გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-746-1035-05 9 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ. ლაზარაშვილი
დავის საგანი: სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 2 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს „ა-ის“ სარჩელი მოპასუხე შპს „გ-თან“ ერთობლივი საწარმოს „ი-ის“ ქონების გაყოფისა და მიყენებული ზარალის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 1999წ. 16 აგვისტოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „ა-ის“ საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და უცვლელად დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სარეზოლუციო ნაწილით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა ამ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების წესი და შპს „ა-ის“ მიერ შეტანილი კერძო საჩივარი გადაიგზავნა აჭარის უმაღლეს სასამართლოში.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999წ. 1 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაენიშნა ვადა ხარვეზის შესავსებად, ხოლო 1999წ. 10 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ იქნა მიღებული სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო და საჩივრის ავტორს უფლება მიეცა, გაესაჩივრებინა აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით.
1999წ. 13 სექტემბერს, მოსარჩელემ 1999წ. 10 სექტემბრის განჩინებაზე შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომელიც არ გადაიგზავნა უზენაეს სასამართლოში იმ საფუძვლით, რომ, სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდებოდა და საქმე დაუბრუნდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
2005წ. 1 აპრილს შპს „ა-ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოს და მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის უზენაეს სასამართლოში გადაგზავნა. აღნიშნული განცხადების საფუძველზე საქმე გადაიგზავნა უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, შემდგომი განხილვის მიზნით, უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რაიონული სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით.
სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
მოცემულ საქმეზე საჩივრის ავტორმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 16 აგვისტოს განჩინებაზე შეიტანა კერძო საჩივარი, ნაცვლად სააპელაციო საჩივრისა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს 1999წ. 10 სექტემბრის განჩინება, კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს „ა-ის“ წარმომადგენელ თ. ა-ის მიერ სააპელაციო სასამართლოს 1999წ. 10 სექტემბრის განჩინებაზე შეტანილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს კერძო საჩივრად, ვინაიდან საკასაციო საჩივარი თავისი არსითა და შინაარსით წარმოადგენს კერძო საჩივარს და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე კანონის თანახმად, შეიძლებოდა მხოლოდ კერძო საჩივრის შეტანა.
სსსკ-ის 415-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება. სსსკ-ის 417-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო კერძო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, მაშინ ის აკმაყოფილებს კერძო საჩივარს. წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად უნდა გადაეგზავნოს ზემდგომ სასამართლოს 5 დღის ვადაში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს.
მოცემულ შემთხვევაში, მართალია, შპს „ა-ის“ წარმომადგენელმა საჩივარი შეიტანა განჩინების გამომტან სასამართლოში, მაგრამ სასამართლოს არ გადაუწყვეტია ამ საჩივრის დასაშვებობის და არც დასაბუთებულობის საკითხი. თუ გასაჩივრებული განჩინების გამომტანი სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, თვითონვე დააკმაყოფილებს, ხოლო თუკი იგი კერძო საჩივარს დაუშვებლად ან დაუსაბუთებლად მიიჩნევს, აგზავნის კერძო საჩივარს საქმესთან ერთად ზემდგომ სასამართლოში. მხოლოდ ამ პროცედურის გავლის შემდეგ ზემდგომი სასამართლო კერძო საჩივრის თაობაზე გამოიტანს განჩინებას.
გასაჩივრებული განჩინების გამომტან სასამართლოს არ განუხილავს შეტანილი კერძო საჩივრის დასაშვებობის და დასაბუთებულობის საკითხი, ზემდგომი სასამართლო უფლებამოსილი არ არის, მოცემულ კერძო საჩივარზე მიიღოს გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 417-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „ა-ის“ კერძო საჩივარი საქმესთან ერთად, სსსკ-ის 417-ე მუხლის შესაბამისად, განსახილველად დაუბრუნდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.