დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-245(კ-24) 14 მაისი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ხ-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინება
დავის საგანი - თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 26 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს ზ. ხ-ის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1.4 პრიმა პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ხოლო ამავე მუხლის 1.5 პრიმა პუნქტის თანახმად, საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები და წესი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის დებულების მე-18 თავი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს, ხოლო ამავე თავის პირველი პრიმა პუნქტით თითოეული სახეობის კონტრაქტის დარღვევისთვის განსაზღვრულია ჯარიმის ოდენობები.
მოსარჩელის მითითებით, ზ. ხ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2019 წლის 18 აგვისტოს გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 3 ნოემბრის №896 ბრძანებით დამტკიცებული №19/49-ს კონტრაქტი. მოპასუხემ პირადი პატაკის საფუძველზე ვადაზე ადრე შეწყვიტა კონტრაქტი და მას კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის დებულების მე-18 თავის პირველი პრიმა პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და კონტაქტის 7.3 პუნქტის საფუძველზე წარმოეშვა ჯარიმის - 28 000 ლარის ანაზღაურების ვალდებულება, ხოლო კონტრაქტის 7.4 პუნქტის თანახმად, ,,სამხედრო მოსამსახურის“ მიერ 7.3 პუნქტში მითითებულ თანხას ამავე პუნქტით დადგენილ ვადაში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, აღნიშნულ თანხას, დაერიცხა პირგასამტეხლო 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის დებულების მე-18 თავის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კი ფინანსური პასუხისმგებლობა მცირდება გადაუხდელი ჯარიმის თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში ჯარიმის საერთო რაოდენობის 30%-მდე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ზ. ხ-ისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის 28 000 ლარისა და პირგასამტეხლოს - 8 400 ლარის დაკისრება მოითხოვა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ზ. ხ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 28 000 ლარის ანაზღაურება; ზ. ხ-ეს ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 840 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლზე მითითებით, აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი დამატებითი საშუალებაა. აღნიშნული კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისთვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს პირგასამტეხლო, თუკი არის შეუსაბამოდ მაღალი. სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის არა მარტო ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია შეაფასოს პირგასამტეხლოს გონივრულობა და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერება. სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს არამარტო პირის ქონებრივი, არამედ - ყველა სხვა პატივსადები ინტერესი, შეაფასოს, როგორია შესრულების ღირებულება და მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, რაც გამოიხატა ზ. ხ-ის მიერ კონტრაქტის საკუთარი სურვილით შეწყვეტაში, აღნიშნული კი კრედიტორს ანიჭებს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პირველი ინსტანციის სასამართლომ ზ. ხ-ეს უკვე დააკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა (პირგასამტეხლო), რომლის ადეკვატურობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში პალატა ვერ იმსჯელებს.
ხოლო, რაც შეეხება აპელანტის იმ მოთხოვნას, რომლის თანახმად, ხელშეკრულების 7.4 პუნქტი ადგენდა დაკისრებული ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლოს გადასახდელი თანხის 0,2%-ის ოდენობით დაკისრებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ 2019 წლის 18 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ზ. ხ-ეს შორის გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული ჯარიმა, მისი შინაგანი ბუნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირგასამტეხლოს, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 2019 წლის 18 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ზ. ხ-ეს შორის გაფორმებული კონტრაქტი ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს და შესაბამისად, კონტრაქტით ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული ჯარიმა სხვა არაფერია თუ არა სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და მოცემულ შემთხვევაშიც, აღნიშნული ჯარიმა სწორედ სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ უნდა იქნეს განხილული. ამ შემთხვევაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის სახელშეკრულებო სანქცია უკვე შეთანხმებული იყო ხელშეკრულების 7.3. პუნქტით (28 000 ლარის ოდენობით) და მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების 7.4. პუნქტით მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს (ჯარიმის) გადახდის ვადის გადაცილების გამო კვლავ პირგასამტეხლოს დარიცხვის შესაძლებლობა, არამართებულია. პირგასამტეხლო თავად წარმოადგენს სანქციას ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის და იგი მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციის მატარებელია. მისი გადახდის ვადის გადაცილებისას დამატებით კიდევ საჯარიმო სანქციის დაწესება, არ ემსახურება პირგასამტეხლოს მიზანს, ხელი შეუწყოს ვალდებულების შესრულებას, პირიქით, ასეთი სახის შეთანხმება ემსახურება მეორე მხარის დასჯას. შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით უკვე გათვალისწინებული იქნა ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლო, მიუხედავად იმისა, თუ რა ტერმინი იქნა გამოყენებული მისი შინაარსის აღსაწერად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიცია ზ. ხ-ისთვის ხელშეკრულების 7.4. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს ხელშეკრულება წარმოადგენს. საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილი და დაცულია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება კანონს. კონკრეტულ შემთხვევაში, კონტრაქტის 7.4 პუნქტის თანახმად, ,,სამხედრო მოსამსახურის“ მიერ 7.3 პუნქტში მითითებულ თანხას ამავე პუნქტით დადგენილ ვადაში დაფარვის ვალდებულებების ვადის გადაცილების შემთხვევაში, დაერიცხება პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადიცილებულ დღეზე, ხოლო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის დებულების მე-18 თავის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფინანსური პასუხისმგებლობა მცირდება გადაუხდელი ჯარიმის თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში ჯარიმის საერთო რაოდენობის 30%-მდე. შესაბამისად, კასატორის განმარტებით, ფინანსური პასუხისმგებლობა უკვე შემცირებულია გადაუხდელი ჯარიმის თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში ჯარიმის საერთო რაოდენობის 30%-მდე, რაზეც სააპელაციო სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ზ. ხ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 28 000 ლარის ანაზღაურება; ზ. ხ-ეს ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 840 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, მოწინააღმდეგე მხარეს - ზ. ხ-ეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. 2024 წლის 16 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხე ზ. ხ-ისათვის 28 000 ლარის დაკისრების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების კანონიერება უნდა შეამოწმოს მხოლოდ ზ. ხ-ისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო დაკისრებული თანხის ხელშეკრულებითვე გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლოს - 8 400 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე ზ. ხ-ეს შორის, 2019 წლის 18 აგვისტოს 8 წლის ვადით გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ. ხელშეკრულების 7.3. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მივლინების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მე-3 მუხლით განსაზღვრული ვადის (8 წლის) განმავლობაში თავისი სურვილით ან სამინისტროსთან შეთანხმებით, დატოვებდა შეიარაღებულ ძალებს ან შექმნიდა პირობებს იმისთვის, რომ სამინისტრო იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა ეს კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 (ათი) დღის ვადაში, აენაზღაურებინა ჯარიმა 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 7.4. პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის მიერ 7.3 პუნქტში აღნიშნული თანხის ამავე პუნქტით დადგენილ ვადაში დაფარვის ვალდებულებების ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხებს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 04 აგვისტოს №MOD 2 22 00003362 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის ...-ე ბატალიონის შტაბის ...-ის ოფიცერი (საშტატო კატეგორია ,,უფროსი ლეიტენანტი“; შტატი №..., გვარეობის კოდი:...), უფროსი ლეიტენანტი ზ. ხ-ე (სსსკ ძირითადი: ...) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. ზ. ხ-ეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის ვადა შეადგენს 2 წელი 11 თვე და 16 დღე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ზ. ხ-ემ 2022 წლის 21 ივლისის პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. განსახილველ შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობის დარღვევამ (კონტრაქტის შეწყვეტა) ავტომატურად წარმოშვა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, თუმცა სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობით დაკისრების გამო, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს თანხის განსაზღვრის მიზნით სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გავრცელების თაობაზე. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, კონტრაქტის 7.4. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული, მით უფრო ისეთ ვითარებაში, როდესაც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულია სარჩელი 28 000 ლარის ოდენობის მოთხოვნის ნაწილში. აღსანიშნავია, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო ჯარიმას ცალკე ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიების სახით საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ იცნობს და, ფაქტობრივად, კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს (სუსგ №ბს-175-173(კ-12), 11.07.2012წ.).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე