გაუქმდა და შეწყდა

სამოქალაქო 25.10.2005
საქმის ნომერი
ას-732-1004-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.10.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-732-1004-05 25 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: დარიცხვის აქტის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 30 ივლისს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ს/ს “გ.-ის” დირექტორმა ზ. ლ.-მ ს/ს “ე.-ის” მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა “ე.-ის” მიერ 2003წ. 4 მარტის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტის ბათილად ცნობა, რადგან შემოწმებისას დადგინდა, რომ ობიექტს გააჩნია ერთფაზა ტვირთის ქვეშ რეგულირებადი ძ/ტ-1000კვა, რომელიც ამუშავებს ინდუქციურ ღუმელს და სათანადოდ იწვევს მაღალი ძაბვის მრიცხველის არასწორ მუშაობას. ძ/ტ გამორთვის დროს მრიცხველი მუშაობს დასაშვები ცდომილების ფარგლებში. აქტის შედგენის დროს ინდუქციური ღუმელი არ მუშაობდა, რადგან, იყო დაზიანებული. სადავო აქტის შედგენამდე, 4 მარტს, ლაბორატორიული შემოწმებით დადგინდა, რომ მრიცხველის ბჯენები და თ.-ის კლიფსები იყო გაყალბებული და დარიცხვა განხორციელდა საქ. ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის 2001წ. 31 დეკემბრის ¹15 დადგენილებით დამტკიცებული “სააბონენტო საბიუჯეტო კომერციულ სექტორში აღურიცხავი ელექტროენერგიის დარიცხვის მეთოდიკის” მე-7 მუხლით, რომელიც ვრცელდება ელ. ენერგიის დატაცების შემთხვევებზე. მოსარჩელის აზრით, ამ მუხლის გამოყენება დაუშვებელი იყო, რადგან, განსახილველ შემთხვევაში ელ. ენერგიის დატაცება არ მომხდარა. სააღრიცხვო კარადა იყო სრულ წესრიგში, მისი საკეტი არ იყო დაზიანებული. მოსარჩელეს ხელი არ მიუწვდებოდა ბჯენებისა და კლიფსების გაყალბებაზე. სადავო აქტით დარღვეული იქნა სემეკის ზემოთ აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული მეთოდიკის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმადაც, დარიცხვის ობიექტურად ჩასატარებლად მიღებული უნდა იქნეს ამომწურავი ინფორმაცია აბონენტის შესახებ. დარიცხვა უნდა ხორციელდებოდეს მთელი ინფორმაციის სრული გამოყენების საფუძველზე, რათა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად ზუსტად დადგინდეს დარღვევის სახე და დაკარგული კვტ.სთ-ების რაოდენობა.

მოპასუხე ორგანიზაციამ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ, ს.ს. “გ.-სა” და შპს “კონტაქტს” შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, შპს “კონტაქტ-მა” შეაკეთა დაზიანებული ღუმელი. თ.-ის აზრით, ეს ხელშეკრულება არის მოჩვენებითი და საეჭვოდ ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც მოსარჩელეს დაერიცხა სადავოდ გამხდარი თანხა. ამასთან, განმარტა, რომ მათ მიერ სემეკის დადგენილებით დამტკიცებული მეთოდიკის სრული დაცვით განხორციელდა თანხის დარიცხვა მოსარჩელეზე.

2004წ. 2 აპრილის გადაწყვეტილებით სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და გააუქმა სადავო აქტი, ამასთან, მოპასუხეს აეკრძალა მოსარჩელის ქსელიდან გათიშვა, მისთვის ელექტროენერგიის შეწყვეტა იმ დავალიანების გადაუხდელობის გამო, რაც არ გამომდინარეობს ენერგოგასაღების დაცვის დეპარტამენტის ცენტრალური დარიცხვის ჯგუფის 2003წ. 25 მარტის დარიცხვის აქტიდან. სასამართლომ მთლიანად გაიზიარა სარჩელში მითითებული გარემოებები და სადავო აქტის შეფასებები.აღნიშნული სასამრთლოს 2004წ. 2 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ორგანიზაციამ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტის განმარტებით, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, რომ მრიცხველი წარმოადგენს თ.-ის საკუთრებას. სემეკის დადგენილება არსად არ მიუთითებს, რომ ეს დადგენილება არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მრიცხველი ან ტრანსფორმატორი “თ.-ის” საკუთრებაა. ის გარემოება, რომ მრიცხველი დაცული იყო და კარადა არ იყო დაზიანებული, ვერ ჩაითვლება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად, რაც არ გამორიცხავს მოსარჩელის მხრიდან მრიცხველის ბჯენებისა და თ.-ის კლიფსების გაყალბებას. სემეკის დადგენილების მე-7 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით, ელექტროენერგიის დატაცების სახეებში გადის მრიცხველის ჩამოყრა, მრიცხველის გაჩერება ან შენელება და სხვა. ასეთი ტიპის დარღვევა ფიქსირდება ბჯენების ან მრიცხველის კორპუსის დაზიანებით (ბჯენების გაყალბება, მრიცხველის გახვრეტა, ძუის დამჭერი ჭანჭ.-ბის ჩახერხვა, გადაჩრა და დაწებება, მინაზე ზემოქმედება და ა. შ.) ვინაიდან, შემოწმებისას ადგილი ჰქონდა ბჯენებისა და კლიფსების გაყალბებას, თ.-მა თანხის დარიცხვისას სწორედ ეს პუნქტი გამოიყენა. აპელანტის აზრით, სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა მის მიერ წარდგენილ შეგებებულ სარჩელზე სარეზოლუციო ნაწილში, არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები სათანადოდ და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.

საოლქო სასამართლოს 2005წ. 30 მარტის გადაწყვეტილებით აპელანტის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა გაუქმდეს რაიონული სასამართლოს 2004წ. 2 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება. ასევე სასამართლომ არ დააკმაყოფილა ს.ს. “თ.-ის” შეგებებული სარჩელი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სს “გ.-მა” გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 30 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს “გ.-ის” სარჩელი და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც უარი ეთქმება სს “თ.-ს” შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.საქმის საკასაციო განხილვისას მხარეები მორიგდნენ და სასამართლოში წარმოადგინეს შემდეგი შინაარსის მორიგების აქტი:

1. სს “გ.-ი” კისრულობს ვალდებულებას, გადაუხადოს სს ”თ.-ს” 5000 ლარი წინამდებარე მორიგების აქტით განსაზღვრულ ვადაში.

2. სს ”გ.-ი” ვალდებულია, წინამდებარე მორიგების აქტის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხა გადაიხადოს სასამართლოს მიერ მხარეთა შორის მიღწეული მორიგების განჩინებით დამტკიცებიდან 3 თვის განმავლობაში.

3. სს”თ.-ი” აღიარებს, რომ სს ”გ.-ს” არ გააჩნია მის მიმართ დავალიანება, გარდა წინამდებარე მორიგების აქტის პირველ პუნქტში მითითებული თანხისა.

4. სს “თ.-ი” აღიარებს, რომ 2003წ. 25 მარტით დათარიღებული დარიცხვის აქტი (სს ”ე.-ს” ენერგოგასაღების დაცვის დეპარტამენტის ცენტრალური დარიცხვის ჯგუფის მიერ შედგენილი აქტი) ბათილია და არ გააჩნია იურიდიული ძალა.

5. სს “გ.-ი” უარს ამბობს მის მიერ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 30 მარტის გადაწყვეტილებაზე შეტანილ საკასაციო საჩივარზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და თვლის, რომ მოცემულ სამოქალაქო საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო ინსტანციის სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისისა, რომელთაც შეიცავს სპეციალური თავი. სსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სპეციალურ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით მხარეებს შეუძლიათ, საქმის წარმოება დაამთავრონ მორიგებით. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდებიან. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია შეთანხმების დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.

სარეზოლუციო ნაწილი :

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის მე-3 მუხლით, 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით:

1. სს “გ.-ი” კისრულობს ვალდებულებას გადაუხადოს სს ”თ.-ს” 5000 ლარი წინამდებარე მორიგების აქტით განსაზღვრულ ვადაში.

2. სს “გ.-ი” ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხა გადაიხადოს სასამართლოს მიერ მხარეთა შორის მიღწეული მორიგების განჩინებით დამტკიცებიდან 3 თვის განმავლობაში.

3. სს “გ”-ს არ გააჩნია სს “თ.-ის” მიმართ დავალიანება, გარდა განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში მითითებული თანხისა.

4. სს “თ.-ი” აღიარებს, რომ 2003წ. 25 მარტით დათარიღებული სს ”ე.-ს” ენერგოგასაღების დაცვის დეპარტამენტის ცენტრალური დარიცხვის ჯგუფის მიერ შედგენილი აქტი ბათილია და არ გააჩნია იურიდიული ძალა.

გაუქმდეს ¹732-1004-05 სამოქალაქო საქმეზე სააქციო საზოგადოება “გ.-ის” სარჩელის გამო მოპასუხე სს “ე.-ის” მიმართ მიღებული ყველა გადაწყვეტილება და შეწყდეს საქმის წარმოება მხარეთა მორიგების გამო.

კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.