გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ბს-1412(2კ-22) 10 აპრილი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - გ.ა-ე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.ა-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №615 განკარგულება და აღიარების კომისიის შესაბამისი ოქმის ჩანაწერი გ.ა-ის ნაწილში; ბ) დაევალოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განიხილოს მოსარჩელის მოთხოვნა და გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიწის ნაკვეთის აღიარების თაობაზე.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №...-ში საკუთრებაში გააჩნია 500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც გარშემორტყმულია სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთით. მოსარჩელე ასაღიარებელ მიწის ნაკვეთს დღემდე ფლობს და სარგებლობს როგორც მის კუთვნილ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი ტერიტორია, რამდენადაც სხვაგვარად საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გამოყენება შეუძლებელია. ტერიტორია აქვს მოსწორებული და შემოღობილი. მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა მის მიერ თვითნებურად დაკავებული 498 კვ.მ მიწის ნაკვეთის აღიარება. გ.ა-ემ კომისიაში წარადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მოწმეთა ჩვენებები და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. კომისიამ მოსარჩელეს, ადმინისტრაციულ წარმოებაში მისი მონაწილეობის გარეშე, უარი უთხრა საკუთრების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია დეკორატიული მცენარეები, მიწის ნაკვეთის ნაწილი წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცეს, მდებარეობს საავტომობილო გზის მომიჯნავედ და გამოიყენება პარკინგისთვის, არ არის მოქცეული ფიქსირებულ საზღვრებში, არ დასტურდება სარგებლობისა და თვითნებურად დაკავების ფაქტი.
მოსარჩელის განმარტებით, მას არ მიეცა საშუალება მონაწილეობა მიეღო ადმინისტრაციული წარმოების სხდომაზე და წარედგინა არგუმენტები. შესაბამისად გასაჩივრებული აქტი დასაბუთებულია კანონთან შეუსაბამო მოტივებითა და ფაქტებით, რაც წარმოადგენს მისი ბათილად ცნობის საფუძველს.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით გ.ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) გ.ა-ეს საკუთრებაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ქ. ბათუმში, ...ის ქ. №...-ში; ბ) გ.ა-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. სააგენტოს მიერ გამოთხოვილ იქნა მონაცემები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველოს ხელვაჩაურის არქივიდან, რომლითაც გაირკვა, რომ საარქივო დოკუმენტები ხელვაჩაურის არქივში სახელმწიფო დაცვაზე შესანახად არ შესულა. ასევე, გამოთხოვილ იქნა მონაცემები შემოსავლების სამსახურიდან გადასახადის გადამხდელთა სიის შესახებ, რომლითაც გაირკვა, რომ მისამართზე ქ. ბათუმი, ყოფილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, ..., ...ის ქუჩა №..., მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში 2005 წლიდან 2007 წლის 20 სექტემბრამდე მოქ. დ.ა-ე არ ფიქსირდებოდა; გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გ.ა-ისა და დ.ა-ის მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მასალები 2019 წლის 30 იანვარს გადაეგზავნა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. კომისიის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შესწავლილ იქნა განმცხადებლის მოთხოვნა და კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის განკარგულებით განმცხადებელს უარი ეთქვა სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით აღიარებაზე. უარის თქმას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ასაღიარებლად მოთხოვნილ მიწაზე განთავსებული იყო დეკორატიული მცენარეები, მიწის ნაკვეთის ნაწილი წარმოადგენდა საზოგადოებრივ სივრცეს, მდებარეობდა საავტომობილო გზის მომიჯნავედ და გამოიყენებოდა პარკინგისათვის. ამასთან, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ იყო მოქცეული ფიქსირებულ საზღვრებში, არ დასტურდებოდა დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთით სარგებლობა და თვითნებურად დაკავების ფაქტი; დ) განმცხადებელს სარეგისტრაციოდ წარდგენილი ჰქონდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მის საკუთრებაში არსებულ 500 კვ.მ მიწაზე, თვითნებურად დაკავებული მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მოწმეთა ჩვენებები და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
სასამართლოს მითითებით იმისათვის, რომ პირმა დაამტკიცოს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, ვალდებულია დაადასტუროს, რომ მართალია, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მაგრამ ის ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით, ანუ უკანონოდაა დაუფლებული მიწას და ახორციელებს მასზე ფაქტობრივ ბატონობას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთვარობის 2016 წლის 28 ივლისის №376 ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისიწინებით. ასევე, დაინტერესებული პირის მხრიდან დადასტურებულ უნდა იქნეს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი კანონის ამოქმედებამდე.
სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის განმარტებით და საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სადავო მიწის დათვალიერების შედეგად ვერ დადგინდა მოსარჩელის მხრიდან ასაღირებელი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი. ასევე დგინდება, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცეს და იგი გამოიყენება საავტომობილო პარკირებისათვის. ფაქტს იმის შესახებ, რომ ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე გადის შიდა საავტომობილო გზა, რომელიც გზის ცენტრალურ ნაწილს აკავშირებს ...სთან თავის წერილობით განმარტებაში არ უარყოფს თავად მოსარჩელეც.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში გ.ა-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ იძლეოდა მიწის ნაკვეთის ფლობის დადასტურების საკმარის საფუძველს, კერძოდ, არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს მთვარობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მოთხოვნებს, კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტსა და მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტს. როგორც საქმეში არსებული მასალებით და აგრეთვე, მიწის ნაკვეთის დათვალიერებით დადგინდა, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე გადის შიდა საავტომობილო გზა, რომელიც ცენტრალურ საავტომობილო გზას აკავშირებს ზღვის სანაპიროსთან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ნაწილი წარმოადგენს საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთს, რომლითაც გარდა განმცხადებლისა, სხვა პირებმაც უნდა ისარგებლონ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ დარღვეულა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი სხვა მოთხოვნებიც. საქმის მასალებიდან გამომდინარე, არ დასტურდება და მოსარჩელის მიერ არც სასამართლო სხდომაზე იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, იმ გარემოებების დასადგენად, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ.ა-ის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ.ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 10.10.2019წ. №615 განკარგულება 177 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში. დაევალა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ.ა-ის განცხადებაზე, რომლითაც მოთხოვნილია ქ. ბათუმში, ...ის ქ. №...-ს მიმდებარედ არსებული 177 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. დანარჩენ ნაწილში გ.ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) გ.ა-ეს ეკუთვნის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ქ. ბათუმში, ...ის ქ. №...-ში, (ს/კ ...); ბ) გ.ა-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. განმცხადებელს სარეგისტრაციოდ წარდგენილი ჰქონდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მის საკუთრებაში არსებულ 500 კვ.მ მიწაზე, თვითნებურად დაკავებული მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მოწმეთა ჩვენებები და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. სააგენტოს მიერ გამოთხოვილ იქნა მონაცემები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველოს ხელვაჩაურის არქივიდან, რომლითაც გაირკვა, რომ ქ. ბათუმში, ...ის ქ. №..., საარქივო დოკუმენტები ხელვაჩაურის არქივში სახელმწიფო დაცვაზე შესანახად არ შესულა. ასევე, გამოთხოვილ იქნა მონაცემები შემოსავლების სამსახურიდან გადასახადის გადამხდელთა სიის შესახებ, რომლითაც გაირკვა, რომ მისამართზე ქ. ბათუმი, ყოფილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, ..., ...ის ქუჩა №..., მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში 2005 წლიდან 2007 წლის 20 სექტემბრამდე მოქ. დ.ა-ე არ ფიქსირდებოდა; გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გ.ა-ისა და დ.ა-ის მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მასალები 2019 წლის 30 იანვარს გადაეგზავნა კომისიას. კომისიის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შესწავლილ იქნა განმცხადებლის მოთხოვნა და კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის განკარგულებით განმცხადებელს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე. უარის თქმას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ასაღიარებელ მიწაზე იყო დეკორატიული მცენარეები, მისი ნაწილი წარმოადგენდა საზოგადოებრივ სივრცეს, მდებარეობდა საავტომობილო გზის მომიჯნავედ და გამოიყენებოდა პარკინგისათვის. ამასთან, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ იყო მოქცეული ფიქსირებულ საზღვრებში, არ დასტურდებოდა დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის სარგებლობა და თვითნებურად დაკავების ფაქტი.
სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის პრეტენზია მდგომარეობს მასში, რომ კომისიამ მისი განცხადება განიხილა კანონდარღვევით, კერძოდ, საკითხი არ განხილულა დაინტერესებული პირის/განმცხადებლის მონაწილეობით და არ მისცემია მტკიცებულებების წარდგენის საშუალება, არ ჩატარებულა ადგილზე დათვალიერება, არ გამორკვეულა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები.
2019 წლის 28 ოქტომბრით დათარიღებული განცხადებით ირკვევა, რომ გ.ა-ის წარმომადგენელი ადმინისტრაციული ორგანოსაგან ითხოვს მოსარჩელის განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ყველა მასალის გადაცემას, მათ შორის, ოქმების, აქტების, დათვალიერების ოქმების. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილ იქნა გ.ა-ის განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმის მასალები, თუმცა ამ მასალებში არ ყოფილა კომისიის სხდომის ოქმი, რომლითაც დადასტუდებოდა გ.ა-ის განცხადების განხილვა კანონით დადგენილი წესით. ასევე, სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი გ.ა-ის ინტერესში შემავალი მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმი, მაშინ, როცა სადავო განკარგულებაში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთი ადგილზე დათვალიერდა. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არც საქალაქო და არც სააპელაციო განხილვისას შესაგებელი ან სააპელაციო საჩივარში გაცხადებული პრეტენზიის გამაბათილებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. ამ პირობებში პალატამ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით - არ არის დაცული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესები.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გ.ა-ე სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრებად აღიარებას ითხოვს მისი თვითნებურად დაკავების საფუძვლით, ხოლო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებას ასაბუთებს სადავო ტერიტორიის ნაკვეთთან მისასვლელ გზად გამოყენებით, რა მიზნითაც ბალასტი შეიტანა ამ ტერიტორიაზე საკუთარი ხარჯით და შემოღობა ის საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთთან ერთად და იყენებს ავტომობილის პარკირებისთვის. მისივე აღნიშვნით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 4 666 კვ.მ მიწის ნაკვეთი მოიცავს მის ინტერესში შემავალ 498 კვ.მ-ს, საიდანაც 177 კვ.მ მიწის ნაკვეთი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სწორედ ზემოთ მითითებული საფუძვლით (საკუთარ ნაკვეთთან მისასვლელი გზის დანიშნულებით გამოსაყენებლად) დაიტვირთა სერვიტუტით. 2022 წლის 2 იანვრით დათარიღებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ სახელმწიფო საკუთრებაში ირიცხება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 4666 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის ერთი ნაწილი - 177 კვ.მ მიწის ნაკვეთი 28.12.2021წ. №... განცხადების საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე დატვირთულია სერვიტუტით.
სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, სადავო მიწის ნაკვეთის აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ტყე-პარკის ტერიტორიას, ზღვის განაპირა ზოლს, მიწის ნაკვეთზე ხარობენ დეკორატიული ხე-მცენარეები, არის საზოგადოებრივი სივრცე და გამოიყენება საპარკინგედ, თუმცა კომისიის მიერ დასახელებული არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება შესაბამისი მტკიცებულებით არ დასტურდება.
საქმეში წარმოდგენილი 24.01.2019წ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამსახურებრივი ბარათით დასტურდება, რომ ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით, №... განაცხადზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემული უძრავი ნივთი, 28.12.2018 წლის მდგომარეობით ზედდებაშია სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან საკადასტრო კოდით: .... რაც შეეხება დანიშნულებისა და კატეგორიის შესახებ ინფორმაციის გაცემას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ, ყოფილი საზოგადოებრივი მეურნეობების მიწათსარგებლობის გეგმების მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთის დანიშნულების და კატეგორიის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.
საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა - ნ.ბ-ის, მ.ა-ისა და პ.ძ-ის ჩვენებებით დასტურდება, რომ გ.ა-ე ნამდვილად ფლობს და სარგებლობს 2001 - 2002 წლიდან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 498 კვ.მ მიწის ნაკვეთით, მდებარე ქალაქ ბათუმში, ...ის ქუჩა №...-ს მიმდებარედ, შპს „გ...ის“ მიერ შესრულებული აზომვითი ნახაზის მიხედვით. საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათების მიხედვით, სადავო მიწის ნაკვეთის გასწვრივ ჩანს მავთულბადე, ის ემიჯნება როგორც მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს, ისე ცენტრალურ საავტომობილო გზას (მდებარეობს გ.ა-ის საკუთრებასა და ცენტრალურ საავტომობილო გზას შორის), მასზე არის მცირე რაოდენობის ხე-ბუჩქნარი, მიწის ნაკვეთზე არ ჩანს მისი საპარკინგე დანიშნულებით გამოყენების მონიშვნები, ასევე ფოტომასალით არ ირკვევა აღნიშნულ მიწის ნაკვეთსა და ზღვის სანაპირო ზოლს შორის მანძილი ან მდებარეობითი ურთიერთმიმართება.
მოსარჩელის განმარტებით, თვითნებურად დაკავებული მიწის ფართობი ყოველთვის გამოიყენებოდა მის საკუთრებად რეგისტრირებულ ნაკვეთზე მისასვლელ გზად და ეხმარებოდა მოსარჩელეს მისი ნაკვეთის უკეთ გამოყენებაში, მათ შორის, იყენებდა ავტოსადგომად. ამ ნაკვეთის მდებარეობის გასაუმჯობესებლად მოსარჩელემ ნაკვეთში შეიტანა ბალასტი. სადავო მიწის ნაკვეთი საკუთრების აღიარების მოთხოვნის მომენტში სახელმწიფოს საკუთრებად იყო რეგისტრირებული და არ იყო განკარგული. სადავო ნაკვეთის მფლობელობის ფაქტთან დაკავშირებით ასევე საყურადღებოა, რომ მიწის ნაკვეთზე მცირე მოცულობის ნაგებობაც არის, რომელსაც, მოსარჩელის განმარტებით, ის პერიოდულად სავაჭრო ობიექტად იყენებს. მისივე მტკიცებით, სადავო მიწის ნაკვეთზე გავლით ის დღემდე შედის საკუთარ მიწის ნაკვეთში და ამ დანიშნულებით ნაკვეთის გამოყენების აუცილებლობა დადასტურდა სადავო ტერიტორიიდან 177 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სერვიტუტის რეგისტრაციით.
პალატამ აღნიშნა, რომ გ.ა-ის განცხადებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია. ადმინისტრაციული ორგანოს პრეროგატივაა მის კომპეტენციაში შემავალი საკითხი გადაწყვიტოს არა მხოლოდ კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი კანონის მოთხოვნებს, არამედ, ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემისას უნდა იხელმძღვანელოს მიზანშეწონილობის კრიტერიუმებითაც, მიზანშეწონილობა კი გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას საჯარო ინტერესების გათვალისწინებით ოპტიმალურად გადაწყვიტოს სადავო საკითხი და განახორციელოს შესაბამისი მმართველობითი ღონისძიება. პალატამ მართებულად მიიჩნია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლზე მითითებით, სადავო საკითხის გადასაწყვეტად საქმის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნება.
სააპელაციო პალატამ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებულ წესსა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით განმარტა, რომ საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისია ვალდებულია გადაამოწმოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, დარწმუნდეს მათ უტყუარობაში და ამის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება. ასევე, კომისია ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში, მოიპოვოს დამატებითი მტკიცებულებანი, მოახდინოს უფლებაასაღიარებელი უძრავი ქონების დათვალიერება, გამოითხოვოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან შესაბამისი ინფორმაცია, გამოიყენოს სპეციალისტისა და ექსპერტის დასკვნები.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ.ა-ის განცხადება კომისიას არ განუხილავს კანონით დადგენილი წესით, ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება განმცხადებლის მიწვევა და მისი მონაწილება ადმინისტრაციულ წარმოებაში. მას არ მისცემია საკუთარი პოზიციისა და მტკიცებულებების წარდგენის საშუალება. გაურკვეველია ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა თუ არა სადავო მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება არც ადგილზე დათვალიერების ოქმი და არც ადმინისტრაციული წარმოების სხდომის ოქმი. სადავო განკარგულებას კი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სწორედ ადგილზე დათვალიერებისას გამოკვლეულ გარემოებებს აფუძნებს. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ განცხადებით მოითხოვა ადმინისტრაციული წარმოების მასალების გადაცემა (განცხადება ერთვის სარჩელს), მას არ გადასცემია ასეთი ოქმები და მითითებული დოკუმენტები არც სასამართლოში ყოფილა წარდგენილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე. მოპასუხეს სასამართლოსათვის არც შესაგებელი წარუდგენია მოსარჩელის არგუმენტების გასაქარწყლებლად.
პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო სადავო მიწის ნაკვეთის აღიარებაზე უარის თქმის საფუძველად უთითებს იმ გარემოებას, რომ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ტყე-პარკის ტერიტორიას, ზღვის სანაპირო ზოლს, მიწის ნაკვეთზე ხარობს დეკორატიული ხე-მცენარეები, არის საზოგადოებრივი სივრცე და გამოიყენება საპარკინგედ, მაშინ როდესაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სამსახურებრივი ბარათით ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ, ყოფილი საზოგადოებრივი მეურნეობების მიწათსარგებლობის გეგმების მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთის დანიშნულების და კატეგორიის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. შესაბამისად, როგორ დაადგინა ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ტყე-პარკს, არის საზოგადოებრივი სივრცე და გამოიყენება საპარკინგედ და ა.შ., საქმის მასალებიდან არ ირკვევა.
ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ერთერთ საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტი, მაშინ როდესაც, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით გ.ა-ის ინტერესში შემავალი 498 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან - 177 კვ.მ მიწის ნაკვეთი (28.12.2021 წლის ... განცხადების საფუძველზე) დაიტვირთა სერვიტუტით სარგებლობისათვის, ვინაიდან იგი ესაჭიროებოდა გზად საკუთარ ნაკვეთთან მისასვლელად, ამასთან საქმეში წარმოდგენილია მოწმეების ნოტარიულად დამოწმებული განმარტება გ.ა-ის მიერ მიწის ნაკვეთით სარგებლობის თაობაზე, რაც არ შეფასებულა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, იმ გამონაკლისების გარდა, რაც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონით არის განსაზღვრული (3.2 მუხლი). ამდენად, თუკი მიწის ნაკვეთი არ ექცევა კანონის 3.2 მუხლის რეგულაციაში (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო, დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი და ა.შ.,) მასზე დასაშვებია ამავე კანონით დადგენილი პროცედურით დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარება.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელე 498 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვს თვითნებურად დაკავების საფუძვლით და განმარტავს, რომ მის მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივად სარგებლობა გამოიხატება ამ ტერიტორიის საკუთარ ნაკვეთთან მისასვლელი გზის დანიშნულებით გამოყენებაში, რა მიზნითაც მან გააუმჯობესა ნაკვეთის მდგომარეობა, შეიტანა მასში ბალასტი და იყენებს ავტომანქანის სადგომადაც. აპელანტის (მოსარჩელის) მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე წარდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ გ.ა-ის ნაკვეთთან მისასვლელი გზის დანიშნულებით სერვიტუტით დატვირთულია 177 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც მხარისვე განმარტებით, ამ დანიშნულებით მანამდეც გამოიყენებეოდა მის მიერ ნაკვეთით სარგებლობის მთელი პერიოდის მანძილზე. მიუხედავად ამისა, აპელანტი (მოსარჩელე) დანარჩენ 321 კვ.მ მიწის ნაკვეთზეც ითხოვს საკუთრების უფლების აღიარებას, თუმცა ვერ მიუთითებს მიწის ნაკვეთის ამ ნაწილის მფლობელობა და სარგებლობა რაში გამოიხატებოდა, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებისადმი დასაბუთებული ინტერესი მიემართება 498 კვ.მ-დან მხოლოდ 177 კვ.მ მიწის ნაკვეთისადმი, ხოლო დანარჩენ მიწის ნაკვეთზე ასეთი ინტერესი არ იკვეთება, რამდენადაც მოსარჩელე ვერ მიუთითებს მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობისა და სარგებლობის დამადასტურებელ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. მართალია, მოწმეები ნ.ბ-ე, მ.ა-ე და პ.ძ-ი წერილობით ახსნა-განმარტებაში (რომელიც დამოწმებულია ნოტარიულად) მიუთითებენ, რომ გ.ა-ე 498 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №...-ს მიმდებარედ შპს „გ...ის“ მიერ შესრულებული აზომვითი ნახაზის მიხედვით, თუმცა პალატა აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენებას, როგორც ნებისმიერ სხვა მტკიცებულებას, სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში (სსსკ-ის 105-ე მუხლი). პალატის აზრით, იმისათვის, რომ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები/მონაცემები უტყუარად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია მტკიცებულებათა შეფასება (მათში ასახული/გამოხატული ინფორმაციების უტყუარობის თვალსაზრისით) განხორციელდეს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერების/შეპირისპირებისა და გაანალიზების საფუძველზე. განსაკუთრებით ყურადსაღებია ის გარემოება, რომ კანონმდებელი ფაქტობრივი გარემოების დადგენის თვალსაზრისით საკმარისად არ მიიჩნევს ცალკე აღებული ერთი მტკიცებულების არსებობის/საკმარისობის ფაქტს, არამედ იგი ადგენს სტანდარტს, რომელიც გულისხმობს მტკიცებულებათა ერთობლიობის მოცემულობას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კონკრეტული ფაქტ(ებ)ის დადასტურების თვალსაზრისით მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, რომლებიც უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით, რათა ეჭვგარეშე, ზემოაღნიშნული სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.
მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა წერილობით ახსნა-განმარტებაში არ არის აღნიშვნა თუ რა დანიშნულებით იყენებდა გ.ა-ე 498 კვ.მ მიწის ნაკვეთს. გ.ა-ე კი მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთს საკუთარ საკარმიდამო მიწის ნაკვეთთან მისასვლელ გზად იყენებდა. ამ დანიშნულებით გამოსაყენებლად, მისივე თხოვნით 177 კვ.მ სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა სერვიტუტის უფლება, რაც სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ ფაქტობრივი მფლობელობა და სარგებლობა მოსარჩელეს სწორედ მითითებული ფართობის მიწის ნაკვეთზე გააჩნდა, ხოლო რამდენად შეესაბამება ამ მიწაზე კერძო პირის საკუთრების უფლების აღიარება კანონმდებლობის მოთხოვნებს - ეს სათანადო წესით, სრულყოფილად ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას უნდა გაირკვეს. ამ პროცესში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა დათვალიერდეს სადავო ტერიტორია (177 კვ.მ), გაირკვეს მისი დანიშნულება და კატეგორია, რათა დადგინდეს ხომ არ ეწინააღმდეგება მასზე საკუთრების უფლების აღიარება კანონის 3.2 მუხლის მოთხოვნებს. რაც შეეხება დანარჩენ 321 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მისი მფლობელობისა და სარგებლობის რაიმე მტკიცებულება მოსარჩელეს არ გააჩნია, შესაბამისად, მიწის ნაკვეთის ამ ნაწილზე მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №615 განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს, რამდენადაც ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად წარმართვის პირობებშიც სადავო საკითხზე სხვაგვარი (მოსარჩელის სასარგებლო) გადაწყვეტილება ვერ მიიღებოდა.
სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონიდან გამომდინარე მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი შესაძლოა იკვეთებოდეს მხოლოდ 177 კვ.მ მიწის იმ ნაკვეთზე, რომელზეც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სერვიტუტი. სწორედ ამ ნაწილში მოპასუხე კომისიამ კანონის მოთხოვნათა დაცვით უნდა განიხილოს გ.ა-ის განცხადება და გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საკუთრების უფლების აღიარების საკითხთან დაკავშირებით.
სააპელაციო პალატის განმარტებით, საკანონმდებლო დანაწესები თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის მნიშვნელობას ანიჭებს კანონის ამოქმედებამდე (20.09.2007 წლამდე) მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტს, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს საქმის გარემოებების გათვალისწინებით. კანონის მიზნებიდან გამომდინარე, განმსაზღვრელია, რომ კანონის ამოქმედების მომენტში სახეზე იყოს ნივთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, მფლობელობა. მფლობელობა კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამგვარად, მფლობელობა ნივთზე ფაქტობრივ „ბატონობას“, ნივთის, როგორც საკუთარის მართვა-გამგეობას გულისხმობს. საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისთვის კი აღნიშნული გარემოების არსებობა უტყუარად უნდა დადგინდეს კანონის ამოქმედების მომენტისათვის.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეისწავლოს როგორც განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებების ნამდვილობა, ასევე, დაადგინოს სადავო მიწის ნაკვეთის დანიშნულება, რათა გაირკვეს ხომ არ ეწინააღმდეგება განმცხადებლის მოთხოვნა კანონის 3.2 მუხლის დანაწესს და ხომ არ არის სახეზე მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხველი გარემოებები. ამ მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოკითხოს განმცხადებელი, მისცეს მას დამატებითი ინფორმაციისა თუ მასალების წარდგენის შესაძლებლობა, დაათვალიეროს სადავო მიწის ნაკვეთი, საჭიროების შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები, რის შედეგადაც სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. მითითებული გადაწყვეტილება ასევე გასაჩივრდა გ.ა-ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება/სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
4.1 კასატორი - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 10 ოქტომბრის №615 განკარგულებით კომისიამ გ.ა-ეს უარი უთხრა ქ. ბათუმში, ...ის ქ. №...-ში მდებარე 498 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მიწის ნაკვეთი დაფარული იყო დეკორატიული მცენარეებით, მისი ნაწილი წარმოადგენდა საზოგადოებრივ სივრცეს, მდებარეობდა საავტომობილო გზის მომიჯნავედ და გამოიყენებოდა პარკინგისათვის, არ იყო მოქცეული ფიქსირებულ საზღვრებში, არ დასტურდებოდა ნაკვეთით სარგებლობისა და მისი თვითნებურად დაკავების ფაქტი.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის - 321 კვ.მ ფართობის ნაწილში აპელანტს მფლობელობისა და სარგებლობის რაიმე მტკიცებულება არ გააჩნია, შესაბამისად, მიწის ნაკვეთის ამ ნაწილზე კომისიის განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს, რამდენადაც ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად გამართვის პირობებშიც სადავო საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილება ვერ მიიღებოდა. შემაჯამებელ ნაწილში პალატა ასკვნის, რომ მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი შესაძლოა იკვეთებოდეს მხოლოდ 177 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სერვიტუტი.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ არ არის გათვალისწინებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, რომელიც განსაზღვრავს, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ეს ტერიტორია არის ტყე-პარკის ტიპის ადგილი, რომელიც მდებარეობს ზღვის ზოლთან ძალიან ახლოს და საზოგადოებრივი სივრცეა, გამოიყენება დასვენებისთვის. ირგვლივ არის ტურისტული ინფრასტრუქტურა, სასტუმრო-კომპლექსები. აღნიშნული ტერიტორია ოდითგანვე დატვირთული იყო რეკრეაციულ-დასასვენებელი ფუნქციით, შესაბამისად, მისი განკერძოება დაუშვებელია. თუ ჩავთვლით, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთიდან 177 კვ.მ სერვიტუტის საფუძველზე მიჩნეულ იქნა აუცილებელ გზად, მისი საკუთრების უფლებით გადაცემა მით უფრო დაუშვებელია.
4.2 კასატორი - გ.ა-ის განმარტებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომლითაც თვითნებურად დაკავებულად ჩაითვალა 498 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილი - 177 კვ.მ, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 321 კვ.მ არ იქნა მიჩნეული თვითნებურად დაკავებულად იმ პირობებში, როდესაც ნაკვეთი მოქცეულია ერთი ღობის შიგნით და ფაქტობრივადაც წარმოადგენს ერთ მიწის ნაკვეთს.
კასატორი აღნიშნავს, რომ ქ. ბათუმში, ...ის ქ. №...-ში 500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სადაც განლაგებული იყო პატარა სახლი, მოსარჩელის შვილმა შეიძინა 2002 წელს. მითითებული სახლის დემონტაჟი მოახდინა 2016 წელს და სურდა ახალი სახლის აშენება, მაგრამ ვინაიდან 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი გარშემორტყმული იყო სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთით და ამ საკუთრებას ოფიციალურად არ ჰქონდა რეგისტრირებული მისასვლელი გზა, ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურულმა განყოფილებამ არ დაამტკიცა სახლის მშენებლობის პროექტი და შესაბამისად, არ გასცა მშენებელობის ნებართვა.
კასატორის განმარტებით, საკუთრებასთან (სახლთან) მისასავლელი გზა და გარკვეული ტერიტორია თავიდანვე არსებობდა, რომელსაც საკუთრების შეძენის დღიდან იყენებდნენ როგორც საკუთარ ეზოს და ბოსტანს, ეს ტერიტორია იყო და არის შემოღობილი. აქვე მოსარჩელის ოჯახს აქვს პატარა (3X4) რკინის ჯიხური, რომელსაც იყენებდნენ ინვენტარის შესანახად, ხოლო ზაფხულის სეზონზე ...ისა და ...ის გასაყიდად. მითითებულ (სახლთან მისასვლელ) მიწის ნაკვეთზე რამდენიმე წლის წინ შეიტანეს ათობით ავტომანქანა ბალასტი, მოასწორეს და გააუმჯობესეს. ფაქტობრივად საკუთრების წინ არსებული ტერიტორიით, საკუთრების შეძენიდან, წლების განმავლობაში სარგებლობს მოსარჩელის ოჯახი, რადგან ამ ნაკვეთის გამოყენების გარეშე ვერ ისარგებლებენ ვერც კუთვნილი ნაკვეთით, ვერც სახლით. მათ მიერ თვითნებურად დაკავებული ტერიტორია არის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გაგრძელება და საკუთრებასთან მისასვლელი ერთადერთი მხარე. მიწის ნაკვეთის აღიარების მოთხოვნის პარალელურად, მოსარჩელემ განცხადება შეიტანა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში და მოითხოვა მისასვლელი გზის ნებართვა, რათა შემდგომ მიეღო სახლის მშენებლობის ნებართვა. სააგენტომ პირველ ეტაპზე უარი განაცხადა გზის სერვიტუტით გადაცემაზე, თუმცა მოგვიანებით აღნიშნულზე თანხმობა გამოთქვა და მისასვლელი გზა - 177 კვ.მ გადასცა უსასყიდლო სერვიტუტით.
კასატორმა 2019 წლის იანვარში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა განცხადება და მოითხოვა საკუთრების მომიჯნავე 498 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განცხადებაზე თანდართული მასალები გადაუგზავნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელმაც მოსარჩელეს 2019 წლის 10 ოქტომბრის განკარგულებით უარი უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე. გასაჩივრებული აქტის საფუძვლად მითითებული ფაქტები სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლომ და 2022 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა გ.ა-ის სარჩელი, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვდა აღიარების კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის განკარგულების ბათილად ცნობას და საქმის ხელახლა განხილვას ძირითადად სამი საფუძვლით: 1. აღიარების კომისიამ მოსარჩელე არ მიიწვია საქმის განხილვაზე, 2. აღიარების კომისიამ არასწორად წარმოადგინა და მოსარჩელის მონაწილებით არ შეისწავლა ფაქტები, მასთან ერთად არ დაათვალიერა მოთხოვნილი ტერიტორია, 3. აღიარების კომისიის მიერ ჩამოთვლილი უარის თქმის საფუძვლებიდან არცერთი არ გამომდინარეობს კანონმდებლობიდან.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ უკანონოა მოსარჩელის მიწვევის გარეშე ადმინისტრაციული წარმოების ჩატრება, ასევე უკანონოა სადავო განკარგულებაში ჩამოთვლილი უარის თქმის საფუძვლები, თუმცა პალატამ არასწორად დაადგინა მოსარჩელის მფლობელობაში არსებული თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ფართობი. მიწის ნაკვეთი განთავსებულია ..., (ბათუმის მხრიდან) სოფ. ...ის საავტომობილო გზის მარცხენა (ზღვის) მხარეს. მარჯვენა მხარეს ნაკვეთს ესაზღვრება ხაზობრივი ნაგებობა, 5-6 მეტრის სიმაღლის რკინა-ბეტონის კედელი და სხვა პირების კერძო საკუთრება. მარცხენა მხარეს არის ხეობა. სადავო ნაკვეთის ბოლოს არის მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მისასვლელი მხარე თავისთავად ემიჯნება საავტომობილო გზას, ე.ი. მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი, დაახლოებით 600 კვ.მ მოქცეულია ბუნებრივ საზღვრებში (მოსარჩელემ მოითხოვა მხოლოდ 498 კვ.მ, აღიარების მოთხოვნისას მოქმედი საკანონმდებლო რეგულირებიდან გამომდინარე). მთავარი საკითხი არის ის, რომ სახლი და მიწის ნაკვეთი, რომელიც მოსარჩელის მიერ იქნა შეძენილი კერძო პირისგან, აშენებულია გასული საუკუნის 30-იან წლებში. სახლი აშენებული იყო ფერდობ ადგილზე და 500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიც განლაგებულია ფერდობ ადგილზე, ამიტომ საცხოვრებელი სახლის წინ არსებული, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი, თავდაპირველად და ახლაც წარმოადგენს სახლთან მისასვლელ ეზოს და ამ შენობას სხვა მისასვლელი/ეზო არ გააჩნია, რომელიც რამდენიმე წლის წინ ამ ტერიტორიაზე შეტანილი ბალასტით იქნა მოსწორებული და მოხრეშილი, ხოლო წლების განმავლობაში ეს ტერიტორია საკუთრებასთან ერთიანად მავთულის ღობით იყო და არის შემოღობილი. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას წარადგინა შუამდგომლობა ადგილზე დათვალიერების შესახებ, რომელიც ნათელს გახდიდა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა სასამართლოს მიერ აღნიშნული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების პროცესში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მოსარჩელე გ.ა-ის სახელზე დაარეგისტრირა მისასვლელი სამანქანე გზის (177 კვ.მ) სერვიტუტის უფლება. აღნიშნული მტკიცებულება აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა იმის სამტკიცებლად, რომ მის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ არის არც საზოგადოებრივი სივრცე, არც დეკორატიული მცენარეებით დაკავებული ადგილი, არც ავტოსადგომი და არ არსებობს სხვა დამაბრკოლებელი გარემოება, რომელიც კანონიერი საფუძველი იქნებოდა საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმისათვის. სერვიტუტით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის შუა ნაწილში გადის, შესაბამისად, ისედაც მცირე ფართის შუაზე გაყოფა გამოუსადეგარს ხდის მიწის ნაკვეთს როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე მოსარჩელისთვის. ამასთან, სადავო ნაკვეთი ზღვისგან დაშორებულია 350 მეტრით. მოსარჩელის საკუთრებასა და ზღვას შორის არსებული გამწვანება გაჩეხილია და აშენებენ მრავალსართულიანს სახლს, შემორჩენილია მხოლოდ მცირე რაოდენობის ხე, რომელიც დგას მოსარჩელის საკუთრებასა და მიმდებარე ტერიტორიაზე.
კასატორის განმარტებით, მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტები არ შეესაბამება სინამდვილეს. ტერიტორიაზე არ არის სასტუმრო კომპლექსი და ტურისტული ინფრასტრუქტურა, არ არის არავითარი საზოგადოებრივი სივრცე და დასასვენებელი ზონა, არც პარკი, ტყე-პარკი და რეკრეაციული ადგილი. ადგილი არავის დაუთვალიერებია, არც შესაბამისი დათვალიერების ოქმი არსებობს. ტერიტორიიდან ზღვამდე დაახლოებით 500-600 მეტრია. ადგილსა და ზღვას შორის არის ორსართულიანი საერთო საცხოვრებელი სახლი და შენდება 30-სართულიანი კორპუსები.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და გ.ა-ის საკასაციო საჩივრები.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და გ.ა-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება გ.ა-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) გ.ა-ეს საკუთრებაში ერიცხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ქ. ბათუმში, ...ის ქ. №...-ში, საკადასტრო კოდი ..., დაზუსტებული ფართობი 500 კვ. მეტრი (ტ.1, ს.ფ 12-13); ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანო - ხელვაჩაურის არქივის 2019 წლის 10 იანვრის წერილით ეცნობა, რომ ქ. ბათუმი, ...ის ქ. №...-ს საარქივო დოკუმენტები ხელვაჩაურის არქივში სახელმწიფო დაცვაზე შესანახად არ შესულა (ტ.1, ს.ფ 56). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 იანვრის წერილით ეცნობა, რომ ბათუმი (ყოფილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, ...), ...ის ქუჩა №..., მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში 2005 წლიდან 2007 წლის 20 სექტემბრამდე მოქ. დ.ა-ე არ ფიქსირდებოდა (ტ.1, ს.ფ 57); გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მასალები 2019 წლის 30 იანვარს გადაეგზავნა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის განკარგულებით გ.ა-ეს და დ.ა-ეს უარი ეთქვათ ქ. ბათუმში, ...ის ქ. №...-ს მიმდებარედ არსებულ 498 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. სადავო განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთის ნაწილზე განთავსებულია დეკორატიული მცენარეები, მიწის ნაკვეთის ნაწილი წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცეს, მდებარეობს საავტომობილო გზის მომიჯნავედ და გამოიყენება პარკინგისათვის. ამასთან, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ არის მოქცეული ფიქსირებულ საზღვრებში, არ დასტურდება დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთით სარგებლობა და თვითნებურად დაკავების ფაქტი (ტ.1, ს.ფ 59).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს გ.ა-ისთვის თვითნებურად დაკავების საფუძვლით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოდასახელებული საკანონმდებლო აქტი აწესრიგებს რა პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ, ასევე პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს, წესსა და პირობებს, ასევე განსაზღვრავს იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს, ამავდროულად, ხელს უწყობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებას და მიწის ბაზრის განვითარებას. საყურადღებოა, რომ კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს ორი ტიპის - მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთებს.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება განიმარტება როგორც ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
მითითებული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნული კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებულ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“, რომელიც არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
ზემოაღნიშნული წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განცხადებაზე დასართავი მტკიცებულებების ჩამონათვალს, კერძოდ, ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად, ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საზღვრები და ფართობი; გ) ინფორმაცია, საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად, კერძოდ, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა/მისამართი, მიწის ნაკვეთის დანიშნულება (სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო), ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის ხარისხობრივი (კარგი და მწირი) მონაცემები; დ) დაინტერესებული პირის ან/და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო თუ დაინტერესებული პირი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლეა, დამატებით სავარაუდო მემკვიდრეობის ან უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; ე) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ დაინტერესებული პირი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა ნაკლებია 100 000-ზე (ასი ათასზე) (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) სააგენტოში არსებული უახლესი ინფორმაცია მიწის იმ ნაკვეთის თაობაზე, რომელზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხიც განიხილება, კერძოდ, რეგისტრირებულია თუ არა მასზე უფლება ან წარდგენილია თუ არა სააგენტოში სარეგისტრაციო განცხადება უფლების რეგისტრაციის თაობაზე, რომელზეც მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოება ან/და ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, ადმინისტრაციული წარმოება, რომელზეც სააგენტოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მთავარ წინაპირობას ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დადასტურება წარმოადგენს. იმისათვის, რომ პირმა დაამტკიცოს მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტი, ვალდებულია, დაადასტუროს, რომ მართალია, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მაგრამ ის ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით, ანუ უკანონოდაა დაუფლებული მიწას და ახორციელებს მასზე ფაქტობრივ მფლობელობას. ამავდროულად აუცილებელია, მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის დაინტერესებულმა პირმა დაადასტუროს, რომ დასახელებული კანონის ამოქმედებამდე ფლობდა და სარგებლობდა მიწის ნაკვეთით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და მისი შეზღუდვის იმპერატიულ დანაწესს შეიცავს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც განსაზღავრავს იმ მიწის ნაკვეთთა ჩამონათვალს, რომელიც არ ექვემდებარება აღიარებას, ესენია: ა) პირუტყვის გადასარეკი ტრასა; ბ) წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; გ) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც დაკავებულია ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ, რომელთა საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის შესაბამისად და რომელთა სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის ფონდის მართვისა და დაცვის განხორციელებას; დ) დაცული ტერიტორია, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა; ე) რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა; ვ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლები; ზ) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ...ი; თ) თუ მასზე განთავსებულია წყალსაცავი, ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი ზონები; ი) თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები; კ) სპეციალური დანიშნულების (თავდაცვისა და მობილიზაციისათვის განკუთვნილი) მიწის ნაკვეთები; ლ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას; მ) სასაფლაო და პანთეონი; ნ) სანიტარიული და დაცვითი ზონები; ო) თუ იგი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის. ამასთან, ზემოაღნიშნული კანონის 51 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე. შესაბამისად, თვითნებურად დაკავების საფუძვლით მიწის ნაკვეთის ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლებით აღიარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოებისას არ დადასტურდება საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული პირობის არსებობა, ამასთან დაინტერესებული პირი, განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს და კანონიერი საფუძვლის გარეშე (თვითნებურად) დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი, რა დროსაც დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს მისი მოთხოვნის უტყუარობას. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით დადგენილი პროცედურის ზედმიწევნით დაცვით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, მათ შორის, დამატებით მოძიებული მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების გზით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე გ.ა-ე განცხადებით ითხოვდა მის საკუთრებაში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მომიჯნავედ არსებულ ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, როგორც მის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი. მოპასუხე კომისიის მიერ გ.ა-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთის ნაწილზე განთავსებულია დეკორატიული მცენარეები, მიწის ნაკვეთის ნაწილი წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცეს, მდებარეობს საავტომობილო გზის მომიჯნავედ და გამოიყენება პარკინგისათვის. ამასთან, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ არის მოქცეული ფიქსირებულ საზღვრებში, არ დასტურდება დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთით სარგებლობა და თვითნებურად დაკავების ფაქტი.
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გ.ა-ის ინტერესში შემავალი 498 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან - 177 კვ.მ მიწის ნაკვეთი (28.12.2021წ. №... განცხადების საფუძველზე) დაიტვირთა სერვიტუტით სარგებლობისათვის, ვინაიდან მოსარჩელეს იგი ესაჭიროებოდა გზად საკუთარ ნაკვეთთან მისასვლელად და სწორედ აღნიშნულზე მითითებით სასამართლოს შეექმნა რწმენა, რომ ფაქტობრივი მფლობელობა და სარგებლობა მოსარჩელეს სწორედ მითითებული ფართობის მიწის ნაკვეთზე გააჩნდა, რასაც არ იზიარებს საკასაციო სასამართლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს, ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება, ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ (სერვიტუტი). ამავე კოდექსის 248-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სერვიტუტი შეიძლება არსებობდეს მხოლოდ მაშინ, როცა იგი უფლებამოსილ პირს უქმნის თავისი მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეღავათს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სერვიტუტი სანივთოსამართლებრივი უფლებაა, ეს არის ნივთთა შორის ისეთი ურთიერთმიმართება, როცა ერთი ნივთი დგება მეორე ნივთის სამსახურში ამ უკანასკნელის უკეთ გამოყენების მიზნით. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის ლეგალური განმარტების თანახმად, სერვიტუტი არის ერთი მიწის ნაკვეთის (ან სხვა უძრავი ქონების) გამოყენების უფლება სხვა მიწის ნაკვეთის (ან სხვა უძრავი ქონების) მესაკუთრის სასარგებლოდ ან საჭიროებებისათვის. სერვიტუტის ცნების შინაარსის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა შეღავათი, რომელსაც უფლებამოსილი პირი იღებს დატვირთული ქონების გამოყენებისაგან თავისი მიწის ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით სარგებლობის დროს. თუ არ არსებობს ასეთი შეღავათი, მაშინ არც სერვიტუტი არსებობს. აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება კლასიკური იმის პირობაა, რომ დაიტვირთოს მიწის ნაკვეთი/უძრავი ქონება ისეთი სანივთო-სამართლებრივი უფლებით, როგორიცაა სერვიტუტი.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ №... საკადასტრო კოდის მქონე 4 666 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 177 კვ.მ მიწის ნაკვეთის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, სერვიტუტით დატვირთვა არ ადასტურებს გ.ა-ის მიერ კანონის ამოქმედებამდე სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტს. სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა მიჩნეული სერვიტუტით დატვირთვა თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ მტკიცებულებად მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისათვის. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ძირითადი შედავება სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან მისასვლელ ერთადერთ გზას. ასეთ პირობებში სერვიტუტის რეგისტრაცია გ.ა-ეს უქმნის საკუთარი მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეღავათს, თუმცა აღნიშნული არ მიუთითებს მოსარჩელის მხრიდან კანონის ამოქმედებამდე ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივი „ბატონობის“ განხორციელებაზე, რაც წარმოადგენს სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების აუცილებელ წინაპირობას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთის გზად გამოყენება, ასეთის დადასტურების პირობებშიც, არ წარმოადგენს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებულ მიწად მიჩნევის საკმარის საფუძველს და არ ქმნის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მასზე საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი, მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისაგან. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთი არის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება, ხოლო ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
როგორც ზემოთ აღინიშნა, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად კანონმდებლობა იმპერატიულად მოითხოვს განმცხადებლის მიერ მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტის ან/და მოწმის ჩვენების წარდგენას. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. ამავე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწმის ჩვენება არის მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმით ერთმანეთისგან გამიჯნულია მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მოწმის ჩვენების ცნებები. მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ადასტურებს მიწის თვითნებურად დაკავებას მიწის ნაკვეთით სარგებლობის სხვადასხვა გარემოებების ობიექტურად დადასტურების გზით. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად კანონი მხოლოდ მოწმის ჩვენების წარდგენის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს, თუმცა მოწმის ჩვენება მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმეთა მხოლოდ ნოტარიულად დამოწმებული სუბიექტური ხასიათის განცხადებაა, რომელსაც გააჩნია მტკიცებითი ძალა, თუმცა არა იმ დოზით, რა დოზითაც - მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტს. სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაში არსებული განმარტება დამოუკიდებლად არ წარმოადგენს განმცხადებლის მოთხოვნის დამადასტურებელ უპირობოდ რელევანტურ მტკიცებულებას, მას არ აქვს უტყუარი მნიშვნელობა და მისი შეფასება ხდება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მოწმეთა - ნ.ბ-ის, მ.ა-სა და პ.ძ-ის ჩვენებებზე, რომლებიც ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ გ.ა-ე 2001-2002 წლიდან ფლობს და სარგებლობს 498 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მდებარე, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №...-ს მიმდებარედ, შპს „გ...ის“ მიერ შესრულებული აზომვითი ნახაზის მიხედვით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება არ წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის წინაპირობას. როგორც აღინიშნა, მოწმის ჩვენება საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დამადასტურებელი ერთ-ერთი მტკიცებულებაა, რომელიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა შეფასდეს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი სხვა რაიმე მტკიცებულება, რის გამოც მხოლოდ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენება საფუძვლად ვერ დაედება გ.ა-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. რაც შეეხება, გ.ა-ის მითითებას, რომ ასაღიარებელ მიწის ნაკვეთს იყენებდნენ ეზოდ/ბოსტნად, ინვენტარის შესანახად და ზაფხულის სეზონზე ...სა და ...ის სარეალიზაციოდ, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოება არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე გ.ა-ის მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტი, რაც გამორიცხავს მასზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას. როგორც ზემოთ აღინიშნა, აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებს არც 177 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სერვიტუტის რეგისტრაცია.
რაც შეეხება გ.ა-ის შედავებას, რომ მას არ მისცემია ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღებისა და მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის აშკარა დარღვევად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც ასეთი დარღვევის არ არსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება აცნობოს დაინტერესებულ მხარეს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, პირველ რიგში განპირობებულია იმ გარემოებით, რომ წარმოების დაწყების პირველ სტადიაზე უცნობია საბოლოო შედეგის შესახებ და ვინაიდან ამ შედეგით შესაძლოა გაუარესდეს დაინტერესებული პირის სამართლებრივი მდგომარეობა, მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და დაიცვას თავისი უფლება უკანონო ხელყოფისაგან. მისმა მონაწილეობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს შედეგზე და მიღებული იქნას განსხვავებული გადაწყვეტილება, ვიდრე ეს მიღებული იქნებოდა მისი დასწრების გარეშე.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც ადმინისტრაციული წარმოების შესახებ გ.ა-ის ინფორმირებასა და წარმოების პროცესში მის მონაწილეობას დაადასტურებდა, თუმცა, წინამდებარე დავაზე სასამართლო განხილვის პროცესში მოსარჩელემ ვერ შეძლო იმის დადასტურება, რომ მისი ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა გავლენას იქონიებდა საბოლოო შედეგზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზე არ არის კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ.ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ.ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ 22), სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 ლარი (ტ.1, ს.ფ 171) და საკასაციო საჩივარზე გადახდილი 300 ლარი (ტ.1, ს.ფ 262) უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
რაც შეეხება გ.ა-ის შუამდგომლობას სასამართლოსათვის ან სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ადგილზე დათვალიერების და ფაქტების კონსტატაციის დავალების თაობაზე, პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. პალატა განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც არ არსებობს წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე, 411-ე მუხლით და
გადაწყვიტა:
1. გ.ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. გ.ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. გ.ა-ის მიერ სარჩელზე, სააპელაციო საჩივარზე და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე