გაუქმდა და შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-968-1238-05 14 თებერვალი, 2006 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მემკვიდრეობის მიღება (ძირითად სარჩელში); კანონით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
კ. პ-ავამ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ა-ძისა და კ. კ-ძის მიმართ მოპასუხეთა შორის 2004წ. 24 აპრილს ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც თვალთმაქცური და მოტყუებით დადებული გარიგების ბათილობისა და მოსარჩელის აწ გარდაცვლილი მეუღლე ვ. ა-ძის დანაშთი ქონების _ ქ.თბილისში, ... მდებარე სახლის, ასევე‚ შპს «უ-ში» კუთვნილი წილის _ 2,07-ის 1/2-ის მესაკუთრედ ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ 2004წ. 14 იანვარს მისმა მეუღლემ კ. კ-ძეს გაუფორმა ¹1-22 მინდობილობა და დაავალა თავისი კუთვნილი ქონების გასხვისება. მინდობილობაში აღინიშნა, რომ იგი ძალაშია ვ.ა-ძის გარდაცვალების შემდეგაც. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას ვ.ა-ძის სამკვიდრო უკვე გახსნილი იყო, ხოლო კ.კ-ძე, როგორც ვ.ა-ძის წარმომადგენელი, სკ-ის 721-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოქმედებდა მისი მემკვიდრის საზიანოდ, რაც გამოიხატა სამკვიდროდან კ.პ-ავას წილი ქონების გასხვისებით.
გ. ა-ძემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით, სკ-ის 1341-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა მოპასუხე კ.პ-ავასათვის ვ.ა-ძის დანაშთ ქონებაზე კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა შემდეგი დასაბუთებით: კ.პ-ავა და ვ.ა-ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1979 წლიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შორის წარმოქმნილ უთანხმობათა გამო ისინი ფაქტობრივად განქორწინდნენ. ქ.თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1999წ. მარტის განჩინებით საერთო ქონების გაყოფის შესახებ მათ შორის დამტკიცდა მორიგება. აღნიშნულის შემდგომ კი მხარეებს შორის ყოველგვარი ურთიერთობა შეწყდა.
მოპასუხე კ.კ-ძემ სარჩელი არ ცნო.
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ. პ-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი კ.კ-ძესა და გ.ა-ძეს შორის 2004წ. 24 აპრილს გაფორმებული ქ.თბილისში, ... ქ. ¹119-ში მდებარე სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება. კ.პ-ავა ცნობილ იქნა ხსენებული სახლის 1/2-ისა და შპს «უ-ში» ვ. ა-ძის 2,07% წილის ნახევრის _ 1,035%-ის მესაკუთრედ. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს მითითებული გადაწყვეტიელბა გ. ა-ძემ და კ. კ-ძემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 ივნისის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, გ.ა-ძის შეგებებული სარჩელი ვ. ა-ძის დანაშთ ქონებაზე კ.პ-ავასათვის კანონით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის შესახებ დაკმაყოფილდა, ხოლო კ.პ-ავას სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ კ. პ-ავა 1979 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ვ. ა-ძესთან, რომელიც გარდაიცვალა 2004წ. 20 იანვარს. გარდაცვალებამდე, 2004წ. 14 იანვარს, ვ. ა-ძემ კ. კ-ძეზე გასცა მინდობილობა, რომლის მიხედვით, კ.კ-ძეს უნდა შეესრულებინა ვ.ა-ძის სახელზე გაცემული მემკვიდრეობის მოწმობის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, ქ.თბილისში, ჩოდრიშვილის ქ.¹119-ში მდებარე მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლისა და შპს „უ-ში“ მისი კუვნილი წილის _ 2,07%-ის გასხვისება. მინდობილობა გაცემულ იქნა ამ მოქმედებების საბოლოო შესრულებამდე და იგი ძალაში რჩებოდა მისი გარდაცვალების შემდეგაც. აღნიშნული მინდობილობით, სადავო ბინა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა ვ. ა-ძის სახელზე, ხოლო 2004წ. 24 აპრილს კ. კ-ძესა და გ. ა-ძეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე იგი აღირიცხა გ. ა-ძის სახელზე. სკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის, 109-ე მუხლის „დ“ პუნქტისა და 721-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ კ. პ-ავას სასარჩელო განცხადებაში მითითებული გარიგების კანონით დადგენილი წესების დარღვევით დადების ფაქტი არ დადასტურდა, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ კ. პ-ავა და ვ. ა-ძე ამ უკანასკნელის გარდაცვალებამდე 6წ. მანძილზე, ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე, მათ ერთიანი საოჯახო მეურნეობა და ცოლქმრული ურთიერთობა არ ჰქონიათ. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სკ-ის 1341-ე მუხლის თანახმად, საფუძვლიანად ჩათვალა გ.ა-ძის მოთხოვნა, კ. პ-ავასათვის ვ. ა-ძის დანაშთ ქონებაზე კანონით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება კ. პ-ავამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 721-ე მუხლის მეორე ნაწილი, რადგან არ გაითვალისწინა, რომ რწმუნებულმა კ.კ-ძემ იმოქმედა მარწმუნებლის მემკვიდრის _ კ.პ-ავას საზიანოდ და სადავო ბინის გასხვისებით განკარგა სამკვიდროს კ.პ-ავას წილიც. ამდენად, სკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, სადავო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ბათილად უნდა ჩაითვალოს. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილი, როდესაც ქ.თბილისის მერიის დიდუბე-ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის წერილი მხარეთა შორის ქორწინების შეწყვეტის სათანადო დასტურად მიიჩნია. აღნიშნული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კ.პ-ავა აღრიცხვაზე იმყოფება, როგორც მარტოხელა პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს დასთან ერთად. სკ-ის 1122-ე მუხლში ქორწინების შეწყვეტის საფუძვლები მკაფიოდაა განსაზღვრული. მითითებული ნორმა მარტოხელობის დამდგენი კომისიის დასკვნით, ასევე მარტოხელა და გაჭირვებულ პენსიონერთა სააღრიცხვო ბარათით, ქორწინების შეწყვეტას არ ითვალისწინებს.
საკასაციო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე მისი დამტკიცების შესახებ შემდეგი პირობით:
გ. ა-ძე თანახმაა, გადაუხადოს კ. პ-ავას 6000 აშშ დოლარი 2006წ. 15 ივნისისათვის.
მხარეებს განმარტათ, რომ ამ მორიგების აქტის დამტკიცების შემდეგ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.
მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.
სსკ-ის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 272-ე, 273-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს მორიგება, კ. პ-ავასა და გ. ა-ძეს შორის სამოქალაქო საქმეზე _ კ. პ-ავას სარჩელის გამო, გ. ა-ძისა და კ. კ-ძის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფის თაობაზე, ასევე‚ გ. ა-ძის შეგებებული სარჩელის გამო კ. პ-ავას მიმართ კანონით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის შესახებ შემდეგი პირობით:
გ. ა-ძე თანახმაა, გადაუხადოს კ. პ-ავას 6000 აშშ დოლარი 2006წ. 15 ივნისისათვის.
შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე _ კ. პ-ავას სარჩელის გამო, გ. ა-ძისა და კ. კ-ძის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფის თაობაზე, ასევე‚ გ. ა-ძის შეგებებული სარჩელის გამო კ. პ-ავას მიმართ კანონით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის შესახებ.
გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.