დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ბ-698-1(ა-24) 14 მაისი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი - სს „...ა“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - გ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მესამე პირი - გი. გ-ე
მესამე პირი - მ. კ-ე
განმცხადებლის მოთხოვნა - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „...ამ“ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და გ. გ-ის მიმართ (საქმე №3/390-18).
მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნები): ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 11 მაისის №10 სხდომის ოქმის მე-9 პუნქტი; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 18 მაისის განკარგულება გ. გ-ისათვის 1125 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების გადაცემის ნაწილში; გ) ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 20 ივნისს გ. გ-ის სახელზე გაცემული №24 საკუთრების უფლების მოწმობა გ. გ-ისათვის 1125 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების გადაცემის ნაწილში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ჩაბმულ იქნა მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
სს „...ამ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება; ბ) დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დაარეგისტრიროს სს „...ას“ საკუთრებად, 2018 წლის 4 აპრილის №..., №..., №... განცხადებებით მოთხოვნილი ...ის ნაკვეთები - 551 კვ.მ; 548 კვ.მ და 26.00 კვ.მ - მდებარე ქ. ქუთაისი, ... №1 (ყოფ. ... №1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სს „...ას“ სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის თაობაზე გადაეგზავნა განსჯად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (საქმე №3/750-18).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 1 სექტემბრის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ადმინისტრაციული საქმეები №3/750-18 და №3/390-18 და მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი №3/390-18.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 სექტემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში სს „...ას“ სარჩელისა გამო მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჩაბმულ იქნა გი. გ-ე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 სექტემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში სს „...ას“ სარჩელისა გამო მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჩაბმულ იქნა მ. კ-ე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „...ას“ (დირექტორი ლ. ნ-ე), სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სს „...ას“ მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით სს „...ას“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს „...ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 11.05.2017 წლის №10 სხდომის ოქმის მე-9 პუნქტი, ამავე კომისიის 2017 წლის 18 მაისის №122 განკარგულება და 2017 წლის 20 ივნისს გაცემული №24 საკუთრების უფლების მოწმობა - გ. გ-ისთვის ქ. ქუთაისში, ...№1-ის აღმოსავლეთით მდებარე 2843.00 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან, 1126,45 კვ.მ მიწის ნაკვეთის (548 მ2 და 551 მ2 (...ის სავარაუდო განლაგების ადგილები)) და 27.45 მ2 არასაცხოვრებელი გაშენების ფართობის საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში. მოსარჩელე სს „...ას“ უარი ეთქვა სხვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სს „...ასა“ და გ. გ-ის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „...ას“ და გ. გ-ის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით სს „...ას“ და გ. გ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განჩინებით სს „...ას“ და გ. გ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
2024 წლის 13 მაისს სს „...ამ“ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ 2024 წლის 25 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, საქმის განხილვის დაწყებამდე, გამოვლინდა ახალი გარემოება, კერძოდ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს არ გაუცია მინდობილობა მ. კ-ის სახელზე. აღნიშნულ საქმეში საკასაციო ინსტანციის სასამართლოში მონაწილეობას იღებდა არაუფლებამოსილი პირი, რაც წარმოადგენს აბსოლუტურ საფუძველს განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლებისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო სს „...ას“ განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგინდა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ისეთ საქმეებზე, რომლებზეც წარმოება დამთავრებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განჩინებით (საქმე №ბს-208(2კ-22)) სს „...ას“ და გ. გ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დავა სააპელაციო სასამართლოს წარმოებაშია და მასზე სამართალწარმოება არ დასრულებულა. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა უშვებს მხოლოდ დასრულებული საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას, შესაბამისად, განახლების ობიექტი შესაძლოა იყოს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმე და არა ცალკეული საპროცესო მოქმედებები, რომელზეც მიღებულია კანონიერ ძალაში შესული განჩინებები. საკასაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით, საქმის ხელახალი განხილვისთვის იმავე სასამართლოსთვის დაბრუნებით, არ დასრულებულა საქმის წარმოება და კონკრეტული დავა არსებითად არ გადაწყვეტილა, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქმის წარმოების განახლების დასაშვებობის ერთ-ერთი სავალდებულო წინაპირობა - კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე დასრულდა. ვინაიდან საქმის წარმოება არ არის დასრულებული, სახეზე არაა კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება (განჩინება).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სს „...ას“ განცხადების დასაშვებად ცნობის პროცესუალური წინაპირობა. შესაბამისად, სს „...ას“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „...ას“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;
2. სს „...ას“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე 13.05.2024წ. №21818447140 საგადახდო დავალებით რ. ფ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე