საზედამხედველო
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №196აგ-13 20 ნოემბერი, 2013 წელი
გ-ი ზ., 196აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების – ზ. გ-ისა და მ. დ-ის საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და განსასჯელებს – ზ. გ-სა და მ. დ-ს შორის, რომლის თანახმად, ზ. გ-ი და მ. დ-ი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (7 ეპიზოდი) და 6 ეპიზოდისათვის განესაზღვრათ 1-1 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 1 ეპიზოდისათვის – 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ზ. გ-სა და მ. დ-ს მიესაჯათ 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოთ 2010 წლის 23 სექტემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებებით ზ. გ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მოსახდელად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით, ხოლო მ. დ-ს – 6 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 14 მაისს მსჯავრდებულმა ზ. გ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვისა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ ზ. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: ზ. გ-ისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ი. კ-ის ეპიზოდი) დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელიდან ნაწილს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთას – ნაწილობრივ დაემატა ამავე მუხლით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელებიდან (ჯ. ყ-ის, ხ. კ-ის, რ. ღ-ის ეპიზოდები) 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხ. ტ-ის ეპიზოდი) დანიშნული და ასევე ამნისტიის საფუძველზე ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელიდან 6 თვე და ზ. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მ. დ-ისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ი. კ-ის ეპიზოდი) დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელიდან ნაწილს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთას – ნაწილობრივ დაემატა ამავე მუხლით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელებიდან (ჯ. ყ-ის, ხ. კ-ის, ჰ. ო-ას, რ. ღ-ის ეპიზოდები) 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხ. ტ-ის ეპიზოდი) დანიშნული და ასევე ამნისტიის საფუძველზე ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელიდან 6 თვე და მ. დ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 ნოემბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულები – ზ. გ-ი და მ. დ-ი საკასაციო საჩივრებით მოითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანას და მათთვის საბოლოო სასჯელის განსაზღვრას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით იმ მოტივით, რომ ორივე მსჯავრდებული ნასამართლობის არმქონეა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ისინი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების შემთხვევაში - ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელების ნაწილობრივ ან სრულად შეკრება შესაძლებელია მხოლოდ დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისას ზ. გ-ი და მ. დ-ი იყვნენ ნასამართლობის არმქონეები, მათ საბოლოო სასჯელები უნდა განესაზღვროთ სასჯელთა შთანთქმისს წესი გამოყენებით, კერძოდ:
ზ. გ-ის მიმართ სსკ-ის 180-ე მუხლით (ბრალდების 1 ეპიზოდი) დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთამ - უნდა შთანთქას სსკ-ის 180-ე მუხლით (ბრალდების 4 ეპიზოდი) განსაზღვრული სასჯელები და საბოლოოდ ზ. გ-ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა აეთვალოს 2010 წლის 23 სექტემბრიდან.
მ. დ-ის მიმართ სსკ-ის 180-ე მუხლით (ბრალდების 1 ეპიზოდი) დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთამ - უნდა შთანთქას სსკ-ის 180-ე მუხლით (ბრალდების 5 ეპიზოდი) განსაზღვრული სასჯელები და საბოლოოდ მ. დ-ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა აეთვალოს 2010 წლის 23 სექტემბრიდან.
ამასთან, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ზ. გ-ი და მ. დ-ი საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 28 აგვისტოს განკარგულებით შეწყალებულ იქნენ და გათავისუფლდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების – ზ. გ-ისა და მ. დ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 მაისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულების სასიკეთოდ:
ზ. გ-ის მიმართ სსკ-ის 180-ე მუხლით (ბრალდების 1 ეპიზოდი) დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას სსკ-ის 180-ე მუხლით (ბრალდების 4 ეპიზოდი) განსაზღვრული სასჯელები და საბოლოოდ ზ. გ-ს სასჯელის სახით განესაზღვროს 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალოს 2010 წლის 23 სექტემბრიდან.
მ. დ-ის მიმართ სსკ-ის 180-ე მუხლით (ბრალდების 1 ეპიზოდი) დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას სსკ-ის 180-ე მუხლით (ბრალდების 5 ეპიზოდი) განსაზღვრული სასჯელები და საბოლოოდ მ. დ-ს სასჯელის სახით განესაზღვროს 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალოს 2010 წლის 23 სექტემბრიდან.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე