დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-1332(კ-22) 20 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - მ.ს-ა
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მესამე პირი - სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ.ს-ამ 2018 წლის 02 თებერვალს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე, სარჩელით მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ერთად მოპასუხედ საქართველოს პრეზიდენტი მიუთითა და მოითხოვა ბათილად ყოფილიყო ცნობილი:
1. ,,...ის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მ.ს-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 სექტემბრის №765 ბრძანებულება;
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დავალებოდა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მ.ს-ა ...ის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებულად ჩაითვლებოდა ვადის გასვლის საფუძვლით - 2009 წლის 15 მაისიდან;
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დავალებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ, თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან - 2005 წლის 22 სექტემბრიდან 2009 წლის 15 მაისამდე ...ის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მიუღებელი ხელფასის, 100.000 ლარის ოდენობით ზიანის სახით ანაზღაურება.
მ.ს-ა სარჩელში აღნიშნავდა, რომ 1999 წლის 15 მაისს იგი დაინიშნა ...ის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ 10 წლის ვადით. 2004 წლის 23 დეკემბერს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებით გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან, ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს 2005 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით, რაც, თავის მხრივ, 2005 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიამ ძალაში დატოვა.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილებები მის მიერ გასაჩივრებულ იქნა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში, რომელმაც 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით დაადგინა ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფის დარღვევა და მიენიჭა სამართლიანი დაკმაყოფილება, ანუ აუნაზღაურდა მორალური ზიანი და ხარჯი.
მ.ს-ა სარჩელში აღნიშნავდა, რომ მისი განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო პროცედურული დარღვევით, შესაბამისად, მოსარჩელის მოსაზრებით, იგი წარმოადგენდა ბათილ აქტს. ვინაიდან მისი გათავისუფლება იყო უკანონო, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ უნდა აღდგენილიყო ...ის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, ანაზღაურებოდა განაცდური ხელფასი 2005 წლის 11 ივლისიდან - 2009 წლის 15 მაისამდე და ამავე დღის თარიღით განთავისუფლებულიყო დაკავებული თანამდებობიდან კანონით დადგენილი ნამსახურების ვადის ამოწურვის საფუძვლით, რათა მას შესძლებოდა მიეღო „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო კომპენსაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის მოტივით, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ.ს-ას მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით მ.ს-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2017 წლის 03 ივლისის განჩინების საფუძველზე მ.ს-ას მიმართ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძვლით განახლებული საქმის წარმოების პირობებში მიღებული შემდგომი სამართლებრივი აქტები. აღნიშნული სამართლებრივი აქტები არ ერთოდა არც აპელანტ მ.ს-ას სასარჩელო განცხადებას და ასევე არ იყო გამოთხოვილი საქმის განმხილველი სასამართლოს მიერაც. მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების შესწავლის გარეშე კი შეუძლებელი იყო მოსარჩელის/აპელანტის მოთხოვნების დასაბუთებულობისა და კანონიერების საკითხის გადაწყვეტა, რამეთუ სწორედ განახლებული საქმის წარმოების პირობებში მიღებული გადაწყვეტილებები და მათი სამართლებრივი საფუძვლები შესაძლებელია არსებითი ყოფილიყო განსახილველი დავის ბედის გადაწყვეტისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაბრუნებოდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ.ს-ას მიერ. კასატორის მოსაზრებით, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები საკმარისი იყო სარჩელის დასაკმაყოფილებლად, შესაბამისად არ არსებობდა საქმის ხელახალი განხილვისათვის საქალაქო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მ.ს-ას საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის საფუძვლით დარჩა განუხილველი.
სარჩელის ხელახალი განხილვის შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2021 წლის 29 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მ.ს-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ.ს-ას მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნა შემდეგი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2017 წლის 3 ივლისის განჩინებით, მოსარჩელე მ.ს-ას განცხადება ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის 2005 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2017 წლის 10 ივლისის განჩინებით, მოსარჩელე მ.ს-ას საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2004 წლის 23 დეკემბრის და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს 2005 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებები და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას.
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, შეწყდა დისციპლინური საქმის წარმოება მ.ს-ას მიმართ, რაც კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება მოსარჩელე მ.ს-ას მიმართ დისციპლინური საქმის წარმოების ხანდაზმულობის გამო შეწყვეტის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა ეხებოდა მხოლოდ ჩატარებული სამართალწარმოების პროცედურულ ნაწილს; რაც შეეხება დისციპლინური სამართალწარმოების შედეგებთან დაკავშირებულ საჩივარს, ადამიანის ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ იგი ვერ შეასრულებდა მეოთხე ინსტანციის ფუნქციას და შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებდა ეროვნული დონის სასამართლო ორგანოების მიერ ფაქტებისა და სამართლებრივი საფუძვლების დადგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მიგნებები შეიძლება მიჩნეულიყო თვითნებურად ან აშკარად დაუსაბუთებლად, ხოლო წინამდებარე საქმეზე სასამართლომ ვერ დაინახა თვითნებობის რაიმე გამოვლინება ეროვნული სასამართლოების დასკვნებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა დაადგინა ჩატარებული სამართალწარმოების პროცედურულ ნაწილში. რამდენადაც სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი კომპენსირება ვერ მოხდებოდა მხოლოდ დარღვევის დადგენით, სამართლიანობის და საქმის გარემოებების გათვალისწინებით, არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ განუსაზღვრა - 3500 ევროს ოდენობით ანაზღაურება. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპულმა სასამართლომ ვერ დაინახა თვითნებობის რაიმე გამოვლინება ეროვნული სასამართლოების დასკვნებში, ჩათვალა, რომ ამ ნაწილში განაცხადი აშკარად დაუსაბუთებელი იყო, დისციპლინური სამართალწარმოების შედეგებთან მიმართებაში დარღვევა არ დაუდგენია და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 და მე-4 ქვეპუნქტების საფუძველზე, მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში დაშვებას არ ექვემდებარებოდა მიუხედავად განმცხადებლის მითითებისა, რომ ,,დისციპლინური სამართალწარმოება დაეფუძნა ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციას და სადისციპლინო საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მხრიდან კანონის არასათანადოდ შეფასებას“.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მ.ს-ას დისციპლინური საქმის წარმოების განახლება ემსახურებოდა ევროსასამართლოს მიერ დადგენილი პროცედურული დარღვევების აღმოფხვრასა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. შესაბამისად, დისციპლინური საქმის წარმოების ხანდაზმულობის საფუძვლით შეწყვეტა, ამგვარი შეფასების პირობებში, ვერ იქნებოდა ისე გაგებული, რომ არ დასტურდებოდა მ.ს-ას მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა. მით უფრო, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ მიიჩნია, რომ რადგან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმის არსებით ნაწილში დარღვევა არ დაფიქსირებულა, ეს იმას გულისხმობდა, რომ ეროვნული დონის სასამართლო ორგანოების დასკვნები იყო სწორი. მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი დისციპლინური კუთხით მხოლოდ პროცედურულ ნაწილში, შესაბამისად მართებულად მიიჩნია მ.ს-ას მიმართ დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტა ხანდაზმულობის (და არა ბრალეული ქმედების არარსებობის) საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპლიკანტის პოზიცია იმის შესახებ, რომ დისციპლინური სამართალწარმოება დაეფუძნა ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციას და სადისციპლინო კოლეგიის, საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მხრიდან კანონის არასათანადოდ შეფასებას, ადამიანის უფლებათა სასამართლოს მხრიდან არ დადასტურდა და ამ კუთხით კონვენციის დარღვევა არ დადგენილა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ეროვნული დონის სასამართლო ორგანოების დასკვნები იყო სწორი. ანუ, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის საკითხი ეჭვქვეშ არ დამდგარა და გადაცდომად მიჩნეული ქმედება, რისთვისაც სადისციპლინო კოლეგიამ დააკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და დისციპლინური სახდელი - თანამდებობიდან გათავისუფლება, სხვაგვარად არ შეფასებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სამოტივაციო ნაწილში მითითებული სამართლებრივი საფუძვლების და სარეზოლუციო ნაწილის გათვალისწინებით, რომლითაც დისციპლინური საქმის წარმოება ხანდაზმულობით იქნა შეწყვეტილი, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის №765 სადავო ბრძანებულება იყო გაბათილებული. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო მაშინ, როდესაც დასტურდებოდა აქტის კანონსაწინააღმდეგობა. განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ იყო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა. ამდენად, არ არსებობდა „...ის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მ.ს-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 სექტემბრის №765 ბრძანებულების ბათილად ცნობის საფუძვლები. შესაბამისად, არ არსებობდა მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებისა და მოსარჩელის მიერ მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი წინაპირობები, ვინაიდან აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება წარმოადგენდა მოსარჩელის პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების თანმდევ შედეგს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, რაიმე ნიშნით პირდაპირი ან არაპირდაპირი მინიშნება მოსარჩელის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციულ მოპყრობაზე, საქმის მასალებით, არ იკვეთებოდა. შესაბამისად, საფუძველს მოკლებული იყო აპელანტის მოსაზრება მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ს-ამ.
