მოპასუხე რ. ლ.-ის მიმართ ¹511-832-05 სამოქალაქო საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება და შეწყდეს საქმის წარმოება მხარეთა მორიგების გამო;

რ. ლ.-ს და ც. რ.-ს თითოეულს ცალ-ცალკე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (საქართველოს ეროვნული ბანკის კოდი _ 220101107, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი _ 300033114, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე) ანგარიშზე 60 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ჩარიცხვა.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.