განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№15291-13 1 მაისი, 2013 წელი
ნ-ი მ., 15291-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, თეიმურაზ თოდრია
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - ი. ა-ის
მსჯავრებულ - მ. ნ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ნ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 ივლისის განაჩენით მ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 მაისის განაჩენით მ. ნ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 153-ე მუხლის მეორე ნაწილით (ძვ.რედაქცია) დანიშნული პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის - 4 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოუხდელი ნაწილი - 11 თვე და 3 დღე, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მთლიანად დაემატა მოცემული განაჩენით ახლად დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით მას განესაზღვრა 8 წლით, 11 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 25 თებერვლიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ნოემბრის განაჩენით:
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.
მ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 13 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 8 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა და მ. ნ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 2000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის მიღების მომენტიდან - 2010 წლის 29 ნოემბრიდან.
2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №1 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. ნ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ნ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებული მ. ნ-ი „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული ძირითადი სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან.
მსჯავრდებულ მ. ნ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ნოემბრის განაჩენით (განაჩენთა ერთობლიობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 13 სექტემბრის განაჩენით) საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული ძირითადი სასჯელი - 5 წელი, რომლის პროცენტული წილი საბოლოო სასჯელში შეადგენს 4 წელსა და 8 თვეს და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 4 თვის ვადით.
მსჯავრდებულ მ. ნ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ნოემბრის განაჩენით (განაჩენთა ერთობლიობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 13 სექტემბრის განაჩენითა და დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 მაისის განაჩენით), საქართველოს სსკ-ის 153-ე მუხლის მეორე ნაწილით (ძველი რედაქცია), დანიშნული ძირითადი სასჯელი, რომლის პროცენტული წილი საბოლოო სასჯელში შეადგენს 3 წელსა და 6 თვეს და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის, 7 თვისა და 15 დღის ვადით.
დანიშნულ სასჯელთა შეკრებით, საბოლოოდ მ. ნ-ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის, 11 თვისა და 15 დღის ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 29 ნოემბრიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ნ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 მარტის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია. საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულ ჯ. ბ-ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომ იგი თანახმაა მსჯავრდებულ მ. ნ-ის მიმართ გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლით, რომლის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს.
ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. რადგან მ. ნ-ი ნასამართლევია მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.
ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგი მიმართებით: მსჯავრდებულ მ. ნ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2010 წლის 25 თებერვლიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. ნ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
მსჯავრდებულ მ. ნ-ს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 153-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული საბოლოო სასჯელის - 4 წლით, 11 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთის - მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2010 წლის 25 თებერვლიდან.
სხვა ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
თ. თოდრია