კასატორი მიუთითებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც შეწყდა მ.ს-ას მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება. მისი მოსაზრებით, აღნიშნული წარმოადგენდა მისი გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველს, ვინაიდან სადავო პერიოდში მოქმედი „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტა გამორიცხავდა მოსამართლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება სასამართლოებმა არ ცნეს ბათილად, რაც ადასტურებდა მისდამი დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტს.
კასატორი მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავდა დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლებს; ესენი იყო: მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების ვადის ამოწურვა. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ კანონი არ განასხვავებდა თუ რამ გამოიწვია სახდელის დაკისრების ვადის ამოწურვა, შესაბამისად, სახდელის დაკისრების ვადის ამოწურვის ფაქტი უკვე წარმოადგენდა დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს, ხოლო დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად, არ დგებოდა მოსამართლის პასუხისმგებლობის საკითხი. ამდენად, კასატორი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით მიიჩნევს, რომ არსებობდა საქართველოს პრეზიდენტის №765 ბრძანებულების ბათილად ცნობის საფუძველი.
კასატორი აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მას მიეცა საშუალება კვლავ მიემართა სადისციპლინო კოლეგიისთვის, ე.ი. აღედგინა უფლება და მის მიმართ დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი განეხილა მიუკერძოებელ ორგანოს. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით შეწყდა დისციპლინური წარმოება მ.ს-ას მიმართ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ.ს-ას მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება შეწყვიტა ხანდაზმულობის გამო. შესაბამისად პასუხისმგებელი იმაზე, რომ მ.ს-ას მიმართ დარღვეული იყო გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიუკერძოებელ ორგანოში გასაჩივრების უფლება, იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ის, რომ მ.ს-ას მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება შეწყდა ხანდაზმულობის გამო და მისი განხილვა არ მოხდა, არ შეიძლებოდა მისი დარღვეული უფლების აღდგენის წინააღმდეგ ყოფილიყო გამოყენებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მ.ს-ას საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ს-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელია დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად ...ის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან მ.ს-ას გათავისუფლებისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებდა მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელებას და შესაბამისი სახდელის დაკისრებას კონკრეტული დისციპლინური გადაცდომისთვის. ამდენად, დისციპლინური სახდელის გამოყენების არსებით საფუძველს დისციპლინური გადაცდომის ჩადენა წარმოადგენდა, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით, მათ შორის „ს-ა საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით დადასტურებულია. რაც შეეხება მოსარჩელის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განახლების საკითხს, მართალია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე განახლდა დისციპლინური საქმის წარმოება, თუმცა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მიმართ შეწყდა დისციპლინური საქმის წარმოება ხანდაზმულობის და არა ბრალეული ქმედების არარსებობის საფუძვლით.
ხაზგასასმელია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ საქმის წარმოების განახლებისას, სახეზე იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების მხოლოდ პროცედურულ ნაწილში აღსრულების განხორციელება. საბოლოოდ კი, განახლებულ დისციპლინურ საქმეზე სადისციპლინო კოლეგიამ განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღების დროისთვის მ.ს-ას აღარ ჰქონდა მოსამართლის სტატუსი (არ იყო დისციპლინური საქმის წარმოების სუბიექტი, რადგან გასული იყო მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა), ასევე გასული იყო „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების ხანდაზმულობის ვადები; კერძოდ, მოცემული დისციპლინური საქმის განხილვის დროისათვის გასული იყო კანონით დადგენილი როგორც ერთწლიანი, ისე საერთო ხანდაზმულობის ხუთწლიანი ვადაც. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მ.ს-ას მიმართ უნდა შეწყვეტილიყო დისციპლინური საქმის წარმოება ხანდაზმულობის ვადის გასვლის და არა ბრალეული ქმედების არარსებობის საფუძვლით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 46.1 მუხლის თანახმად, კონვენციის ხელშემკვრელმა მხარეებმა იკისრეს ევროპული სასამართლოს იმ საბოლოო გადაწყვეტილებების აღსრულება, რომელშიც ისინი მხარეს წარმოადგენდნენ. კონვენციის 46-ე მუხლის თანახმად, ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არის საერთაშორისო-სამართლებრივი ვალდებულება, უკანასკნელი თავის მხრივ გამომდინარეობს კონვენციის რატიფიცირების ფაქტიდან. მნიშვნელოვანია, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს ეფექტიანად, კეთილსინდისიერად და გადაწყვეტილების „დასკვნებისა და სულისკვეთების“ შესაბამისად („ემრე შვეიცარიის წინააღმდეგ“ (Emre v. Switzerland (no. 2)), §75, 11.01.2012წ., შდრ. „ილგარ მამადოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ („Ilgar Mammadov v. Azerbaijan“), §181, 195, 29.05.2019წ.). ხელშემკვრელი სახელმწიფო განსაზღვრავს თუ როგორ აღასრულოს საუკეთესოდ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ისე, რომ გადამეტებულად არ დაზიანდეს ეროვნულ წარმოებაში მიღებული ბოლო გადაწყვეტილების დამამთავრებელი ეფექტისა და სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპები. სახელმწიფოს უნარჩუნდება იმ ღონისძიების არჩევანის თავისუფლება, რომლითაც შეასრულებს კონვენციის 46.1 მუხლს, იმის გათვალისწინებით, რომ შერჩეული ღონისძიება სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახულ დასკვნებთან თანხვედრაში იქნება („პაპამიჩალოპულოსი და სხვები საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Papamichalopoulos and Others v. Greece (Article 50)), §34, 31.10.1995წ.).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ეროვნულ დონეზე დამთავრებული საქმის წარმოების განახლება და კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების გადასინჯვა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ინდივიდუალური ღონისძიებაა (კონვენციის 46-ე მუხლის სახელმძღვანელო, პ. 15). ვინაიდან ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას აღიარებითი ხასიათი აქვს, ანუ იგი უფლებამოსილია დაადგინოს დარღვევა, მაგრამ არ არის უფლებამოსილი უშუალოდ გააუქმოს ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას ხელს უწყობს ქვეყნის შიდა კანონმდებლობის ნორმები, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნევა (სსკ-ის 423.1 მუხ. „ზ“ ქვ.პ.), უკეთუ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით დგინდება გადასასინჯი გადაწყვეტილებით კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა.
ზემოხსენებული დასტურდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ეროვნულ დონეზე საქმის ხელახალი განხილვის ან განახლების შესახებ №R (2000)2 რეკომენდაციითა და ამ უკანასკნელის განმარტებითი მემორანდუმით (ბარათით). კერძოდ, რეკომენდაციის საფუძველს წარმოადგენს უფლებადარღვეული პირის რესტიტუცია, იმ უფლებათა აღდგენა, რომელიც დაირღვა კონვენციასთან შეუსაბამო ქმედებით. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციაში ვკითხულობთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში რესტიტუციას ვერ უზრუნველყოფს სამართლიანი დაკმაყოფილების პრინციპი და საჭირო ხდება ეროვნულ დონეზე სხვა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, როგორიც შეიძლება იყოს ეროვნულ დონეზე საქმის წარმოების განახლება ან ხელახალი განხილვა, თუმცა, რესტიტუციისათვის ოპტიმალური გზის არჩევის პრეროგატივა მოპასუხე მხარეს ენიჭება. ამავდროულად, რეკომენდაციაში ნახსენებია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია არ შეიცავს ხელშემკვრელი მხარის ვალდებულებას საქმის წარმოების განახლებისა თუ საქმის ხელახალი განხილვის შესახებ.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმისათვის, რომ აღსრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება საქმის წარმოების განახლება. ხაზგასასმელია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებს განსაზღვრავს თავად ამ გადაწყვეტილების შინაარსი. საქმის წარმოების განახლება არ გულისხმობს მთლიანი სამართალწარმოების გაუქმებასა და საქმის განხილვის საწყისი ეტაპიდან ხელახალ დაწყებას. აღსრულება ხორციელდება კონვენციის სუბსიდარული ხასიათის გათვალისწინებით გადაწყვეტილების „დასკვნებისა და სულისკვეთების“ შესაბამისად.
„ს-ა საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების მიხედვით, განმცხადებელი (მ.ს-ა) მიიჩნევდა, რომ მის მიმართ მიმდინარე დისციპლინური სამართალწარმოება იყო უსამართლო. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მ.ს-ას მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო „საქართველოს საერთო სასამართლოებით მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. დისციპლინური გადაცდომა გამოიხატებოდა 2003 წლის 29 ოქტომბერს სისხლის სამართლის საქმის განხილვისაგან ჩამოშორებიდან 6 თვის განმავლობაში საქმის მასალების დაყოვნებაში. საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ დისციპლინურმა კოლეგიამ დაადგინა განმცხადებლის ბრალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში. კოლეგიამ განმცხადებლის ქცევა განსაკუთრებით მძიმედ მიიჩნია, რადგან 6 თვის განმავლობაში ბრალდებულები დაკავებულები იყვნენ და მოსამართლეს, კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ევალებოდა სწრაფი და უშეცდომო მოქმედება. კოლეგიამ გაითვალისწინა გადაცდომის ბუნება, რომელიც მან მძიმე გადაცდომად დააკვალიფიცირა, ასევე განმცხადებლის მიმართ წარსულში დისციპლინური სახდელის არსებობა და გადაწყვიტა მისი გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზემოხსენებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ მომჩივნის დისციპლინური სახდელის საკითხის განხილვა სადისციპლინო საბჭოს ერთი და იმავე წევრების მიერ, ორივე - პირველი და სააპელაციო ინსტანციის ეტაპზე წარმოადგენდა ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევას, ამდენად, მიიჩნია, რომ მომჩივნის შიში სადისციპლინო საბჭოს მიუკერძოებლობის ნაკლებობასთან დაკავშირებით ობიექტურად გამართლებული იყო. რაც შეეხება კასატორის მიერ ევროსასამართლოში გასაჩივრებულ კონვენციის სხვა სავარაუდო დარღვევებს, ამასთან დაკავშირებით ევროსასამართლომ განმარტა, რომ იგი ვერ შეასრულებდა მეოთხე ინსტანციის ფუნქციას და შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებდა ეროვნული დონის სასამართლო ორგანოების მიერ ფაქტებისა და სამართლებრივი საფუძვლების დადგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მიგნებები შეიძლებოდა მიჩნეულ ყოფილიყო თვითნებობად ან აშკარად დაუსაბუთებლად. წინამდებარე საქმეზე კი მიიჩნია, რომ არ იკვეთებოდა თვითნებობის რაიმე ფაქტი ეროვნული სასამართლოების დასკვნებში. ამავე გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ მასალებში არ იკვეთებოდა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევა, შესაბამისად დაასკვნა, რომ ამ ნაწილში განაცხადი აშკარად დაუსაბუთებელი იყო და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, დაშვებას არ ექვემდებარებოდა.
ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, ერთი მხრივ, დადგინდა პროცესუალური დარღვევის არსებობა დისციპლინური წარმოებისას, ხოლო, მეორე მხრივ, ამავე წარმოების შედეგები (ფაქტების შეფასება და ნორმის გამოყენება, რომლებიც საფუძვლად დაედო მ.ს-ასთვის დისციპლინური სახდელის შეფარდებას) ევროპულმა სასამართლომ 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით კანონიერად მიიჩნია, რამდენადაც ვერ დაინახა თვითნებობის რაიმე გამოვლინება ეროვნული სასამართლოების დასკვნებში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნა საფუძვლიანია მაშინ, როდესაც დასტურდება აქტის უკანონობა (კანონსაწინააღმდეგობა). ზემოთ დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის სადავო აქტის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებების კანონშეუსაბამობაზე და არც საქმის მასალებში მოიპოვება მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამაქარწყლებელი მტკიცებულებები, ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით მ.ს-ას მიმართ წარმოებული დისციპლინური სამართალწარმოების შედეგი კანონიერად მიიჩნია, შესაბამისად, არ დასტურდება „...ის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მ.ს-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 სექტემბრის №765 ბრძანებულების ბათილად ცნობის წინაპირობების არსებობა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან მის სამსახურში აღდგენამდე, თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით ანაზღაურება შესაბამისად, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. კანონმდებელი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობას, განსახილველ შემთხვევაში კი სამსახურიდან გათავისუფლებული მოხელის იმავე ან მის ტოლფას სამუშაოზე აღდგენასა და განაცდური თანამდებობრივი სარგოს გაცემას, უკავშირებს სასამართლოს მიერ გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობას. ამრიგად, ვინაიდან, სასამართლომ კანონშესაბამისად მიიჩნია „...ის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მ.ს-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 სექტემბრის №765 სადავო ბრძანებულება, აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა მ.ს-ას სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი ხელფასის სახით ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ წინაპირობას სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევა და მისი ბათილად ცნობა წარმოადგენდა. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შეუძლებელია მსჯელობა ადმინისტრაციული ორგანოების მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით გამოწვეულ ისეთ შედეგზე, რამაც შეიძლება წარმოშვას მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი, ვინაიდან არ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ადმინისტრაციული ორგანოს კონკრეტულ ქმედებასა და მოსარჩელის მიმართ დამდგარ შედეგს შორის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ს-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა
გ. მაკარიძე