დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 30.03.2006
საქმის ნომერი
ას-783-1060-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.03.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-783-1060-05 30 მარტი,2006 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა

საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 27 ოქტომბერს რ. და ნ. ხ-შვილებმა სარჩელით მიმართეს ტყიბულის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: ვ. და ო. ლ-ძეების მიმართ და აღნიშნეს, რომ 1996 წელს თავიანთ შვილს _ ვ. ლ-ძეს თავის ქმარ-შვილთან ერთად სთხოვეს ქ.ტყიბულში, ... მდებარე, მოსარჩელეების კუთვნილ საცხოვრებელ სახლში გადასვლა, ვინაიდან იყვნენ შრომისუუნარონი და ესაჭიროებოდათ მოვლა-პატრონობა. ერთად თანაცხოვრების პერიოდში ვ. და ო. ლ-ძეებმა მოსარჩელეებს მოსთხოვეს ჩუქების ხელშეკრულებით სახლის მათთვის გადაცემა, რაზედაც მოსარჩელეები არ დათანხმდნენ. ამის შემდეგ მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა.

ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს ქალაქ ტყიბულში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მოპასუხეთა გამოსახლება სკ-ის 170-ე მუხლის თანახმად. საქმის ზეპირი განხილვისას მოსარჩელეებმა სარჩელი დააზუსტეს და ასევე მოითხოვეს მოპასუხეების შვილების: მ. და მა. ლ-ძეების გამოსახლებაც.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. და ნ. ხ-შვილების სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეები გამოსახლებულ იქნენ ტყიბულში, ... მდებარე რ. ხ-შვილის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლიდან.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ლ-ძემ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 აპრილის განჩინებით ვ. ხ-შვილი-ლ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად იქნა დატოვებული ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ ტყიბულში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს რ. ხ-შვილის საკუთრებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ მხარეებს შორის არის დაძაბული ურთიერთობა, რაც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით, მოწმეთა ჩვენებებითა და მხარეთა ახსანა-განმარტებებით.

სააპელაციო სასამართლომ განჩინების დასაბუთებისას მიუთითა სკ-ის 168-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე წაუყენებს მფლობელს დასაბუთებულ პრეტენზიას. მოცემულ შემთხვევაში კი მესაკუთრის მიერ წაყენებულია დასაბუთებული პრეტენზია მოპასუხეების მფლობელობის შეწყვეტის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ლ-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, უნდა ეხელმძღვანელა სკ-ის 162-ე მუხლით და უნდა გაეზიარებინა ის გარემოება, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ სადავო სახლის მართლზომიერ მფლობელებს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ვ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სკ-ის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული სანოტარო საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

გამომდინარე აღნიშნულიდან, მოქმედი კანონმდებლობა იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ პირს მესაკუთრის უფლებამოსილება აქვს მხოლოდ მაშინ, თუ მას აქვს სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია და არც მხარეები არ ხდიან სადავოდ, რომ ქ. ტყიბულში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეს წარმოადგენს რ. ხ-შვილი.

სკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე წაუყენებს მფლობელს დასაბუთებულ პრეტენზიას. მოცემულ შემთხვევაში რ. ხ-შვილი წარმოადგენს სადავო სახლის მესაკუთრეს, მას უფლება აქვს, მოსთხოვოს ვ. ხ-შვილი-ლ-ძეს მფლობელობის შეწყვეტა, ვინაიდან მესაკუთრის მიერ წაყენებულია დასაბუთებული პრეტენზია კასატორის მფლობელობის შეწყვეტის თაობაზე, კერძოდ, დადგენილია, რომ მხარეებს შორის არის გამწვავებული ურთიერთობა, რაც დასტურდება ვ.ლ-ძის მიმართ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით, მოწმეთა ჩვენებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით.

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. განსახილველ შემთხვევაში კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ასეთი პრეტენზია არ წამოუყენებია.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მიღებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 აპრილის განჩინება დატოვებულ იქნეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.