დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №24აგ-13 30 ივლისი, 2013 წელი
მ-ი ნ.-24აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის განაჩენით ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2000 ლარი ჯარიმა, ხოლო 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; დანიშნული სასჯელები „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და საბოლოოდ მიესაჯა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 1000 ლარი; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2008 წლის 19 სექტემბრიდან 2009 წლის 26 მარტამდე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 ივლისის განაჩენით ნ. მ-ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ–ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 17 თებერვლიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3500 ლარი.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 სექტემბრის განაჩენით შეიცვალა: ნ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3500 ლარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მოცემულ საქმეზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
2013 წლის 31 იანვარს მსჯავრდებულმა ნ. მ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვა და დარჩენილი სასჯელისაგან განთავისუფლება, რადგან მიაჩნია, რომ დღეისათვის ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელისათვის გაქარწყლებულია ნასამართლობის ვადა, მას კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 სექტემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო თაღლითობის არაერთგზის ჩადენისათვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით ნ. მ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებული ნ. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განმარტებას, გაუქარწყლდა თუ არა ნასამართლობა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის განაჩენით და რატომ; იმ შემთხვევაში, თუ ნასამართლობა გაქარწყლებულია, მსჯავრდებულს მიაჩნია, რომ მას უნდა მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და უნდა გათავისუფლდეს დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკმბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ნ. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 17 თებერვლიდან; განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 16 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. მ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 12 ივნისის განჩინებით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინება დარჩა უცვლელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ნ. მ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ ნ. მ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე