განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 08.05.2013
საქმის ნომერი
2კ-1574-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.05.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№15741-13 8 მაისი, 2013 წელი

ჩ-ე დ., 15741-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ვ. ო-ის

მსჯავრდებულ _ დ. ჩ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. ჩ-ის საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3391-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 15000 ლარი.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2012 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ჩ-ე გათავისუფლდა პირობით ვადამდე, 4 თვითა და 17 დღით ადრე.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 აგვისტოს განაჩენით დ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი – ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 10000 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2009 წლის 10 ივლისიდან 12 ივლისამდე და სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 15 მარტიდან.

2013 წლის 14 იანვარს პრობაციის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის პრობაციის ბიურომ მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ დ. ჩ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ჩ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული დ. ჩ-ე გათავისუფლდა გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 17 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3391-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 აგვისტოს განაჩენით სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1 წლისა და 6 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი – ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა დ. ჩ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის სამართლიანად გავრცელებას და საბოლოო სასჯელის სწორად გამოთვლას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ დ. ჩ-ის საქართველოს სსკ-ის 3391-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება, ხოლო ამავე კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება - კანონიერია. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ დ. ჩ-ეს ერთნაირად და პროპორციულად უნდა შეუმცირდეს როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელი, ისე პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა, კერძოდ: ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და უნდა განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი და 3 თვე უნდა ჩაეთვალოს მოხდილად. შესაბამისად, საბოლოოდ დ. ჩ-ეს უნდა განესაზღვროს პირობითი მსჯავრი - 2 წელი და 3 თვე, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. ჩ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ დ. ჩ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი და 3 თვე ჩაეთვალოს მოხდილად. საბოლოოდ მსჯავრდებულ დ. ჩ-ეს განესაზღვროს პირობითი მსჯავრი - 2 წელი და 3 თვე, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე